რელიეფის ფორმები
რელიეფის ფორმები — დედამიწის ზედაპირის უსწორმასწოროებების ერთობლიობა, რომლებიც გეომორფოლოგიურ ერთეულებს წარმოადგენენ. დედამიწის ზედაპირზე გვხვდება საშუალო, დიდი და პატარა ზომის ხმელეთის ზედაპირის ელემენტები, რომლებიც გამოირჩევიან კარგად გამოხატული მოხაზულობითა და წარმოშობის ისტორიით. რელიეფის ფორმები იყოფა დადებით და უარყოფით, მარტივ და რთულ და ჩაკეტილ და გახსნილ ფორმებად.
მარტივი რელიეფის ფორმები წარმოქმნილია ერთი (ჩვეულებრივ ეგზოგენური) რელიეფწარმომქმნელი პროცესებით; მაგალითად: დიუნი — როგორც რელიეფის დადებითი ფორმა იქმნება ეოლური პროცესებით; ხევი — უარყოფითი ფორმა ეროზიული პროცესებით; ზღვის ტერასა — აბრაზიული პროცესებით; ვერძის შუბლი — მყინვარული მოქმედებით და ა.შ.
უფრო რთული რელიეფის ფორმები იქმნება რამდენიმე ეგზოგენური პროცესების შედეგად, მაგალითად: ხეობა იქმნება როგორც ეროზიული, ისე აკუმულაციური, დენუდაციური, გრავიტაციული და სხვა პროცესებით.
მეტისმეტად რთული რელიეფის ფორმების გენეზისი წარმოიქმნება ეგზოგენური და ენდოგენური პროცესების შეხამებით, რომელსაც მოჰყვება ისეთი რელიეფის ფორმების შექმნა, როგორიცაა ღრმული. აქედან გამომდინარე იქმნება რელიეფის გენეტური კლასიფიკაცია, რომელიც ფართოდ გამოიყენება გეომორფოლოგიური კარტირების დროს.
რელიეფის ფორმები განირჩევა შემდეგნაირად: ზომებით, წარმოშობით, ასაკისა და სხვა ნიშნებით და ფორმით.
რელიეფის ზომები სხვადასხვაგვარია. ფორმათა სიდიდის მიხედვით გამოიყოფა მეგა, მაკრო, მეზო, მიკრო და ნანორელიეფური ფორმები; გენეზისი ასევე მრავალფეროვანია გეომორფოლოგიური პირობებისდა მიხედვით; ასაკი განპირობებულია გეოლოგიური მდებარეობისდა მიხედვით, ხოლო ფორმა ორგვარია: დადებითი და უარყოფით. შედეგად ხდება ამ ელემენტების შერწყმა და იქმნება საერთო სახის გეომორფოლოგიურ-გეოლოგიური რელიეფის ფორმები, რომლების ერთიმეორისაგან გასაგები პირობების გამო განსხვავებულია. რელიეფის ფორმები გვხვდება აბსოლუტურად ყველგან, სადაც კი არსებობს საერთოდ რელიეფი.
საქართველო რელიეფის ფორმებით მეტად მდიდარია, სადაც რთული რელიეფური და გეოლოგიური პირობების მაგალითზე გამოვლინებულია მრავალი რელიეფური ფორმა.
საქართველოში გვხვდება: ვულკანური, გრავიტაციული, ფსევდოკარსტული, კარსტული, ეროზიული, პალეოგლაციალური, ანთროპოგენური და სხვა რელიეფის ფორმები, რომლებიც ართულებენ საქართველოს ისედაც რთულ რელიეფს.
საყურადღებოა აღინიშნოს, რომ საქართველოში რელიეფის ფორმების ერთ-ერთი პირველი აღწერა ეკუთვნის ალექსანდრე ჯავახიშვილს, რომელმაც არაერთხელ გამოავლინა საქართველოს რელიეფის სხვადასხვა ფორმები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, [ტ] V, თბ., 1959;
- Леонтьев О. К., Рычагов Г. И. Общая геоморфология. — Москва: Высшая школа. — 288 с;
- Геологический словарь, М., 1955.