მწყერი, ჩვეულებრივი მწყერი (ლათ. Coturnix coturnix) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 16-20 სმ, მასა 80-145 გრამს აღწევს. აქვს მურა, მუქი და ღია ფერის ლაქებიანი ზურგი. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ალპურ მდელოებზე. იზამთრებს აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (საქართველოში მობინადრე მწყრების ნაწილი შირაქ-ალაზნის ველზე და აზერბაიჯანში რჩება). ბუდობს მიწაზე. დედალი 9-15 კვერცხს დებს. ინკუბაცია გრძელდება 15-17 დღე-ღამე. მწყერი იკვებება მცენარეული საკვებით, იშვიათად — მწერებით. შუა აზიაში მწყრები გალიებში გასართობად ჰყავთ, როგორც მოჩხუბარი ფრინველი.