არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: კოდალასნაირნი.

კოდალასებრნი (ლათ. Picidae) — ფრინველების ოჯახი კოდალასნაირთა რიგისა. აერთიანებს ტანად საშუალო და მომცრო (8-50 სმ-მდე) ფრინველებს. ნაირგვარი, მკვეთრი შეფერილობა აქვთ. თავი ზემოდან და ზოგჯერ ბოლოსქვეშა ბუმბულიც წითელია. ბუმბულსაფარველი უხეშია. საჭის ბუმბული მოქნილი და მაგარღერძიანია. ფრთა ფართოა, ბოლოში მომრგვალებული. თავის ქალა დიდი და მაგარია. სწორი ნისკარტი დაფარულია სქელი საფარველით და ბოლოში სატეხისებურადაა წამახვილებული. ჭიისმაგვარი გრძელი ენის წაწვრილებულ ბოლოზე ჯაგრისებური გამონაზარდები აქვთ. მოკლე ფეხებზე 2 თითი წინ, ორიც უკანაა მიმართული, ზედ მოხრილი, ბასრი ბრჭყალებია. კოდალასებრთა უმრავლესობა ტყეში ცხოვრობს, კარგად ცოცავენ ხის ღეროებსა და ტოტებზე. სატეხისებური ნისკარტით ტეხენ ქერქს, საიდანაც გრძელი, წვეტიანი ენით ამოჰყავთ სხვა ფრინველებისათვის მიუწვდომელი მწერები და მათი მატლები. ჩვეულებრივად ბუდობენ ხის ფუღუროში. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. კოდალასებრნი გავრცელებულია ტყეებსა და ბუჩქნარებში ყველგან, გარდა ავსტრალიის, მადაგასკარისა და პოლინეზიის კუნძულებისა. ოჯახში 36-45 გვარი და 224-მდე სახეობაა, ამათგან საქართველოში გვხვდება 4 გვარის 8 სახეობა. კოდალასებრნი სასარგებლო ფირნველია.

კოდალასებრნი

დიდი ჭრელი კოდალა (Dendrocopos major)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Picidae (Vigors, 1825)

ლიტერატურა რედაქტირება