ბუტკო
ბუტკო (ლათ. pistil) — ფარულთესლოვანი მცენარეების ყვავილის რეპროდუქციული ორგანო. შედგება ქვედა გამსხვილებული ნასკვის, წვრილი ცილინდრული სვეტისა და სხვადასხვა ფორმის დინგისგან, რომელსაც დამტვერვის დროს ხვდება მტვრის მარცვლები. ნასკვის ღრუში მოთავსებული ერთი ან რამდენიმე თესლკვირტი განაყოფიერების შემდეგ გადაიქცევა თესლად, ნასკვი კი — ნაყოფად.
ბუტკო სხვადასხვა ფორმისაა. წარმოიქმნება ერთი ან რამდენიმე განცალკევებული ან შეზრდილი ნაყოფფოთლისგან. მარტივ შემთხვევაში ბუტკო ერთი ნაყოფფოთლისგან ვითარდება (მაგ., ბაიასებრნი); თუ ერთ ყვავილში რამდენიმე ასეთი განცალკევებული ბუტკოა, მაშინ მას აპოკარპული ეწოდება, ორი ან რამდენიმე ერთმანეთთან შეზრდილი ნაყოფფოთლისგან შექმნილ ერთ ბუტკოს კი — ცენოკარპული. ბუტკოს წარმომქმნელი ნაყოფფოთლების რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს (მაგრამ არა ყოველთვის) დინგისა და დინგის ნაკვთების ან ნასკვის კედლის შუა ძარღვების რაოდენობით. დახშულნასკვიანი ბუტკოს წარმოშობა მცენარეთა სამყაროს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. მან ხელი შეუწყო ფარულთესლოვანი მცენარეების სწრაფ განსახლებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 589.