სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პლატო (მაგდალენა).

პლატო (ფრანგ. plateau — ბრტყელი) — მაღალი, ბრტყელი ან ტალღოვანი ვაკე, რომელიც განლაგებულია თითქმის ერთ დონეზე და მკაფიოდ გამოხატული კალთებით გამოყოფილია მიმდებარე სივრცისაგან. აქვს კარგად გამოხატული ფერდობები.[1]

კარსტის ანუ კრასის პლატო
პუტორანის პლატო

პლატო წარმოიშობა ოდესღაც უფრო მაღალი და კონტრასტული რელიეფის ნგრევისა და მოსწორების შედეგად, თანაც ამგებელი ქანების (დანალექი, ვულკანური) წოლა მეტწილად ჰორიზონტალური ან მონოკლინურია. ნოტიო ჰავის პირობებში პლატო ხშირად დანაწევრებულია და დაყოფილია ღრმა კანიონისებური ხეობებით და მოკლებულია ფხვიერ ნაფენებს, მშრალ მხარეებში კი პლატოს ზედაპირები დაფარულია ღორღის საფრით; აქა-იქ აღმართულია კუნძულთა მთები.[1]

გამოყოფენ სტრუქტურულ პლატოებს, რომელიც აგებულია ჰორიზონტალური ან სუსტად დისლოცირებული ქანებით; ვულკანურ ან ლავურ და დენუდაციურ პლატოებს (უკანასკნელ შემთხვევაში იგულისხმება აზევებული დენუდაციური ვაკეები მკაფიოდ გამოხატული კიდეებით), აგრეთვე მთის პლატოებს — მთიანი მხარეების შიგა ნაწილების მოსწორებულ ტერიტორიებს, რომლებიც დაფარულია გარემომცველი მთების ნგრევის უხვი პროდუქტებით.[1]

მაღლა განლაგებული პლატო ხშირად შედის ზეგნისა და მთიანეთის შემადგენლობაში. პლატოს რელიეფი განირჩევა ქვაბულების, სერების, ბორცვებისა და კანიონისებრი ხეობების ერთობლიობით. გამოიყოფა აგრეთვე წყალქვეშა პლატო.[1]

სტრუქტურულ პლატოს მიეკუთვნება უსტიურტი, ვულკანურს — სომხეთის მთიანეთი, დენუდაციურს — უდაბნო ბეთფაყ-დალა, მთის — აღმოსავლეთ პამირის ცალკეული მონაკვეთები.[2] საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული ვულკანური პლატოები. ამ მხრივ, აღსანიშნავია ახალქალაქის პლატო, გომარეთის პლატო, დმანისის პლატო, ჭოჭიანის პლატო და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  2. Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.