ჩიჩილაკი
ჩიჩილაკი — ხის ფორმის რიტუალური საგანი, მზადდება საახალწლოდ მიკვლევა-მილოცვისათვის. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე ნაირსახეობა, რომელთაგან განსაკუთრებით სრულყოფილი ჩანს გურული კალპიანი ჩიჩილაკი.
ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან „ბასილას წვერი“ ერქვა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს, ორ სფერულ კვერცხს, ე. წ. ყვინჩილებს. ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, რომელისაც ფრთისა და ბოლოს ბუმბულს უტოვებდნენ. სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს. იმერეთში იცოდნენ ჩიჩილაკის ენდროთი შეფერადება.
ჩიჩილაკის ერთ-ერთი ატრიბუტია კალპი. კალპი მარადმწვანე სუროსაგან და წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწებისაგან მოწნული რგოლია, რომელსაც ჩიჩილაკის ზემოდან ბურბუშელის შეკრების ადგილას დგამდნენ. კალპზე დებდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ გულამოჭრილ კვერცხს, ბოკელს, ზემოდან ადგამდნენ ყვინჩილებიან ჯვარს. კალპის დადგმა ჩიჩილაკისთვის აუცილებელი არ იყო. კალპის მსგავსად რაჭაში მზადდებოდა გვერგვი, რომელიც რიტუალში დამოუკიდებლად მონაწილეობდა.
ჩიჩილაკის მსგავსად ხის ტოტების შემკობა და საჩუქრად მირთმევა სცოდნიათ საქართველოს სხვა კუთხეებშიც. ასეთი იყო სახადის განმგებელთათვის, „ბატონებისათვის“ მისართმევი ხე; საჩუქრებითა და ხილით შემკულ ხეს, „მაშხალას“ მიართმევდნენ ხოლმე ხევში ნეფე-დედოფალს. სვანეთში მიცვალებულის სახელზე აკეთებდნენ ე. წ. კამარას, რისთვისაც ზრდადასრულებული, ტანმაღალი ხის წვერს მიწამდე მოხრიდნენ და დაამაგრებდნენ, ხოლო ზედ სხვადასხვა შესაწირავს დაჰკიდებდნენ.
ჩიჩილაკი და სხვა რიტუალური ხეების რწმენა სათავეს იღებს ცხოვრების ხესა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული იდეებიდან. ანალოგიური რწმენები გავრცელებულია ევროპის მრავალ ხალხში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე, ირ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 144.