ბახმარო
ბახმარო — დაბა და კურორტი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ბახმარო კლიმატური მაღალმთიანი კურორტია, სადაც მთავარი სამკურნალო ფაქტორი მთისა და ზღვის შერეული ჰავაა. კურორტი სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში, ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროს სამკურნალო თვისებები 1890-იან წლებში აღმოაჩინეს და მისი კურორტად ჩამოყალიბება მაშინვე დაიწყო. 1923 წელს ოფიციალურად მიენიჭა კურორტის სტატუსი. ბახმაროს სეზონი ზაფხულში დაახლოებით ორ თვეს გრძელდება და კულმინაციას ყოველი წლის 19 აგვისტოს ტრადიციული დოღისა და დღესასწაულის დროს აღწევს.
კურორტი | |
---|---|
ბახმარო | |
ბახმაროს საერთო ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°51′06″ ჩ. გ. 42°19′32″ ა. გ. / 41.85167° ჩ. გ. 42.32556° ა. გ. |
დაარსდა | 1892 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1923 |
ფართობი | 29,44 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1950 მ |
მოსახლეობა | 0 კაცი (2017) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სახელწოდება
რედაქტირებაიური სიხარულიძის აზრით ბახმარო სვანური წარმოშობისაა და კაცის გადასასვლელს ნიშნავს. „ბახ“ არის გადასასვლელი, ხოლო „მარო“ არის სახეცვლილება სვანური „მარესი“, რომელიც კაცს ნიშნავს. ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო“ - ნახეთ თქვენი მარო.
გეოგრაფია
რედაქტირებაბახმარო მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2050 მ, შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ., ჩოხატაურიდან 52 კმ., ოზურგეთიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 72 კმ. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია აღმოსავლური ნაძვის, სოჭის და კავკასიური ფიჭვის მარადმწვანე ტყის კორომებისაგან. გეოლოგიურად ბახმაროს ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ვულკანოგენურ-დანალექი ქანებით, რომლებიც ხასიათდებიან ინტენსიური დანაოჭებითა და ტექტონიკური რღვევების სიხშირით, რაც განაპირობებს გრუნტის წყლების სიუხვეს. საქართველოს ჰიდროგეოლოგიური დარაიონების სქემის მიხედვით ტერიტორია შედის მცირე კავკასიონის ნაოჭა ბელტური სისტემის, ჰიდროგეოლოგიური ოლქის დასავლეთი დაძირვის ზონაში.
ჰავა
რედაქტირებადასავლეთის მხრიდან ბახმარო ღიაა, რის წყალობითაც ხეობაში იჭრება ზღვის თბილი ქარი – ბრიზი. გაზაფხულსა და ზაფხულში გაბატონებულია ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარები. მთა-ველის ქარების სიჭარბე (საშუალო სიჩქარე – 2-3 მ/წმ) კურორტის კარგ განიავებას უწყობს ხელს, ამიტომ ჰაერი აქ მუდამ სუფთა და გამჭირვალეა. ეს ქმნის გაფანტული ულტრაიისფერი რადიაციის მაღალ დონეს. წლიური საშუალო ტემპერატურაა 3,4 °C. ზამთარი აქ ზომიერად რბილია, (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2 °C), თოვლის საფარი ძალიან მაღალია (ზოგჯერ 4-5 მეტრსაც აღწევს) და 6 თვემდე რჩება. ზაფხული ზომიერად გრილი და მშრალია, (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4 °C), მზის ნათება წელიწადში 1975 საათის ფარგლებშია. საკურორტო სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუამდე გრძელდება. სექტემბრის ბოლოს შესაძლოა თოვლიც კი მოვიდეს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1900 მმ-ია, შეფარდებითი სინოტივე 73 %-ია.
ფლორა
რედაქტირებაბახმაროს მიმდებარედ მცენარეულობა კანონზომიერად იცვლება, როგორც ზღვიდან დაშორების, ისე სიმაღლებრივი სარტყლების მიხედვით. ზღვის დონიდან 1000-1200 მ-მდე გაბატონებულია პოლიდომინანტური შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები, სადაც ტყის შემქმნელი სახეობებია: წაბლი, წიფელი, მუხა, კავკასიური რცხილა, ლეკა, კავკასიური ცაცხვი, მდგნალი, მურყანი. მუხის სახეობებიდან, აღსანიშნავია ბუჩქოვანი ტიპის პონტოური მუხა, რომელიც ფართო დაჯგუფებას ქმნის ათობით ჰექტარ ფართობზე სოფელ ჩხაკოურას ზემოთ, ბახმაროს საავტომობილო გზის მიმდებარედ, სამხრეთ-დასავლეთისკენ მიმართულ ფერდობებზე.
ზღვის დონიდან 1500 მ-დან 2000-2200 მ-მდე გავრცელებულია მუქწიწვიანი ტყის ქვესარტყელი. სარტყელი ხასიათდება ცივი ჰავით და ნალექების დიდი რაოდენობით. მთავარ ტყისშემქმნელ ჯიშებს ამ სარტყელში წარმოადგენს აღმოსავლეთის ნაძვი და კავკასიური სოჭი, რომლებსაც ერევა აღმოსავლეთის წიფელი. წიწვიანი ტყის ტიპებიდან დიდ ფართობზეა წარმოდგენილი აგრეთვე წმინდა ნაძვნარები, ნაძვნარ-სოჭნარები და წმინდა სოჭნარები. გვხვდება წმინდა წიფლნარი და წიფლის სიჭარბით შერეული წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის დაჯგუფებებიც. ნაძვნარ-სოჭნარი ტყის ფარგლებში წიწვოვან მცენარეებს, წიფელთან ერთად აქა-იქ ერევა ფართოფოთლოვანი ტყის შემქმნელი ელემენტებიც. მაღალმთის ნეკერჩხალი (ბოკვი), მთრთოლავი ვერხვი, კავკასიური ცაცხვი, ჩვეულებრივი იფანი. ნაძვი და სოჭი ქმნის მაღალმწარმოებლურ შერეულ ტყეებს, ნაძვნარ-სოჭნარი ტყეები ძვირფასი ჯიშების მერქნის მიღების წყაროს წარმოადგენს. ასეთი თვისებების გამო, XX საუკუნის ბოლო ათწლეულში, მასიურად ხდებოდა მაღალმწარმოებლური ხეების გაჩეხვა. სოჭნარს ძირითადად უჭირავს კურორტის სამხრეთით მდებარე ფერდობები, ხოლო ნაძვნარს - ჩრდილოეთის და ჩრდილო - აღმოსავლეთის ფერდები. მშრალ და ღია ადგილებში, უმეტესად სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, გავრცელებულია კავკასიური ფიჭვის ტყეები. ფიჭვნარის კვალი შემორჩენილია მდინარე ბაისურას ხეობაში.
ზემოაღწერილი ტყეების მაღლა მდებარეობს სუბალპური სარტყელი. ბახმაროს ქვაბულის ირგვლივ გვხვდება მეჩხერი სუბალპური ტყე, რომელსაც ძირითადად ქმნის მაღალმთის ბოკვი და არყი. ამნაირ ტყეში ხეები ერთმანეთისგან მოშორებით იზრდება, მათ შორის სივრცე დაფარულია ბალახოვანი მცენარეებით და ნიადაგის ზედაპირი მეტწილად გაკორდებულია. ბახმაროს ქვაბულის ირგვლივ - სუბალპებში, უფრო მეტად გავრცელებულია ტანბრეცილი ტყეები. იგი ჩვეულებრივ განვითარებულია ჩრდილოეთის და დასავლეთის ფერდობებზე ჩაღრმავებულ ღარტაფებში, ძირითადად ისეთ ადგილებზე, სადაც თოვლის საფარი ღრმაა და ხანგრძლივად დევს. ამ ტიპის კორომებს ქმნის ლიტვინოვის არყი და ცირცელი. ამავე სარტყელში ხშირია სოჭის, ნაძვის და წიფლის დაბალტანიანი, მეჩხერი კორომები.
სუბალპური მაღალბალახეულობა გამოირჩევა კოლხური სახეობების სიუხვით, რომელშიც დომინირებს პოლიდომინანტური შედგენილობის მაღალბალახეულობა. ფართოფოთოლა დუცი, მთის ღოლო, ხარისშუბლა, კულმუხო, მზიურა, სამტატა, ტელეკია მშვენიერი, ნამიკრეფია, ბრძამი და მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოები, რომლებიც მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი: ცხვრის წივანა, სამყურები, კავკასიური კურდღლისბრჩხილა, ბაია, ვარსკვლავა, ბაბუაწვერა, ნემსიწვერა, მარმუჭი, დიდყვავილა ბარისპირა, ცის ფოლიო, ჩვეულებრივი ფრინტა და ბევრი სხვა.
ალპური სარტყელი გამოსახულია ცალკეულ მწვერვალებზე, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 2500 მ.-ზე მეტია. ალპურ მდელოთა შორის გაბატონებულია პოლიდომინანტური მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოები, რომლებსაც ქმნის ალპური თივაქასრა, ძიგვა, წივანა, ისლი, სამყურები, უძოვარა, ნემსიწვერას, მაჩიტას და ბაიას სხვადასხვა სახეობები და სხვ. ჩრდილო ფერდობებზე გავრცელებულია ალპური დეკიანის რაყეები.
ფაუნა
რედაქტირებაბახმაროსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბინადრობენ ფრინველები: ყორანი, მთის არწივი, ქედანი, მთის ბოლოქანქარა, თეთრგულა შაშვი, თოხიტარა, მთის გრატა, ჩხიკვი, ჩვეულებრივი ცოცია. გარდა მობინადრე ფრინველებისა, ბახმაროზე გადის გადამფრენ ფრინველთა ევრაზია-აფრიკის სამიგრაციო მარშრუტი, სადაც გაზაფხულსა და შემოდგომაზე გადაადგილდებიან შორეულ მოგზაურობაში დაძრული სხვადასხვა ფრინველთა გუნდები: კაკაჩები, კირკიტები, ძერები, არწივი, ქედნები, ბატები, წეროები და სხვ.
ძუძუმწოვრებიდან ბახმაროს ტერიტორიაზე ბინადრობს ან წელიწადის სხვადასხვა დროის განმავლობაში სტუმრობს: მურა დათვი, კავკასიური მგელი; არჩვი, მელა, ტყის კატა, თეთრყელა კვერნა, დედოფალა, ევროპული კურდღელი, წავი, ფოცხვერი. ასევე გავრცელებულია სხვადასხვა მცირე ძუძუმწოვართა პოპულაციები: განსაკუთრებული სიმრავლით აღირიცხება მცირე ტყის თაგვი, მინდვრის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, კავკასიური თხუნელა, ფუღუ, ღამურისებრი.
ქვეწარმავლებიდან ყველაზე ხშირია - კლდეზე მცოცავი ქართული ხვლიკი, წითელმუცელა და ართვინული ხვლიკები; კავკასიური გველგესლა. ამფიბიებიდან საკვლევ ტერიტორიაზე ბინადრობს: ტყის ბაყაყი, მცირეაზიური ბაყაყი, კავკასიური ჯვარულა და სავარცხლიანი ტრიტონი. მდინარე ბახვისწყალში ბინადრობს მდინარის კალმახი.
ბახმაროს მიმდებარედ ფაუნის წარმომადგენლების სახეობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული ადამიანის ზემოქმედებიდან გამომდინარე.
ისტორია
რედაქტირებაბახმარო და მის მიმდებარედ მდებარე 30 000 დესეტინა მიწის ფართობი (დაახ. 33 000 ჰა) ეკუთვნოდა გურიის ფეოდალებს, ერისთავებს, რომელთა საცხოვრებელი რეზიდენცია სოფელ გორაბერეჟოულში იყო. რამდენადაც გურულებს მესაქონლეობა სათაკილო საქმედ მიაჩნდათ, აქ საქონელი ღორჯომის ხეობის მოსახლეობას ამოჰყავდა, ხოლო ერისთავები მათგან იღებდნენ „ბალახის ბაჟს“. ეს იყო ერთი თავი ყველი ერთ მეწველ ძროხასა და კამეჩზე და ერთი მეათედი მეწველ თხასა და ცხვარზე. არამეწველ საქონელზე ბაჟი არ ვრცელდებოდა.
ბახმაროს, როგორც სამკურნალო ადგილს პირველმა ყურადღება მიაქცია არტემ დავიდიანცმა, ოზურგეთის მაზრის ექიმმა. დავიდიანცი 1875 წლიდან მსახურობდა ოზურგეთში და ჰყავდა მრავალი ციებითა და ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი. ის თავადაც იყო დაავადებული ტუბერკულოზით. დავიდიანცი პაციენტებს სამკურნალოდ აგზავნიდა აბასთუმანში, სურამში და სხვა კურორტებზე მანამ, სანამ ნაცნობი მწყემსებისგან არ გაიგო, რომ მათ ციებისგან იცავდა აჭარა-გურიის მთებზე ზაფხულის საძოვრებზე არსებული ჰავა. დავითიანცმა 1892 წელს ქრონიკული ციებით დაავადებული რამდენიმე პაციენტი გაგზავნა აჭარა-გურიის მთებში. შემდეგ წელს მან გაგზავნა უფრო მძიმე ავადმყოფები, რომლებსაც ციებასთან ერთად ტუბერკულოზიც ჰქონდათ (დიმიტრი ქიქოძე, ძმები ნესტორ და მ. კონტრიძეები, ი. საბაშვილი). დავიდიანცმა აღმოაჩინა, რომ პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. ამის შემდეგ თავად დავითიანცმა სთხოვა მაზრის უფროსს ჩაფრები და მათთან ერთად გაემართა გურიის მთებში, მოიარა ისინი და ყველაზე მეტად მოეწონა ბახმარო. მანამდე მწყემსები ჩერდებოდნენ პატარა ბახმაროდ და ბაისურად წოდებულ ადგილებზე. დავიდიანცმა ბახმაროში თავისთვის პატარა სახლი ააშენებინა და გურულებს ურჩია, დაეყოთ ბახმარო უბნებად და აეშენებინათ იქ სააგარაკო სახლები. 1894 წელს ბახმაროში უკვე იდგა საზაფხულო სააგარაკო სახლები და ისვენებდნენ ადგილობრივები.[1] 1895 წელს დავიდიანცი ექიმ ვადაჭკორიასთან, ბერეჟიანთან და ი. ძიძიშვილთან ერთად კვლავ იმყოფებოდა ბახმაროში. ექსპედიცია ბახმაროში დარჩა (ძვ. სტ.) 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე. ამავე წელს 100-მდე მოაგარაკე ეწვია ბახმაროს. მეტწილად ეს იყო გურიის ინტელიგენცია. 1896 წელს ბახმაროში იმყოფებოდა ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია. მისი აღწერით იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი იდგა. მისასვლელად გამოიყენებოდა ბილიკები ვანისქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან. 1896 წლიდან ბახმარო და მისი მიწები სახაზინო საკუთრებაში გადავიდა. კურორტს მართავდა ბახმაროს კოოპერატიული საზოგადოების გამგეობა.
1900 წელს ჩამოყალიბდა „ბახმაროს მომხმარებელთა საზოგადოება ჯანმრთელობა“, რომლის ფუნქცია კურორტის მართვა-გამგეობა და კეთილმოწყობა იყო. შეიქმნა გზის, სასურსათო-საკონტროლო, ტყეებისა და საკურორტო ზონის დაცვის კომისიები, დაიწყო მისასვლელი გზების გაჭრა და სახლების აგების ხელშეწყობის სამუშაოები. გაჩნდა პირველი მაღაზია, რომელიც კასიანე ქინქლაძემ გახსნა. 1908-1914 წლებში ყველა დასახლებული უბანში წყაროს წყლები გაიყვანეს. 1899 წელს მოაწყვეს სახალხო თეატრი, სადაც მსახიობებად ალექსანდრე, ევგენი, სამსონ წუწუნავები, კოლია ბებურიშვილი და სხვები იყვნენ. დგამდნენ ნაწყვეტებს შილერის „ყაჩაღებიდან“ და გოგოლის „რევიზორიდან“. 1905 წელს თეატრის შენობა დაიწვა. ახალი შენობა 1913 წელს ააგეს. 1913-1917 წლებში ბახმაროში ადიოდა სიმებიანი ორკესტრი კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით.
1923 წელს ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. დაიწყო ბახმაროს სამეცნიერო შესწავლა და პოპულარიზაცია. ბახმაროს კურორტად გამოცხადებაში დიდი როლი შეიტანა ექიმმა ა. ინგოყროყვამ, რომელიც მის მიერ შეგროვებული სამედიცინო ცნობების საფუძველზე ცდილობდა დაემტკიცებინა ბახმაროს სამკურნალო თვისებები და გაეგზავნა სამეცნიერო ექსპედიციები. 1926 წლისთვის კურორტზე ასავლელად გამოიყენებოდა ორი ძირითადი მიმართულება, საჯავახოდან ჩოხატაურის, ერკეთის, ხევის და ნაბეღლავის გავლით და ოზურგეთიდან ბახვისა და ვაკიჯვრის გავლით. 1932-1933 წლებში პროფესორ გავრილენკოს ხელმძღვანელობით ბახმაროზე მოეწყო ექსპედიცია, რომლის მიზანიც იყო ბახმაროს, როგორც ზამთრის კურორტის პოტენციალის შესწავლა. ექსპედიციამ ბახმაროში გაატარა ერთი სრული წელი 1 ნოემბრიდან 1 ნოებრამდე. ექსპედიციაში მონაწილეობდა ქირურგიული ტუბერკულოზით დაავადებული ათი ბავშვი, რომელზეც ექიმები ახდენდნენ დაკვირვებას. გავრილენკოს ექსპედიციამ დაასკვნა, რომ ბახმაროში ზამთრის მეტეოროლოგიური პირობები უფრო ეფექტურია მკურნალობისთვის.
1930-იან წლებში ბახმაროზე ასასვლელად ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა ვაკიჯვრისა და ჩოხატაურის გზები. ვაკიჯვარსა და ჩოხატაურამდე მიდიოდა საავტომობილო გზა. ვაკიჯვრიდან ბახმაროში ადიოდა საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკი (23 კმ.), ხოლო ჩოხატაურიდან ბახმარომდე გზა (40 კმ), რომელიც გადიოდა ერკეთს, ხევსა და ნაბეღლავს, უფრო განიერი იყო შესაძლებელი იყო ურმით ასვლაც. 1934 წლისთვის კურორტზე მოქმედებდა პოლიკლინიკა, აფთიაქი, სანატორიუმი. 1938 წლის 16 აგვისტოს ბახმაროში პირველად ავიდა ავტომობილი. მას ჩოხატაურიდან ბახმარომდე 4 საათი და ოცი წუთი დასჭირდა.[2] 1940 წელს გამოსულ წიგნში „მასალები ბახმაროს ისტორიისათვის“ ბახმარო საბჭოთა კავშირისა და ევროპის მასშტაბით მაღალ კურორტად მოიხსენიება. წმინდა მორიცის სიმაღლეა ზღვის დონიდან 1855 მ; აროზასი - 1720 მ; დავოსის - 1560 მ; ბახმაროსი კი - 2050 მ.“ 1940-იანი წლების ბოლოს ბახმაროში მკურნალობდა ტუბერკულოზით დაავადებული ედუარდ შევარდნაძე.
ასფალტირებული საავტომობილო გზა ბახმაროს მიმართულებით 1980-იან წლებში მოეწყო. 1980-იან წლებში აშენდა ბახმაროსთან დამაკავშირებელი კაპიტალური საავტომობილო გზა. 1997 წელს აშენდა ეკლესია. 2012 წელს აშენდა სასტუმრო და კინოთეატრის შენობა. 2017 წელს დამტკიცდა ახალი გენერალური გეგმა. 2019 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. 2019-2021 წლებში აშენდა ახალი ელექტრომომარაგების სისტემა.
არქიტექტურა
რედაქტირებაბახმაროშიგავრცელებული იყო დაბალი, მეტწილად ერთსართულიანი ხის სვეტებზე შემდგარი და ხისგან აშენებული, ყავრით გადახურული აივნიანი სააგარაკო სახლები. მოქმედი წესებით, ბახმაროში შესაძლებელია მხოლოდ ხით და ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული სახლების მშენებლობა.
ბახმაროს ტერიტორიაზე ორი არქიტექტურული ძეგლია:
ტურიზმი
რედაქტირებაბახმარო მთის კლიმატური კურორტია, პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი - ივნისი-სექტემბერი. ოქტომბრიდან მაისამდე ბახმაროს გზა თოვლის გამო იკეტება.
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები, რითიც სეზონის დასრულება აღინიშნება. პოპულარული ადგილებია მზის „ამოსავალი“ (მთა გადრეკილი) და „ჩასავალი გორები“ (მთა საქასარია), საიდანაც დამსვენებლები მზის ამოსვლასა და ჩასვლას აკვირდებიან.
სეზონი | დამსვენებელთა რაოდენობა |
---|---|
1895 | 100 |
1921 | 3000 |
1922 | 6500 |
1923 | 8000 |
1924 | 6000 |
1925 | 4500 |
გალერეა
რედაქტირება- ბახმაროს ქუჩები
-
დავითიანცის მოედანი
-
მახარაძის ქუჩა
-
ვაკიჯვრის ქუჩა
-
ინგოროყვას ქუჩა
-
ბაზრის დაღმართი
-
პიონერის ქუჩა
-
უჩხუბის ქუჩა
- ბახმაროს მთები
-
გადრეკილი, ზღვის დონიდან 2505 მ.
-
დიდი ფაფარა
- ბახმაროს ხედები
-
ხედი კურორტის შესასვლელიდან
-
ხედი აღმოსავლეთიდან
-
ხედი მზის ჩასავალი გორიდან
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 255.
- ბახმარო, საქართველოს პროფკავშირთა კურორტების მართვის რესპ. საბჭო — თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1982 წ.
- ჯიქია ლ. „ბახმარო“ — თბილისი, 1967
- წითელმთიელი ან., , მახარაძე, 1934.
- ინგოროყვა ავთ. „აგარაკი ბახმარო“ — ბათომი, 1928
- მჟავანაძე გ., „აგარაკი ბახმარო“, ტფილისი, 1926.
- სახოკია, თ., „მოგზაურობანი: გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი, ბათუმი: საბჭოთა აჭარა, 1985 [1896].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბახმარო, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ბახმაროს გენერალური გეგმის პორტალი დაარქივებული 2020-02-03 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია ბახმაროს შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საიტზე
- ბახმაროს სამოგზაურო მარშრუტები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზეთი „ივერია“ N219 1894 წ.
- ↑ ავტომანქანა ბახმაროში // ლენინის დროშა : გაზეთი, 10 სექტემბერი 1938, № 65.