ტრაგოპანი,[1] რქოსანი ხოხობი (ლათ. Tragopan) — ფრინველთა გვარი ხოხბისებრთა ოჯახისა. მამლები სიგრძეში 61–73 სმ-ს აღწევენ (მასა 1,4–2,1 კგ), დედლები — 50–60 სმ-ს (მასა 0,9–1,4 კგ). სხეულის აგებულება მკვრივია, ბოლო შედარებით მოკლე. დედლები მურა ფერისანი არიან, აქვთ ღია ჭრელი ლაქები. მამლების შეფერილობაში ჭარბობს წითური და წაბლისფერი, მოხატული არიან ღია ფერის ლაქებით; თავის შეუბუმბლავი მონაკვეთები ლურჯად, ცისფრად, წითლად და ყვითლადაა მორთული. თავის ორივე მხრიდან გამოშვერილია ხორცოვანი გამონაზარდები (აქედან მეორე სახელწოდება). ცნობილია 5 სახეობა,[2] რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან ჰიმალაის, ტიბეტისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის მაღალმთიან ტყეებში. საჭმელად უპირატესად მცენარეულ საკვებს იყენებენ. შეჯვარების პერიოდში მამლებს კისერზე აქვთ კანის სახიანი ლაპოტები (ე. წ. „წვერები“) და „რქები“ რამდენიმეჯერ უდიდდებადათ. ტიხტიხის დროს დადიან საცერემონიო ნაბიჯებით, არხევენ თავს, ფრთებით „ხაზავენ“ გრუნტს, შლიან ბოლოს, შხივიან და ფრუტუნებენ. ბუდეს მიწაზე აგებენ, ზოგჯერ ჯირკებზე, კუნძებზე, ხეებზე იკავებენ სხვა ფრინველთა ბუდეებს. დებენ 3–6 კვერცხს, კრუხობს დედალი. რუხმუცელა (T. blythii) და ჩინური, ანუ მურამუცელა (T. caboti), ტრაგოპანები ძალიან იშვიათია, მათი პოპულაცია არ აღემატება რამდენიმე ასეულ წყვილს; შეტანილი არიან IUCN-ის წითელ ნუსხაში.

ტრაგოპანი

რქიანი ტრაგოპანი (Tragopan satyra)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tragopan (Cuvier, 1829)

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 84, 153, 232.
  2. Madge, S.; McGowan, P. (2002). „Genus Tragopan: tragopans (horned pheasants)“, Pheasants, partridges and grouse: including buttonquails, sandgrouse and allies. London: Christopher Helm Publishers, გვ. 280−286. ISBN 978-0-7136-3966-7.