გურიის ქედი
გურიის ქედი, გურიის სერი, ნიგოითის სერი — ქედი საქართველოში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოება. განფენილია ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის სამხრეთ კიდეზე და აღმოსავლეთისაკენ გრძელდება სამხრეთ იმერეთის მთისწინა სერში.[1]
გურიის ქედი | |
---|---|
გურიის ქედი | |
კოორდინატები: 42°03′44″ ჩ. გ. 42°03′45″ ა. გ. / 42.06222° ჩ. გ. 42.06250° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ბურნარ-საცხვარო |
სიმაღლე | 678 მ |
ამგებელი ქანები | შუა და ზედა მესამეული ნალექები |
სურათები ვიკისაწყობში |
გურიის ქედის თხემის აბსოლუტური სიმაღლე აღმოსავლეთისაკენ მატულობს. მდინარე სუფსის გამკვეთი ხეობის მიდამოებში ეს სიმაღლე 150-200 მ-ით განისაზღვრება, ხოლო ოზურგეთისა და ჩოხატაურის გრძედებზე 500–700 აღწევს. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 678 მ (მთა ბურნარ-საცხვარო). აღმართულია აგრეთვე მთები: ბურნათი (498 მ), ტალახა (667 მ), საირაო (475 მ), სამება (522 მ).[2] დამახასიათებელია ტექტონიკურ-ეროზიული რელიეფი. ქედის შუა მონაკვეთი საირაოს სერის სახელწოდებით არის ცნობილი. ქედის კალთები ციცაბოა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში. აგურიის სერი აგებულია ზედაცარცული კირქვებით, შუა და ზედამიოცენისა და ქვედაპლიოცენის ტერიგენული ნალექებით, ზედაპლიოცენის თიხებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებით. დამახასიათებელია პატარა ანტიკლინები და სინკლინები, რომლებიც რელიეფში კარგად არის გამოხატული. სერის ჩრდილო კალთის გასწვრივ გაჭიმულია ვიწრო დაბალბორცვიანი მთისწინეთი.[2] გარღვეულია ორი გამკვეთი ხეობით.[1] დასავლეთით ასეთი ხეობა სუფსის გამომუშავებულია, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ხევისწყლის. გურიის ქედის სამხრეთით მასსა და მესხეთის ქედის ჩრდილო კალთებს შორის, მდებარეობს გურიის ტაფობი, რომელიც აგრეთვე შუა და ზედა მესამეული ნალექებითაა აგებული.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მარუაშვილი ლ. (1964). საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბ.: ცოდნა, გვ. 250–251.
- ↑ 2.0 2.1 დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 223.