ვულკანური პლატო
ვულკანური პლატო, ლავური პლატო — ვულკანური მოქმედების შედეგად შექმნილი ვრცელი პლატოები ან ვაკეები.[1] წარმოიქმნება უმთავრესად ფუძე — ბაზალტური ლავის ამონთხევის შედეგად, რომელიც იღვრება აფეთქებითი პროცესების გარეშე, რამეთუ, ბაზალტური ლავისთვის ნიშანდობლივია მცირე სიბლანტე და აირების სიმცირე. შედეგად, ნაკადის გავლენით იქმნება ხმელეთის ზედაპირის რელიეფის უსწორმასწორო ფორმები.[1]
ვულკანური პლატოების ფართობი შეადგენს რამდენიმე ასობით ათას კვადრატულ კილომეტრს.[2] მასზე შესაძლოა წარმოიქმნას ფარისებრი ვულკანი, შლაკური კონუსი და სხვა ვულკანური რელიეფის ფორმები. ზოგჯერ, ვულკანური პლატო არის კონკრეტულად რომელიმე ვულკანის ნაწილი. ვულკანური პლატოები ხშირად დაკავებულია ტბებით. დამახასიათებელია კანიონისებური ხეობები.[1]
ვულკანური პლატოს მორფოლოგია მერყეობს ასაკის, საფარველის სიმძლავრის, ლავის თვისებების, ქვენაფენი რელიეფის გავლენის, დენუდაციის ხარისხისა და სხვა ფაქტორების შესაბამისად. ახალგაზრდა ვულკანური პლატოებისთვის ნიშანდობლივია სწორი ან სუსტად ტალღოვანი ზედაპირი, ხოლო ძველი ვულკანური პლატოები ცოტად თუ ბევრად დანაწევრებულია და დენუდირებული.[3]
სავარაუდოდ, ხმელეთის ყველაზე ვრცელი სუბაერული ბაზალტური პლატო არსებობდა ატლანტის ოკეანის რეგიონის ჩრდილო ნაწილში, პალეოგენში და შესაძლოა მისი ფართობი აღწევდა 1,800,000 კმ²-ს. ეს რეგიონი ცნობილია როგორც თულეანის პლატო ან ჩრდილო-ატლანტიკური მაგმური პროვინცია. პიროკლასტური ნაკადის შედეგად წარმოიქმნება პიროკლასტური პლატო.
ვრცელი პლატოებიდან აღსანიშნავია აშშ-ში მდებარე კოლუმბიის პლატო, რომლის ფართობია 260 ათ. კმ². ცნობილია აგრეთვე სომხეთის მთიანეთი, დეკანის ზეგანი, კორაზიმის პლატო და სხვა.[4]
ვულკანური პლატოები გავრცელებულია საქართველოშიც. აღსანიშნავია ქვედა მეოთხეული დოლერიტული ლავებით და მათთან დაკავშირებული ტბიურ-მდინარეული ნაფენებით აგებული ახალქალაქის ვულკანური პლატო, რომელიც შეადგენს ჯავახეთის ზეგნის ცენტრალურ ნაწილს.[5] სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია ჭოჭიანის ვულკანური პლატო.
მნიშვნელოვანია აგრეთვე ყელის ზეგანი, რომელიც შეიქმნა მეოთხეული ვულკანების მოქმედების შედეგად. წარმოადგენს ლავურ ფარს, რომელიც დაბალი საფეხურებით ეშვება სამხრეთით — არხის ქედისკენ და აღმოსავლეთით — არაგვის სათავეებისაკენ. პლატოდან გაწვდილია სხვადასხვა მიმართულების ლავების მეტად ან ნაკლებად გრძელი შტოები — ლავური ნაკადები, რომლებიც ძველ ხეობებს მიჰყვებიან. გამოხატულია ახალგაზრდა ვულკანური რელიეფის ფორმები.[5]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Plateau | National Geographic Society დაარქივებული 2020-08-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Геологический словарь, Том I, м—я. Государственное научно-техническое издательство литературы по геологии и охране недр. М., 1955
- ↑ Лавовые плато // Большая Советская Энциклопедия (რუსული)
- ↑ Петров О.В. Геологический словарь. Том 2. К-П. Санкт-Петербург, 2011.
- ↑ Колумбийское плато // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-21. ციტირების თარიღი: 2020-03-21.
- ↑ 5.0 5.1 მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 172-174/322-323 თბ. 1964.