ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ჩოხატაური.

ადმინისტრაციული ერთეული
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
ადმ. ცენტრი ჩოხატაური
კოორდინატები 42°01′08″ ჩ. გ. 42°14′22″ ა. გ. / 42.01889° ჩ. გ. 42.23944° ა. გ. / 42.01889; 42.23944
მერი დავით შარაშიძე    
ფართობი 825.1 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 19 001[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 23,03 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,66 %
რუსები 0,19 %
სომხები 0,06 %
ოსები 0,02 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 86,08 %
მუსლიმები 12,82 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://chokhatauri.gov.ge/
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გურიის მხარე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში, 1930-1963 წლებში - ცალკე რაიონი იყო, 1963-1964 წლებში შედიოდა მახარაძის რაიონში, 1965-დან ცალკე რაიონია. 2006 წლიდან ეწოდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დამეგობრებულია ლიეტუვის პასვალისის რაიონთან.

გეოგრაფია

რედაქტირება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება სამტრედიისა და ვანის, აღმოსავლეთით — ვანის, სამხრეთით — ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით — ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

მუნიციპალიტეტის ფართობია 825,1 კმ². ტერიტორიის 60 % ზეგნებსა და მთებს უკავია. ტყეებს 34 772 ჰა უკავია (მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 66,4 %), მწვერვალი მეფისწყარო მდებარეობს ზღვის დონიდან 2850 მეტრზე, კურორტი ბახმარო 1926-2050 მეტრზე.

მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი მთაგორიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია მესხეთის ქედი და მისი შტოქედები: ვანის, ზოტის, ლობოროტის, გურიის, ასევე მდინარე სუფსის და მისი შენაკადების ხეობები. ჭარბობს ღრმად დანაწევრებული მთა-ხეობათა რელიეფი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შუა ნაწილი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუაეოცენური ანდეზიტური განფენებით და მასიური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. აქა იქ მესამეული ასაკის გაბროს გაშიშვლებებიცაა. მუნიციპალიტეტის დაბალი, გორაკ-ბორცვიანი ნაწილი აგებულია მეტწილად ზედაეოცენურ-მიოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. მდინარე სუფსის სუბგანედური ხეობის ძირი ტერასულ დაბლობ-ვაკეს უჭირავს, იგი აგებულია მეოთხეული ასაკის ალუვიური წყებებით — კენჭნაღით, ქვიშებითა და თიხებით.

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური საღებავები (რკინის სურინჯი — სურების საბადო), პირიტი (ზოტი), საშენი ქვები (სიენიტ-დიორიტები მდინარეების სუფსისა და გუბაზეულის ხეობებში), სააგურე და საკერამიკე მიწა. აგრეთვე მინერალური წყლები ნაბეღლავში, კოხნარსა და ზოტში. მათგან ყველაზე ცნობილია ნაბეღლავის მინერალური წყალი.

ჰავა ხასიათდება სიმაღლებრივი ზონალურობით. ბარში 500-600 მეტრამდე ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, მთებში ნოტიო, მაგრამ ზომიერად თბილი და გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში (ნაბეღლავი) 12,1 °C, მაღალ მთაში (მთა მეფისწყარო, ბახმარო) 0-4 °C. იმავე პუნქტებში იანვრის საშუალო ტემპერატურებია 3,6 °C, -10 °C და -5,2 °C, აგვისტოსი 20,2 °C, 8 °C და 13,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -19-35 °C შორის მერყეობს, ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი 39-26 °C. წელიწადში საშუალოდ 1500-1870 მმ ნალექი მოდის. მდგრადი თოვლის საფარი ბარში იშვიათია. მთაში 5-6 თვეს გრძელდება. გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, ხშირია მთა-ხეობათა ქარი.

შიდა წყლები

რედაქტირება
 
მდინარე გუბაზეული სოფელ ზოტში

მდნარეთა ქსელი ხშირია. ძირითადი მდინარეა სუფსა. მისი შენაკადებია: გუბაზეული (მისი შენაკადებით საშუალა, კალაშა და კვირისწყალი) და ბარამიძისწყალი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ბახვისწყლის, აგრეთვე ხევისწყლის ზემო ხეობა. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნა — წლის ყველა სეზონში. მდინარე გუბაზეულზე აგებულია მცირე ჰესები.

ნიადაგები

რედაქტირება

მდინარე სუფსისპირა დაბლობ ვაკეზე ალუვიური, ხოლო ტერასებზე საშუალო და დიდი სისქის სუბტროპიკული წერი ნიადაგებია. გორაკ-ბორცვიან ზონაში განვითარებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები. დაბალ და საშუალო სიმაღლის მთებში ტყის ყომრალი ნიადაგია გაბატონებული. უფრო ზემოთ გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგია. ტყის სარტყლის ზემოთ, მაღალმთიანეთში კორდიან და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია ჩამოყალიბებული. ციცაბო ადგილებში გვხვდება ძლიერ ხირხატიანი ნიადაგი.

ლანდშაფტები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ნოტიო სუბტროპიკული დაბლობი ვაკის, მთა-ტყის და მთა-მდელოს ლანდშაფტის ტიპების შემდეგი სახეები:

  1. დახრილი დაბლობი ვაკე კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით
  2. ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებით
  3. დაბალი და საშუალო მთები წიფლისა და მუქწიწვიანების ტყეებით, ტიპური და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებით
  4. სუბალპური ტყეები და მდელოები მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებით
  5. ალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

მცენარეული საფარი სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი მცენარეა. სუფსისპირა დაბლობი ვაკე წარსულში დაფარული იყო ჭალის ტიპის კოლხური ტყით, სადაც ჭარბობდა მურყანი, ტირიფი, ლაფანი, იფანი. ამჟამად ეს ტყე აღარ არსებობს და ნაკაფი ტერიტორიები გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის. გორაკ-ბორცვები და მთისწინები ეჭირა მარადმწვანე ქვეტყით და ლიანებით მდიდარ კოლხურ ტყეებს. მათი მცირე კორომები შემორჩენილია მიწათმოქმედებისთვის უვარგის ხევ-ხრამებსა და ციცაბოებზე. ტყის შემქმნელი მთავარი ჯიშებია: წიფელი, მუხა, რცხილა, წაბლი. ქვეტყე მდიდარია მარადმწვანე (შქერი, წყავი, ბზა, თაგვისარა) და ფოთოლმცვივანი (მოცვი, თხილი) ბუჩქნარებით. ხშირია ლიანები — ღვედკეცი, სურო, ეკალღიჭი და სხვა. ნატყევარი ადგილები გამოყენებულია სამოსახლოდ და სამხრეთული ხეხილის ბაღებისთვის. 600-700 მეტრზე ზემოთ გაბატონებულია წიფელი, რომელსაც სიმაღლის მატებასთან ერთად ერევა სოჭი და ნაძვი. ეს სარტყელიც მდიდარია ქვეტყით. 1500-1600 მეტრიდან ჭარბობს ნაძვისა და სოჭის ტყეები. ტყის სარტყლის ზემოთ აქა-იქ წიფლის, არყის, ნეკერჩხლის და ცირცელის სუბალპური პარკული ტყეებია. ტყის სარტყლის ზემოთ სუბალპური მდელოები (ბარისპირა, სამყურა, ძიგვა, შვრიელა, ნამიკრეფია, წივანა), სუბალპური ბუჩქნარები (დეკა, მაჯაღვერა) და ალპური მდელოებია (მარმუჭი, ფურისულა, ნაღველა, ბაია, თივაქასრა, ფხიჯა), რომლებსაც სათიბ-საძოვრებად იყენებენ. სოფელ ჩხაკაურასა და კურორტ ბახმაროს შორის რელიქტური პონტური მუხის კორომია.

მთის ტყიან ზოლში ბინადრობს შველი, კვერნა, ტყის კატა, გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, დათვი, მელა; ფრინველებიდან კოდალა, ჩხიკვი, ტყის ქათამი, შაშვი, ქორი. მთის მდელოებში ბინადრობს არჩვი, შურთხი, ტოროლა. ბარის ზონაში ბინადრობენ ტურა, მაჩვი, ზღარბი, მოლაღური, გუგული, ოფოფი და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია კალმახი, ღორჯო, წვერა, ქაშაყი, ლოქო, ქორჭილა, სალამურა და სხვ.

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობის რაოდენობა მუნიციპალიტეტში არის 19 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 23 კაცი კვ.კმ-ზე. ცხოვრობენ ქართველები (99,66 %). მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ გურულები, ასევე ცხოვრობენ აჭარლები. მოსახლეობის 86,1 % მართლმადიდებელი ქრისტიანია, 12,8 % - მუსლიმი. მოქმედებს 4 მუდმივი და ორი სეზონური მეჩეთი. მუნიციპალიტეტში 63 დასახლებული პუნქტია: 2 დაბა და 61 სოფელი. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 400 მეტრამდე. მოსახლეობის 90 %-ზე მეტი ცხოვრობს სოფლებში.

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939 34 549 17 083 17 466
1959 30 662   13 887 16 775
1970 29 594   13 706 15 888
1979 28 157   13 173 14 984
1989 26 595   12 574 14 021
2002 24 118  
2014 19 001  
2020[4] 18 000  

თვითმმართველობა

რედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს:

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[5] 2021[6] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 30 26                                                  
  ნაციონალური მოძრაობა 1 6            
  საქართველოსთვის 3      
  სახალხო პარტია 1  
  ევროპული საქართველო 2
  პატრიოტთა ალიანსი 2
  შენების მოძრაობა 1
  დამოუკიდებელი 2
სულ 38 36  

ეკონომიკა

რედაქტირება
 
„ნაბეღლავის“ ქარხანა

საბჭოთა პერიოდში ეკონომიკის წამყვანი დარგი მეჩაიეობა იყო. ფუნქციონირებდა ჩაის 4 ფაბრიკა. სხვა დარგებიდან აღსანიშნავი იყო მეხილეობა, მარცვლეულის მეურნეობა (ძირითადი კულტურა — სიმინდი), მევენახეობა (განსაკუთრებით ხევისწყლის ხეობის სოფლებში, სადაც მოქმედებდა ღვინის ქარხანა), მეცხოველეობა, მეფრინველეობა.

ნაბეღლავის მინერალური წყლის ბაზაზე მოქმედებს წყლის და უალკოჰოლო სასმელების ჩამოსასხმელი ქარხანა. ფუნქციონირებს სამთო-კლიმატური კურორტი ბახმარო. მოქმედებს საოჯახო სასტუმროები ხიდისთავსა და ბუკისციხეში. რამდენიმე სოფელში მოქმედებს საოჯახო მარანი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზი არ არის, უახლოესი სადგურებია საჯავახო და ოზურგეთი. სატრანსპორტო სისტემაში მთავარ როლს ასრულებს ავტოტრანსპორტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამტრედია-ქობულეთის საავტომობილო გზა.

განათლება და კულტურა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 32 საჯარო სკოლაა, მოქმედებს 14 საბავშვო ბაღი, 33 ბიბლიოთეკა, ჩოხატაურის სახალხო თეატრი და 3 მუზეუმი: მხარეთმცოდნეობის, ნიკო მარის და ნოდარ დუმბაძის. მოქმედებს ორი საავადმყოფო.

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება
 
ნიკო მარის მუზეუმი

მუნიციპალიტეტის მთავარი ღირსშესანიშნაობა მის ტერიტორიაზე არსებული მონასტრებია. გურიის უდაბნოს მონასტერი კლდეში ნაკვეთი ეკლესიისგან და XIX საუკუნის დარბაზული ეკლესიის ნანგრევისგან შედგება. ერეთის დედათა მონასტერში კი IX საუკუნის ფრესკებია შემორჩენილი. XIX საუკუნის დარბაზული ეკლესიაა შემორჩენილი სოფელ შუბანში, ხოლო შუა სურებში დგას წმინდა გიორგის ხის ეკლესია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2 ციხე-სიმაგრეა: ღომის ციხე სოფელ ზოტში და ბუკისციხე, რომელსაც „თამარის ციხესაც“ უწოდებენ. საერო არქიტექტურის ნიმუშია გორაბერეჟოულის ტერიტორიაზე მდგარი XVII საუკუნის მიწურულის ციხე-გალავანი და ერისთავების სასახლე, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება