ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია — დარბაზული ტიპის ეკლესია, მდებარეობს საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მისგან 12 კმ-ში დასავლეთით მდებარე ქალაქ ვალეს დასავლეთ ნაპირზე, გზის ჩრდილოეთით.

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია — საქართველო
ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°36′59″ ჩ. გ. 42°51′59″ ა. გ. / 41.6166000° ჩ. გ. 42.8664583° ა. გ. / 41.6166000; 42.8664583
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ისტორია რედაქტირება

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია თავდაპირველად ეკლესია გუმბათიანი იყო. შემდეგ დროთა განმავლობაში, მისი გუმბათი და კამარები ჩამოიქცა, 1561–1564 წლებში შენობა უგუმბათოდ აღადგინეს. ამის გამო იგი სამნავიან ბაზილიკად იქცა და ამ ძეგლს ამჟამად შეცვლილი სახე აქვს.

ეკლესიას 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ძეგლის აღწერა რედაქტირება

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე შეკეთებულია მარჯვენა ფრთის ზემო ნაწილი და სარკმლები ცოტა გაგანიერებულია. ამ ფასადზე სამი სარკმელია, სამივეს საინტერესო მორთულობა აქვს. განაპირა სარკმლების თავზე რელიეფური ჯვრები და ჩუქურთმის არშიებია, მთავარი სარკმლის ზემოთ კი – სამი ფიგურისაგან შედგენილი რელიეფური ჯგუფი, რომელსაც აგრეთვე ჩუქურთმის არშია ფარგლავს. შუა ფიგურა – ღვთისმშობელია, მარცხნივ – ქალია, რომელიც ღვთისმშობელს ავედრებს თავს (ასომთავრული წარწერა: „წმინდაო ღმრთისმშობელო, კრავი შეიწყალე“. კრავი ქალის სახელია), მარჯვნივ – გაბრიელ მთავარანგელოზი.

დასავლეთის ფასადზე ზემო ნაწილი (სარკმლიანად) გადაკეთებულის კვალს ატარებს, მაგრამ შესასვლელი კი ძველია დარჩენილი. მისი მდიდარი მორთულობა X საუკუნის ხელოვნების დიდად მნიშვნელოვანი ნიმუშია: შესასვლელის თავზე უზარმაზარი სწორკუთხა ქვაა, რომელზედაც ერთმანეთისკენ მიმართული ორი მხედარია გამოქანდაკებული (ალბათ წმ. გიორგი და წმ. დიმიტრი). ამ ქვის ზემოთ ჩუქურთმის კონცენტრული არშიებია, შესასვლელის საერთო ჩარჩო – კედლის სვეტებზე დაბჯენილი მოჩუქურთმებული თაღია. მთელი ეს რთული, მრავალფეროვანი მორთულობა, თავისი საერთო სახით, ცალკეულ ნაწილთა ურთიერთშეფარდებით, ჩუქურთმის სახეთა და ქანდაკების შერჩევით, ოსტატურადაა მოფიქრებული ხუროთმოძღვრების მიერ. მაღალია შესრულების ხარისხიც. სამხრეთის შესასვლელი დასავლეთისაზე უფრო ფართეა, (ეს მთავარი შესასვლელი იყო), მაგრამ უფრო მარტივადაა მორთული. ტიმპანში აქაც ფიგურებია (ძლიერ რელიეფური): მარჯვნივ – ქრისტე, მარცხნივ კი როგორც ჩანს, ეკლესიის მშენებელი ეკლესიის მოდელით ხელში. ამას გარდა კუთხეებში პეტრე და პავლე მოციქულთა პატარა ფიგურებიცაა. ტიმპანის მთელი მარცხენა ნაწილი, წარწერიანად გადარეცხილია. მარჯვენა ნახევარსვეტის კაპიტელის წარწერაშიც მხოლოდ ცალკეული ასოებისა და სიტყვების გარკვევა შეიძლება, მთლიანი აზრისა კი – არა.

ფასადის ზემო ნაწილები, განსაკუთრებით შუაში, გადაკეთებულია. წინათ, როცა შენობა გუმბათიანი იყო, შუა ნაწილი აქ ამაღლებული და ორფერდა სახურავით იყო გადახურული. ასევე იყო ჩრდილოეთის მხრივაც. ამის გამო, შენობის ძირითადი ფორმები სივრცეში ჯვარს ქმნიდნენ.

სამხრეთის ფასადის ზემო (გადაკეთებულ) ნაწილებში ძველი ქანდაკებებია ჩასმული (ორი ქალის ფიგურა, მხედარი წმინდანები). მაგრამ ეს მათი თავდაპირველი ადგილი არაა.

ჩრდილოეთის ფასადზე კედლის წყობის ქვემო ნაწილი (შესასვლელითა და მისი მორთულობით) ხელუხლებელია, სარკმელი კი განახლებულია. შენობის კარნიზები ერთიანად ძველი ნაწილებისაგან შედგება. ის ჩუქურთმა, რომელიც სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარნიზებს ამკობს (ფოთლის თავისებური სახეა), ძალიან გავრცელებული იყო X საუკუნეში და XI საუკუნის პირველ ნახევარში, შემდეგ კი გამოვიდა ხმარებიდან.

შენობის მორთულობაში საყურადღებოა აგრეთვე კარნიზის კუთხის ქვები, რომლებზედაც სხვადასხვა რელიეფია გამოსახული. ტაძრის შიგნით ორი ბოძი სივრცეს სამ ნაწილად ჰყოფს. შუა ნაწილი (ნავი) ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე გვერდის ნავები. წინათ გუმბათი ამ ბოძებსა და საკურთხევლის კედლის შვერილ კუთხეებს ეყრდნობოდა.

ადვილი შესამჩნევია, რომ ბოძები შეკეთებულია. ბოძები არათანაბარი ზომისაა, დაღრეცილი. შეცვლილია მათზე დაბჯენილი თაღებიც. ეს ყველაფერი XVI საუკუნის რეკონსტრუქციის შედეგია. სამხრეთის ბოძზე ამოკვეთილია ძალიან დიდი წარწერა სამ სვეტად (სულ 45 სტრიქონია). ეს ასომთავრული წარწერა მოგვითხრობს ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლის დედისიმედის მიერ ძეგლის შეკეთების ამბავს. ამ წარწერაში მოხსენებული არიან სხვა წყაროებიდანაც ცნობილი პირები: დედისიმედის პაპა კონსტანტინე – ქართლის მეფე იყო. წარწერა (მაშასადამე, ეკლესიის მეორედ აშენებაც) 1561–64 წწ. მიეკუთვნება.

ინტერიერში დაცული ასომთავრული წარწერა:

წ. ნებითა ღმრთისათა მე, ღმრთივ გვირგვინოსანის იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატოვანისა ქართველთ მეფეთ-მეფის კონსტანტინეს შვილიშვილმან, მეფის ბაგრატის ასულმან, ათაბაგ-ამირსპასალარის სახლის რძალმან, დედისიმედმან, მეორედ აღვაშენე წმინდაჲ ესე ეკლესია შენ ცათა მობაძვისა ვალისა ღმრთისმშობლისა, რათა მცველ, მფარველ გუექმნა აქა და მერმესა მას საუკუნესა მა და თანამეცხედრესა ჩემსა ათაბაგსა ქაიხოსროს, და ძენი ჩუანნი: ყუარყუარე, მზეჭაბუკ, მანუჩარ, თუალშუენიერი, ივანე და თამარი დღეგრძელობით დაიცვენ, ამინ. დასა მათსა ელენეს სასუფეველი დაუმკჳდრე, მამასა ჩემსა, მეფესა ბაგრატს, თანამეცხედრესა მისსა, დედოფალს ელენეს, შეუნდვეს ღმერთმან. ძმასა ჩემსა ერეკლეს და აშოთს შეუნდვნეს ღმერთმან; დასა ჩემსა თეოდორას შეუნდოს ღმერთმან, ამინ. ვახტანგ და ერეკლე დღეგრძელობით დაიცვენ, ამინ. და ძმა ჩემი არჩილ, აგარიანთა მიერ წარტყუევნილი და ცთუნებული, გამოიჴსენ და კუალად აგე პირველსავე პატივსა, ამინ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვახტანგ ბერიძე – „სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები“; გამომცემლობა ნაკადული, 1970წ.
  • ც. ჩაჩხუნაშვილი, „ვალეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 450-456

სქოლიო რედაქტირება