თხილი (ლათ. Corylus) — ფოთოლმცვივანი ბუჩქების, იშვიათად ხეების გვარი არყისებრთა ოჯახისა.

თხილი

ჩვეულებრივი თხილი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  თხილი
ლათინური სახელი
Corylus L., 1754

ბუჩქი შედგება 4–6 დედა ტოტისაგან, ფოთლები ოვალური ფორმისაა, ორმაგად დაკბილული კიდით. ყვავილობს ზამთრის პერიოდში.[1] მტვრიანებიანი ყვავილები (მამრობითი) უყვავილსაფროა და მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი, ბუტკოიანი (მდედრობითი) ყვავილები კვირტშია ჩამალული და გარეთ მხოლოდ დინგები აქვს გამოყოფილი. თითოეული ყვავილის ირგვლივ ვითარდება სამ-სამი ურთიერთშეზრდილი თანაყვავილედი, რომელიც ნაყოფის მომწიფებისას დიდდება და სხვადასხვა ფორმის ნაყოფსაფარს (ბუდეს) ქმნის. ნაყოფი ერთთესლიანი კაკალია.[2] მწიფდება ივლისის მეორე ნახევრიდან სექტემბრამდე. მოსავალი ერთი ბუჩქიდან (ძირიდან) ჯიშების მიხედვით, სრულ მსხმოიარობის პერიოდში მერყეობს 7–10 კგ-მდე. მრავლდება თესლით, ბუჩქის დაყოფით, ფესვის ამონაყრით, კალმების დაფესვიანებით და მყნობით. თხილის სიცოცხლის ხანგრძლივობის გენეტიკური რესურსი 180–200 წელია, თითოეული დედა ტოტი კი 70–80 წელს ცოცხლობს. ის სითბოს, სინათლისა და ტენისმოყვარული, ყინვა- და გვალვაგამძლე, ჩრდილის ამტანი მცენარეა; ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, განსაკუთრებით მაღალ მოსავალს იძლევა ორგანული ნივთიერებებითა და ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებზე.[1]

გვარი შეიცავს 20-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფოთლოვანი ტყეების ზონაში. საქართველოში ტყეებში ზღვის დონიდან 1500–1800 მ-მდე ბუნებრივად იზრდება თხილის 3 სახეობა: ჩვეულებრივი თხილი (Corylus avellana) ბუჩქი ან 8-მდე სიმაღლის ხეა, გავრცელებულია მთელ საქართველოში; დათვისთხილა (Corlylus colurna) იზრდება გურიასა და აჭარაში; კოლხური თხილი (Corylus colchica) საქართველოს ენდემია.[2]

ნაყოფი

თხილის გული შეიცავს 5%-მდე წყალს, 60–70% ცხიმებს, 15–16% ცილებს. მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, კალორიულობით იგი 2–3-ჯერ აჭარბებ ხორბალს, 3–5-ჯერ ხორცს. ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობასა და ტექნიკაში უმაღლესი ხარისხის საპოხი ზეთების მისაღებად. მისი სასაქონლო-საექსპორტო პროდუქტის დადებითი მხარეა ვარგისიანობის ხანგრძლივი ვადა, მაღალი ტრანსპორტაბელურობა.[2]

საქართველოში თხილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო კულტურაა. დაახლოებით გვხვდება 47 ჯიშის და ფორმის თხილი ბაღებში ძირითადად ენდემური, სამრეწველოდ დარაიონებული ჯიშებია გავრცელებული, კერძოდ, ანაკლიური, გულშიშველა, ხაჭაპურა, შველისყურა, დედოფლის თითი, ნემსა, ჩხიკვისთავა, ჩია, საივანობო და სხვ.[1] საქართველოში თხილი მაღალ მოსავალს იძლევა კოლხეთის დაბლობის ზონაში.[2] ქართული თხილის განსაკუთრებული საგემოვნო და ხარისხობრივი მაჩვენებლები განპირობებულია ჯიშების ბიოლოგიური თავისებურებებით და ადგილმდებარეობის ბუნებრივი პირობებით. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად საქართველოში საშობაო „ჩიჩილაკი“ თხილის ტოტისგან მზადდება, ხოლო თხილისგან დამზადებული ჩურჩხელა„ჯანჯუხა“ საუკეთესო საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა.[1]

თხილი დეკორატიული და ანტიეროზიული მცენარეა. ნიადაგის ზედა ფენებში განვითარებული ძლიერი ფესვთა სისტემა ამაგრებს და იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისაგან. თხილს მავნებლებიდან ყველაზე მეტად აზიანებს თხილის ცხვირგრძელა (Curculio nucum), შავი ხარაბუზა (Oberea linearis), თხილის კვირტის ტკიპა (Phytoptus avellanae) და ამერიკული თეთრი პეპელა (Hyphantria Cunea), ბუგრები, ამბროზიის ხოჭო, მზომელები, ჩრჩილები, კუსებურა ბაღლინჯოები და სხვ. დაავადებებიდან გავრცელებულია თხილის ნაცარი (Phyllactinia corylae), თხილის ნაცრისფერი და ყავისფერი სიდამპლე.[1]

იგი ერთ-ერთი უძველესი კაკლოვანი სუბტროპიკული კულტურაა. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია მისი ნაჭუჭი, რომელიც ქვის ხანას მიეკუთვნება. თხილის კულტურის განვითარების ერთ-ერთ კერად ითვლება შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო, კავკასია და მცირე აზია. პონტოდან და მისი მოსაზღვრე რაიონებიდან თხილის კულტურა გაიტანეს ბერძნებმა და გაავრცელეს თავიანთ კოლონიებში (ქ. აველანას მიდამოებში), საიდანაც დაედო საფუძველი თხილის გავრცელებას ევროპასა და ამერიკაში. ჯერ კიდევ VI საუკუნეში შეინიშნებოდა თხილის ველური სახეობების გაკულტურების შემთხვევები. მათი ბუნებრივი ჰიბრიდიზაციისა და შერჩევის შედეგად წარმოიშვა გარემო პირობებს შეგუებული მაღალმოსავლიანი ჯიშები და ფორმები.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 მიროტაძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 149.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ლორია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 33.