კასპიური შურთხი[1] (ლათ. Tetraogallus caspius) — ფრინველი ხოხბისებრთა ოჯახიდან, ქათმისნაირთა რიგისა. გავრცელებულია საქართველოში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ ირანის ალბორზის მთებში.

კასპიური შურთხი

კასპიური შურთხი აზერბაიჯანში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქათმისნაირნი
ოჯახი:  ხოხბისებრნი
გვარი:  შურთხი
სახეობა:  კასპიური შურთხი
ლათინური სახელი
Tetraogallus caspius (Gmelin, 1784)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22678664

კასპიური შურთხი ბინადრობს 1800–3000 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, შიშველ კლდოვან და ალპური მცენარეულობით დაფარულ ადგილებზე. ბუდობს შიშველ გრუნტზე და დებს 6–9 მომწვანო კვერცხს, რომელზეც მხოლოდ დედალი შურთხი კრუხობს სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. კასპიური შურთხები იკვებებიან მცენარეთა კვირტებით, ყლორტებით, თესლით, კენკრით, ბოლქვებით, იშვიათად მწერებით. კასპიური შურთხები ჯგუფებად ცხოვრობენ თითქმის მთელი წლის განმავლობაში გამრავლების პერიოდის გარდა.

კასპიური შურთხის სიგრძე 56–63 სანტიმეტრია, ფრთების შლილი 95-დან 105 სანტიმეტრამდე მერყეობს. ფრინველის წონა 1,8 კილოგრამიდან 2,9 კილოგრამამდეა.[2] მისი ბუმბული შეფერილია ნაცრისფერი, ყავისფერი და შავ-თეთრი ფერებით, მაგრამ ამ სახეობის შურთხი ღია ნაცრისფერი ჩანს თითქმის ნებისმიერი მანძილიდან. მკერდი ღია ნაცრისფერია, ყელისა და კისრის მხარეს თეთრი ლაქა აქვს, კისერი კი მუქი ნაცრისფერი.

ფრენის დროს კასპიური შურთხის შეფერილობა ძირითადად თეთრია, რადგან ბუმბულის შიდა მხარე და კუდის ქვედა მხარე თეთრი ფერის აქვს. მამალი და დედალი შურთხები შეფერილობით მსგავსია, ახალგაზრდა ასაკში ზომით მომცრო და მდუმარეა. შეფერილობით გამოირჩევა სამი სხვადასხვა კასპიური შურთხი, რომელიც განსხვავდება მისი გავრცელების მიხედვით, დასავლეთით გავრცელებული კასპუური შურთხი მუქი შეფერილობისაა, ხოლო აღმოსავლეთით მისი შეფერილობა თანდათან ღია ხდება.

კასპიურ შურთხს აქვს მკვეთრი და ჟღერადი სტვენის ხმა, აღსანიშნავია რომ კასპიური შურთხის სტვენის ხმა განსხვავდება კავკასიური შურთხის ხმისგან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ჟორდანია რ., შურთხი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 58.
  2. (1992) CRC Handbook of Avian Body Masses. CRC Press. ISBN 978-0-8493-4258-5.