ხოხბისებრნი[1] (ლათ. Phasianidae) — ფრინველთა ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. რამდენიმე სახეობის მამლებს გალოზე ბასრი დეზები აქვს, თითებზე არ აქვთ რქოსანი ფოჩები. ხოხბისებრნს მიეკუთვნება მწყერი, გნოლი, დურაჯი, შურთხი, გარეული ქათამი, ხოხობი, არგუსი, ფარშავანგი, როჭო და სხვ; მთლიანობაში — 180-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, ამერიკაში (პოლარული მხარეების გარდა), აფრიკაში. საქართველოში გვხვდება კავკასიური როჭო, დურაჯი, გნოლი, კასპიური შურთხი, კავკასიური შურთხი, ხოხობი, კაკაბი და მწყერი.[2] ბინადრობენ სტეპებში, ველებზე, კლდეებს შორის, ბუჩქნარებში და ტყეებში, როგორც ვაკეზე, ასევე მთაში. ცხოვრობენ მკვიდრად ან მომთაბარეობენ და, გამონაკლისის სახით (მწყერი) გადამფრენები არიან. ბუდობენ მიწაზე; გამონაკლისია ტრაგოპანი, რომელიც ტყეებში ცხოვრობს და ხეებზე ბუდობს, იკავებს ყვავისა და სხვა ფრინველების ძველ ბუდეებს. დებენ 2–20 კვერცხს. კროხობს და ბარტყებზე ზრუნავს ან მხოლოდ დედალი, ანდა ორივე მშობელი. იკვებებიან მცენარეული (ყლორტები, თესლები, ბოლქვები) და ცხოველური (მწერები და სხვა უხერხემლოები) საკვებით. მრავალი ხოხბისებრი ნადირობის ობიექტია. გარეულმა ქათმებმა დასაბამი მისცეს შინაურ ქათამს, ფარშავანგები მოიშინაურეს, ხოხბებს ზრდიან სამონადირეო მეურნეობებში, მწყრებს — სპეციალურ ფერმებში.

ხოხბისებრნი

მოხატული მწყერი (Coturnix chinensis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phasianidae (Horsfield, 1821)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Phasianidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 443.