ტვიბერი
ტვიბერი — მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — მულხრას აუზში. სიგრძე 9,5 კმ, ფართობი 24,7 კმ². მყინვარის ენის სიმაღლეა ზღვის დონიდან 2150 მ. ტვიბერი ხეობის ტიპის პოლისინთეზური მყინვარია. აქვს მრავალი შენაკადი: ლასხედარი, ირითი, ასმაში, თოთი, სერი და სხვა. მთავარ ტოტს სათავეში ეწოდება ლიჭადი, შუაში — ძინალი, ქვემოთ — ტვიბერი. ზედაპირის უმეტესი ნაწილი დაფარულია მორენული მასალით. საზრდოობს მწვერვალების კულაკთაუს, ბაშილის, თოთის, სვეტღარის, ასმაშისა და ბანგურიანის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით და თოვლის ზვავებით. მყინვარიდან გამოდის მდინარე ტვიბერი (მულხრის მარჯვენა შენაკადი).
ტვიბერი
| |
---|---|
კოორდინატები: 43°07′21″ ჩ. გ. 42°51′26″ ა. გ. / 43.1227000° ჩ. გ. 42.8574694° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 24,7 კმ² |
სიგრძე | 9,5 კმ |
მდგომარეობა | პულსაციური |
მყინვარი ასიოდე წლის წინ რამდენიმე მყინვარული ნაკადისგან შედგებოდა და უდიდესი იყო კავკასიაში. მყინვარის ენა ინტენსიურად იხევს უკან, რასაც ხეობის რთული ტიპის მყინვარის დაშლა მოჰყვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 710.