აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)
აწყური[2] — სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში,თემის ცენტრი (სოფლები: აწყური, თისელი, ტყემლანა). მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირებზე, აბანოსღელის შესართავთან, ზღვის დონიდან 900 მ, ახალციხიდან 22 კმ. სოფელში მისდევენ მეცხოველეობას, მეხილეობას, არის საჯარო სკოლა, კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა, აფთიაქი. შუა საუკუნეებში იყო ქალაქი.
სოფელი | |
---|---|
აწყური | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
თემი | აწყური |
კოორდინატები | 41°43′45″ ჩ. გ. 43°09′34″ ა. გ. / 41.72917° ჩ. გ. 43.15944° ა. გ. |
პირველი ხსენება | XI საუკუნე |
ადრეული სახელები | სოსანგეთი, აწყვერი |
ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1539[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,2 % სომხები 2,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1539 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1984 | 945 | 1039 |
2014[1] | 1539 | 760 | 779 |
ეტიმოლოგია
რედაქტირებაა-წყურ-ი ა- არის პრეფიქსი, ხოლო წყურ — ფუძე დაკავშირებულია წყალთან. ამოსავალია წყ ძირი. ეს ძირი გვხვდება წყალთან დაკავშირებულ ისეთ ქართველურ სიტყვებში, როგორებიცაა: წყალი, წყარო, წყარ-, წყუ-, წყორ-. იგივე წყ ძირი გვაქვს სიტყვებში: ნე-რ-წყ-ვ-ი, რ-წყ-ევ-ა. შესაბამისად, აწყური ნიშნავს წყლიან ადგილს, წყლის ადგილს.[4]
ისტორია
რედაქტირებააწყური საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო. ადრინდელი სახელწოდება იყო სოსანგეთი, ქართულ წყაროებში აწყვერის სახელითაც გვხვდება. მატიანეში პირველად XI საუკუნის შუა წლებში იხსენიება. ქართულ წყაროების თანახმად, ბიზანტიის კეისარ ჰერაკლეს ლაშქრობის დროს (VII ს.) აქ საყდარი აუგიათ.
ადრინდელი ფეოდალურ ხანაში აწყური სამცხის პოლიტიკური ცენტრი და სამძივართა ფეოდალური საგვარეულოს ადგილსამყოფელი იყო. ასევე მნიშვნელოვან პუნქტად ითვლებოდა იგი სამცხე-საათაბაგოს არსებობის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. აწყურში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები, კალიგრაფები, წიგნის მკაზმავნი გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), გაბრიელ კოტაი (XI ს.), იოაკიმე მაწყვერელი (XVI ს.), იერემია მაწყვერელი (XVI ს.) და სხვები.
XVI საუკუნის II ნახევარში აწყური ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა. XVIII საუკუნეში აწყური პატარა ქალაქად ითვლებოდა. მასში ოსმალეთის იმპერიის მონაპირენი იდგნე და მოწყობილი იყო საბაჟო.[5] 1829 წელს ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებით გადაეცა რუსეთის იმპერიას და შევიდა ახლადშექმნილ ახალციხის მაზრაში.
XIX საუკუნის 30-იან წლებში აწყურის მოსახლეობა დაიცალა ქართველთა დიდი ნაწილისაგან: ზოგი ომში დაიღუპა, ზოგიც საზღვარგარეთ წავიდა. „1830 წელს აწყურში დასახლდა არზრუმელი სომხების 166 ოჯახი“ ... მათ დახვდათ 461 კომლი ქართველი მაჰმადიანი და 31 კომლი ებრაელი. „ახლად დასახლებული კოლონისტები ადგილობრივ მოსახლეობას არ შერევიან. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მტკვრის მარჯვენა მხარეს ცხოვრობდა, ხოლო ახალჩამოსახლებულები - მტკვრის მარცხენა მხარეს“.[6]
საეპისკოპოსო
რედაქტირებააწყურში იყო საეპისკოპოსო ცენტრი. აწყურის საეპისკოპოსო საქართველოს ეპარქიათა შორის ერთ-ერთი უძველესია. აწყურის ეპისკოპოსი იწოდებოდა მაწყვერელად. პირველი ეპისკოპოსი, ვისმა სახელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის იოსები, რომელიც VI საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ბოლო ეპისკოპოსი, ვისი სახელიც ვიცით, იყო გედეონი, რომელმაც უკვე სულთნისგან მიიღო აწყურის კათედრა.[7]
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ თანახმად, უკვე გრიგოლის დროს, VIII–IX საუკუნეებში არსებობდა აწყურის საეპისკოპოსო ტაძარი, რომელიც XII–XVI საუკუნეებში სამცხის საეკლესიო ცენტრი გამხდარა.
მაწყვერელ ეპისკოპოსთა შორის გამორჩეული იყო ეფრემ დიდი მაწყვერელი (კათედრას უძღვებოდა 855–895 წლებში), გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, რომლის შესახებაც გიორგი მერჩულე წერს:
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებადღეისათვის აწყურის ტერიტორიაზე შემორჩენილია ღვთისმშობლის გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები (გაირჩევა ორი ფენა - X-XI და XIII-XIV სს.). ფართობით იგი ყველაზე დიდი ეკლესია ყოფილა მთელ საქართველოში. გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია, დანგრეულია კედლის ზედა ნაწილებიც. საკურთხეველსა და მის ორსავე მხარეზე მდებარე სათავსებს (ე. წ. სადიკვნესა და სამკვეთლოს) აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი კედლები ჰქონდა. შიგნით გადარჩენილია მორთულობის ფრაგმენტები - კედლის სვეტები ბურთულებიანი თავსამკაულებით, საკურთხევლის კედლის გარეპირის მორთულობა და სხვა, მოწმობს, რომ შენობის ეს ნაწილი XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელია. აწყურის ტაძარი ბევრჯერ დაზიანებულა მიწისძვრებით და კვლავ აღუდგენიათ. როგორც ჩანს, ძეგლი ოსმალთა ბატონობის ბოლო წლებში საბოლოოდ დანგრეულა. შემორჩენილია აგრეთვე სხვა, X-XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.
სოფლის ტერიტორიაზე დგას ციხე-სიმაგრეები: სლესის (მოქცევის) ციხე და აწყურის ციხე, ასევე საკანაფე.
გალერეა
რედაქტირება-
სლესის ანუ მოქცევის ციხე
-
აწყურის ციხის ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
ეკლესიის ნანგრევი ციხის-კედლებში
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
ციხის ერთ-ერთი კოშკი
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
ვლადიმერ ბარკანოვის ფოტო, XIX ს.
-
ხედი აწყურის ციხიდან
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 77.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია აწყურის ციხის შესახებ დაარქივებული 2015-06-19 საიტზე Wayback Machine.
- ვახტანგ ბერიძე, „სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები“, თბ., 1970 დაარქივებული 2016-08-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მერაბ ბერიძე, რამდენიმე ქართული ანთროპონიმისა და ტოპონიმის ეტიმოლოგიის საკითხი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „სპეკალი“, №4
- ↑ ჯავახიშვილი ივ., „ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3.
- ↑ ლომსაძე შ. სამცხე-ჯავახეთი.გვ. 487, თბ., 1975
- ↑ Православная энциклопедия. том IV. Москва, 2002, ст. 221-222