გომისმთა
გომისმთა — დაბა[1] და მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ოზურგეთიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 33 კმ-ზე.
დაბა | |
---|---|
გომისმთა | |
გომისმთის ხედი მიმდებარე აჭარული დასახლებებიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°49′25″ ჩ. გ. 42°09′32″ ა. გ. / 41.82361° ჩ. გ. 42.15889° ა. გ. |
ადრეული სახელები | ნაფაცხვარი |
ამჟამინდელი სტატუსი | 2020 |
ცენტრის სიმაღლე | 2000 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 0 კაცი |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებაგომისმთა მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანია, კლიმატი კი – საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული — ზომიერად გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5 °C, აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 13–18 °C. ნალექების წლიური რაოდენობა არის 1600-1700 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 75 %. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000-2060 საათია. გომისმთას სამხრეთ-დასავლეთიდან აკრავს წიწვოვანი ტყე ნაძვნარი-სოჭნარი და წყაროები, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ალპური მდელოები. გომისმთასთან ახლოსაა ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს.
ისტორია
რედაქტირებაგომისმთას იყენებდნენ გურიისა და აჭარის მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად. საძოვრები ეკუთვნოდა შემოქმედის მონასტერს. აქ საქონელი აჰყავდათ ჭვანისწყლის ხეობიდან. ბაჟად იხდიდნენ ცხვარს, გადაზელილ ყველსა და პურს. ლეგენდის თანახმად მწყემსი თუმანოვი მიადგა გომისმთას განუკურნებელი სენით შეპყრობილ ქალიშვილთან ერთად, რომელიც იქ განიკურნა. ადგილს, სადაც მოგვიანებით გაჩნდა კურორტი გომისმთა, ეწოდებოდა ნაფაცხვარი. მის ირგვლივაა ადგილები ხარიათაღი, ცხემლის იაილა, შუა იაილა. 1902 წელს ნაფაცხვარში იდგა 20-მდე სახლი და სამი დუქანი. დამსვენებელთა რიცხვი 200-ს აღემატებოდა. ვინმე გიგინეიშვილს გაუმართავს უფასო წარმოდგენა და კონცერტი.
1931 წელს ფილიპე მახარაძე ავიდა კურორტზე და დაათვალიერა იგი, ხოლო შემდგომ მისი დელეგაცია ცხენებით გადავიდა ბახმაროზე. ბახმაროდან დელეგაციამ ექიმი სპეციალისტი წაიყვანა გომისმთაზე კურორტის თვისებების შესასწავლად. მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა გომისმთაზე ინფრასტრუქტურის განვითარება. კურორტის მშენებლობა ომის შემდგომ განახლდა. საავტომობილო გზა ოზურგეთიდან გომისმთამდე გაყვანილ იქნა 1955 წელს.[2] ამ დროს გომისმთაზე 500-მდე დასასვენებელი კოტეჯი იდგა და ყოველწლიურად საშუალოდ 4500-5000 დამსვენებელი სტუმრობდა. 1970 წლისთვის სახლების რაოდენობა 1000, დამსვენებლებისა კი 7-8 ათასი იყო. 1970-იან წლებში მოეწყო კლუბი, საექიმო პუნქტი და აფთიაქი. 1980-იან წლებში კი გომისმთაზე უკვე 1500 დასასვენებელი კოტეჯი იყო, მაგრამ არ იყო მოწყობილი წყალგაყვანილობა, ელექტროენერგია და სატრანსპორტო მომსახურება. 1991 წელს იყო ელექტროენერგიის გაყვანის მცდელობა. 2010 წლიდან დაწესდა დღესასწაული „გომისმთობა“.
კურორტი
რედაქტირებასამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი ბრონქიტი, მეზენტერიული ბრონქული და პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების ლიმფადენიტი, ქრონიკული ტუპრტკულოზური ანთებითი პროცესების დახურული ფორმები, რაქიტი, მეორადი ანემია, ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები. მკურნალობის ფორმაა პასიური კლიმატოთერაპია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 93-94.
- ჩხატარაიშვილი ქ. „ნაფაცხვარი - გომისმთა“ 1976
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2020 წლის 29 მაისი, ქ. ოზურგეთი
- ↑ ჭანიშვილი რ., ალავიძე ო., „გიორგი სალუქვაძე 100”, თბილისი: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, 2014. — გვ. 97.