მთიანეთი
მთიანეთი — დედამიწის ზედაპირის ვრცელი მთიანი უბანი, რომელიც წარმოადგენს პლატოების, ქედების, მასივებისა და ზოგჯერ ფართო ქვაბულების ერთობლიობას, რომელსაც აქვს მაღლა აზიდული დაუნაწევრებელი საერთო კვარცხლბეკი.[1]
მთიანეთი ჩვეულებრივ, ყალიბდება თანამედროვე მთათწარმოშობის ტექტონიკურად მოძრავ მხარეებში და განლაგებულია მაღლა აზიდული მასივის საფუძველში. მთიანეთისთვის ნიშანდობლივია მნიშვნელოვანი აბსოლუტური და შედარებით მცირე შეფარდებითი სიმაღლეები. ზოგჯერ მთიანეთი ვულკანური წარმოშობისაა და მის ფარგლებში გვხვდება რელიეფის სხვადასხვა ფორმა.[2]
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია ირანის მთიანეთი, რომლის ფართობია 2,7 მლნ. კმ². სიდიდით გამოირჩევა აგრეთვე ტიბეტის მთიანეთი (ფართობი დაახლოებით 2 მლნ. კმ²), მექსიკის მთიანეთი (ფართობი დაახლოებით 1200 კმ²), სომხეთის მთიანეთი (ფართობი 400 ათ. კმ²), მესეტა (ფართობი დაახლოებით 200 ათ. კმ²), ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი (40 ათ. კმ²) და სხვა მრავალი.
საქართველოს სამხრეთ ნაწილში ვრცელდება სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი, რომელიც საქართველოს სხვა დანარჩენი ნაწილებისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ დიდ აბსოლუტურ სიმაღლეზე ვრცელი ვაკეებია. ვაკეებთან ერთად ამ ნაწილში ქედებიცაა, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ძირითადად სტრუქტურული, ეროზული და დენუდაციური ფორმები.[3]
ტერმინი „მთიანეთი“ ზოგჯერ გამოიყენება როგორც მაღლა აზიდული პლატოს სინონიმი.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მთიანეთი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბ., ნეკერი, 1996, გვ. 130
- ↑ 2.0 2.1 Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.
- ↑ ლევან მარუაშვილი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, საქართველოს სსრ, გვ. 14-16, 1981 წელი.