სოლომონ ზალდასტანიშვილი
სოლომონ ზალდასტანიშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1891, სამტრედია, რუსეთის იმპერია — გ. 5 დეკემბერი, 1941, ბუქარესტი, რუმინეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკი; აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. მისი მემუარები „საქართველოს 1924 წლის ამბოხება: მოგონებები“ 1990 წელს გამოიცა თბილისში. ძველი თბილისის ერთ-ერთი ქუჩა სოლომონ ზალდასტანიშვილის სახელს ატარებს.
სოლომონ ზალდასტანიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 დეკემბერი, 1891 |
დაბადების ადგილი | სამტრედია |
გარდაცვალების თარიღი | 5 დეკემბერი, 1941 |
გარდაცვალების ადგილი | ბუქარესტი |
წოდება | პოლკოვნიკი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასოლომონ ზალდასტანიშვილის მამა, კონსტანტინე, იყო კახელი აზნაური, პროფესიით რკინიგზელი და მუშაობდა სამტრედიის რკინიგზის სადგურის უფროსად. მისი მეუღლე იყო ანა ზაქარიას ასული ციციშვილი. ჰყავდათ 5 შვილი: ალექსანდრე, სოლომონ, ნიკოლოზ, მარიამი და თამარი.
სოლომონ ზალდასტანიშვილმა ჯერ დაამთავრა თბილისის რეალური გიმნაზია, ხოლო 1913 წელს სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელი. ოფიცრის ხარისხით გამწესებულ იქნა თურქესტანში და ემზადებოდა სამხედრო აკადემიაში შესასვლელად, მაგრამ 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რის გამოც მისი პოლკი გადაისროლეს კავკასიის ფრონტზე. გზაში ბატალიონის უფროსმა ფეხი მოიტეხა და ზალდასტანიშვილი დაინიშნა მის ადგილას. ბრძოლების დროს ორჯერ დაიჭრა ფეხში და გადავიდა საავტომობილო რაზმში. მიიღო სამხედრო ჯილდოები. 1917 წელს გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში სამხედრო აკადემიაში ჩასაბარებლად, მაგრამ რევოლუციური არეულობის გამო კავკასიაში დაბრუნდა. 1918 წელს აიყვანეს პოდპოლკოვნიკის ხარისხში.
პირველი რესპუბლიკის წლებში ზალდასტანიშვილი შედიოდა საავტომობილო რაზმში და გახდა ეროვნული არმიის პოლკოვნიკი. 1921 წლის მარტში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. საქართველოში დაბრუნდა 1922 წლის ზაფხულში და შეუერთდა კოტე აფხაზის ჯგუფს. აფხაზის დახვრეტის შემდეგ, 1923 წელს, ზალდასტანიშვილი შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, გახდა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის და მისი „სამხედრო ცენტრის“ წევრი. იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ხელმძღვანელი. აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1924 წლის ნოემბერში შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა საქართველო და საფრანგეთს შეაფარა თავი, სადაც შეუერთდა ოჯახიც: მეუღლე მარი ხირსელი და შვილები 5 წლის გივი და 2 წლის ოთარი. პარიზში ოჯახს ხშირად სტუმრობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ბოლოს დანათესვდნენ – ქაქუცა ოთარის ნათლია გახდა. მშობლებმა ოთარი და გივი ემიგრაციაში ქართული ტრადიციებით აღზარდეს.
სოლომონ ზალდასტანიშვილი ემიგრაციაშიც განაგრძობდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს „ყოფილ ქართველ მეომართა საზოგადოების“ გამგეობის წევრი, პარტიის გამომცემლობა „საქართველოს“ რწმუნებული პარიზში. თანამშრომლობდა ეროვნული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. 1929-33 წწ–ში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, ეხმარებოდა ქართულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს: „ტუბერკულოზით ავადმყოფ ქართველთა დამხმარე კომიტეტს“, „ახალგაზრდულ სექციას“. მონაწილეობდა „კავკასიის შემსწავლელი საზოგადოების“ „ქართული სამეცნიერო წრის“ და სხვა საგანმანათლებლო ქართული ორგანიზაციების მუშაობაში.
1941 წელს გერმანია–საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყებისთანავე სოლომონ ზალდასტანიშვილი, უამრავ სხვა ემიგრანტთან ერთად ჩაება საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. იმედი ჰქონდა, რომ გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა და საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. 1941 წლის ივლისში სოლომონ ზალდასტანიშვილი ჩაეწერა მოხალისეთა რაზმში „თამარ მეორე“, რომელიც ბრაშოვში იყო დისლოცირებული და მისი მეთაური გახდა. სამხედრო და პოლიტიკური საკითხების გარდა სოლომონ ზალდასტანიშვილი დაინტერესებული იყო ქართველ ტყვეთა ბედითაც, რომელთა დიდი ნაწილიც ომის პირველ დღეებში აღმოჩნდა ტყვეთა ბანაკებში. რუმინეთში ყოფნისას ქართველმა ემიგრანტებმა შეიტყვეს რომ საბჭოთა ტყვეთა ბანაკში 500-მდე ქართველი სიკვდილის ზღვარზე იმყოფებოდა. სოლომონმა გერმანელებისაგან ითხოვა ტყვე ქართველების ბანაკიდან თავისუფალ სამუშაოზე გადაყვანა. ბანაკის ხელმძღვანელობა მხოლოდ 90 კაცის გადაყვანას დასთანხმდა, რაზეც სოლომონმა სასტიკი პროტესტი გამოთქვა, ოთხასი ქართველის წამებისა და სიკვდილისათვის დატოვებას მე ვერ მოვითმენ და თუ სხვა გზა არ იქნება, მეც მათ გვერდით დავრჩებიო... სოლომონ ზალდასტანიშვილი ბოლომდე დარჩა ბანაკში, რომლის კარებიც მისთვის მუდამ ღია იყო... მისი ძალისხმევით ხუთასივე ტყვე იქნა გათავისუფლებული (ქართველებთან ერთად ქართველი ებრაელებიც), მაგრამ თვითონ ავად გახდა. გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით. გერმანელებმა სოლომონი პოლკოვნიკის პატივით დაკრძალეს, იქ სადაც მისმა თანმხლებლმა ქართველებმა ითხოვეს – ქალაქ ბრაშოვის (გერ. კრონშტადტი) პირველ და მეორე მსოფლიო ომის გმირთა სასაფლაოზე, რუმინეთში.
1947 წელს სოლომონ ზალდასტანიშვილის მეუღლე და ვაჟი – გივი აშშ-ში გადასახლდნენ, სადაც უკვე ცხოვრობდა ოთარი.
მოვლენები
რედაქტირება2021 წლის 26 მაისს, რუმინეთში საქართველოს საელჩოს, ქალაქ ბრაშოვის მერიისა და „ომში დაღუპულ გმირთა სასაფლაოზე ზრუნვის გერმანული გაერთიანების“ ერთობლივი ორგანიზებით, ქალაქ ბრაშოვში გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილის, სოლომონ ზალდასტანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საფლავის ქვის აღმართვის ცერემონია სიტყვით გახსნეს საქართველოს ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და ბრაშოვის ვიცე-მერმა ფლავია ბოგიუმ[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 146-162.