ჩვეულებრივი ცოცია

ჩვეულებრივი ცოცია,[1] ჩვეულებრივი სინეგოგა[2] (ლათ. Sitta europaea) — ფრინველი ცოციასებრთა ოჯახისა.

ჩვეულებრივი ცოცია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sitta europaea (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103879804

მისი სხეულის სიგრძეა 12–14,5 სმ,[3]. მასა — 20–24 . შეფერილობა განსახლების რაიონების მიხედვით იცვლება, სხეულის ზედა მხარე მოცისფრო-რუხია. ნისკარტის ფუძიდან თვალების გავლით, კისრის სიგრძეზე გასდევს შავი ზოლი. ნისკარტი წვრილი და წვეტიანია, რასაც კარგად იყენებს ხის ქერქიდან მწერების ამოსაყვანად. საჭის ბუმბული მოკლეა, დაკეცილი ფრთების მდგომარეობაში ოდნავ არის გვერდებზე გამოწეული. აქვს საკმაოდ ძლიერი ფეხები, რითაც მყარად ეჭიდებს ხის ტანს. ხეზე დაკიდებული ფრინველის თავი ქვევით არის მიმართული.

გავრცელებულია ევროპის უდიდეს ნაწილში, მათ შორის უელსი და ინგლისი, სამხრეთ სკანდინავიიდან პირენეს ნახევარკუნძულის გავლით მაროკომდე; აღმოსავლეთით — თურქეთსა და კავკასიაში, გვხვდება საქართველოშიც.[1]

ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, ზოგჯერ კოდალის ძველ ფუღუროებსაც იყენებენ, იმ შემთხვევაში, თუ მისი შესასვლელი ფართოა, მას ტალახის მასით ავიწროებს. სქესობრივ სიმწიფეს 1 წელში აღწევს. დებს 4–13 თეთრ კვერცხს მოწითალო ლაქებით. ინკუბაცია 16–18 დღე-ღამე გრძელდება; ბარტყები ფრენას 25 დღეში იწყებენ. მრავლდება წელიწადში ორჯერ. ზამთარში თესლითა და კაკლით (თხილი, რკო) იკვებება, ზაფხულში — მწერებით; ჭამს ფრინველთათვის დაყრის საკენკსაც. ცოცხლობს 11 წლამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება

  • ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 290, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.
  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 242.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 149.
  3. Killian Mullarney, Lars Svensson, Dan Zetterström, & Peter J. Grant. Birds of Europe. 1999. ISBN 978-0-691-05054-6 pp. 322