საქართველო XX საუკუნეში

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო XX საუკუნეში გათავისუფლდა რუსეთის იმპერიისგან, გამოაცხადა რა დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ არასრული სამი წლის განმავლობაში იარსება 1921 წლის მარტში საბჭოთა ოკუპაციამდე. 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

საქართველო 1918 წლამდე

რედაქტირება
 
ბათუმი XX საუკუნის დასაწყისში

პირველი რესპუბლიკა

რედაქტირება

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასიას მართავდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი. 1917 წლის 12 მარტს, მცხეთაში აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. იმავე წლის მარტში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით შეიქმნა ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. მის მუშაობას წარმართავდა აკაკი ჩხენკელი. 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში 19-22 ნოემბერს მოწვეულ იქნა ეროვნული ყრილობა, რომელზეც არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული საბჭო. ეროვნული საბჭო თავდაპირველად 60 წევრისგან შედგებოდა. მასში დეპუტატები ჰყავდათ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიურ უმცირესობებსაც. ეროვნული საბჭოს მუშაობას წარმართავდა კოალიციური პრინციპით დაკომპლექტებული 15-კაციანი აღმასრულებელი კომიტეტი. ეროვნულ საბჭოსა და მის აღმასკომს სათავეში ედგა ნოე ჟორდანია. ეროვნული საბჭოს სახით, პრაქტიკულად, ჩამოყალიბდა ქართული ხელისუფლება.

1918 წელს გამოცხადდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელშიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთიანდებოდა. საქართველო პრო-გერმანულ საგარეო ორიენტაციას ირჩევდა, სომხეთი კი პრ-ინგლისურს. უთანხმოებას საგარეო ორიენტაციაში ემატებოდა ოსმალეთის იმპერიასთან ომი და მოლაპარაკებები. ოსმალეთი ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის თანახმად რსფსრ-ის მიერ მისთვის გადაცემული ტერიტორიების დაკავებას, ამიერკავკასიის ფედერაცია კი რსფსრ-ს არ სცნობდა ლეგიტიმურ წარმომადგენლად. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და 28 მაისს მფარველობითი შეთანხმება დადო გერმანიის იმპერიასთან, რითაც თავი დაიცვა ოსმალეთის აგრესიისგან. საქართველოში შემოვიდა ორი გერმანული ათასეული, ხოლო თბილისში გაიხნსნა გერმანიის სამხედრო-დიპლომატიური მისია. იმავე წლის ივნისში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას აფხაზეთის სახალხო საბჭოსთან, რომელმაც დაადასტურა აფხაზეთის ყოფნა საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიის უფლებით.[1] ამით უშედეგოდ დასრულდა აფხაზეთში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების მცდელობები.

 
საქართველოს საზღვრების რუკა 1919

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობა კოალიციური იყო. მთავრობის თავმჯდომარე იყო ნოე რამიშვილი, რომელიც მალევე შეცვალა ნოე ჟორდანიამ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც მთავრობაში უმრავლესობას წარმოადგენდა, იყო ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი პარტია საქართველოში. ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ასარჩევად. არჩეულ იქნენ ქალაქების სათათბიროები და ქალაქის თავები. შემუშავდა სახელმწიფო სიმბოლიკა, დროშა, გერბი და ჰიმნი. 1918 წლის ოქტომბერში ეროვნული საბჭო გაფართოვდა და მას ეწოდა საქართველოს პარლამენტი. რადგანაც ეს პარლამენტი არ წარმოადგენდა ხალხის მიერ არჩეულ ორგანოს, დაიწყო მუშაობა არჩევნების მოსამზადებლად. უნდა არჩეულიყო საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუცია უნდა მიეღო.

1918 წლის ნოემბერში გერმანიის იმპერიამ აღიარა დამარცხება პირველ მსოფლიო ომში. გერმანულმა სამხედრო შენაერთებმა და გერმანიის მისიამ დატოვა საქართველო. გერმანიის ნაცვლად კავკასია დაიკავა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მისიამ. 1919 წლის თებერვალში გაიმართა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები. დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში 15 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. მას ბოიკოტი მხოლოდ ბოლშევიკებმა გამოუცხადეს. კენჭისყრაში ამომრჩეველთა დაახლოებით 60%-მა მიიღო მონაწილეობა. დიდი უპპირატესობით გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც 130-დან 109 მანდატი მიიღო. 12 მარტს მუშაობას შეუდგა დამფუძნებელი კრება, რომლის ტავმჯდომარედ კარლო ჩხეიძე იქნა არჩეული. ახალი მთავრობა ერთპარტიული იყო და მას კვლავ ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა. შეიქმნა სამომრიგებლო და საოლქო სასამართლოები, არჩევითი გახდა მოსამართლეთა და ნაფიც მსაჯულთა თანამდებობები. 1919 წლის ივლისში შეიქმნა უმაღლესი სასამართლო ორგანო სენატი.

რესპუბლიკის მთავრობამ განახორციელა სხვადასხვა რეფორმები: ჩამოყალიბდა სკოლათა სისტემა, განხორციელდა მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ნაფიცი მსაჯულების შემოღება. უმნიშვნელოვანესი იყო აგრარული რეფორმა, რომლითაც გლეხობას „სანადელო“ მიწა საკუთრებაში გადაეცა. გატარდა საფინანსო რეფორმა და 1919 წლის ივლისიდან გამოშვებულ იქნა რესპუბლიკის ბონები. იმავე წლის დეკემბერში დაფუძნდა სახელმწიფო ბანკი.

საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ის მუდმივად ომში იყო მეზობელ სახელმწიფოებთან. ამიტომ რესპუბლიკა ცდილობდა შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. მას გააჩნდა სახალხო გვარდია და რეგულარული არმია, რომელიც 20-30 ათას ჯარისკაცს მოიცავდა. ოციდან ორმოც წლამდე მამაკაცები ექვემდებარეობდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხობრივი შემადგენლობა 20-25 ათას კაცს ითვლიდა. საქართველოს აფხაზეთის გამო ომი ჰქონდა ბოლშევიკური რუსეთთან, თეთრი რუსეთთან და ოსმალეთის დესანტებთან. ომის შედეგად საქართველომ შეინარჩუნა რუსეთის იმპერიის დროინდელი სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ.. 1918-1920 წლებში საქართველოს ხელისუფლებას მოუწია ოსთა სამი შეიარაღებული აჯანყების ჩახშობა. ოსების აჯანყებებს შეიარაღებითა და სამხედრო ძალით რსფსრ უჭერდა მხარს. ამ აჯანყებათა შორის განსაკუთრებით მძიმე 1920 წლის ზაფხულის აჯანყება იყო. 1918 წლის დეკემბერში მიმდინარეობდა სომხეთ-საქართველოს ომი. ომის შედეგად საქართველოს დარჩა ახალქალაქის მაზრა, ხოლო ლორე ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე. 1919 წლის აპრილში ბრიტანული მისიის გაყვანა გადაწყდა, ხოლო აგვისტოში მათ რეალურად დატოვეს კავკასია. ბრიტანული მისია დარჩა მხოლოდ ბათუმის ოლქში. 1920 წლის ივლისში ბრიტანეთმა ბათუმის ოლქიც დატოვა და ის საქართველოს გადასცა.

საქართველოს ჰქონდა დავა მეზობელ აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ტერიტორიების გამო. მთავარი სადავო მხარე ზაქათალის ოკრუგი იყო. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა 1920 წლის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ. წითელმა არმიამ 1920 წლის მაისში სცადა საქართველოს აღება აზერბაიჯანიდან, მაგრამ საქართველომ მოიგერია მისი შეტევა. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით ზაქათალის ოკრუგი რსფსრ-მ საქართველოს ნაწილად ცნო. 12 ივნისს აღსტაფაში დაიდო ხელშეკრულება საქართველოს დრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის, რომლითაც საზღვრად დადგინდა რუსეთის იმპერიის პერიოდის თბილისისა და ელიზავეტოპოლის გუბერნიების საზღვარი. 1921 წლის კონსტიტუციით საქართველომ ზაქათალის ოკრუგს მიანიჭა ავტონომია, მიუხედავად ამისა, საქართველოს იურისდიქცია ამ ოლქზე პრაქტიკულად არ გავრცელებულა.

1920 წლის მაისში დაიდო რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე-იურედ სცნო, ხოლო საქართველომ დაუშვა ბოლშევიკური ორგანიზაციების საქმიანობა. 1920 წლის დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არ მიიღეს ერთა ლიგაში. 1921 წლის იანვარში საქართველო დე-იურდ ცნო რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საფრანგეთმა, ბელგიამ, იტალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და სხვა. 1921 წლის თებერვალში რსფსრ-მ დაარღვია ხელშეკრულება და შეიჭრა საქართველოში. 17-24 თებერვალს მიმდინარეობდა ტფილისის ბრძოლა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავრსარდალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 24 თებერვალს მთავრობა დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შევიდა. ბრძოლები გრძელდებოდა სურამის უღელტეხილთან. მარტის დასაწყისში გაიმართა ოსიაურის და სურამის ბრძოლები. 1921 წლის 11 მარტს საბჭოთა რუსეთის მოკავშირე თურქეთი შეიჭრა ბათუმის ოლქში. საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა ლენინის მითითებით სცადა ნოე ჟორდანიას გადაბირება, მაგრამ ვერ შეძლო. საქართველოს მთავრობამ უარი ტქვა კაპიტულაციაზე და დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით 17 მარტს ემიგრაციაში წავიდა. მთავრობას ჯერ კიდევ ჰქონდა დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერის იმედი. ბათუმისათვის ბრძოლაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ეითელი არმიის მხარდაჭერის გარეშე დაამარცხეს თურქეთი. 18 მარტს წითელმა არმიამ დაასრულა საქართველოს ოკუპაცია.

საქართველო საბჭოთა კავშირში

რედაქტირება
 
საქართველოს სსრ-ის დროშა 1922-1937 წლებში

საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცება

რედაქტირება

საქართველოს სსრ-ის ხელმძღვანელ ორგანოდ გამოცხადდა საქართველოს რევოლუციურ კომიტეტი, ხოლო მოგვიანებით სახალხო კომისართა საბჭო, თუმცა რეალურად ქვეყანას მართავდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის კომიტეტი სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით. მის დასაყრდენ ერთადერთ ძალას წარმოადგენდა XI წითელი არმია, რომელსაც სახელი შეუცვალეს და კავკასიის განსაკუთრებული არმია უწოდეს. 1921 წლის მარტში გამოცხადდა დამოუკიდებელი აფხაზეთის სსრ-ის შექმნა. 1921 წლის ოქტომბერში დადებულ იქნა ყარსის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთმა თურქეთს დაუთმო არტაანის და ართვინის ოკრუგები. 1921-1922 წლებში ჩამოყალიბდა აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამ უკანასკნელში ოსებით დასახლებულ სოფლებთან ერთად შეყვანილ იქნა ქართველებით დასახლებული 40-მდე სოფელი და ქალაქი ცხინვალი. საქართველოს სსრ-მ აზერბაიჯანის სსრ-ს გადასცა ზაქათალის ოლქი, ელდარის საძოვრები და გარეჯის ველი, სომხეთის სსრ-ს გადაეცა ლორე. საქართველოს სსრ-მ ჯამში დათმო 19 ათასი კმ² ტერიტორია 210 ათასი მოსახლით.

 
ამიერკავკასიის სფსრ 1926 წელს

გასაბჭოებისთანავე დაიწყო რეპრესიები. წინააღმდეგობის მოძრაობამ თავი იჩინა სვანეთსა და ხევსურეთში. „ჩეკამ“ 1921 წლის დეკემბრის ბოლომდე 150-მდე ადამიანი დახვრიტა. 1922 წლის ზაფხულში შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო კახეთში. გამოსვლებს ხელმძღვანელობდა შეფიცულთა რაზმი, რომელსაც მეთაურობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. 1923 წლის მარტში შეიპყრეს და მაისში დახვრიტეს ანტისაბჭოთა „სამხედრო ცენტრის“ წევრები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე და სხვები. „სამხედრო ცენტრის“ ადგილი დაიკავა „სამხედრო კომისიამ“, რომელსაც ნოე ხომერიკი ხელმძღვანელობდა. 1923 წელს საფრანგეთიდან საქართველოში არალეგალურად ჩავიდნენ ვალიკო ჯუღელი და ბენიამინ ჩხიკვიშვილი. დაიგეგმა აჯანყება, რომელიც ჯერ 1924 წლის თებერვალში, შემდეგ კი აგვისტოში უნდა დაწყებულიყო. აგვისტოს აჯანყება შეუთანხმებელი მოქმედებით დაიწყო. აჯანყებას ფართო ხასიათი ჰქონდა გურიაში, სამეგრელოში, სვანეთის, კახეთის და იმერეთის ზოგ რაიონში, მაგრამ აჯანყება წარუმატებელი აღმოჩნდა და დიდი მსხვერპლი მოჰყვა. აჯანყების შემდეგ დახვრიტეს დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრები ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი და ბევრი სხვა ლიდერი.

1922 წლის ბოლოს შეიქმნა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა. გადაწყდა ამიერკავკასიის რსპუბლიკების მასში გაერთიანება. ამას დაუპირისპირდნენ საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერები ფილიპე მახარაძე, ბუდუ მდივანი, სერგო ქავთარაძე, მიხეილ ოკუჯავა და სხვები. ისინი ნაციონალ-უკლონისტებად მოინათლნენ და მათ მიმართ რეპრესიები განხორციელდა. ამიერკავკასიის სფსრ შეიქმნა მისგან გასვლის უფლების გარეშე. სწორედ ამიერკავკასიის სფსრ გახდა 1922 წელს შექმნილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე წევრი სახელმწიფო. 1923 წელს აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, დამყარდა ერთპარტიული რეჟმი. ვიწროვდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მის ქონებას სახელმწიფო დაესაკუთრა. ეკლესიას მასობრივად ტოვებდა სამღვდელოება, იკეტებოდა ან ინგრეოდა ტაძრები. 1927 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე III-მ საბჭოთა ხელისუფლებასთან შემრიგებლური და ლოიალური კურსი გამოაცხადა.

1931 წლის თებერვალში აფხაზეთის სსრ-მ მიიღო ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში. 1936 წელს ამიერკავკასიის სფსრ დაიშალა და საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის სსრ-ები უშუალოდ საბჭოთა კავშირის წევრი სახლემწიფოები გახდნენ. 1930-იანი წლებიდან საქართველოს სსრ-ში, ისევე როგორც მთლიანად საბჭოთა კავშირში ძველი ბოლშევიკი რევოლუციონერების ნაცვლად სტალინის ერთგული ახალგაზრდა პარტიული მუშაკები დაწინაურდნენ. 1931-1938 წლებში საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი იყო ლავრენტი ბერია, ხოლო 1938-1951 წლებში კანდიდ ჩარკვიანი. 1930-იანი წლებში საქართველოს სსრ-ში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში ადგილი ჰქონდა მასობრივ რეპრესიებს, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას შეეხო, მათ შორის გულმხურვალე კომუნისტებსაც.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაიწყო ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების გარდაქმნა. გაუქმდა კერძო საკუთრება, მოხდა მიწის და მსხვილი სამრეწველო საწარმოების ნაციონალიზაცია. საბჭოთა ეკონომიკური კურსი ეყრდნობოდა სამ მიმართულებას ინდუსტრიალიზაციას, კოლექტივიზაციას და კულტურულ რევოლუციას. ინდუსტრიალიზაცია დაიწყო 1925 წლიდან ის ძირითადად მძიმე მრეწველობის განვითარებას გულისხმობდა.

ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკური ეფექტი კოლექტივიზაციაზე გაცილებით დიდი იყო. პირველი ნაბიჯები გადადგმულ იქნა ჰიდროენერგიის ათვისებისა და ჰესების მშენებლობის მიმართულებით. აშენდა ჰიდროელექტროსადგურები ზაჰესი (1923-1927) და რიონჰესი (1927-1933). გარდა მსხვილი ჰესებისა, აშენდა მრავალი მცირე ჰესი. ჰიდრორესურსების ათვისების შედეგად პირველი წარმატებები მოპოვებულ იქნა ქვეყნის ელექტრიფიკაციაში. განვითარდა მძიმე მრეწველობა. მეტი ინტენსივობით ამუშავდა ჭიათურის მანგანუმის ქარხანა, ტყიბულისა და ტყვარჩელის ქვანახშირის წარმოება, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, კასპის ცემენტის ქარხანა (1926), ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (1933). დაიწყო ნავთობის საძიებო სამუშაოები. მსუბუქ მრეწველობაში ამუშავდა აბრეშუმის, კვების მრეწველობის, სამკერვალო ფაბრიკები. სამრეწველო საწარმოები შენდებოდა მოსკოვში დამტკიცებული ხუთწლედი გეგმების შესაბამისად. საქართველო, რომელიც აგრარული ქვეყანა იყო ინდუსტრიულ ქვეყნად გადაიქცა.

1927 წლიდან დაიწყო სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია. კოლექტივიზაცია გლეხობაზე მასობრივი ძალადობით წარიმართა. ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამეურნეო გამოცდილებასა და მიწათმფლობელობის ქართულ წესს, რომელიც საკომლო მემკვიდრეობით საკუთრებას ეფუძნებოდა. ლეხობა დიდ წინააღმდეგობას უწევდა კოლექტივიზაციას, შლიდა და ანადგურებდა მეურნეობას, ცდილობდა ქალაქებსა და საზღვარგარეთ მიგრაციას. მხოლოდ 1927 წელს თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის დააპატიმრეს 9 ათასი კაცი. კოლექტივიზაციის მთავარ წინაღობად საბჭოთა პროპაგანდამ დასახა შეძლებული გლეხი, ე.წ. კულაკი, რომლებიც გლეხური მოსახლეობის 2%-ს არ აღემატებოდა და 1930 წლიდან დაიწყო კულაკების, როგორც სოციალური ფენის განადგურება. სოფლებში გლეხთა დასამაგრებლად ხელისუფლება იყენებდა საპასპორტო სისტემას. 1935 წლიდან კიდევ უფრო გაიშალა კოლმეურნეობათა შექმნა. კოლმეურნეობების პარალელურად იქმნებოდა საბჭოთა მეურნეობები. 1929-1930 წლებში განხორციელდა საქართველოს სსრ-ის დაყოფა რაიონებად. რაიონებს ეკონომიკური პროფილები მიენიჭა. კახეთის და იმერეთის ზოგი რაიონები მევენახეობის, აჭარის და გურიის რაიონები სუბტროპიკული მეურნეობის, ქართლის რაიონები მეხილეობის, აბაშისა და წითელწყაროს რაიონები კი მარცვლეული კულტურების პროფილის მქონე რაიონებად ჩამოყალიბდნენ.

კულტურული რევოლუციის ფარგლებში დაიწყო განათლების მასობრივი გავრცელება. განათლების სისტემის მიზანი იყო ახალი ადამიანის აღზრდ. სკოლა პოლიტიზებული გახდა. ამას ემსახურებოდა სკოლაში მოქმედი ოქტომბრელთა, პიონერთა და კომკავშირული ორგანიზაციები. 1930 წლიდან შემოღებულ იქნა საყოველთაო-სავალდებულო სწავლება. ყურადღება მიექცა სკოლამდელ განათლებასაც. 1920-1930-იან წლებში განვითარდა უმაღლესი სასწავლებლეის ქსელი. 1922 წელს გაიხსნა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1929 წელს დაარსდა პოლიტექნიკური და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტები, 1930 წელს გაიხსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ყველა მათგანში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ამავდროულად რეჟიმი დევნიდა მისთვის არასაიმედოდ მიჩნეულ კადრებს. 1941 წლისთვის მოქმედებდა 19 უმაღლესი სასწავლებელი, რომლებშიც 25 ათასი სტუდენტი სწავლობდა. განვითარდა მეცნიერების მრავალი დარგი. დაარსდა ჩაის და სუბტროპიკული კულტურების, მევენახეობის, გეოლოგიური, მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ექიმთა დახელოვნების, ინსტიტუტები, ასტროფიზიკური ობსერვატორია. 1935 წელს ჩამოყალიბდა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალი, ხოლო 1941 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

ხელისუფლება ცდილობდა კულტურა ჩაეყენებინა რეჟიმის სამსახურში. კულტურის ყველა სფეროში გაბატონდა სოციალისტური რეალიზმი. 1920-იან წლებში ჯერ კიდევ საგრძნობი იყო შემოქმედებითი პლურალიზმი, მაგრამ მალე აიკრძალა სხვადასხვა ლიტერატურული თუ სახელოვნებო გაერთიანებების არსებობა. ფუნქციონირებდა მხოლოდ ცენტრალიზებული შემოქმედებითი კავშირები როგორებიც იყო საქართველოს სსრ მწერალთა კავშირი, საქართველოს სსრ მხატვართა კავშირი და სხვა. 1930-იან წლებში სტალინი ქართული კულტურის პროპაგანდას ცდილობდა. 1937 წელს მოსკოვში მოეწყო ქართული ხელოვნების დეკადა, გაიმართა ფოლკლორურ ანსამბლთა კონცერტები, პომპეზურად აღინიშნა ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილე და „ვეფხისტყაოსნის“ დაწერიდან 750 წელი.

საქართველო მეორე მსოფლიო ომში

რედაქტირება

1941 წლის 22 ივნისს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია საბჭოთა კავშირში შეიჭრა. სტალინმა ამ ომს დიდი სამამულო ომი უწოდა და საბჭოთა კავშირის ყველა მცხოვრებს სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდა. საქართველო ომის მონაწილე ქვეყნად იქცა, როგორც საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყანა. საქართველოს სსრ ომის განმავლობაში ძირითადად ზურგის ქვეყანა იყო. მიუხედავად ამისა, საქართველომ ფრონტზე 700 ათასამდე ჯარისკაცი გაგზავნა, რომელთაგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. ომის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა სამხედრო მრეწველობაზე გადაერთო. საქართველოს სხვადასხვა ქარხნები სამხედრო შეკვეთებს ასრულებდნენ, გაიზარდა საქართველოს წიაღისეულის ექსპლუატაცია. 1941-1942 წლებში საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილიდან ქარხნების და მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საქართველოს სსრ-ში გადატანილ იქნა არაერთი უმაღლესი და ტექნიკური სასწავლებელი, საბავშვო სახლები, კულტურული დაწესებულებები. ომის დროს შერბილდა ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. 1943 წელს რუსეთში აღდგენილ იქნა პატრიარქის ინსტიტუტი, ხოლო საქართველოს ეკლესიას მიეცა ტერიტორიული ავტოკეფალია.

1942 წლიდან განახლდა ომამდე შეჩერებული ეროვნული საჯარისო შენაერთების ფორმირება. ჩამოყალიბდა 9 ქართული დივიზია. სამი მათგანი იცავდა სსრკ-თურქეთის სასაზღვრო ხაზს. დანარჩენი დივიზიები ფრონტის წინა ხაზზე მონაწილეობდნენ ყველა მნიშვნელოვან ბრძოლსა და ოპერაციაში. სახელი გაითქვეს 414-ე, 276-ე და 242-ე ქართულმა დივიზიებმა. ქერჩის სრუტეში დაიღუპა ათეულ ათასობით ქართველი, თითქის სრულად განადგურდა 224-ე ქართული დივიზია. რაიხსტაგზე საბჭოთა კავშირის დროშა რუს ეგოროვთან ერთად აღმართა ქართველმა მზვერავმა მელიტონ ქანთარიამ. 165-მა ქართველმა მიიღო საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

მეორე მსოფლიო ომმა გააჩინა საქართველოს გათავისუფლების იმედები ქართულ ნაციონალისტურ წრეებში. გერმანიაში მყოფმა ქართველებმა 1940-1942 წლებში შექმნეს სამხედრო ფორმირებები „თამარ I“ და „თამარ II“. საქართველოში იყო ანტისაბჭოთა შეთქმულების რამდენიმე მცდელობა, მათ შორის თუშეთში დაარსებული ორგანიზაცია „სამანი“, მაგრამ საბჭოთა უშიშროებამ ყველა მსგავსი მცდელობა აღკვეთა.

მოსახლეობის მასობრივმა გაწვევამ ქვეყანაში მხოლოდ მოხუცები, ქალები და ბავშვები დატოვა. შემცირდა შობადობა და გაიზარდა სიკვდილიანობა. ომის დაწყებისთანავე საქართველოდან გადაასახლეს გერმანელი კოლონისტები. 1944 წელს სამცხე-ჯავახეთიდან გადაასახლეს 70 ათასამდე მუსლიმი მესხი.

საქართველო 1940-იან-1980-იან წლებში

რედაქტირება
 
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, 1957

ომის შემდგომ წლებში მეურნეობის აღდგენას საქართველოს სსრ-ში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, მასშტაბური ხასიათი ჰქონდა. აშენდა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (1948), ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა, გორის ბამბეულის კომბინატი (1951), ბათუმის გემთმშენებელი ქარხანა. დასრულდა შაორის, ორთაჭალის, სამგორის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ქალაქებში, რაიონულ ცენტრებსა და დაბებში შეიქმნა სამედიცინო მომსახურების ცენტრები: ამბულატორიები, პოლიკლინიკები, აფთიაქები. 1947 წელს პურსა და სხვა პროდუქტებზე გაუქმდა საბარათე სისტემა. დაიწყო ხელფასების ზრდა და პროდუქტებზე საცალო ფასის დაწევა. 1948-1954 წლებში ფასები ყოველწლიურად მცირდებოდა.

 
1956 წლის 9 მარტის მსხვერპლთა მემორიალური დაფა

1948 წლის ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 11 სტუდენტი გაასამართლეს სტალინის პოლიტიკის კრიტიკის გამო. 8 მათგანს 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მათ შორის იყვნენ მომავალი მწერლები ოტია პაჭკორია, გივი მაღულარია და სხვები. 1951 წელს საქართველოდან გადაასახლეს ის ოჯახები, რომლებსაც ოჯახის წევრები, ან ნათესავები საზღვარგარეთ ჰყავდათ და მათთან ურთერთობას ინარჩნებდნენ. 1951 წლის 25 დეკემბერს 20 ათასამდე ადამიანი გადაასახლეს შუა აზიაში. გადასახლებულებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1954 წელს მიიღეს. 1951 წელს დაიწყო ე.წ. მეგრელთა საქმე, რომლის ფარგლებში იდევდნებოდნენ ლავრენტი ბერიას კადრები, პარტიულ და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული მეგრელები. მათ ბრალი დაედოთ მეგრულ ნაციონალიზმში, თურქეთთან კავშირსა და ანტისაბჭოთა მუშაობაში. მეგრელთა საქმე სტალინის გარდაცვალებისთანავე შეწყდა.

სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დაიწყო ხრუშჩოვის დათბობა: შემცირდა ცენზურა შემოქმედებით სფეროზე, მოხდა რეპრესირებულთა რეაბილიტაცია, შეიცვალა სტალინის კადრები. საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი გახდა ვასილ მჟავანაძე. 1956 წლის თებერვალში სკკპ-ის XX ყრილობაზე ხრუშჩოვმა დაგმო სტალინის პიროვნების კულტი. პიროვნების კულტის დაგმობის კამპანია ფართოდ გაიშალა. ეთნიკურად ქართველი სტალინის კულტის დაგმობა საქართველოში ანტიქართულ კამპანიად იქნა აღქმული. 1956 წლის მარტში თბილისში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. 9 მარტს დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 23, დაიჭრა 80-მდე ადამიანი. 300-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.

 
თბილისი 1971 წელს

ინდუსტრიული მშენებლობა აძლიერებდა ურბანიზაციას. 1959 წელს საქართველოს ქალაქების მოსახლეობამ მთელი ქვეყნის მოსახლეობის 42%-ს გადააჭარბა. ქალაქები ძირითადად ქვეყნის მთიანი ზოლის სოფლების ხარჯზე ივსებოდა, დაიცალა ბევრი სოფელი. ქალაქებში გარდა კომუნალური ბინებისა, დაიწყო იზოლირებული ბინათმშენებლობა. იზოლირებული ბინათმშენებლობა განსაკუთრებით გაიშალა ხრუშჩოვის მმართველობის დროს. შენდებოდა დაბალჭერიანი და ვიწრო ხრუშჩოვკები, რომლებმაც არსებითი როლი შეასრულა საბინაო პრობლემის გადაჭრაში. ქალაქებში ინერგებოდა ცენტრალური გათბობა, ბუნებრივი აირი, ცხელი წყლის სისტემა. ხრუშჩოვი აქცენტს მძიმე მრეწველობის ნაცვლად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე აკეთებდა, მაგრამ არ გაამართლა მისმა გადაწყვეტილებებმა, როგორიც იყო საძოვრების გამოყენება სახნავ-სათესად, სიმინდის კამპანია და ა.შ. მიუხედავად ამისა, ხრუშჩოვის დროს გაუმჯობესდა ცხოვრების საერთო დონე. სამუშაო დღის ხანგრძლივობა მრეწველობის ბევრ დარგში 7 საათამდე შმცირდა, გაიზრდა ხელფასები, გაუქმდა გადასახადები განათლების სფეროში, 1965 წლიდან დაინიშნა სახელმწიფო ასაკობრივი პენსია. 1960-იან და 1970-იან წლებში აღმავლობას განიცდიდა ქართული კინო, თეატრი და სპორტი.

 
ედუარდ შევარდნაძე, 1987

1972 წელს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ანტიკორუფციული კამპანიებით გამოირჩეოდა. მან შეცვალა ვასილ მჟავანაძე, რომელიც კორუფციაში ამხილეს. შევარდნაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობის სტერეოტიპის წარმოჩინებას. 1973 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რესპუბლიკის სასწავლებლებში ურუსული ენის სწავლების გაუმჯობესების შესახებ. 1977 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი გახდა ილია II. მკვეთრად გაიზარდა მრევლის რაოდენობა. სიონის ტაძარი იქცა დისიდენტების თავშეყრის ადგილად. შევარდნაძემ დააპატიმრა 1974 წელს გაჩენილი დისიდენტური ჯგუფების წევრები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. 1978 წელს გაზაფხულზე საკავშირო ხელისუფლებამ დაგეგმა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის გაუქმება. ამ პროექტს სტუდენტების მასობრივი პროტესტის მოყვა. პროტესტის მობილიზებაში თვალსაჩინო როლი ითამაშა აკაკი ბაქრაძემ. 1978 წლის 14 აპრილის მრავალათასიანმა დემონსტრაციამ შედეგი გამოიღო. 1983 წელს საქართველოს სსრ-ში პომპეზურად აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. 1984 წელს თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე შევარდნაძემ მიიღო გამტაცებელთა დახვრეტის გადაწყვეტილება, რის გამოც ძალიან არაპოპულარული გახდა.[2]

შევარდნაძის მმართველობისას გაიზრდა საქართველოს სამრეწველო წარმოება, განვითარდა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, გაუმჯობესდა საავტომობილო გზები, გაიზარდა რკინიგზის გამტარუნარიანობა, გაფართოვდა სამოქალაქო ავიაცია, გაიხსნა საჰაერო მიმოსვლის ახალი ხაზები. სოფლის მეურნეობაში გაიზარდა ჩაის, ვენახის, ციტრუსების და მარცვლეული კულტურების ფართობი და მოსავლიანობა, გაუმჯობესდა ტექნიკური ბაზა, შემცირდა არარენტაბელურ კოლმეურნეობათა რაოდენობა. 1980 წელს თბილისის მოსახლეობამ მილიონი ადამიანი შეადგინა. ქალაქებში მთელი ქვეყნის მოსახლეობის 51% ცხოვრობდა. შევარდნაძემ აბაშასა და ფოთში ჩაატარა საბაზრო რეფორმის ექსპერიმენტები, რამაც მიიქცია საბჭოთა კავშირის ახალი ხელმძღვანელის, მიხეილ გორბაჩოვის ყურადღება.[2] გორბაჩოვმა 1985 წლის 2 ივლისს „გარდაქმნის“ წამოწყების პარალელურად, შევარდნაძე დანიშნა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. საქართველოს პარტიული ხელმძღვანელი გახდა ჯუმბერ პატიაშვილი.

1980-იან წლების მეორე ნახევრიდან გაძლიერდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. მის გაძლიერებას ხელი შეუწყო პერესტროიკამ. გაჩნდა არაფორმალური გაერთიანებები, დაჯგუფებები, პარტიები. 1978 წელს იატაკქვეშ დაარსდა საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ხოლო 1981 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ზვიად გამსახურდია პოპულარული ლიდერი გახდა. 1980-იანი წლების ბოლოს უკვე ყველა პარტია საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდა. გაჩაღდა კამპანიები საბჭოთა ჯარში გაწვევის, დავითგარეჯას სამხედრო პოლიგონის, კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის, ხუდონჰესის წინააღმდეგ. 1988 წლის შემოდგომიდან თბილისში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ამავდროულად დაიწყო სეპარატისტული მოძრაობები ავტონომიურ რეგიონებში. აფხაეთის ასსრ-ში 1989 წლის 18 მარტს გაიმართა ლიხნის კრება, რომელზეც აფხაზებმა საქართველოს სსრ-სგან გამოყოფა და მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვეს. 1989 წლის 4 აპრილს თბილისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ, მაგრამ დემონსტრაციების მოთხოვნა მალე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა გახდა. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დემონსტრაცია დარბეულ იქნა საბჭოთა ჯარის მიერ, რასაც შეეწირა 21 ადამიანი. ამან საფუძველი შეურყია საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ლიხნის დეკლარაციაზე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ ხელის მოწერის საპასუხოდ, ქართველმა სტუდენტებმა მოითხოვეს უნივერსიტეტის ქართული სექტორის გადაკეთება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალად, რაც დაკმაყოფილდა 14 მაისს. თუმცა, 15 ივლისს, როდესაც ჩანიშნული იყო მისაღები გამოცდები, ქართველებს თავს დაესხდნენ აფხაზი სეპარატისტები, რასაც მოჰყვა არეულობები. 1990 წელს ისტორიული სახელწოდებები დაუბრუნდა საქართველოს იმ ქალაქებს, რომლებსაც ბოლშევიკი რევოლუციონერების სახელები ჰქონდათ მინიჭებული (სენაკი, ოზურგეთი, ხარაგაული, მარტვილი და სხვა).

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

რედაქტირება
 
ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, თბილისი, 1988

1989 წელს შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში და საქართველოს სსრ-ის უმაღლეს საბჭოს ეწოდა უზენაესი საბჭო.[3] მისი არჩევნები დაგეგმილი იყო 1990 წლის მარტში, თუმცა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო გადადებულ იქნა შემოდგომაზე. ამის შემდეგ მოხდა განხეთქილება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც დაიყო ზვიად გამსახურდიასა და გიორგი ჭანტურიას მომხრეებად. ჭანტურიას ირგვლივ გაერთიანებულმა არ მიიღეს მონაწილეობა ოფიციალურ არჩევნებში, ხოლო გამსახურდიას ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ 1990 წლს 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში დაამარცხა მმართველი კომუნისტური პარტია და მოიპოვა უმრავლესობა უზენაეს საბჭოში. ეს იყო პირველი მრავალპარტიული და თავისუფალი არჩევნები საქართველოს სსრ-ში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა თითქმს 70%-მა, თუმცა ძალიან დაბალი მონაწლეობა დაფიქსირდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებში. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა პარტიებმა „აიდგილარამ“ და „ადამონ ნიხასმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს. არჩევნები ჩატარდა პარტიულ-პროპორციული (125 მანდატი) და ერთმანდატიანი მაჟორიტარული (125 მანდატი) შერეული საარჩევნო სისტემით. უზენაესი საბჭო აირჩეოდა 5 წლის ვადით. დაწესებული იყო 4%-იანი ბარიერი. არჩევნებში გამარჯვებულმა ბლოკმა „მრგვალმა მაგიდამ“ 114 მანდატი მიიღო, 61 მანდატი მოიპოვა კომუნისტურმა პარტიამ.

 
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

14 ნოემბერს უზენაესი საბჭოს პირველი სესია დალოცა პატრიარქმა ილია II-მ. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზვიად გამსახურდია, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ კი თენგიზ სიგუა. გამოცხადდა „გარდამავალი პერიოდი“ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, თუმცა მიხეილ გორბაჩოვის მიერ საბჭოთა კავშირის განახლებული სახით შენარჩნებისთვის რეფერენდუმის დანიშვნამ დააჩქარა დამოუკიდებლობის გამოცხადება. საქართველოს ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოთა რეფერენდუმს და საპასუხოდ დანიშნა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელიც 31 მარტს ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 98%-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“. ამ შედეგის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1990 წლის სექტემბერში სამხრეთ ოსეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საპასუხოდ, უზენაესმა საბჭომ გააუქმა ავტონომიური ოლქი სეპარატიზმის აღსაკვეთათ. 1990 წლის 12 დეკემბერს ოსი სეპარატისტების მიერ მოეწყო ტერიტორისტული აქტი, რასაც შეეწირა 3 ქართველის სიცოცხლე. საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლებამ გააგზავნა შსს-სა და ქართული კგბ-ს შენაერთები ცხინვალისა და ჯავის რაიონებში, სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.[4][5] ცხინვალში აღიმართა ბარიკადები. 1991 წლის 5 იანვარს რეგიონში შევიდა დამატებითი 3000-კაციანი ძალა წესრიგის აღსადგენად.[6] ცხინვალი ბრძოლების ეპიცენტრად იქცა. რუსეთის დახმარებით, ანტი-ქართულმა სეპარატისტულმა ძალებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს. 1992 წლის ივნისში რუსეთი უშუალოდ ჩაერთო კონფლიქტში და რუსმა სამხედრო თვითმფრინავებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველების პოზიციებს.[7][8] 1992 წლის 24 ივნისს დაიდო დაგომისის შეთანხმება, რომლითაც რეგიონი გაიყო სეპარატისტების და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებად. რეგიონში განთავსდა სამმხრივი, რუსულ-ოსურ-ქართული სამშვიდობო მისია.[9] სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლეგიტიმურობა საერთაშორისო საზოგადოებამ არ სცნო. საქართველომ დაკარგა რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილზე დე-ფაქტო კონტროლი, თუმცა მას კვლავ თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევდა, აღნიშნული პოზიცია გაიზიარა საერთაშორისო საზოგადოებამაც.

საქართველო XX საუკუნის ბოლოს

რედაქტირება

1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ შემოიღო საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა და ამ პოზიციაზე აირჩია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. ამის შემდეგ საბჭოს თავმჯდომარე გახდა აკაკი ასათიანი. 1991 წლის მაისში დაინიშნა პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები, რომელშიც ხმათა 87%-ით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ.[10]

1991-1992 წლების მიჯნაზე თბილისში მოეწყო სამხედრო გადატრიალება, რომელმაც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თავისი პოსტიდან ჩამოაგდო და გააუქმა უზენაესი საბჭო. ძალაუფლება ხელში აიღო შეიარაღებული ოპოზიციის შექმნილმა სამხედრო საბჭომ, რომლის მოწვევითაც 1992 წლის 7 მარტს საქართველოში დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე და გახდა ქვეყნის ახალი ლიდერი.[11] 1992 წლის 13 მარტს დევნილი პრეზიდენტი და უზენაესი საბჭოს დეპუტაცია შეიკრიბა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, სადაც მათ მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი. უზენაესმა საბჭომ თბილისში მყოფი ხელისუფლება არალეგიტიმურად და უკანონოდ გამოაცხადა. დაპირისპირება საბოლოო ჯამში სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007. — გვ. 16-17, ISBN 978-99940-68-79-1.
  2. 2.0 2.1 ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, [2012] 2013. — გვ. 40, ISBN 978-9941-0-5972-8.
  3. უზენაესი საბჭოს უწყებები N11 გვ. 22. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო (1989 წლის აგვისტო).
  4. Ethnic Fighting Kills 3 in Soviet Georgia Region (13 December 1990).
  5. THE TRADE DECISION; A Curfew Is Declared In the Soviet Caucasus (14 December 1990).
  6. Newspaper "Republic of Georgia", N5, 9 January 1991 (in Georgian)
  7. Russians Cope With Arc of Crises (22 June 1992).
  8. Russian threatens Georgia (16 June 1992).
  9. Georgia: Avoiding War in South Ossetia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 13 August 2008
  10. საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები: ტომი II, პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, ირიდა, თბილისი, 2013, გვ. 283
  11. Shevardnadze to Head a Top Georgian Panel (11 March 1992).