სპირიდონ ჭავჭავაძე

საქართველოს არმიის გენერალი

სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე (დ. 3 მარტი, 1878 — გ. 1952) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).

სპირიდონ ჭავჭავაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების ადგილი საქართველოს დროშა საქართველო
გარდაცვალების ადგილი ციხე
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები 1924 წლის აგვისტოს აჯანყება
რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომი
პირველი მსოფლიო ომის მონაწილე

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ელისავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი (1-ლი თანრიგით) და ოფიცერთა საკავალერიო სკოლა (1 თანრიგით, 1913). სამხედრო სამსახურში იყო 1898 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში გენერალ-ადიუტანტ მიშჩენკოს კორპუსის შემადგენლობაში. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე ვლადიმირის ულანთა მე-13 პოლკის შემადგენლობაში. 1916 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და მომდევნო წელს დაინიშნა იმავე პოლკის მეთაურად. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სოფ. ოლონეცთან ბრძოლაში 1915 წლის 19 სექტემბრის ბრძოლაში, როდესაც როტმისტრის ჩინით მეთაურობდა ესკადრონის კონტრიერიშს გერმანელთა ქვეით ნაწილებზე. ამისთვის წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი მიიღო (1916). დაჯილდოებული იყო ასევე წმ. ანას IV (1906), III (1912, ხმლებითა და ბაბთით 1914), II (1914), წმ. სტანისლავის III (1906), II (1914) ხარისხის ორდენებით, გიორგის იარაღით (1916).

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში (სარემონტო სექციის უფროსი). 1924 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა დანიშნა ანტისაბჭოთა აჯანყების მთავარსარდლად. აჯანყების მარცხის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. 1930-იან წლებში იყო პარიზში „ქართული ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარე (ამ პოზიციაზე შეცვალა ალექსანდრე ასათიანი). 1947 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1951 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და მიუსაჯა 25-წლიანი პატიმრობა. გარდაიცვალა ციხეში.

ლიტერატურარედაქტირება

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 526.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 101, ISBN 978-9941-0-7386-1.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება