მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი

მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი (რუს. Максуд Алиханов-Аварский; დ. 23 ნოემბერი, 1846, სოფ. ხუნძახი, ახლანდ. დაღესტნის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, — გ. 3 ივლისი, 1907, ალექსანდროპოლი, ახლანდ. გიუმრი, სომხეთი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1907), წარმოშობით ავარიელი.

მ. ალიხანოვ-ავარსკი

დაამთავრა თბილისის მე-2 სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ — კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი (1864). მსახურობდა კავკასიაში. მონაწილეობდა ხივის ლაშქრობაში (1873), რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). 1879 წელს მიავლინეს იმიერკასპიის ოლქში. მონაწილეობდა მიიღო ახალ-თექინის ექსპედიციაში (1880-1881), მერვის (ახლანდ. თურქმენეთი) ანექსიაში (1884), საზღვრისპირა შეტაკებებში ავღანელებთან ქუშქასთან (1885), ასევე ე. წ. ბოქსიორთა აჯანყების წინააღმდეგ ლაშქრობაში ჩინეთში (1900-1901). 1901 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1905 წელს ალიხანოვ-ავარსკი გაიგზავნა ერევნის გუბერნიაში სომეხ-თათართა დაპირისპირების დასაშოშმინებლად; სომხები მუსლიმების ღიად მფარველობაში ადანაშაულებდნენ. იმავე წლის დეკემბერში დაინიშნა თბილისის დროებით გუბერნატორად, ხოლო 1906 წლის იანვარში — ქუთაისის დროებით გენერალ-გუბერნატორად. ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოში რევოლუციური გამოსვლების სასტიკ ჩახშობას, რის გამოც საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა; რამდენჯერმე გადაურჩა მისი მკვლელობის მცდელობას. 1907 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის მეთაურად. მოკლეს (ეტლში ააფეთქეს) რევოლუციონერებმა იმავე წლის ივლისში ქალაქ ალექსანდროპოლში (ახლანდ. გიუმრი).

ალიხანოვ-ავარსკი დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის IV (1872) და III (1899), წმ. სტანისლავის II (1874) და I (1904) ხარისხის ორდენებით, წმ. გიორგის IV ხარისხის სამხედრო ორდენის წარჩინების ნიშნით (1877), წმ. გიორგის IV ხარისხის (1885), წმ. ანას II (1888) და I (1906) ხარისხის ორდენებით, ასევე სპარსული „ლომისა და მზის“ და ბუხარული „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენებით. გამოქვეყნებული ჰქონდა მერვის ოაზისის აღწერილობა, მოგონებები ცენტრალურ აზიაში მოღვაწეობის შესახებ, სტატიები და რეპორტაჟები პრესაში.

თხზულებები

რედაქტირება
  • Мервский оазис и дороги ведущие к нему. — СПб., 1883
  • В гостях у шаха. Очерки Персии. — Тифлис., 1898
  • Поход в Хиву (кавказских отрядов). Степь и оазис. — СПб., 1899
  • Тарихи Дербенд-Наме. — Тифлис, 1898.
  • Автор множества иллюстраций, статей и репортажей в периодике.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Иванов Р. Н. Генерал Максуд Алиханов: триумф и трагедия. — Мх.: Издательский дом «Эпоха», 2003. — С. 645.
  • Бондаренко И. И., Климов Д. В. Жертвы политического террора в России (1901—1912) / Терроризм в России в начале XX в. (Исторический вестник. — Т. 2 [149]. — Декабрь 2012). — С. 190—215.
  • Алиханов-Аварский, Максуд // Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. В. Ф. Новицкого … [и др.]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1911—1915.