სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მახარაძე.

ფილიპე იესეს ძე მახარაძე (დ. 9 მარტი, 1868 — გ. 10 დეკემბერი, 1941) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი, საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე.

ფილიპე მახარაძე
დაბადების თარიღი 9 მარტი, 1868
დაბადების ადგილი გონებისკარი
გარდაცვალების თარიღი 10 დეკემბერი, 1941
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
განათლება ვარშავის ვეტერინარული ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია ათეისტი
პარტია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
ძირითადი იდეები კომუნიზმი, სოციალიზმი
მამა იესე მახარაძე
ჯილდოები ლენინის ორდენი და Order of the Red Banner of Labor of the TSFSR

ბიოგრაფია რედაქტირება

ბავშვობა და განათლება რედაქტირება

ფილიპე მახარაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ კარისყურეში. სოფელში შემორჩენილია მისი მშობლიური სახლი. მის მამას, მღვდელ ესე მახარაძეს განათლება ჰქონდა მიღებული, ამიტომ 10 წლის ფილიპე 1877 წელს მშობლებმა სასწავლებლად მიაბარეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს იქ სწავლობდნენ ნოე ჟორდანია და თედორე კიკვაძე. 1884 წელს, მახარაძე შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის თვითგანვითარების წრეებში მახარაძემ შეისწავლა დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის, ბელინსკის, პისარევის და სხვათა თხზულებანი. სემინარიის ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა არ მიეცათ მოსწავლეებისთვის საშუალება აკრძალული წიგნების კითხვისა და წრეების მოწყობისა, მაგრამ სემინარიის ადმინისტრაციის რეჟიმს საწინააღმდეგო შედეგები მოჰქონდა - დაიწყო მოსწავლეთა მღელვარება. 1886 წლის 24 მაისს, მოსწავლე იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა რექტორი ჩუდეცკი. ამ აქტს მოჰყვა მოსწავლეთა მასიური გარიცხვა, რომელთა სიაში იყო ფილიპე მახარაძეც, მაგრამ ინსპექტორის თავდებობით იგი დატოვეს სემინარიაში. 1889 წელს მახარაძე გადავიდა სემინარიის უკანასკნელ მე-6 კლასში, ამ დროს იგი სათავეში ჩაუდგა სემინარიის მოსწავლეთა მოძრაობას, რომელიც მიმართული იყო ახლადდანიშნული რექტორის მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ. მას დაუწერეს ნიშანი 4 და დაუხშეს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. მახარაძემ ს. მიქაძემ, ვლ. დარჩიაშვილმა და სხვებმა გაგზავნეს საბუთები ვარშავის ვეტერიანრულ ინსტიტუტში, საიდანაც მიიღო დადებითი პასუხი ჩარიცხვის შესახებ და 1891 წლის აგვისტოში გემ „პუშკინით“ ოდესიდან ვარშავაში გაემგზავრა.

ვარშავაში ის გაეცნო „შრომის განთაისუფლების“ ჯგუფის მუშაობას, გაეცნო მარქსიზმისა და სოციალ-დემოკრატიის იდეებს. ინსტიტუტში სწავლა მახარაძეს არ დაუსრულებია. 1891 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და დაიწყო პროპაგანდსტული მუშაობა ვარშავის მუშებს შორის. ის ვარშავიდან საქართველოში აგზავნიდა სოციალ-დემოკრატიულ ლიტერატურას და საკუთარ წერილებს: „მწარე ფიქრები", „წერილები ჩვენი ცხოვრების შესახებ“, „უთავბოლობის ნაყოფი“. 1893 წლის აპრილში ვარშავის ჟანდარმერიამ გაანადგურა ქალაქის არალეგალური წერეები. მახარაძე დააპატიმრეს და მოათავსეს ალექსანდრეს ციტადელში. ორი წლის შემდეგ, 1895 წელს, ის საქართველოში გადაასახლეს.

რევოლუციური მოღვაწეობა რედაქტირება

1896-97 წლებში მახარაძე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა სიღნაღის მაზრაში და არალეგალურად ჩადიოდა თბილისში. ის ჩაერთო მესამე დასის საქმიანობაში და 1897-1900 წლებში დაუახლოვდა სტალინს, ალექსანდრე წულუკიძეს, ლადო კეცხოველს. წულუკიძესთან ერთად მახარაძე 1901 წლის დასაწყისში მუშაობდა ბათუმში, მუშებთან. 1901 წელს თბილისში მონაწილეობა მიიღო საპირველმაისო დემონსტრაციაში, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს. 1902 წელს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა ქუთაისში. იქ წულუკიძესთან ერთად მუშაობდა იმერეთისა და გურიის კომიტეტებთან. 1903 წელს მახარაძემ მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების კავკასიის პირველ ყრილობაში, სადაც შეიქმნა კავკასიის საკავშირო კომიტეტი, რომლის წევრადაც ისიც აირჩიეს. ამ პერიოდში ქართულად თარგმნა ლენინის ნაშრომი „სოფლის ღარიბებს“. 1905 წელს იყო ფაქტობრივი რედაქტორი ჟურნალ „მოგზაურისა“. 1905 წლის დამლევს ის დააპატიმრეს და მოათავსეს მეტეხის ციხეში, საიდანაც 1906 წლის მაისში გაათავისუფლეს. 1906 წელს გაემგზავრა ბერლინში. იქ დაუკავშირდა სერგო ორჯონიკიძეს. 1907 წელს დაბრუნდა თბილისში და მონაწილეობდა 1905-07 წლების რევოლუციურ გამოსვლებში. 1907 წელს მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთ „დროსა“ და „თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურულ ბიუროში“.

რევოლუციური მოღვაწეობისათვის ცარიზმი დევნიდა მახარაძეს და ის არაერთხელ დააპატიმრეს. 1908 წელს გადაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში სადაც დაჰყო 1911 წლამდე. 1911-13 წლებში იყო დონბასში, 1913-14 წლებში იყო ბაქოში და რედაქტორობდა ჟურნალ „ჩვენ წყაროს“. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მახარაძე დააპატიმრეს და გადაასახლეს ყუბის მაზრაში, 1915 წელს კი გადაასახლეს ბაქოს გუბერნიაში, საიდანაც გაიქცა ქუთაისში, 1916 წელს კი - თბილისში. 1917 წელს იყო გაზეთ „კავკასიელი მუშის“ და „ბრძოლის“ რედაქტორი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ მახარაძე ბოლშევიკურმა ბიურომ გაგზავნა პეტროგრადში აპრილის კონფერენციაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ოქტომბერში მახარაძემ მონაწილეობა მიიღო პარტიის სამხარეო ყრილობის მუშაობაში და შევიდა პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტის შემადგენლობაში. 1918 წლის მაისის დამლევს, მენშევიკური მთავრობის დამყარების დროს მახარაძე აღმოჩნდა არარეგალურ მდგომარეობაში. ის გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც გადატანილი იყო რსდმპ კავკასიის სამხარეო კომიტეტის მთელი მუშაობა. ამ დროს ფილიპე მახარაძე იყო თერგის ოლქის ფინანსთა კომისარი. 1919 წელს ის იყო შეიარაღებული აჯანყების მზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1919 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ 1920 წლის თებერვალში გაიქცა. ის ფარულად, ოსეთის გავლით გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდეგ კვლავ დაბრუნდა საქართველოში არალეგალური მუშაობისთვის. 1920 წლის ივნისში მან მოახერხა მოსკოვში კომინტერნის მეორე კონგრესზე გამგზავრება.

მოღვაწეობა საბჭოთა საქართველოში რედაქტირება

1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 16 თებერვალს დაინიშნა საქართველოს რევკომის თავმჯდომარედ, რომელიც საქართველოს სსრ–ის საწყის წლებში ქვეყნის მმართველი ორგანო იყო. მახარაძემ მხარი დაუჭირა საქართველოს სსრ–ის ავტონომიას შენარჩუნებას საბჭოთა კავშირის და არა ამიერკავკასიის სსრ-ს შემადგენლობაში და ამ პოზიციით დაუპირისპირდა სერგო ორჯონიკიძეს. მახარაძეს ქართულ ნაციონალურ-უკლონიზმში დასდეს ბრალი და იმავე წლის 7 ივლისს გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მის ნაცვლად დანიშნეს ბუდუ მდივანი. მახარაძე ჯერ წავიდა მოსკოვში, ხოლო დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა. ამავდროულად ის იყო მიწათმოქმედების სახალხო კომისარი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1921-23 წწ), ცაკ-ის თავმჯდომარე (1922 წ.).

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს იმყოფებოდა მშობლიურ სოფელში. 28 აგვისტოს, აჯანყების დაწყების დღეს როდესაც ის დააპატიმრეს აჯანყებულებმა. ოზურგეთის მაზრის მილიციამ შეძლო მისი გათავისუფლება და გომისმთის გზით გადაიყვანა აჭარაში.[1]

1929-1930 წლებში მახარაძე იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე. 1929 წლის 1 მარტიდან 1931 წლის 20 თებერვლამდე იყო საქართველოს საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1931 წლიდან მახარაძე გახდა საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. ამავე დროს 1936 წლამდე, ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლამდე, იყო ამ რესპუბლიკის ცაკის ერთ-ერთი თავმჯდომარე. 1938 წლის 10 ივლისიდან 1941 წლის 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე[2].

გარდაცვალების შემდეგ რედაქტირება

გარდაიცვალა 1941 წელს. დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში. 1987 წელს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს ფილიპე მახარაძის საფლავი ააფეთქეს. კომუნისტური პარტიის მაშინდელი გენ-მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის ბრძანებით საფლავი აღადგინეს, თუმცა მოგვიანებით, 1989 წელს ის, მიხა ცხაკაიასა და სილიბისტრო თოდრიასთან ერთად გადაასვენეს ხუდადოვის სასაფლაოზე.

მახარაძისა და ცხაკაიას ადგილას 2008-2009 წლებში ანა კალანდაძე და ნოდარ დუმბაძე დაკრძალეს.

1934-1989 წლებში მის სახელს ატარებდა ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის რაიონი. ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე, რკინიგზის სადგურის წინ 1958 წლის 21 მარტს დაიდგა მისი ძეგლი, ხოლო 1957 წელს მის მშობლიურ სოფელში გაიხსნა სახლ-მუზეუმი. მუზეუმი ამჟამად არ ფუნქციონირებს, თუმცა სახლის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. მახარაძის სახელი დღესაც ეწოდება ერთ-ერთ ქუჩას კურორტ ბახმაროში და სოფელ ფილიპოვკას ჯავახეთში.

პუბლიცისტიკა რედაქტირება

მახარაძე ავტორია რამდენიმე ნაშრომისა. მოღვაწეობდა ლიტერატურულ კრიტიკაში. დაწერილი აქვს წერილები „კრიტიკული განხილვა“ (1896), „ხალხური პოეზია და ბ-ნი მელიტონ კელენჯერიძე“ (1897), „დანიელ ჭონქაძე და მისი დრო“ (1904), „ეგნატე ნინოშვილის დრო, ცხოვრება და შემოქმედება“ (1930), „მაქსიმ გორკი“ (1932), „მხცოვანი მწერალი ვასილ ბარნოვი“ (1934).

მახარაძეს აგრეთვე დაწერილი აქვს ბოლშევიკური პარტიის ისტორიასთან დაკავშირებული ნაშრომები: „1905 წელი ამიერ-კავკასიაში“ (1925), „ამიერკავკასიაში რევოლუციური მოძრაობის ნარკვევები“ (1927) და „რჩევები და ბრძოლა საქართველოში საბჭოთა ძალაუფლებისათვის“ (1928).

პირადი და ოჯახური ცხოვრება რედაქტირება

მახარაძე მიეკუთვნებოდა იმ იშვიათ ადრეულ ბოლშევიკთა რიცხვს, რომლებიც სტალინურ წმენდას გადაურჩნენ.

მახარაძე დაქორწინებული იყო მასწავლებელ და რევოლუციონერ ნინო სმოლნიაკოვაზე. სმოლნიკოვას მოწაფეთა შორის იყო ვლადიმერ მაიაკოვსკიც. სმოლნიაკოვა თან ახლდა მახარაძეს 1908 წლის გადასახლებიდან და აგრეთვე რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა. მათი შვილი, არჩილ მახარაძე საბჭოთა ინჟინერ-პოლკოვნიკი იყო.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება