1924 წლის აგვისტოს აჯანყება

1924 წლის აჯანყება საქართველოში საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ
(გადამისამართდა გვერდიდან აგვისტოს აჯანყება)
1924 წლის აგვისტოს აჯანყება

აჯანყებული „შეფიცულები“
თარიღი 1924 წლის 28 აგვისტო7 სექტემბერი
მდებარეობა საქართველოს სსრ
მიზეზი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ
შედეგი საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება
მხარეები
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი
მეთაურები
საბჭოთა კავშირის დროშა სტალინი
საბჭოთა კავშირის დროშა სერგო ორჯონიკიძე
საბჭოთა კავშირის დროშა ბესარიონ ლომინაძე
საბჭოთა კავშირის დროშა მიხა ცხაკაია
საბჭოთა კავშირის დროშა სოლომონ მოგილევსკი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კოტე ანდრონიკაშვილი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშაიასონ ჯავახიშვილი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშასპირიდონ ჭავჭავაძე
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა სოლომონ ზალდასტანიშვილი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა ქაქუცა ჩოლოყაშვილი
ძალები
10-11 ათასი დაახ. 10 ათასი [1]
დანაკარგები
60-ზე მეტი[1] 92 [1]
558 სიკვდილით დასჯილი[1]

1924 წლის აგვისტოს აჯანყება, ასევე აგვისტოს აჯანყებასაბჭოთა მმართველობისა და რუსული ოკუპაცის წინააღმდეგ მიმართული საერთო სახალხო აჯანყება საქართველოში. აჯანყების მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა ოკუპაციისგან და დეოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა. აჯანყება იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყების მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. დასავლეთ საქართველოში აჯანყებულებმა შეძლეს ქალაქების აღება და დროებით ხელისუფლების მოპოვება. აჯანყება დამარცხდა, რადგან არ იყო კარგად კოორდინირებული, აჯანყებულებს აკლდათ საბრძოლო იარაღები, გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდათ ევროპის ქვეყნებიდან დახმარების მიღებისა. აჯანყების დამარცხებას მოჰყვა მასშტაბური რეპრესიები. საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ აჯანყებას უწოდა „მენშევიკური ავანტიურა“, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მისი კვლევა და მასზე საუბარი აკრძალული იყო.[2]

აჯანყების მომზადება

რედაქტირება

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მალევე დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა. ერთ-ერთი პირველი შეიარაღებული გამოსვლა იყო 1921-1922 წლების სვანეთის აჯანყება. 1922 წელს აჯანყებამ იფეთქა ხევსურეთსა და კახეთში. გამოსვლები მოეწყო გურიაში.

1922 წლის ზაფხულიდან შეიქმნა ანტისაბჭოთა პარტიების საერთო ორგანო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, ე.წ. დამკომი და მასთან არსებული სამხედრო ცენტრი. 1922 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნდა ემიგრირებული მთავრობის წევრი ნოე ხომერიკი, რომელმაც მოაწესრიგა და გააქტიურა დამკომის მუშაობა. დამკომი ცდილობდა აჯანყების ორგანიზებას აზერბაიჯანელ და ჩრდილოკავკასიელ ანტისაბჭოთა პირებთან ერთად საერთო ფრონტით, თუმცა ჩეკას მიერ სხვადასხვა პირების დაპატიმრებების გამო ეს კავშირები გაწყდა. 1923 წლის მარტში ჩეკამ დააპატიმრა და მაისში დახვრიტა სამხედრო ცენტრის 14 წევრი. 1923 წლის ნოემბერში ჩეკამ დააპატიმრა ნოე ხომერიკი, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა დამკომის მუშაობას. დამკომი იძულებული გახდა გადაედო 1924 წლის თებერვლისთვის დაგეგმილი აჯანყება. 1924 წლის ადრე გაზაფხულზე ჩეკასთვის ცნობილი გახდა, რომ ანტისაბჭოთა პარტიები ემზადებოდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის.

1924 წლის ივლისში ჩატარდა დამკომის და სამხედრო ცენტრის გაერთიანებული სხდომა, სადაც გადაწყდა აჯანყების საორგანიზაციო საკითხები. აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყებას უხელმძღვანელებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელსაც ჰყავდა 600 შეიარაღებული მებრძოლი. ის ააჯანყებდა კახეთს, დუშეთის მაზრას და მანგლისის რაიონს. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია უხელმძღვანელებდა აჯანყებებს გურიასა და გარეკახეთში. 600 შეიარაღებული აჯანყებული უნდა გამოეყვანა სვანეთს, რამდენიმე ასეული გურიასა და სამეგრელოს. სამეგრელოს და სვანეთის რაზმებს უნდა დაეკავებინათ აფხაზეთი. იმერეთში აჯანყება ძირითადად შორაპნის მაზრაზე იყო დამოკიდებული. თბილისში სოციალ-დემოკრატებს უნდა გამოევანათ 500, ედპ-ს 150, ხოლო ესერებს 60 ადამიანი. აჯანყების გეგმაში შედიოდა იარაღის სამთავრობ საწყობების ხელში ჩაგდება, იარაღის ხალხისთვის დარიგება და ამით აჯანყებულთა რაოდენობის გაზრდა. პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანიშვილის ინფორმაციით სამთავრობო ჯარების რაოდენობა 10-11 ათასი იყო, ასევე მაღალი იყო ალბათობა სამთავრობო ჯარების ქართველი წევრების აჯანყებულთა მხარეს გადასვლისა.

დამკომის და სამხედრო ცენტრის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა 1924 წლის ივლისშიც, რომელზეც აჯანყების თარიღად დადგინდა 17 აგვისტო. აჯანყება უნდა დაწყებულიყო თბილისთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეიარაღებულ ძალებს უნდა დაეკავებინათ ვაზიანში მდებარე საბჭოთა არტილერია. მეორე დღეს მას უნდა შეერთებოდა კახეთის რაზმები. 6 აგვისტოს ჩეკამ დააპატიმრა ვალიკო ჯუღელი.

„ჩეკაში“ ჯუღელს უჩვენეს აჯანყების გეგმა, რის შემდეგაც ვალიკო ჯუღელმა, დარწმუნდა რა აჯანყების წარმატებით დასრულების შეუძლებლობაში, თვითმკვლელობა სცადა, თუმცა, უშედეგოდ. თვიმთმკვლელობის მცდელობის შემდეგ ჯუღელმა მოითხოვა თანამებრძოლებთან შეხვედრა, რათა აჯანყება გაეუქმებინათ. „ჩეკამ“ ჯუღელი არ გაათავისუფლა. ვალიკო ჯუღელმა თანამებრძოლებს წერილები მისწერა და გაზეთ „კომუნისტიდანაც“ მიმართა აჯანყების გაუქმების თხოვნით. ხელისუფლებამ კი თბილისის დაცვა გააძლიერა, შემოიღო კომენდანტის საათი, დააპატიმრა რამდენიმე სამხედრო პირი. დამკომი იძულებული გახდა აჯანყება გადაედო.

დამკომის შემდეგ სხდომებზე გადაწყდა აჯანყების დაწყება აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში. შეიცვალა გეგმა და თბილისზე შეტევა მხოლოდ რეგიონებში წარმატების მიღწევის შემდეგ დაიგეგმა. აჯანყება დაინიშნა 28-29 აგვისტოს ღამის 2 საათზე. დამკომმა დატოვა თბილისი და შიომღვიმის ტყეში გადავიდა.

აჯანყების მიმდინარეობა

რედაქტირება

შორაპნის მაზრაში

რედაქტირება

აჯანყება დაიწყო 27 აგვისტოს, ოთხშაბათს, ჭიათურასთან ახლოს, სოფელ შუქრუთში. აჯანყებულებმა სოფელში ხელისუფლების წარმომადგენლები დააპატიმრეს და იარაღი აჰყარეს. 28 აგვისტოს დილის 4 საათზე აჯანყებულები თავს დაეცნენ ჭიათურას და ქალაქი დაიკავეს. მათ ხელში აღმოჩნდა 200-მდე შაშხანა და ბომბი. ჭიათურის აღებაში მონაწილეობა მიიღო კონსტანტინე ჩაჩანიძემ, რომელიც ქალაქის აღების შემდეგ ჭიათურის კომენდანტად დაინიშნა. ჭიათურის აღების შემდეგ აჯანყებულების რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. 28 აგვისტოს დილით 10 საათზე მათ აიღეს ჭიათურის რკინიგზის სადგური, შემდეგ აყარეს შორაპნიდან ჭიათურისკენ მიმავალი რკინიგზის ლიანდაგი და ჩაუსაფრდნენ მატარებელს, რომელიც უმსხვერპლოდ გაბრუნდა უკან. აჯანყებულების კონტროლიქვეშ იყო სოფლები შუკინეთი, კაცხი, რგანი, ქვაციხე, ხრეითი, წირქვალი და დაბა საჩხერე.

 
აჯანყებულთა რაზმის მეთაური ლუკა კუპრაშვილი დედასთან, მარიამ ყიფიანთან ერთად. 1912

28 აგვისტოს გამოსვლა მოხდა სოფელ ორპირში, მაგრამ აჯანყებულებმა წარუმატებლობა განიცადეს. ღამეს ლუკა კუპრაშვილის რაზმმა სოფ. ორპირის კანცელარია დაიკავა.[3] მეორე დღეს, 29 აგვისტოს მის რაზმსა და საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოგზავნილ რიცხობრივად აღმატებულ სადამსჯელო რაზმს შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. ბრძოლაში ლუკა კუპრაშვილი მძიმედ დაიჭრა კურსებელი ბოლშევიკის, გვარად კეზევაძის ნასროლი ტყვიით და დაიღუპა. ბოლშევიკებმა შეძლეს მისი თანამებრძოლისა და ერთგული მეგობრის კაპიტონ დოღონაძის დატყვევებაც. აჯანყებულები დამარცხდნენ.[4][5] [6]

საჩხერე აჯანყებულებს მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ეკავათ. აჯანყებულებმა ერთი დღით დაიკავეს კორბოულის რაიონი.

28 აგვისტოს აჯანყებულები დამარცხდნენ შორაპნის მაზრის მილიციასთან ბრძოლაში სოფელ კაცხთან, მაგრამ ჭიათურის მაღლობებთან მისულ მილიციას ალყა შემოარტყეს და რამდენიმესაათიანი ბრძოლა გაუმართეს. მილიციის უფროსი უკან დაბრუნდა სადგურ სალიეთში და თბილისიდან დამხმარე რაზმი მოითხოვა. შორაპნის მაზრის მილიცია და თბილისიდან მისული ჩეკას რაზმი თავს დაესხა აჯანყებულებს ქვაციხეში და დაამარცხა. 29 აგვისტოს დილის 9 საათზე ხელისუფლების ჯარი ერთი ტყვიამფრქვევით ჭიათურაში შევიდა და მილიციის ენოა დაიკავა. აჯანყებულებმა ქალაქი დატოვეს. საღამოს 8 საათისთვის ჭიათურა აჯანყებულებისგან დაცლილი იყო. უკანდახეულ აჯანყებულთა ერთ ნაწილს და ხელისუფლების ძალებს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა დარკვეთის სადგურთან. ამის შემდეგ აჯანყებულების ეს რაზმი დანებდა. შორაპნის მაზრაში მთლიანად აჯანყებულების მხარეს 16 ადამიანი დაიღუპა, ხელისუფლების მხარეს კი 11.

ჭიათურაში აჯანყების დამარცხების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებულთა დაპატიმრების პროცესი დაიწყო. აჯანყებაში მონაწილეებს და მათ თანამგრძნობებს, ასევე ეჭვმიტანილებს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ შექმნილი ე.წ. „სამეულები“ ყოველგვარი ძიებისა და გასამართლების გარეშე ხვრეტდნენ. დააპატიმრეს ყვირილის ხეობაში მცხოვრები წერეთლები და საჩხერიდან ჩამოყვანილ დაპატიმრებულებთან ერთად სპეციალურ ეშელონში მოათავსეს. ეშელონი შემდეგ ჭიათურაში ჩამოაყენეს, სადაც მუშათა საგანგებო რაზმის (ჩონი) წევრებმა მათ ჭიათურასა და ახლო-მახლო მიდამოებში დაპატიმრებულები დაახვედრეს. მოგვიანებით ეშელონი შორაპანში გადაიყვანეს, სადაც ასევე დაახვედრეს დაპატიმრებულები. პატიმრები ექვს ვაგონში გადაანაწილეს. დაპატიმრებულებს ეუბნებოდნენ, რომ ქუთაისში ჩაიყვანდნენ, აჯანყებასთან დაკავშირებით დაკითხავდნენ, უდანაშაულოებს სახლებში დააბრუნებდნენ, დამნაშავეების საქმეს კი სასამართლოს გადასცემდნენ. ვაგონებში გამომწყვდეულ ადამიანებს რამე რომ არ ეეჭვათ, თითო „ბუხანკა“ პური დაურიგეს. შორაპნის სადგურიდან გასული მატარებელი სოფ. არგვეთის რკინიგზის ხიდის სიახლოვეს გაჩერდა. აქ ორმოები წინასწარ იყო ამოღებული. არემარეს რუსული წითელი არმიის ნაწილები იცავდნენ, რომლებშიც ქართველი ჯარისკაცებიც ერივნენ. ქართველმა ჯარისკაცებმა როგორც კი შეიტყვეს თუ რას უპირებდნენ ვაგონებში გამოკეტილ ადამიანებს, მწყობრიდან გამოვიდნენ და ბრძანების შესრულებაზ უარი თქვეს. ამის გამო ისინი დააპატიმრეს და მოგვიანებით თბილისში გადააგზავნეს. 1924 წლის 30 აგვისტოს დილის 3 საათზე პირველი ვაგონიდან პატიმრები გადმოიყვანეს, ორმოს გასწვრივ გაამწკვრივეს და იაპონური ტყვიამფრქვევებიდან უკლებლივ ყველანი ჩაცხილეს. დახვრეტის დროს, მათმა ღრიალმა: „რას გვერჩით, რა დაგვიშავებია!“ და ტყვიამფრქვევების კაკანმა დანარჩენ ვაგონებში მყოფი ადამიანები „საქმის კურსში“ ჩააყენა. მათ უარი თქვეს ვაგონებიდან გადმოსვლაზე. ვაგონებში ასვლა კი საშიში იყო, არადა თენდებოდა. „საქმე“ კი გათენებამდე უნდა მომთავრებულიყო. ასეთ „კრიტიკულ“ სიტუაციაში ქუთაისის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ, ილარიონ ტალახაძემ „მახვილგონიერება“ გამოიჩინა, მან წამოაყენა წინადადება, ყველა პატიმარი ვაგონეშივე ჩაეცხრილათ. ამ ინიციატივის აღსრულება შორაპნის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ დომენტი მშვენიერაძემ და შორაპნის კომკავშირის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარემ ძიძიგურმა იკისრეს. რკინიგზაზე მდგარ ხუთივე ვაგონში მყოფი პატიმრები ტყვიამფრქვევებით ვაგონებშივე ჩაცხრილეს. სოფ. არგვეთაში ჩეკისტების მახვილს ემსხვერპლა 96 ადამიანი.

ვაგონებში დასახვრეტთა შორის იყვნენ ნინა წერეთელი და იულია გაფრინდაშვილი, რომლებიც ჭიათურაში გმირულად იბრძოდნენ აჯანყებულთა მხარეზე. დახვრეტის წინ ონის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ სოფრომაძემ მათ გადასარჩენად ენერგიული ზომები მიიღო. ეს ორი ქალი ცოცხალ-მკვდარი ვაგონიდან გადმოასვენეს. ისინი 2 დღის განმავლობაში გონზე არ მოსულან, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები თავს დასტრიალებდნენ.

ვაგონებში დახვრეტილ 96 ადამიანს მოგვიანებით სხვებიც დაემატნენ და მთლიანობაში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა რაოდენობამ 171 მიაღწია[7].

ქუთაისის მაზრაში

რედაქტირება

შეიარაღებული აჯანყება დაიწყო ვანის მიმდებარე სოფლებში: ამაღლება, ბზვანი, ინაშაური, დვალიშვილები, ყუმური. აჯანყებულებმა აიღეს სოფლები ისრითი, დიხაშხო, მუქედი და ტობანიერი. გრიგოლ ხურციძის რაზმმა აიღო საპრასია, უხუთი და გადავიდა ჯერ ბაღდათში, შემდეგ კი სვირში, სადაც გადაკეტა რკინიგზა. საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყება ვანში 2 სექტემბერს დაამარცხა.

მძიმე ბრძოლების შედეგად ადგილობრივმა აჯანყებულებმა დაიკავეს სამტრედია და ჯიხაიში. ქუთაისის მიმართულებით შეტევა განაგრძო ამბერკი ადეიშვილის რაზმმა. მან დაიკავა სოფლები ბაში, საყულია, მუხიანი, ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ აიღო პატრიკეთი და უკანეთი. აჯანყებულების რაოდნეობა 200-მდე გაიზარდა. აჯანყებულები დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ გეგუთთან. ამის შემდეგ მათ ქუთაისზე შეტევის გეგმა შეცვალეს და დაიკავეს სოფელი მესხეთი.

ჩხარის რაიონში აჯანყებაში მონაწილეობდა 100-მდე გლეხი. 31 აგვისტოს ჭიათურიდან 85 კომუნარი, ზესტაფონიდან კი წითელი არმიის ნაწილები დაიძრა ჩხარისკენ და აჯანყებულები განდევნა. ქუთაისის მაზრაში აჯანყება საბოლოოდ 7 სექტემბერს იქნა ჩახშობილი. ხელისუფლების მხრიდან დაიღუპა 19 ადამიანი. აჯანყებაში მონაწილეობდა 1120 ადამიანი.

სენაკის მაზრაში

რედაქტირება

29 აგვისტოს აჯანყებულებმა დაიკავეს ქალაქი ახალსენაკი. მათ 300-მდე ბოლშევიკი დააპატიმრეს. აჯანყებულების ხელში იყო სოფლები თეკლათი, ხორში, ზემო ჭალადიდი, ზანა, ძველი სენაკი, ეკი, გეჯეთი, ნოქალაქევი, უშაფათი, ფოცხო, ლეძაძამე, სალხინო, გაჭედილი, ნახუნავო, ნაგვაზავო, ხუნწი, მარტვილი, კურზუ, თამაკონი, კიწია, ნოსირი, წყემი, ძველი აბაშა, ნაესაკოვო, სუჯუნა, მარანი, ონტოფო, აბაშა, გულუხეთი, გეზათი, სეფიეთი, ბანძა, ლეხაინდრავო, აბედათი.

აჯანყებულები სენაკს 1 სექტემბრის საღამომდე აკონტროლებდნენ. 1 სექტემბრის საღამოს მათ ხელისუფლების შეტევას ვერ გაუძლეს. სენაკის მაზრაში აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო 3500-ზე მეტმა ადამიანმა.

ზუგდიდის მაზრაში

რედაქტირება

28 აგვისტოს აჯანყებულები თავს დაესხნენ კახათის კოოპერატივის შენობას, რათა მილიციელები ქალაქგარეთ გაეტყუებინათ. ქალაქზე კონტროლი აჯანყებულებმა დაამყარეს. 28 აგვისტოს ღამით დაახლოებით 500-მა აჯანყებულმა დაიკავა დარჩელი და ანაკლია. ფოთიდან დამხმარე ძალების მოსვლის შემდეგ მილიციამ აჯანყებულები განდევნა ჯერ ანაკლიიდან, შემდეგ კი დარჩელიდან. 29 აგვისტოს აჯანყებულები ზუგდიდის მილიციამ დაამარცხა კახათსა და ცაიშში, იმავე დღეს ხელისუფლებამ აიღო ხობი. 31 აგვისტოს ზუგდიდისკენ ხელისუფლების ახალი ძალები დაიძრა. აჯანყებულების ერთ-ერთი რაზმი ვლადიმერ გეგეჭკორის მეთაურობით ახალსენაკისკენ დაიძრა, მაგრამ ხობში ხელისუფლების ძალებთან შეტაკება მოუხდათ და დაიქსაქსნენ. 1 სექტემბერს ზუგდიდის მილიცია აჯანყებულების მეორე ნაწილს დაესხა თავს. აჯანყებულებმა თავი შეაფარეს სოფელ ხეთას და შემდეგ დაიშალნენ. 3-4 დღის განმავლობაში შეინარჩუნეს ძალაუფლება წალენჯიხაში აჯანყებულებმა. ზუგდიდის მაზრაში 1500-მდე აჯანყებული გამოვიდა. ხელისუფლების მხრიდან დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი.

ოზურგეთის მაზრაში

რედაქტირება

28 აგვისტოს ნაგომარში აჯანყებულებმა სიმონ გოგიბერიძის მეთაურობით აიღეს მილიციის და ფოსტის შენობები. სერგო მათითაიშვილმა ნაგომრის აღება აცნობა ხიდისთავში, ჩოხატაურში, სურებში, საჭამიასერში და საჯავახოში. თავად მათითაიშვილი დაიძრა ჩოხატაურისკენ. მდინარე სუფსის ნაპირზე გადაეყარა კომუნისტების რაზმს. ატყდა ორმხრივი სროლა. კომუნისტებმა სიბნელით ისარგებლეს და გაიფანტნენ. მათითაიშვილი შევიდა ჩოხატაურში, დაიკავა მილიციის შენობა და სხვა დაწესებულებები.

ამასობაში სოფლებში პარალელურად ადგილზე აჯანყებულებმა დაიკავეს სოფლები ამაღლება, საჭამიასერი, სურები, ხიდისთავი. 29 აგვისტოს ღამით დაიწყო აჯანყება გომში. ამ დროს გომში იმყოფებოდა ფილიპე მახარაძე, რომელიც აჯანყებულებმა დააპატიმრეს. მახარაძე გაათაისუფლა მაზრის მილიციის უფროსმა, რომელმაც მახარაძე გომისმთის გავლით გადაიყვანა აჭარაში. 29 აგვისტოს გარდა გომისა აჯანყებულებმა აიღეს ბახვი და ლიხაური. იმავე დღეს დაიწყო აჯანყებები სუფსასა და ლანჩხუთში. სუფსაში აჯანყებულებმა აიღეს მილიციის შენობა. მილიცია გამაგრდა სუფსის ხიდთან. ნატანების და სუფსის რკინიგზის სადგურებთან აჯანყებულები დაამარცხა ქობულეთიდან დაძრულმა 120–მა წითელარმიელმა.

ლანჩხუთში აჯანყებას ხელმძღვანელობდა თეოფილე მუხაშავრია. აჯანყებულებმა აიღეს ფოსტა, მაგრამ ვერ აიღეს მილიციის შენობა. 29 აგვისტოს ხიდისთავის რაზმმა აიღო ერკეთი და ხევი. 30 აგვისტოს ხიდისთავის რაზმი ჩავიდა საჯავახოში და აიღო რკინიგზის სადგური. სამტრედიაში განლაგებულმა წითელი არმიის ნაწილებმა ხაშურიდან მიიღო გურიაზე შეტევის ბრძანება. საჯავახოში აჯანყებულები მოექცნენ ჯავშნოსანი მატარებლის და მდინარე რიონზე ბორანით გადმოსული კომუნისტების ცეცხლში. აჯანყებულებმა დაიხიეს უკან რკინიგზის სადგურიდან უკან დაიხიეს და გამაგრდნენ გორაკზე და 2 სექტემბრამდე იგერიებდნენ ხელისუფლების ძალების შეტევას.

30 აგვისტოს ნაშუადღევს ხელისუფლებამ დაიწყო შეტევა ოზურგეთიდან, აიღო ექადია და ლიხაური, აჯანყებულებმა პარმენ ჭანუყვაძის მეთაურობით უკან დაიხიეს შემოქმედისკენ. ჭანუყვაძეს დავალებული ჰქონდა გამაგრებულიყო შემოქმედში, მაგრამ უკან დაიხია ბაღდადის მაღლობისკენ, მოგვიანებით კი ხიდისთავისკენ. ჭაჭიეთის მაღლობზე მოხდა შეტაკება. დაიღუპა რამდენიმე აჯანყებული. 1 სექტემბერს შუადღეს აჯანყებულების ნაწილმა თავი შეაფარა სურებს, ნაწილმა ბახმაროს. 2 სექტემბერს მოხდა შეტაკება ჯვარცხმაში სერგო მათითაიშვილის რაზმს და კომუნისტებს შორის. 3 სექტემბერს წითელი არმიის ნაწილებმა აიღო ჩოხატაური, 4 სექტემბერს სურები, ბახმარო, ზოტიყელი და გომისმთა.

ოზურგეთის მაზრაში აჯანყებისას ბრძოლებში ხელისუფლების მხრიდან მოკვდა 20 ადამიანი.

ლეჩხუმის მაზრაში

რედაქტირება

28 აგვისტოს ღამით ბალის მთაზე შეიკრიბა 150 შეიარაღებული სვანი. ისინი დაიყვნენ სამ 50-კაციან ჯგუფად. მათ ხელმძღვანელობდნენ ეგნატე გაბლიანი, ბიძინა პირველი, კოწია და მოსესტრო დადეშქელიანები. აჯანყებულებმა აიღეს ზემო სვანეთის ცენტრი ბეჩო. 2 სექტემბერს სოფელ კალაში შეიკრიბა 120 შეიარაღებული სვანი. 4 სექტემბერს აჯანყებულები შევიდნენ სოფელ ჩოლურში, რის შემდეგაც აიღეს ცაგერი. ცაგერში აჯანყებულებმა შეიტყვეს დანარჩენ საქართველოში აჯანყების დამარცხების შესახებ და დაბრუნდნენ სვანეთში. 14 სექტემბერს ბიძნა პირველმა აჯანყებულები დაითხოვა, თავად კი იფარის ტყეში დაიმალა.

რეპრესიები

რედაქტირება

მიუხედავად სახალხო ხასიათისა, აჯანყება მოკლებული იყო კოორდინაციას და სიტუაციის რეალურ შეფასებაზე დამყარებულ გეგმას. ხელისუფლებამ ისარგებლა აჯანყების დამარცხებით და საქართველოსა თუ ემიგრაციაში მყოფი ანტისაბჭოთა პირების (51 ადამიანი) ქონების კონფისკაცია მოახდინა. სერგო ორჯონიკიძემ მიიღო ალექსი რიკოვის დეპეშა. რიკოვი ითხოვდა დახვრეტების შეწყვეტას, თუმცა ორჯონიკიძემ მას ყურადღება არ მიაქცია. აჯანყებულების გამოძიების და სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ ე.წ. სამეულები. ხვრეტდნენ ტყვიამფრქვევებით და მაუზერებით, პირდაპირ ვაგონებში ან წინასწარ გათხრილ ორმოებთან. შორაპნის მაზრაში დახრიტეს 171 ადამიანი, ქუთაისის მაზრაში – 85, სენაკის მაზრაში – 144, ზუგდიდის მაზრაში – 61, რაჭა-ლეჩხუმში – 41, აფხაზეთში – 11, აჭარაში – 38. შედარებით გადარჩა გურია, სადაც ფილიპე მახარაძე ჩაერია და მხოლოდ 7 ადამიანი დახვრიტეს. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყებას ნაკლებად მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რეპრესიები მთლიანად შეეხო ქართლ-კახეთის თავადაზნაურობას. 1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე გაიმართა სასამართლო პროცესი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვადაჭკორია შ., შეიარაღებული აჯანყების სამხედრო გეგმის გაცემის დაზუსტებისთვის, თბ.: ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი, 2016.
  • ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012.
  • წენგუაშვილი კ., 1924 წლის აგვისტოს აჯანყება და მისი შეფასება ქართულ ისტორიოგრაფიაში, კლიო - საისტორიო ალმანახი, 2005, N26, გვ.164-182
  • ათანელაშვილი ა., „საქართველოს 1924 წლის აჯანყება უცხოელ მკვლევართა შრომებში“, „საისტორიო ძიებანი“, N3, 2000
  • ფოსტა N14. საქართველო აჯანყების წინ, ახალი დროება, 1999, N4, გვ.40-49
  • ხუციშვილი ნ., მძიმე, ტრაგიკული დღეები, საისტორიო მოამბე, თბ., 1995-1996, N67-68, გვ.373-459
  • შალამბერიძე ვ., 1924 წლის აჯანყება, „არტანუჯი“, 1994, N2-3, გვ.9-14
  • გოგიბერიძე, ს. ბრძოლა სამშობლოსათვის თბილისი, 1991
  • ოთხმეზური ი., 24 წლის აგვისტოს დღეები (მოგონებები), გუშაგი, 1985, N6, გვ.67-71
  • წერეთელი გ., ვალიკო ჩუბინიძის საპასუხო წერილი და ჩემი გამოძახილი (1924 წლის აჯანყების მასალები), გუშაგი, 1985, N4, გვ.65-71
  • სისხლიანი აგვისტოს 60 წლისთავი, გუშაგი, 1984, N3, გვ.2-8
  • წერეთელი გ., აგვისტოს აჯანყების ზოგიერთ საკითხებზე (1924 წლის აჯანყების 60 წლისთავი), გუშაგი, 1984, N3, გვ.45-68
  • სულხანიშვილი ა., „რამდენიმე შენიშვნა“, თავისუფლების ტრიბუნა, N22, პარიზი, 1978, გვ.18-21
  • სალია კ., „აგვისტოს აჯანყების ოცდაათი წლისთავზე“, ჟურნალი ბედი ქართლისა, N18, პარიზი, 1954, გვ. 13-14
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 დასავლეთ საქართველოში
  2. საქართველოს ცაკისა და სახალხო კომისართა საბჭოს განცხადება
  3. წერეთელი ირაკლი. (2019).ქართველთა ბრძოლები და დიდი ეროვნული აჯანყება, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის წინააღმდეგ. თბილისი, გამომცემლობა "კალმოსანი", გვ. 99.
  4. ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", #308, 1999 წლის 13 ნოემბერი
  5. ჯიქია ლევან, წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, დისერტაცია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ვახტანგ გურული. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. თბილისი, 2012.
  6. გაზეთი. „მუშა და გლეხი“, თბილისი, 1924, #38
  7. ლევან ჯიქია: 1924 წლის 30 აგვისტო - ჩეკისტების მიერ ვაგონებში გამომწყვდეული აჯანყებულების დახვრეტის ისტორია