ვასპურაკანის სამეფო
ვასპურაკანის სამეფო (სომხ. Վասպուրականի թագավորություն) — სომხური ფეოდალური სახელმწიფო (908-1021), რომელიც მოიცავდა ვასპურაკანის ოლქს, ვანის ტბის მიმდებარე რაიონებს. სამეფოს მართავდნენ არწრუნთა დინასტიის წარმომადგენლები. არწრუნებმა IX საუკუნისთვის დაიმორჩილეს ვასპურაკანის სხვა ფეოდალური საგვარეულოები, დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა მხოლოდ რამდენიმე საამირო. X საუკუნეში არწრუნებმა ქვეყანას მეზობელი ტერიტორიებიც შეუერთეს და თავი მეფეებად გამოაცხადეს. ვასპურაკანის სამეფომ მოიცვა ტერიტორიები ვანის, ურმიის ტბებს და მდინარე არაქსს შორის. დამოუკიდებლად ვასპურაკანის სამეფომ მხოლოდ 14 წელი გაძლო. ვასპურაკანის დაწინაურებას ხელი შეუწყო X საუკუნეში სომხეთში დამყარებულმა მშვიდობამ და ქვეყანაზე გამავალმა სავაჭრო გზებმა.
922 წლიდან იგი ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ანისის სამეფოსთან. სამუელ ანელის ცნობით სენექერიმის მმართველობის წლებში (968-1021), აქ იყო 8 ქალაქი, 4 ათასი სოფელი, 72 ციხესიმაგრე, 115 მონასტერი, ქვეყანა მჭიდროდ იყო დასახლებული, განვითარებული იყო ვაჭრობა და ხელოსნობა. მნიშვნელოვანი ქალაქები იყო ვანი, ვოსტნი და აღთამარი. ვასპურაკანში მდებარეობდა ნარეკის მონასტერი, სადაც მოღვაწეობდნენ მამა-შვილი ანანია და გრიგორ ნარეკაცები. XI საუკუნის დასაწყისიდან განიცდიდა თურქული ტომების თავდასხმებს. 1021 წელს მეფე სენექერიმმა სამეფო ბიზანტიას გადასცა და თავად მიიღო ქალაქი სებასტია. ამ დროიდან ვასპურაკანი ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი თემი გახდა.
ვასპურაკანის პრინცები
რედაქტირება- ამაზასპ II (800-836)
- აშოტ I (836-852). ამაზასპ II-ის ძე.
- გურგენ I (852-853). აშოტ I-ის ძმა.
- აბუ ჯაფარი (853-854). აშოტ I-ის ძმა.
- გურგენ II (854-857).
- გრიგოლ-დერენიკი (857-868). აშოტ I-ის სიძე.
- აშოტ I (868-874).
- გრიგოლ-დერენიკი (874-887).
- გაგიკ აბუ მორვანი (887-898). გრიგოლ-დერენიკის ძე.
- აშოტ-სარგისი (აშოტ II) (898-900). გრიგოლ-დერენიკის ძე.
- საფი ვანის მმართველი (900-901).
- აშოტ-სარგისი (900-904).
- გაგიკ III (904-908). აშოტ-სარგისის ძმა.
- გურგენ III (908-925). აშოტ-სარგისის ძმა.
ვასპურაკანის მეფეები
რედაქტირება- გაგიკ I (III) (925-943). აშოტ-სარგისის ძმა.
- დერენიკ-აშოტ (აშოტ III) (943-953). გაგიკ I-ის ძე.
- აბუსაჰლ-ამაზასპი (953-972). დერენიკ-აშოტის ძე.
- აშოტ-საჰაკ (აშოტ IV) (972-983). აბუსაჰლ-ამაზასპის ძე.
- გურგენ IV (983-1003). აშოტ-საჰაკის ძმა.
- სენექერიმი (1003-1021). გურგენ IV-ის ძმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ალექსიძე, ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 322.
- სირარპი ტერ-ნერსესიანი. Armenia and the Byzantine Empire: a Brief Study of Armenian Art and Civilization. Cambridge: Harvard University Press. 1947.