მთის არწივი[1][2] (ლათ. Aquila chrysaetos) — ფრინველი ქორისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 76–89 სმ, ფრთების შლილი 190–227 სმ,[3] მასა 6,5 კგ-მდე; დედალი მამალზე დიდია.[4] აქვს შედარებით მოკლე, მაგრამ ძლიერი ნისკარტი, პროპორციულად გრძელი კუდი და ფრთები,[3] რომლების ბოლოებზე ბუმბული თითებისებურადაა განლაგებული,[5] გრძელი ბრჭყალები.[6] ზრდასრული მუქი ყავისფერია, ოქროსფერი თავით. კუდის ბოლოში აქვს ფართო შავი ზოლი. იგი მკვეთრად ეტყობა ახალგაზრდას, რომელსაც თეთრი კუდის ძირი და ამავე შეფერილობის თეთრი ლაქები აქვს ფრთებზე.[3] ფრთის ქვედა მხარე მუქი მურაა.[6] ხმა — თავისებური ყივილი „კეკ-კეკ-კეკ“.[5]

მთის არწივი
Беркут (Aquila chrysaetos).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  არწივი
სახეობა:  მთის არწივი
ლათინური სახელი
Aquila chrysaetos (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Falco chrysaëtos (Linnaeus, 1758)
  • Falco fulvus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696060
გავრცელება
AquilaChrysaetosIUCNver2018 2.png
  გამრავლება
  მკვიდრი
  გამოზამთრება

გავრცელებულია ევრაზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონასა და მთიანეთში.[1][7] ეტანება ფართო ღია სივრცეებს: ჭაობებს, მდინარეთა ხეობებს, ტბების ქვაბულებს, ვერან ადგილებს; მთებში ჩვეულებრივ სახლობს ტყის ზედა საზღვრის მაღლა.[4] საქართველოში გავრცელებულია სპორადულად,[7] გვხვდება მთის არწივის ქვესახეობა — სამხრეთევროპული მთის არწივი (ლათ. Aquila chrysaetus fulvus).[1] მკვიდრი ფრინველია;[5] თუმცა, ზამთარში მათი ნაწილი სამხრეთისკენ მომთაბარეობს. გამოირჩევა მცირე რაოდენობით. ცხოვრობს კლდეებსა და მაღალ ხეებზე, იშვიათად ვაკე ადგილებზე — კლდოვან ქანებზე, უდაბნოში — შავი საქსაულის ხეებზე.[7]

შეუძლია დიდხანს ლივლივი.[4] ძლიერი მტაცებელია, შეუძლია თავისზე დიდი მსხვერპლის დაჭერა.[3] იკვებება მღრღნელებით, ლეშით, კურდღლებით, ფრინველებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, მწერებით.[1] ნადირობს ღია სივრცეში,[5] პირდაპირ თავდასხმით ან ყარაულით. დედალ-მამალი ხშირად ერთად ნადირობს.[4] მღრღნელთა განადგურებით სოფლის მეურნეობისათვის სარგებლობა მოაქვს.[8]

სქესობრივ სიმწიფეს 4–5 წლის ასაკში აღწევს.[7] მონოგამური ფრინველია, ანუ ქმნის მუდმივ წყვილებს (ერთ-ერთის სიკვდილამდე).[1][4][7] საქორწინო ფრენას იწყებს თებერვალში. აქვს 2–4 ბუდე, რიგრიგობით ხმარობს და კონსერვატიზმს იჩენს მათ მიმართ.[1] თავის მხრივ, ბუდე წარმოადგენს ტოტების ნაყარს, რომელიც თხლად არის ამოფენილი მშრალი ბალახით. ყოველწლიური შეკეთების გამო ზოგჯერ გიგანტურ ზომას აღწევს — სიგანესა და სიმაღლეში 2 მეტრამდე. მარტ-აპრილში დებს 1–2–3 ჭუჭყიანი თეთრი ფერის მურალაქებიან კვერცხს.[5][7] ინკუბაცია გრძელდება 40–45 დღე, კრუხობს ორივე მშობელი. თუკი პირველი ბუდის მართვეები დაიღუპნენ, ბუდობს მეორედაც. მართვეები შებუმბვლას იწყებენ მაისის დასაწყისში და ივნისის ბოლოსკენ მთლიანად იმოსებიან. დაახლოებით 80 დღის ასაკში ბუდეს ტოვებენ. მთის არწივი ტყვეობაშიც მრავლდება (მაგ., 1 წყვილი გამრავლდა არკანზასის შტატის ქალაქ ტოპიკაში).[7] ჩრდილოეთით მობუდარ არწივთა მართვეები ხშირად აგრესიულები არიან და უფროსი უმცროსს ჭამს, რაც განპირობებულია მკაცრი ბუნებრივი პირობებით — მშობლები ვერ ახერხებენ მათ სრულყოფილად გამოკვებას.[6]

1976 წლის მონაცემებით, თბილისის ზოოპარკში იმყოფებოდა 2 მთის არწივი (მაშინდელ სსრკ-ში სულ — 38).[7] მოყვარული მონადირეები (მაგ., შუა აზიაში) მთის არწივის მართვეს წრთვნიან და იყენებენ როგორც ბაზსმელიებზე, კურდღლებზე, იშვიათად მგელზე, ჯეირანზე და სხვა ცხოველებზე სანადიროდ.[1][4] მისი მრავალი ადგილსამყოფელი განიცდის ადამიანის ზემოქმედებას. ამის გარდა, რიცხოვნობა შეამცირა ბუდეების მოშლამ.[7] შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[9]

გალერეარედაქტირება

რეკომენდებული ლიტერატურარედაქტირება

  • ჟორდანია რ., საქართველოს იშვიათი ფრინველები, თბ., 1979.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 671, თბ., 1983 წელი.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 59, 100, 192, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 39, თბ., 2002.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Иваницкий В. В. БЕРКУТ // Большая российская энциклопедия. Том 3. Москва, 2005, стр. 373.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии, — Тбилиси: «Сабчота Сакартвело», 1987. — стр. 8.
  6. 6.0 6.1 6.2 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 107–108. 432 с.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 7.8 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 40, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.
  8. Беркут // Большая советская энциклопедия, т. 3 — М. : Советская энциклопедия, 1970;
  9. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2020.