დემეტრე უფლისწული
დემეტრე უფლისწული — საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლის ძე. ტახტს ეცილებოდა თავის ნახევარძმას ბაგრატ IV-ს.
მამის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე უფლისწული და დედამისი საუფლისწულო მამულში ანაკოფიაში ცხოვრობდნენ. მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვარიანმა აზნაურებმა დემეტრე უფლისწული ბაგრატ IV-ს დაუპირისპირეს და მისი გამეფება სცადეს, მაგრამ დამარცხდნენ. ვერც ბაგრატ IV-მ და მისმა მომხრეებმა შეძლეს დემეტრე უფლისწულის შემორიგება.
1032 წელს დემეტრე უფლისწულმა და ალდემ სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი ანაკოფიის ციხე ბიზანტიას გადასცეს. დემეტრე უფლისწული კონსტანტინოპოლში გაიქცა.1040-იანი წლების დასაწყისში დემეტრე უფლისწულის გამეფების საბაბით ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე ლიპარიტ IV ბაღვაში ბიზანტიელთა დამხმარე ჯარით ქართლს შემოესია. მას თან მოჰყვა დემეტრე უფლისწული, მაგრამ ბაგრატ IV-მ მოკავშირეები დაამარცხა. 1046 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა კვლავ სცადა დემეტრე უფლისწული გამეფება. ამ მიზნით ის ბიზანტიელთა და სხვათა დამხმარე ჯარით ქართლში შემოიჭრა. გადამწყვეტი ბრძოლის წინ დემეტრე უფლისწული გარდაიცვალა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დემეტრე უფლისწული მხოლოდ იარაღი იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგ მებრძოლთა ხელში. როგორც ვარაუდობდნენ, დემეტრე უფლისწულის შთამომავალი უნდა იყოს თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 375.