ოზურგეთის მაზრა
ოზურგეთის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, ქუთაისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. მოიცავდა ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე გურიას. შეიქმნა 1840 წელს. თავდაპირველად გურიის მაზრა ეწოდებოდა. მაზრა არსებობდა იმპერიის დაშლის შემდეგაც 1918-1921 წლებში საქართელოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და 1921-1930 წლებში საქართველოს სსრ-ში. 1930 წელს ოზურგეთის მაზრა დაიყო ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაიონებად.
ოზურგეთის მაზრა | |
---|---|
მობილური ტელეგრაფი ოზურგეთში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს | |
ქუთაისის გუბერნია | |
ქვეყანა | რუსეთი |
რეგიონი | ქუთაისის გუბერნია |
ოზურგეთის მაზრა ქუთაისის გუბერნიის ადმინისტრაციულ დაყოფაში | |
ისტორია
რედაქტირებაბატონყმობის პერიოდში
რედაქტირებარუსეთის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება დიდი იყო, განსაკუთრებით გლეხობაში, რაც 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ამას თან ერთვოდა ბატონყმობის პრობლემა. ერთი გლეხი ერთსადაიმავე დროს ეკუთვნოდა და ბეგარას უხდიდა 2-3 და ზოგეჯერ ოთხ ბატონს. გარდა ამისა, არსებობდა ყმის ყმობა, როცა ბატონის კუთვნილ ყმას თავის მხირვ საკუთარი ყმები ჰყავდა. გავრცელებული იყო ყმებით ვაჭრობაც. 1818 წელს, გენერალ მაიორ კურნატოვკის ცნობით, გურიის თავადები მფარველობდნენ ტყვეებით ვაჭრობას. 1840 წლებში ტყვეებით ვაჭრობდნენ არიფ-ფაშა-ოღლი, ოქროპირ-ოღლი, იუსიფ-ბექში ოღლი. ქობულეთში ტყვეთა სყიდვას ხელმძღვანელობდა გურიიდან გაქცეული ხავთასი. ტყვეებით ვაჭრობის განსაკუთრებული ცენტრი იყო ფოთი.
ყმებს ფლობდნენ ეკლესია-მონასტრებიც. 1860 წელს მხოლოდ შემოქმედის და ჯუმათის მონასტრების ყმების რაოდენობა შეადგენდა 3789 სულს, რაც იყო მაზრის მთელი მოსახლეობის 8%. 1850-1851 წლებში გამოსვლები მოაწყვეს სოფელ შემოქმედის გლეხებმა დიანოს სურგულაძისა და გოგია მამაკაიშვილის ხელმძღვანელობით. 1850 წელს საკუთარმა ყმამ მოკლა აზნაური ივანე ჟორდანია, ასევე საკუთარმა ყმებმა მოკლეს აზნაური ჟღენტი. 1862 წელს აჯანყდნენ ბახვის, აჭის, ლიხაურის, გურიანთის, მაკვანეთისა და ბაილეთის გლეხები. 1865 წლის 13 ნოემბერს ოზურგეთის მაზრაში გაუქმდა ბატონყმობა. XIX საუკუნის შუა წლებში გურიის მოსახლეობა 50 000 ადამიანს აღწევდა.
გურია ყირიმის ომში
რედაქტირებაყირიმის ომის დროს გურია ბრძოლების ერთ-ერთი ასპარეზი იყო. 1854 წლის მაისში გურიაში ქაქუთიდან შევიდა ოსმალთა 34 ათასიანი მხედრობა. მათ მუშირ-სელიმ ფაშა სარდლობდა. კორპუსში შედიოდნენ ჰასან-ბეგი თავდგირიძე და ეგვიპტის ლივა ფაშა. გენერალ-ლეიტენანტმა ივანე ანდრონიკაშვილმა უკან დაიხია. სელიმ-ფაშა კორპუსის ერთი ნაწილით, 12 ათასი კაცით უკან დაედევნა ანდრონიკაშვილს, გადალახა მდინარე სუფსა, ბრძოლით გადაკვეთა აკეთი, მამათი, ლანჩხუთი და შეუტია თავად მაჭუტაძეების სასახლეს ნიგოითში. 27 მაისს პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ ერისთავი მოულოდნელად დაესხა მათ თავს და გაიმართა ნიგოითის ბრძოლის სახელით ცნობილი შეტაკება. ერისთავმა მძიმე დარტყმა მიაყენა ოსმალებს, ბრძოლაში დაიღუპა ჰასან-ბეგი. ბრძოლა და ჰასან-ბეგ თავდგირიძის სიკვდილი ასახულია ხალხურ სიმღერაში „ხასანბეგურა“. თურქებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგეს, ერისთავის რაზმმა - 600. სელიმ-ფაშას ძირითადმა კორპუსმა უკან იბრუნა პირი და ჩოლოქისკენ დაიხია, მაგრამ მას ივანე ანდრონიკაშვილი წამოეწია და გაიმართა გადამწყვეტი ჩოლოქის ბრძოლა.
რუს-ქართველთა ჯარის განკარგულებაში იყო 11 ბატალიონი (ქვეითი), 4 ასეული (დონელი კაზაკები), მილიციის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული (იმერეთისა) და 6 ქვეითი რაზმი (გურიისა), სულ 10 ათასი ჯარისკაცი. თურქთა ჯარი, რომელსაც სინანფაში (სელიმ-ფაშა) სარდლობდა, 35 ათასი ჯარისკაცს ითვლიდა. გენერალი ანდრონიკაშვილმა მტერზე სწრაფი იერიშის მიტანა გადაწყვიტა. 4 ივნისს დილით „გურიის რაზმმა“ მტრის მოწინავე რაზმი დაამარცხა, მდ. ჩოლოქისაკენ დაეშვა და თურქებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ ჩოლოქი გადალახა და მტრის პირისპირ დადგა. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ რუს-ქართველთა მხედრობა ბრძოლაში ჩაება და, მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, დიდი მსხვერპლით წინ მიიწევდა. კავალერიის ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ჯარის სხვა ნაწილებიც ფართო შეტევაზე გადავიდნენ. ხელჩართულ ბრძოლაში თურქები შედრკნენ და უკან დაიხიეს. რუს-ქართველთა ცხენოსნებმა მტერს ქობულეთამდე სდიეს. მტერმა დაკარგა 4 ათასი მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშა და 3 ბანაკი, ქართველთა ჯარმა - 1500 კაცი. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის ქართული მილიცია წმ. გიორგის დროშით დააჯილდოეს. ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვებამ ჩაფუშა მტრის ცდა, სურამის გზით შეეერთებინა ახალციხე-ახალქალაქისა და ბათუმის კორპუსები.
ფირალობა
რედაქტირებაქუთაისის გუბერნიაში ბატონყმობის გაუქმება გამოცხადდა 1865 წლის 13 ოქტომბერს. განსხვავებით თბილისის გუბერნიისგან, აქ მემამულეებმა გლეხებს წაართვეს არა მხოლოდ მათ სარგებლობაში არსებული, არამედ მემკვიდრეობით მიღებული და ახალშეძენილი მიწებიც. ოზურგეთის მაზრაში მიწის მთელი ფონდი მებატონეთა და ხაზინის საკუთრებას წარმოადგენდა. გლეხის მამულის ოდენობა 900 კვადრატულ საჟენს არ აღემატებოდა. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გურიის ყველა სასოფლო საზოგადოებაში გაიხსნა სკოლა. სკოლებში სწავლების ხარისხი მაღალი არ იყო, მასწავლებლებად ძირითადად სოფლის კანცელარიის მწერლები იყვნენ.
1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. ომის დროს მთელ საქართველოში რუსის ჯარის დასახმარებლად დიდი მოძრაობა და ფართო აგიტაცია-პროპაგანდა გაჩაღდა. 1876 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრის მცხოვრებთაგან შემდგარი მოხალისეთა მილიცია. ნაცვლად გაწვეული ათასი ადამიანისა, შეიკრიბა სამი ათასი მოხალისე. ცნობილია 16 ლიხაურელი გლეხი, რომლებიც მოხალისეებად ჩაეწერნენ მილიციაში და 1877 წლის 23 ოქტომბერს, ბათუმის მიმართულებით შეტევის დროს დაიღუპნენ. გურულები მონაწილეობდნენ ბრძოლებში ციხისძირის, ქობულეთის, ჩაქვის, არდაგანისა და ყარსის მიდამოებში. ბევრი გურული მილიციაში არა მხოლოდ პატრიოტული მოსაზრების გამო ეწერებოდა, არამედ იმიტომაც, რომ მილიციის წევრობა იძლეოდა უპირატესობებს. მილიციის წევრი დაცული იყო პრისტავის თვითნებობისგან, არ იხდიდა გზის საერთო ბეგარას.
ომის დასრულების შემდეგ მთავრობამ მიუხედავად დაპირებისა, არ დაშალა მილიციის რაზმი, რის გამოც მრავალი ოჯახი მუშახელის გარეშე დარჩა. შეიარაღებული გლეხობა კი პოტენციურ დამნაშავეებაად იქცა. XIX საუკუნის 80-90-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ფირალობა. ცნობილი ფირალები იყვნენ ნიკოლოზ მეხუზლა, სისონა დარჩია, დათულია სურგულაძე, გიორგი ჭყონია, გოგია ლომჯარია, დათა მიქელაიშვილი. 1880 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ რაც პოლიციამ ვერაფერი გააწყო, ფირალებთან საბრძოლველად გაიგზავნა „მესამე ქვეითი გურიის დრუჟინის სოტნა“, რომელიც ცოტა ხანს ოზურგეთში გაჩერდა, შემდეგ კი ჯარისკაცები იმ სოფლებში ჩააყენა, სადაც ფირალები იყვნენ. ამ საშუალებით რამდენიმე ტყეში გავარდნილიც შემოირიგეს და ოთხი თვის განმავლობაში მაზრაში სიმშვიდემაც დაისადგურა, მაგრამ სიმშვიდე მალევე დაირღვა. 1882 წელს დაძაბული ვითარების გამო ოზურგეთში ჩავიდა კავკასიის ახლადდანიშნული მთავარსარდალი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი.[1] მან საზოგადოება გააფრთხილა, რომ ფირალების მფარველი სასტიკად დაისჯებოდა. ამან შედეგი გამოიღო, გუბერნატორს რამდენიმე ფირალი გადასცეს, ხოლო ორი ფირალი მოკლეს. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, ფირალების რიცხვი შემცირების ნაცვლად, იზრდებოდა. 1882 წელსვე დონდუკოვ-კორსაკოვმა ოზურგეთის მაზრა ჩამოაშორა ქუთაისის გუბერნიას და ბათუმის სამხედრო გუბერნატორს განკარგულებაში გადასცა. წესრიგის აღსადგენად მაზრაში გაიგზავნა სამეხდრო გუბერნატორის განკარგულებაში მყოფი ხოპერის კაზაკთა პოლკის ორი ასეული, ხოლო ქობულეთში — ერთი ბატალიონი. ამგვარად, ფირალობის განვითარებამ გურიაში გამოიწვია სოფლებში ჯარის ჩაყენება, ეგზეკუციის გამოყენება, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, უფრო შეავიწროვა და ეკონომიკურად დასცა. მთავრობის მიერ გატარებულმა სასტიკმა ზომებმა დროებით შეანელა ფირალობის აღმავლობა, მაგრამ 1888 წლიდან ფირალობა ისევ ძლიერი ტემპით განვითარდა. გურია გადაიქცა ფირალების სათარეშო ასპარეზად და მთავრობის საექსპერიმენტო ადგილად. 1887 წლიდან დააწესეს ხევისთავების ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებდა და მალევე გადააგდეს. იმავე წლიდან შემოიღეს სალდათად გაყვანა, და სათემო დარაჯობა. ამ ზომებმა ფირალობა ვერ შეაჩერა, სამაგიეროდ ხალხი უფრო შეაწუხა. 1884 წელს ეპიკოპოსმა ალექსანდრემ გურული გალობის აღსადგენად თავისი ხარჯით გურიაში გალობის კაბინეტი დააარსა. ორი მგალობელი, მელქისედეკ ნაკაშიძე და სვიმონ მოლარიშვილი დადიოდნენ გურიის სოფლებში და ხალხს უფასოდ ასწავლიდნენ გალობას.[2]
1888 წელს იმპერატორმა ალექსანდრე III-მ ბათუმში ყოფნისას დაათვალიერა ჯარი და განსაკუთრებით მოეწონა გურიის დრუჟინა.
სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა
რედაქტირებაოზურგეთის მაზრა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტად განვითარებული და ღარიბი ნაწილი ქუთაისის გუბერნიისა. გლეხებს ვერც ბატონყმობის გაუქმებამ და ვერც საგლეხო რეფორმამ უშველა. უმიწოდ დარჩენილ გლეხს კისერზე აწვა მძიმე გადასახადები. ის იძულებული იყო, მიეტოვებინა სახლკ-კარი და სხვაგან ეძებნა სამუშაო.[3]უმრავესობა ბათუმში მიდიოდა მუშად ნავთობგადამამუშავებელ, გემთმშენებელ ქარხნებში, ციტრუსების ბაღებში და ა.შ. ბათუმის ქარხნებში მუშათა უმრავლესობას სწორედ გურულები წარმოადგენდნენ.[4]
სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. ბათუმში მომუშავე გურული მუშები ეცნობოდნენ მარქსისტულ იდეებს, ერთიანდებოდნენ სოციალისტურ წრეებში. XX საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის მაზრაში დაიწყო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა. 1892 წელს აღინიშნა 1 მაისი. 1902 წლიდან ჩნდება სოციალ-დემოკრატიული წრეები, ეწყობოდა გლეხთა ფარული კრებები (მიქელგაბრიელში, ჯუმათში, ძიმითში). ფართოდ ვრცელდებოდა მარქსისტული ლიტერატურა, რის გამოც მეფის მთავრობამ 1902 წელს ყველა სამკითხველო დახურა. 1902 წლის ბათუმის დემონსტრაციის შემდეგ ოზურგეთის მაზრაში არსებული მოძრაობა კიდევ უფრო გააქტიურდა. 1903 წლის მაისში ბათუმში გაიმართა გურიაში მომუშავე სოციალ-დემოკრატთა კონფერენცია,რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსანდრე წულუკიძე. 1903 წელს დაარსდა გურიის გლეხთა კომიტეტი, რომელიც გლეხთა მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 1904 წლის 23 მაისს გაიმართა გურულ სოციალ-დემოკრატთა მეორე კონფერენცია. სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურისგავრცელების მიზნით ასკანა-მთისპირში მოეწყო არალეგალური სტამბა, რომელმაც 1907 წლის 17 ივნისამდე იმუშავა. სტამბას სევასტი თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.
გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. 1905 წლის დასაწყისში ყველა სოფელში შეიქმნა გლეხთა ასეულები. გავრცელდა 70 ათასი პროკლამაცია „გურიის გლეხობას“. მაზრაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა გაზეთი „ვპერიოდი", რომლის რედაქტორიც იყო ლენინი. 1905 წლის 23 მარტის ნომერში ეწერა, რომ ოზურგეთის მაზრა მზადაა რევოლუციისთვის და მას შეუძლია 15 000 შეიარაღებული პირის გამოყვანა. თავდაპირველად გლეხებმა წამოაყენეს საკუთარი მოთხოვნები, რაც ბახვის მანიფესტის სახელითაა ცნობილი, ხოლო შემდეგ დაიწყეს შეიარაღებული ამბოხება და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკა. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო.
1916 წლისთვის რუსეთის იმპერიას ოზურგეთის მაზრაში აღრიცხული ჰქონდა შემდეგი სამკურნალო ადგილები: ამაღლება (შუა ამაღლება), ასკანა (ციხისუბანი), ბახმარო, ლაშე, საჯევახო (ბურნათი), სუფსა.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ
რედაქტირება1921 წლის 18 მარტიდან მაზრაში შეიქმნა სამაზრო რევოლუციური კომიტეტი. მაზრა დაიყო რვა რაიონად: ოზურგეთის, ნატანების, სუფსის, ლანჩხუთის, ჯუმათის, ხიდისთავის, ნაგორმის, ჩოხატაურის რაიონები. შეიქმნა სარაიონო კომიტეტები და მილიციის განსაკუთრებული რაზმი „ჩონი“ (Части Особого Назначения). რაიონული რაზმები ემორჩილებოდნენ სამაზრო კომიტეტს. მათი ძირითადი დანიშნულება იყო ბრძოლა მენშევიკებთან. 1921 წლის ივლისისთვის აღირიცხა მუშათა და გლეხთა შვილები და მოხდა მათი ჩაბმა სამხედრო სწავლებაში. „ჩონს“ თავდაპირველად ალექსანდრე ობოლაძე, შემდეგ კი ტალახაძე ხელმძღვანელობდა. „ჩონმა“ დაიწყო ნადირობა ფირალებზე და მათ იმდროინდელ ლიდერ გოგია ღლონტზე. გურიის რევკომის უფროსად ანდრო დოლიძე დაინიშნა.
თავდაპირველად ხელისუფლებამ თითქოს შემოირიგა ფირალები და მათ კურორტ ბახმაროს ყაჩაღებისგან დაცვა დაავალა. ამის გამო ღლონტის რაზმი „ბახმაროს დამცველი რაზმის“ სახელით გახდა ცნობილი, თუმცა მალე გამოჩნდა, რომ შეთანხმება მოჩვენებითი იყო. „ჩონმა“ ღლონტი და მისი თანამებრძოლები ოზურგეთში ვერ ჩაიტყუა. ღლონტი რაზმში 11 ადამიანი იყო: სიმონ თალაკვაძე, ფილიპე მეგრელაძე, მიშა დათუნაშვილი, ექვთიმე კვაშალი, კონსტანტინე ჭელიძე, ვასო ჩხაიძე, გიორგი ღლონტი, ილიკო კოტრიკაძე, ილიკო მეგრელაძე, დათიკო ერქომაიშვილი, გიორგი ლომინაძე.
1923 წლის 10 თებერვალს საშა ობოლაძეს ცრუ ცნობა მიაწოდეს, რომ გოგია ღლონტი ლიხაურის თემში, სოფელ ქაქუთში ლომჯარიებისა და ხავთასების ოჯახში ქეიფობდა. ობოლაძე ასი ცხენოსნით დაესხა თავს სოფელს და რამდენიმე სახლი გადაწვა. 12 თებერვალს, უკან, ოზურგეთისკენ დაბრუნებულ ობოლაძის ეტლს და ცხენოსნებს გოგია ღლონტი თავისი რაზმით თედორე ლომჯარიასთან ერთად დახვდა კვაჭალათში. ჩასაფრებულებმა ყუმბარები დაუშინეს ჯარს, ჯუმბარა მოხვდა ობოლაძის ეტლს, სადაც მასთან ერთად ისხდნენ ოფიცრები პლატონ ჩუბინაშვილი და პოლიკარპე სანიკიძე. ობოლაძე მისი ორივე მხლებლით ადგილზე გარდაიცვალა, გოგია ღლონტი მხარში დაიჭრა.
ობოლაძის მკვლელობამ გააძლიერა ტერორი მაზრაში. „ჩონის“ ხელმძღვანელად ვალიკო ტალახაძე დაინიშნა. საგანგებო კომისიამ 30 კაცი დახვრიტა, უმთავრესად სოფლის მასწავლებლები, რომლებსაც არც ობოლაძის და არც ღლონტის შესახებ არ გაეგონათ.[5]60-მდე ადამიანი დახვრიტეს ზვანში, შემდგომში ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე.[6]
ოზურგეთის მაზრამ არსებობა შეწყვიტა 1929-30 წლებში, როცა ის ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებად დაიშალა.
ადმინისტრაციული მოწყობა
რედაქტირებაგურიის სამთავრო რუსეთის მმართველობაში შესვლის შემდეგ გაიყო ოზურგეთისა და ნაგომრის სამოურავოებად. მაზრის შექმნიდან მაზრა იყოფოდა აკეთისა (აღმოსავლეთ გურია) და ოზურგეთის (დასავლეთ გურია) უბნებად. 1846 წელს სამაზრო ცენტრის - ოზურგეთის სახელწოდების მიხედვით გურიის მაზრას ეწოდა ოზურგეთის მაზრა. 1848 წელს დაიყო: ბახვის, გურიანთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის უბნებად.[7]
1883 წელს მაზრაში 88 დასახლებული პუნქტი იყო. 1888 წლიდან ოზურგეთის მაზრაში 3 საპოლიციო უბანი იყო: გურიანთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის. სამივე უბანში აღწერილი იყო სულ 76 დასახლებული პუნქტი. 1897 წლის აღწერის დროს მაზრის ტერიტორია შეადგენდა 1985 კვადრატულ ვერსს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის მაზრა უკვე 12 თემად იყოფოდა.
მმართველობა
რედაქტირებამაზრის უმაღლესი თანამდებობის პირი იყო მაზრის უფროსი. საპოლიციო საქმეებს განაგებდა პრისტავი. პრისტავი ინიშნებოდა ქალაქ ოზურგეთსა და მაზრის სამ უბანში. 1860-იანი წლებიდან ჩნდება სამშვიდობო შუამავლების თანამდებობდა. 1871 წელს უკვე არსებობდა მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობა ოზურგეთში, ხოლო 1888 წელს ჩოხატაურშიც. ოზურგეთში ასევე იყო ნოტარიუსი. 1901 წლიდან მაზრაში გაჩნდა ვეტერინარის თანამდებობა.
ოზურგეთის მაზრის უფროსები იყვნენ:
- 1845-1846 — ლევან ნიკოლაევიჩ ქორქიევი
- 1847 — პოლკოვნიკი, თავადი ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრანსკი (მ.შ.)
- 1848 — მაიორი პ. ნიკოლარვიჩ ივანოვი (მ.შ.)
- 1850-1857 — სპირიდონ სემიონოვიჩ მაჭავარიანი
- 1859 — ალექსანდრ ნიკოლოზის ძე პოდკოლზინი (მ.შ.)
- 1861-1862 — კარლ ოსიპოვიჩ დუშინსკი
- 1863-1864 — ნიკოლოზ ივანეს ძე პრინცი
- 1865 — იგნ. კონსტანტინეს ძე კრასნიცკი
- 1866-1869 — პეტრ ფრანც გერარდი
- 1870-1874 — ივან გრიგოლის ძე ვახრამოვი
- 1877 — მაიორი კლემ ავგუსტ რიხტერი
- 1879-1883 — ოტია დადიანი
- 1883-1887 — დიმიტრი ალექსის ძე ვირუბოვი
- 1888 — მიხეილ ეგოროვი
- 1891 — თათარხან თენგიზ დადეშქელიანი
- 1892 — მიხეილ ეგოროვი
- 1893 — სოკოლსკი
- 1894-1897 — კონსტანტინე ზოსიმეს ძე ალშიბაია
- 1898-1905 — ივან ლაზარენკო
- 1907-1909 — ევგენი ერმოლოვი
- 1909-1913 — გავრილ ზაკუსოვი
- 1914-1916 — ნიკოლოზ ჩერნოვი
სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა
რედაქტირებამაზრის მოსახლეობის 98% იყო გლეხობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების 40%-ს ფლობდა. ეკონომიკა ძალზე სუსტად იყო განვითარებული. 76 ჰექატარზე გაშენებული იყო ჩაი. მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. პურეული მარცვლოვანებიდან მოდიოდა სიმინდი და ღომი. გურიაში, ისევე როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში ღომი თანდათან განდევნა სიმინდმა. შედარებით მცირედ იყო გავრცელებული ბრინჯი და თამბაქო. მაღალმთიან ზონაში (ერკეთი, სურები, ჭანიეთი, აჭი, გომი) განვითარებული იყო მეფუტკრეობა. თაფლისგან აკეთებდნენ და ყიდდნენ სანთლის არაყს.
გურია ცნობილი იყო საუკეთესო ღვინოებით. აქ მრავალი ჯიშის ვაზი ხარობდა: მსხილათობანი (სხილათუბანი), მტევანდიდი, თეთრი და შავი კამური, კაბისტონი, ჩხავერი, კლარჯული, ჯაინი (ჯანი), საკმეულა (საკმიელა), მტრედის-ფეხა, ორონა. ვაზის დაავადებით, რომლებიც, 1853 წლიდან მძვინვარებდა, ბევრი ვენახი განადგურდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ვაზის ტრადიციული ჯიშები თანდათან ოდესადან შეტანილმა „იზაბელამ“ (ე.წ. ადესა) განდევნა. ფართოდ იყო გავრცელებული არყის ხდა. 1895 წლის ცნობებით, ქუთაისის გუბერნიაში რეგისტრირებული 399 არყის სახდელი ქარხნიდან 299 ოზურგეთის მაზრაში მუშაობდა, სადაც 385 ადამიანი იყო დასაქმებული. სააქციზო გადასახადის გაზრდამ წარმოების ზრდა შეაფერხა და პირიქით, შეამცირა.
მაზრის მოსახლეობა დაარსების დროისთვის იყო 46 ათასი ადამიანი. XIX საუკუნის ბოლო პერიოდის მონაცემების შეადგენდა 84479 კაცს, ხოლო 1911 წლისთვის მიაღწია 126 ათას ადამიანს.
1914 წელს მაზრაში მოქმედებდა ერთი ჩაის ფაბრიკა, ერთი სახერხი ქარხანა, ორი აგურის ქარხანა და მცირე მანუფაქტურული საწარმოები. სულ დასაქმებული იყო 850 ადამიანი. ქალაქ ოზურგეთში მოქმედებდა სასულიერო და სამოქალაქო სასწავლებელი, ხოლო სოფლებში 2-3 სამონასტრო და რამდენიმე სამრევლო სკოლა, 67 დაწყებითი სკოლა. 1920 წელს მაზრაში მოქმედებდა 134 დაწყებითი და 21 უმაღლესი სკოლა. ასწავლიდა სულ 468 მასწავლებელი და სწავლობდა 19662 მოსწავლე. მაზრას ემსახურებოდა ერთი ექიმი, რომელიც მუშაობდა ოზურგეთში და სამი საექიმო პუნქტი.
1879-1912 წლებში გურიაში ბურღვით სამუშაოებს ნავთობის აღმოსაჩენად ეწეოდნენ ბრუნგე პლაშკოვსკის, პრინც კონსტანტინე ოლდენბურგელის, ბელგიელი მრეწველის, მანთაშევის, გენრიხ მატ-ტარტის, ვიქტორიო სკოლოს, გუმმელის სკოტისა და გუსტავ ზიბერტის ამხანაგობანი.
საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში, 1925-1927 წლებში ოზურგეთის მაზრიდან გარე საშოვარზე წასული იყო 6272 გლეხი.[8] 1926 წელს ოზურგეთის მაზრაში ირიცხებოდა ერთი ტრაქტორი.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1843 | 36 700[9] | ||
1860 | 48 000 | ||
1865[10] | 59 502 | ||
1867[11] | 55 087 | 31736 | 23351 |
1870[12] | 59 080 | 32011 | 27069 |
1874[13] | 54 191 | 29091 | 25100 |
1883[14] | 62 492 | ||
1884[15] | 64 078 | ||
1886[16] | 75 794 | 39817 | 35977 |
1888[17] | 75 846 | 39903 | 35943 |
1893[18] | 80 555 | 42956 | 37599 |
1897 [19] | 90 326 | 45426 | 44900 |
1902[20] | 87 455 | 45854 | 41601 |
1908[21] | 93 157 | ||
1910[22] | 105 370 | 54528 | 50842 |
1912[23] | 106 080 | 55009 | 51081 |
1913[24] | 107 171 | 55553 | 51618 |
1914[25] | 111 436 | 57919 | 53517 |
1915[26] | 124 809 | 65588 | 59221 |
1921 | 107 105 | ||
1926 | 113 400 |
ოზურგეთის მაზრის მოსახლეობა ეთნიკურად ერთგვაროვანი იყო. 1870-იან წლებში მაზრის მოსახლეობა იყო 103 476 ადამიანი (მათ შორის 49142 ქალი და 54334 კაცი). ცხოვრობდა მხოლოდ 7 სომეხი, 14 კათოლიკე სომეხი და 81 მუსლიმი. აღრიცხული იყო თავადის 40 და აზნაურის 229 ოჯახი. სულ 594 სოფელი. 1886 წელს მაზრის მოსახლეობა 76 055 ადამიანი იყო. 1897 წელს გურიის მოსახლეობა იყო 90 326, აქედან 4710 ქალაქ ოზურგეთის. ამ დროს გურიის ტერიტორია იყო 2 259 კმ². მოსახლეობის 95,3% იყო ქართველი, 3,3% - ბერძენი. 50 კომლი რუსი ცხოვრობდა, სულ 211 ადამიანი (117 მამრობითი, 94 მდედრობითი სქესის), აქედან უშუალოდ ქალაქში 20-მდე რუსი ყოფილი ჯარისკაცი ცხოვრობდა. მაზრის მოსახლეობის 98% იყო გლეხობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების 40%-ს ფლობდა. 1908 წლისთვის მოსახლეობამ მიაღწია 93157-ს, ხოლო 1911 წლისთვის — 126 ათას ადამიანს. 1921 წლისთვის გურიის მოსახლეობა იყო 107 105, ტერიტორია 2 099,86 კვადრატული კილომეტრი, ოზურგეთი იყო ერთადერთი ქალაქი 5626 მცხოვრებით და ლანჩხუთი ერთადერთი დაბა 2500 მცხოვრებით. 1926 წლის აღწერის მიხედვით გურიის მთელი მოსახლეობის 99,6% ქართველები იყვნენ, ცხოვრობდა 266 რუს, 108 სომეხი, ხოლო დანარჩენ ეთნოსებზე მოდიოდა 200-მდე ადამიანი.[27]
ლიტერატურა
რედაქტირება- ცინცაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 505.
- შრომის ზეიმი — თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1968
- თედო სახოკია, „მოგზაურობანი“ — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1985
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზეთი „დროება“ N149 გვ. 2-3 1882 წ.
- ↑ გაზეთი „მწყემსი“, N17 — 1884 წ.
- ↑ ირაკლი მახარაძე, „გურული ფირალები“ გვ. 15 — თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009, ISBN 978-9941-403-95-8
- ↑ თ. ჟღენტი, „1905 წელი გურიაში“ გვ. 27 — თბილისი, 1936
- ↑ ქიქოძე გ., „თანამედროვის ჩანაწერები“, თბილისი: „არეტე“, 2003 [1954]. — გვ. 62, ISBN 99940-745-6-3.
- ↑ „ლენინის დროშა“ 31 ოქტომბერი 1989 გვ. 3
- ↑ Кавказский календарь на 1848 год გვ. 322
- ↑ კვესელავა ი., XX საუკუნის20-იანი წლების საქართველოს ისტორიის ფურცლები, 1990. — გვ. 12.
- ↑ გელაშვილი გ., აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი საქართველოს შესახებ, თბილისი: „არტანუჯი“, 2011. — გვ. 201 (არტანუჯის წყაროები), ISBN 978-9941-421-29-7.
- ↑ Кавказский календарь на 1867 год გვ. 321
- ↑ Кавказский календарь на 1870 год გვ. 395
- ↑ Кавказский календарь на 1873 год გვ. 90
- ↑ Кавказский календарь на 1878 год გვ. 320
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 238
- ↑ Кавказский календарь на 1887 год გვ. 223
- ↑ Кавказский календарь на 1889 год გვ. 153
- ↑ Кавказский календарь на 1891 год გვ. 281
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 371
- ↑ Первая Всеобщая перепись населения Российской империи 1897 года
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ Кавказский календарь на 1913 год
- ↑ Кавказский календарь на 1914 год
- ↑ Кавказский календарь на 1915 год
- ↑ Кавказский календарь на 1916 год
- ↑ ჯაოშვილი, ვ. (1964). „მახარაძე-ლანჩხუთის ქვერაიონის ეკონომიკურ-გეოგრაფიული ნარკვევები“. თბილისი, გვ. 67.