ვერძის შუბლი
ვერძის შუბლი — მომრგვალებული, გეგმაში ოვალური მოყვანილობის ასიმეტრიული კლდოვანი შვერილი, რომელიც გავრცელებულია ძველი და თანამედროვე გამყინვარების მხარეებში. წარმოადგენს მოძრავი მყინვარით მოსწორებულ და გაკრიალებულ მკვიდრი ქანების ამოზნექილ ზედაპირს — კლდოვან ბორცვებსა და დიდ კაჭარს.[1]
ფერდობი, რომელიც მიმართულია იქითკენ, საიდანაც მოდის მყინვარი, დამრეცი და გლუვია, საწინააღმდეგოდ მიმართული კი — ციცაბო და უსწორმასწორო. სიგრძე ასეულ მეტრს აღწევს, სიმაღლე 50 მ. ვერძის შუბლი გავრცელებულია როგორც თანამედროვე, ისე ძველი გამყინვარების მხარეებში.[2] ვერძის შუბლების ერთობლიობა წარმოქმნის ხუჭუჭა კლდეებს.[3]
ვერძის შუბლი აგებულია მტკიცე, ხშირად ამოფრქვეული ქანებით; ეტყობა ინტენსიური მყინვარული დამუშავება. ვერძის შუბლის გრძელი ღერძი გადაჭიმულია ყინულის მოძრაობის მიმართულებით; მათ პროქსიმალურ გვერდებს აქვთ დამრეცი დაქანება და მოგლუვებული მომრგვალო ფორმა, დაფარულია ნაკაწრებით, ნაღარებითა და ნამგლისებრი იარებით; ვერძის შუბლის დისტალური კალთები ციცაბოა, დამახასიათებელია უსწორმასწორო გარღვეული ზედაპირი.[4]
პროქსიმალური კალთების გამომუშავება დაკავშირებულია მყინვარულ აბრაზიასთან (გაცვეთასთან, მოქლიბვასთან), დისტალური კალთების გამომუშავება — ნაპრალოვნებით შემოზღუდულ მყინვარულ მოხლეჩვასა და ბლოკების გარღვევასთან.[4]
ვერძის შუბლი კარგად არის გამოხატული ბალტიის ფარის რაიონებში, მათ შორის კარელიასა და კოლის ნახევარკუნძულზე. გვხვდება ასევე პამირში[5] და სხვაგან. საქართველოში ვერძის შუბლი დამახასიათებელია მხოლოდ კავკასიონზე. რელიეფის აღნიშნული ფორმები კარგად ჩანს სვანეთში, მაგალითად უშბის მყინვარზე, ტვიბერის მყინვარზე და სხვა.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Roche moutonnée | Encyclopedia Britannica
- ↑ გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ Бараньи лбы | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-15. ციტირების თარიღი: 2021-02-14.
- ↑ 4.0 4.1 Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.
- ↑ Геоморфологический словарь-справочник, Под редакцией П. Г. Шевченкова; Составитель Ахромеев Л.М., Брянск, 2002.
- ↑ ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014