ნაყოფი (მცენარე)
ნაყოფი (ლათ. fructus) — ფარულთესლოვან მცენარეთა ორგანო, რომელიც წარმოიქმნება ყვავილისაგან და შეიცავს ერთ ან მეტ თესლს, ვითარდება ორმაგი განაყოფიერების შემდეგ (გამონაკლისია პართენოკარპული ნაყოფები). ფარულთესლოვან მცენარეთა პრიმიტიულ ჯგუფებში ნაყოფი უშუალოდ გინეცეუმიდან ვითარდება (მაგ., ბაიასებრნი), უფრო მაღალი განვითარების ჯგუფებში ნაყოფის ფორმირებაში მონაწილეობს ყვავილის სხვა ნაწილებიც: ყვავილსაფარი, ყვავილსაჯდომი, გინოფორი, ჯამი, გვირგვინი, მტვრიანები და სხვა.
სხვადასხვა კლასიფიკაციით ნაყოფებს ყოფენ ნამდვილ (თუ ის განვითარებულია მხოლოდ ნასკვიდან) და ცრუ (თუ მის განვითარებაში მონაწილეობვს ყვავილის სხვა ნაწილებიც) ნაყოფად. ნამდვილი ნაყოფი თავის მხრივ იყოფა მარტივ (ერთი ნასკვიდან განვითარებული) და რთულ (აპოკარპული გინეცეუმიდან განვითარებული) ნაყოფად.
მარტივი ნაყოფი კონსისტენციის მიხედვით იყოფა მშრალ და წვნიან ნაყოფად. მშრალ ნაყოფებს შორის არჩევენ მრავალთესლიან თვითხსნად (ფოთლურა, პარკი, ჭოტი, ჭოტაკი, კოლოფი და სხვა) და ერთთესლიან უხსნარ ნაყოფებს (კაკალი, ფრთიანა, თესლურა, მარცვალა და სხვა), წვნიან ნაყოფებს შორის კი - მრავალთესლიანებს (კენკრა, გოგრულა და სხვა) და ერთთესლიანებს (კურკიანა). რთულ ნაყოფებს განეკუთვნება რთული ფოთლურა, რთული თესლური და სხვა.
ნაყოფის უფრო თანამედროვე მორფოგენეზურ კლასიფიკაციებში გათვალისწინებულია გინეცეუმის აგებულება - ნაყოფფოთლების რაოდენობა, მდებარეობა, შეზრდა, თესლის რაოდენობა, მიმაგრება და სხვა. მორფოგენეზური კლასიფიკაციების მიხედვით ნაყოფი იყოფა აპოკარპულ და ცენოკაპულ ნაყოფებად, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო წვრილ კატეგორიებად ნაწილდება.
ნაყოფის დანიშნულებაა თესლების დაცვა და გავრცელება. ნაყოფებისა და მასთან ერთად თესლების გავრცელება ქარის, წყლის, ცხოველების, ადამიანისა და სხვების საშუალებით ხდება. გავრცელებისათვის ნაყოფებს აქვს სხვადასხვა სპეციალური წარმონაქმნები: ქოჩორი, ფრთისებრი გამონაზარდი, ეკლები, ქაცვები, ჯაგარი და სხვა.
მრავალი ნაყოფი შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები) და გამოიყენება სხვადასხვა სახით საკვებად, სამკურნალო საშუალებად, საღებავის დასამზადებლად და სხვა. მრავალი მცენარის ნაყოფი იმდენად ტიპურია, რომ მათი საშუალებით მცენარის სახეობის დადგენაც კი შეიძლება.
მეცნიერებას, რომელიც ნაყოფებს შეისწავლის კარპოლოგია ეწოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 336-337.
- Gollner, Adam J. (2010). The Fruit Hunters: A Story of Nature, Adventure, Commerce, and Obsession. Scribner. ISBN 978-0-7432-9695-3
- Watson, R.R. / Preedy, V.R. (2010, eds.). Bioactive Foods in Promoting Health: Fruits and Vegetables. Academic Press. ISBN 978-0-12-374628-3
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Images of fruit development from flowers დაარქივებული 2007-02-18 საიტზე Wayback Machine.
- Fruit and seed dispersal images დაარქივებული 2017-04-25 საიტზე Wayback Machine.
- Fruit Facts დაარქივებული 2020-07-12 საიტზე Wayback Machine.
- Encyclopædia Britannica 1911 on Fruit დაარქივებული 2009-04-24 საიტზე Wayback Machine.
- Photo ID of Fruits დაარქივებული 2021-01-09 საიტზე Wayback Machine.