ერკეთის ეკლესია
ერკეთის ეკლესია — IX საუკუნის ეკლესია სოფელ ზემო ერკეთში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურიდან 8 კმ დაშორებით. აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ერკეთის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°59′00″ ჩ. გ. 42°16′24″ ა. გ. / 41.98333° ჩ. გ. 42.27333° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ზემო ერკეთი |
სასულიერო სტატუსი | დედათა მონასტერი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | შემოქმედის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ბაზილიკა |
ხუროთმოძღვრული სტილი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | IX საუკუნე |
ისტორია
რედაქტირებაერკეთის ეკლესია გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. XVIII საუკუნის 50-იან წლებში ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა. მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ერკეთის მიმართ. მისი ბრძანებით ააგეს მონასტრის კანკელი და მოხატეს საკურთხეველი. იგი გამოსახულია ეპისკოპოსის სამოსლითა და მიტრით ეკლესიის მარჯვენა კედელზე, სათანადო წარწერით. 1777 წელს ერკეთის წინამძღვარი იყო ბესარიონი.[2] ეკლესია ამჟამად მოქმედია, ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.
არქიტექტურა
რედაქტირებაზემო ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის კარგად თლილი ქვიშაქვის კვადრებით. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით კოლოფა აფსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ძირში ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთ მხარეს მოთავსებულია თაღოვანი ნიშა. კონქი და აფსიდის კედლები მოხატულია. ფრესკები განლაგებულია სამ რეგისტრად. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილაი პილასტრებით, რომელთა კაპიტელებს სატრიუმფო თაღი ეყრდნობა. ქვის თაღოვანი კანკელი შელესილი და მოხატულია. ზედა ნაწილში, მთელ სიგრძეზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა. კანკელის წინ ერთსაფეხურიანი სოლეაა. კამარა ნახევარცილინდრულია. კამარის საბჯენი ცენტრალური თაღი პილასტრის კაპიტელს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთი კბილანა თაღი - კრონშტაინებს. ჩრდილოეთ კედელს დაბალი ხარისხი მიუყვება. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. იატაკი მოგებულია ქვის სხვადასხვა ზომის ფილებით. სამხრეთი და დასავლეთი შესასვლელები შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავულია. სამხრეთ არქიტრავის ქვას ორმაგი ლილვი შემოუყვება. მის ცენტრში ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ლილვები აუყვება აგრეთვე წირთხელბს, რომლის ზემო ნაწილში ჩადგმულ კვადრებზე ბოლნური ჯვრებია გამოსახული. ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა დასავლეთ არქიტრავზე. შესასვლელის სამხრეთ ნაწილში კვადრზე ადამიანის სქემატური გამოსახულებაა. აღმოსავლეთ სარკმელს ორმაგი ლილვი აჩარჩოებს. ეკლესიას დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან გვიანდელი მინაშენები აქვს, ნაგები სხვადასხვა ზომის თლილი ქვით. დასავლეთი მინაშენი გეგმით სწორკუთხაა. ნახევარცილინდრული კამარის საბჯენი ცენტრალური თაღი პილასტრებს ეყრდნობა, აღმოსავლეთი კი - კრონშტაინებს. თაღებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. მინაშენი ნათდება სამხრეთის და ჩრდილოეთის მცირე სარკმლებით. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშაა. დასავლეთ კედელთან, იატაკის დონის ქვეშ მოწყობილია მცირე სათავსი. სამხრეთი შესასვლელი შიგნიდან თაღოვანი, გარედან - არქიტრავულია. კარი ნაოთხალია. ხაზგასმულია მინაშენის ნაკერები. ჩრდილოეთი მინაშენი გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელიც შედგება ორი სათავსისაგან. ტიხარი ამოყვანილია ქვის მასიური კვადრებით. კამარის საბჯენი თაღები იმპოსტებს ეყრდნობა. აღმოსავლეთ სათავსის ჩრდილო კედელში მოთავსებულ ორ სწორკუთხა ნიშს შუა მცირე ზომის სარკმელია გაჭრილი. სათავსებს ერთმანეთთან განიერი გასასვლელი აკავშირებს. მინაშენს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან არქიტრავული შესასვლელები აქვს. ეკლესია ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. კარნიზი მარტივპროფილიანია. გადახურვაში გამოყენებულია თუნუქი.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაეკლესიაში შემორჩენილი არის IX საუკუნის კარი და ფრესკები. კედლის მხატვრობა ფრაგმენტულია და საჭიროებს რესტავრაციას. კანკელი შედარებით გვიანდელი პერიოდის რესტავრაციის შედეგია. აგების წესითა და ჩუქურთმებით ლიხაურის ეკლესიას ჩამოჰგავს. სამი კარიბჭე აქვს. შიგნით ნათელი საღებავებითაა მოხატული: აქ გამოსახულია მაცხოვარი თხემზე, ერთი ხელით კურთხევას არიგებს, მეორეში გაშლილი სახარება უჭირავს. მის გვერდით დგანან დედა ღვთისა და იოანე მოციქული, დასავლეთის შესასვლელიდან მარცხნივ გამოსახულია დედა ღვთისა კალთაში ყრმით. აქვეა დაცული ერკეთის გულანი, რომლის მინაწერშიც იკითხება: ,,დაიწერა და შემოიწერა წმიდა ესე გულანი ეპისკოპოსობასა ცაიშელ მამათ-მთავრისა მაქსიმესი." გულანი გადაწერილია XVII საუკუნის დამდგეს, კათალიკოს ექვთიმე საყვარელიძის დროს. გულანი გადაწერილია ისეთ ადგილას, რომელიც ხან ათაბაგების სამფლობელოში შედიოდა, ხანაც გურიელებისა და აფხაზეთის კათალიკოსის იურისდიქციაში.
ეკლესიაში შემორჩენილი იყო მაცხოვრის მომცრო ხატი, მთავარანგელოზთა ვერცხლით მოჭედილი ხატი და თავპანტას ეკლესიიდან შემოწირული წმინდა გიორგის ხატი. ეკლესიაში არის ორი საფლავის ქვა.
1905 წელს, დეკანოზმა მგალობლიშვილმა იატაკის ქვეშ დამალა ტაძრის ძვირფასეულობები, რათა ისინი გურიაში შეჭრილი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმის დარბევისგან ეხსნა.[3]
გალერეა
რედაქტირება-
ტაძრის ინტერიერი
-
კანკელი
-
ღვთისმშობლის ფრესკა
-
ფრესკა სამხრეთ კედელზე
-
ვაზის ხისგან დამზადებული კარი
-
სასაფლაო და კარიბჭე
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 32-34; 110, ISBN 99940-11-89-8.
- ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 181-183.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10785
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-14.
- ↑ დოლიძე ი. „ქართული სამართლის ძეგლები“ ტ III გვ. 915-916 — „მეცნიერება“, თბილისი 1970
- ↑ გიორგი ბაღათურია, „გურიაში მივალ მარა, სულმა წინ-წინ გეიპარა...“ // „ხელისუფლება და საზოგადოება“: სამეცნიერო ჟურნალი. N4 (12). გვ. 20-53. - თბილისი, 2009, ISSN 1512 374x