გურიის რესპუბლიკა

გურიის რესპუბლიკასოციალ-დემოკრატიული თვითმმართველობა, რომელიც არსებობდა რუსეთის იმპერიაში, საქართველოს. ტერიტორიაზე 1905 წლის რევოლუციის დროს. ეს იყო მსოფლიოში პირველი გლეხთა რევოლუციური თვითმმართველობა, რომელიც წარიმართა მარქსისტების ხელმძღვანელობით.[1] გურიაში გლეხთა მოძრაობა დაიწყო 1902 წელს და დასრულდა 1906 წელს რევოლუციის დამარცხებასთან ერთად.

ადგილობრივმა გლეხებმა, მუშებმა, ახალგაზრდა მასწავლებლებმა და სტუდენტებმა თვითორგანიზებით მოახერხეს იმპერიის ხელისუფლებისთვის ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევა. მოძრაობის სათავეში მამაკაცებთან ერთად მრავლად იყვნენ ქალებიც.[2] მოძრაობას ხელმძღვანელობდა რსდმპ-ის გურიის კომიტეტი ბენიამინ ჩხიკვიშვილის მეთაურობით. კომიტეტმა ოზურგეთის მაზრაში პრაქტიკულად გააუქმა რუსეთის იმპერიის მმართველობა და და თავად აიღო ხელში ძალაუფლება. კომიტეტი ქმნიდა საკუთარ სამხედრო ფორმირებებს, ადმინისტრაციებსა, სტამბებს, სასამართლოებს, სკოლებს, ადგენდა გადასახადებსა და ფასებს.[3] მოძრაობას არ ჰქონდა ნაციონალისტური ან ანტირუსული შინაარსი, მისი მოთხოვნები თავსდებოდა რუსეთის იმპერიის დემოკრატიზაციის ფარგლებში.

1900-იან წლებში გლეხთა მოძრაობა საქართველოს ყველა კუთხეში მიმდინარეობდა, მაგრამ გურიის მოძრაობა ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი აღმოჩნდა.[2] გურიის რესპუბლიკას ადარებენ პარიზის კომუნას.[4] ივანე ჯავახიშვილის შეფასებით გურიის გლეხთა მოძრაობაში გამოვლინდა ქართველი ხალხის ორგანიზაციული ნიჭი და მრავალსაუკუნოვანი კულტურა.[5]გურიის გლეხთა მოძრაობის არაერთმა ლიდერმა 1918-1921 წლებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში.[1]

წინაპირობები

რედაქტირება
 
ოზურგეთის მაზრა ქუთაისის გუბერნიის 1886 წლის ეთნოგრაფიულ რუკაზე

ოზურგეთის მაზრა იყო ერთ-ერთი ეკონომიკურად ყველაზე სუსტად განვითარებული და ღარიბი ნაწილი ქუთაისის გუბერნიისა. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ გლეხები, მაზრის ტერიტორიაზე არ იყო არცერთი ქარხანა ან ფაბრიკა. გლეხებს არ ჰქონდათ ოჯახის სარჩენად საკმარისი მიწა[6] საუკეთესო ან გლეხისათვის მეტად აუცილებელი მიწები შედიოდა ჩამონაჭრებში, რომლებიც იმპერიის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმის მიხედვით თავადაზნაურობას ეკუთვნოდა. ამიტომ გლეხი იძულებული იყო მძიმე კაბალური პირობით აეღო იჯარით ჩამონაჭრები. თავადაზნაურობის საკუთრებაში იყო სახნავი მიწების 2/3, ხოლო საძოვრები და ტყე მთლიანად თავადაზნაურობას და ხაზინას ეკუთვნოდა. საშუალოდ გლეხი ფლობდა 1800-2700 კვადრატულ საჟენ მიწას.[7]

გარდა მემამულეებისთვის გადასახდელი იჯარისა, გლეხობას ძლიერ აწვებოდა სახელმწიფო გადასახადები, მათ შორის აქციზი სპირტიანი სასმელის დამზადებაზე და სამღვდელოებისთვის განკუთვნილი დრამა – 2 რუბლი ოჯახზე წელიწადში. 1902 წელს მაზრის გლეხობა, 9934 კომლი იხდიდა ჯამში 61491 მანეთის გადასახადებს, ხოლო 43303 მანეთის ნატურალურ ბეგარას. 1901-1903 წლებში მაზრაში დაგროვდა 272065 მანეთის გადაუხდელი ბეგარა.[8] 1901 წელი გურიაში მოუსავლიანი იყო, ისედაც მძიმე საიჯარო პირობები გლეხებს კიდევ უფრო დაუმძიმდათ.[9] სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების მხარდაჭერას.

ამავდროულად, ოზურგეთის მაზრა იყო დაწინაურებული სწავლა-განათლების დონით, წერა-კითხვის მცდონეთა და სკოლების რაოდენობით.[10] გურიის სასოფლო ბილბლიოთეკები ყოველდღიურად იღებდნენ ჟურნალ-გაზეთებს დიდი ქალაქებიდან. სკოლების მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ მოძრაობაში და იყოლიებდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობას და ხალხს, რადგან ხალხი მასწავლებლებს ენდობოდა და პატივს სცემდა. არაერთი ცნობილი მასწავლებელი იყო მოძრაობაში ჩართული, მათ შორის გრიგოლ ურატაძე, არსენ წითლიძე, ვარლამ ხუროძე, ნესტორ კალანდაძე, ერმილე შარაშიძე და სხვები.[11]იფიცებოდნენ და გამოსვლებში მონაწილეობდნენ მოსწავლეებიც.[12]

1902 წელს ბათუმის მუშათა გაფიცვას მოჰყვა მუშების გასახლება ქალაქიდან. მუშათა უმრავლესობას გურული გლეხები წარმოადგენდნენ, რომლებიც ხელისუფლებამ იძულებით დააბრუნა თავიანთ სოფლებში.[13] როგორც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების წევრები, ისინი მომარაგებულნი იყვნენ რევოლუციური ლიტერატურით და პროკლამაციებით.[14] გურიაში დაბრუნებულმა გლეხებმა დაიწყეს საპროტესტო გამოსვლები.[5]

მოვლენათა ქრონოლოგია

რედაქტირება

გლეხთა გამოსვლა 1902 წელს

რედაქტირება
 
გრიგოლ ურატაძე, ლანჩხუთის სკოლის მასწავლებელი მოძრაობის დაწყების დროს

1902 წლის მაისში მოხდა გლეხთა საპროტესტო გამოსვლა სოფელ ნიგოითში. გლეხები დაუპირისპირდნენ მემამულეებს, თავად მაჭუტაძეებს საძოვრების გამო. მაჭუტაძეები ფლობდნენ დიდ მამულს, 1200 დესეტინა მიწას, რომელიც ბანკში ჰქონდათ დაგირავებული. ბანკის ვალის გადასახდელად მათ გლეხებს მიწის საიჯარო ქირა გაუზარდეს. საპროტესტო გამოსვლებს სათავეში ჩაუდგა სკოლის მასწავლებელი გრიგოლ ურატაძე.[15] ურატაძის ხელმძღვანელობით დაახლოებით 700-800-მა გლეხმა დადო ფიცი ურატაძისვე შემუშავებული ხუთი მოთხოვნის გარშემო.[16] ნიგოითის გლეხთა მოძრაობა გავრცელდა სხვა სოფლებშიც. მაისში მიქელგაბრიელში გაიმართა გლეხთა კრება, რომელსაც 200 ადამიანი ესწრებოდა.[17] 28 მაისს მოეწყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი კრება ჩოჩხათში, შემდეგ, ივნისის შუაში, სუფსაში, ხვარბეთში, გურიანთაში, დვაბზუში, მამათში, ძიმითში და აშ.[18] საბოლოოდ მან მოიცვა მაზრის გლეხობის დიდი ნაწილი.

1902 წლის ივნისში ქუთაისის გუბერნატორმა ალექსანდრე სმაგინმა მოიარა სოფლები ნიგოითი, აკეთი, ჯუმათი, ძიმითი, ჩოჩხათი, მიქელგაბრიელი. ის გლეხებს აშინებდა და მორჩილებისკენ მოუწოდებდა. მიქელგაბრიელის კრებაზე სმაგინს წარუდგინეს შემდეგი მოთხოვნები:

  1. შემცირდეს მიწის იჯარის ფასი მოსავლის 1/8-1/10-მდე
  2. გაუქმდეს გადასახადი საძოვარზე
  3. გაუქმდეს აქციზი სპირტსა და არაყზე
  4. გზების, სკოლების და სასოფლო დაწესებულებების მოვლა-პატრონობის მოვალეობა დაეკისროს ყველას, წოდების მიუხედავად
  5. გაუქმდეს დრამის გადასახადი[19]

სმაგინმა გლეხების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლად დატოვა გურია, ვითარების შესახებ აცნობა კავკასიის მთავარმმართველს გრიგოლ გოლიცინს და დაელოდა მის ინსტრუქციებს. მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების გადაწყვეტილება გაიზიარეს სხვა სოფლებშიც და გამოაცხადეს ბოიკოტი, გლეხებმა შეწყვიტეს მემამულეების მიწების დამუშავება და მათთან სამსახური.[20]

გურიის კომიტეტის ჩამოყალიბება

რედაქტირება

1902 წლის მოძრაობის დაწყებისთანავე გრიგოლ ურატაძემ მიმართა რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტს, რათა მას ეხელმძღვანელა გურიაში გლეხთა მოძრაობისთვის, მაგრამ კომიტეტმა კარლო ჩხეიძის ხელმძღვანელობით უარი უთხრა, რადგანაც ეს მოძრაობა პროლეტარიატისა არ იყო.[21] შემდეგ ურატაძე ჩავიდა ქუთაისში, სადაც წარდგა ქუთაისის კომიტეტის შესახებ, თუმცა პარმენ ჭიჭინაძისა და მიხა ცხაკაიასაგან ასევე უარყოთი პასუხი მიიღო.[22] ნოე ჟორდანია და სილიბისტრო ჯიბლაძე მხარს უჭერდნენ გლეხებთან მუშაობას.[23] მოძრაობის მზარდი პოპულარობის კვალდაკვალ პარტიას მოუწია გადახედა გლეხობასთან დაკავშირებით მარქსისტულ თეორიასა და საკუთარ პროგრამაში არსებული ზოგიერთი დებულებისთვის.[1]

1903 წლის მაისში რსდმპ-ის ორგანიზებით ბათუმში გაიმართა გურიაში მომუშავე სოციალ-დემოკრატთა კონფერენცია. მასში მონაწილეობას იღებდნენ გოგილო ცინცაძე, ჭოლა ლომთათიძე, ნოე ხომერიკი, ისიდორე რამიშვილი, ნოე რამიშვილი, ბენია ჩხიკვიშვილი, თენგიზ ჟღენტი, გრიგოლ ურატაძე და სხვები.[24] კონფერენცია 4 დღეს გრძელდებოდა. დაიბეჭდა და მთელ დასავლეთ საქართველოში გაავრცელა პროკლამაცია „გურიის გლეხობას“.[25] პროკლამაციის 10 000 ეგზემპლარი სწრაფად გავრცელდა, საჭირო გახდა ახალი გამოცემა, რომელიც დაიბეჭდა 60 000 ტირაჟით და ისიც სწრაფად დარიგდა.[26] აქტიური ხვნა-თესვის პერიოდში ნიგოითის, მიქელგაბრიელის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ხიდისთავის გლეხებმა ბოიკოტი გამოაცხადეს მემამულეების მიწების იჯარით აღებასა და დამუშავებაზე[27] გლეხებმა შეწყვიტეს გადასახადების გადახდა და უარი თქვეს მემამულეებთან მუშაობაზე.[28]

ბათუმის კონფერენციის გადაწყვეტილებით შეიქმნა „გურიის სოფლის მუშაკების კომიტეტი“, რომელიც სათავეში ჩაუდგა გლეხთა მოძრაობას.[29] დაარსებისთანავე გურიის კომიტეტმა მოიწვია გურიის სოფლის მუშაკთა I ყრილობა. ყრილობაზე შემუშავებულ იქნა ორგანიზაციული სტრუქტურა, რაიონებად დაყოფა და წრეების სისტემა, შექმნა გლეხთა კომიტეტები სოფლად, დაგმო ტერორი.[30] კომიტეტმა ღია შეკრებების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭა კონსპირაციულ მუშაობას. ამის გამო მოძრაობაში ჩართული ყველა აგიტატორ-პროპაგანდისტის გამოვლენა და ვინაობის დადგენა ხელისუფლებას უჭირდა. 1903 წლის აგვისტოში გუბერნატორი სმაგინი პოლიციის დეპარტამენტს ატყობინებდა, რომ ოზურგეთის მაზრაში გლეხთა გამოსვლებს ხელმძღვანელობდნენ ისიდორე და ნოე რამიშვილები, პარმენ ჭიჭინაძე და ბუდუ მდივანი.[31] 1903 წლიდანვე გურიაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებდა რსდმპ-ის მიერ ევროპაში გამოცეული გაზეთი „ისკრა“.[1]გურიის გლეხთა მოძრაობა რსდმპ II ყრილობაზე საკუთარ გამოსვლებში ახსენეს ნოე ჟორდანიამ და დიომიდე თოფურიძემ.[32]

1903 წლის რეპრესიები

რედაქტირება

გლეხთა გამოსვლებს სახელმწიფომ რეპრესიებით უპასუხა. მთავარმმართველ გოლიცინის გადაწყვეტილებით 1903 წლის 6 აგვისტოს ოზურგეთში ჩავიდა ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი კაზაკების ასეულით. ორი თვის განმავლობაში მიმდნარეობდა მოსახლეობის რეპრესიები.[25] 7 აგვისტოს სოფელ ნატანებში დააპატიმრეს 19 ადამიანი, 8 აგვისტოს სოფელ ნიგოითში დააპატიმრეს 20-მდე ადამიანი, ასევე ბევრი დააპატიმრეს სოფლებში სუფსა, ჩოჩხათი, ნიგოითი, მიქელგაბრიელი, ამაღლება, ხვარბეთი, ხიდისთავი და ა.შ. დაახლოებით 250 ადამიანი იქნა დაკავებული.[33] დაპატიმრებულებს შორის იყვნენ გრიგოლ ურატაძე, ნოე ხომერიკი, ნოე ჟორდანია და სილიბისტრო ჯიბლაძე. ურატაძეს სხვა 7 ადამიანთან ერთად მიუსაჯეს გადასახლება. ეს იყო პირველი სასჯელი გურიის გლეხთა მოძრაობის საქმეზე.[34]

მთავრობამ გლეხები სურების „ლომისკარელის“ წმინდა გიორგის ხატზე, რომელიც გურიის მოსახლეობის რწმენით სასწაულმოქმედი იყო, დააფიცა მთავრობის ერთგულებაზე.[35] ამის გამო რევოლუციონერებმა ბუკისციხის ეკლესიიდან გაიტაცეს ხატი.[36] შემოდგომაზე სმაგინმა ისევ მოიარა სოფლები, ამჯერად უკვე კაზაკების თანხმებით. მან მთელ გურიაში დაკეტა სასოფლო ბიბლიოთეკები, რადგან ისინი შფოთის კერებად მიიჩნია. შვიდ სასოფლო საზოგადოებაში გადააყენა არჩეული მამასახლისი და თავად დანიშნა მათი შემცვლელები, ყველა სასოფლო საზოგადოებაში ჩააყენა ეგზეკუცია 50-60 ჯარისკაცის შემადგენლობით გლეხთა ხარჯზე.[37] შეიცვალა რამდენიმე „სუსტი“ ბოქაული, გაიზარდა პოლიციის შტატი, მაზრის უფროსად ივან ლაზარენკოს ნაცვლად დაინიშნა სისასტიკით ცნობილი ივანე ჯაფარიძე.[38] ჯარისკაცები გლეხებს გადასახადებს ძალით ახდევვინებდნენ, ვინც უარს ამბობდა, სახლს და ქონებას უწვავდნენ, სასოფლო კანცელარიაში რამდენიმე დღით ამწყვდევდნენ მოთავეების გასაცემად, ხშირი იყო ქალების გაუპატიურება.[39]

რეპრესიებმა და ეგზეკუციებმა გლეხობას დაანახა მთავრობის მიერ მიკერძოება და მხარდაჭერა მემამულეებისა და ბატონებისადმი. ხალხმა სრულად დაკარგა პატივისცემა ადმინისტრაციისადმი.[5]

მოძრაობის აღმავლობა

რედაქტირება

1903 წლის შემოდგომაზე კომიტეტმა გადაწყვიტა ღიად გამოსულიყო სავალდებულო სამხედრო სამსახურის და ჯარში გაწვევის წინააღმდეგ. კომიტეტმა დაიწყო ძლიერი აგიტაცია წვევამდელ ახალგაზრდობას შორის, ხოლო 4 ნოემბერს ჩოხატაურში მოეწყო წვევამდელების დემონსტრაცია. 70-მა ახალგაზრდამ წითელი ბაირაღებით და შეძახილით „ძირს თვითმპყრობელობა“ ჩაიარეს სოფლის ცენტრში. ჩოხატაურის დემონსტრაციის გავლენით წვევამდელები ქუჩაში გამოვიდნენ ბათუმსა და სიღნაღშიც. ამ დემონსტრაციით აღინიშნა გურიაში რევოლუციური მოძრაობის ახალი პერიოდი.[40]

1904 წლის 13 იანვარს გურიის კომიტეტმა გამართა II ყრილობა, რომელზეც მიღებულ იქნა რსდმპ II ყრილობაზე მიღებული პარტიის პროგრამული და ორგანიზაციული დოკუმენტები. ამ მომენტიდან გურიის კომიტეტი შევიდა რსდმპ-ის შემადგენლობაში.[41] სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის გავრცელების მიზნით მთისპირში მოეწყო არალეგალური სტამბა, რომელმაც 1907 წლის 17 ივნისამდე იმუშავა. სტამბას სევასტი თალაკვაძე ხელმძღვანელობდა. ყრილობის შედეგად დაიგეგმა შემდეგი პროგრამა 1) სამთავრობო დაწესებულებების, ჩინოვნიკების და სამღვდელოების ბოიკოტი 2) გადასახადების და დრამის ფულის გადახდაზე, ასევე სახელმწიფო, საბატონო და საეკლესიო მოვალეობების შესრულებაზე უარი 3) მემამულეების და სახაზინო მიწების რევოლუციური დაკავება.[42] ამით ბოიკოტი გავრცელდა სახელმწიფო დაწესებულებებსა და ეკლესიაზე. მემამულეები იძულებული გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ. სუფსაში, ნიგოითში და სხვაგან მემამულეები დათანხმდნენ გლეხების მიერ მიწის დამუშავების კომიტეტის მიერ დადგენილ პირობებს. პოლიცია ვეღარ ბედავდა ჩარევას.[43] თებერვლიდან რუსეთ-იაპონიის ომის გამო ხელისუფლებას აღარ ეცალა გურიის ერთიანად განადგურებისთვის. პოლიცია ცალკეულ შემთხვევებში ჩუმად უსაფრდებოდა და თავს ესხმოდა უიარაღოდ მყოფ ინდივიდებს. 20 აპრილს ლანჩხუთში ასეთი ჩასაფრების დროს მოკლეს მოძრაობის ორი წევრი. ამას მოჰყვა ხალხმრავალი საპროტესტო მიტინგი და მიტინგის 14 მონაწილის დაპატიმრება.[44]

1904 წლის 1 მაისს მოეწყო საპირველმაისო შეიარაღებული დემონსტრაციები, რომლებიც ზოგ ადგილზე, მაგალითად, ლანჩხუთში, გრანდიოზული იყო.[45] პირველ მაისს ორი 400-კაციანი კოლონა სურებიდან და ხიდისთავიდან დაიძრა ჩოხატაურისკენ. ჩაფრებმა სოფელ ჯვარცხმაში ცეცხლი გაუხსნეს ხიდისთავიდან მიმავალ დემონსტრანტებს, მოკლეს ერთი და სასიკვდილოდ დაჭრეს ერთი გლეხი.[46] ჩასაფრების მეთაური – ჩოხატაურის ბოქაული ელჩიბეგოვი – 1905 წელს ქუთაისში მოკლა ბესარიონ ჟღენტმა.[47] პირველი მაისის დემონსტრაციის შემდეგ ხელისუფლებამ დასმენების გზით დააპატიმრა 25 ადამიანი. საპასუხოდ მოკლულ იქნა 12 ჯაშუში.[48] 1 მაისის დემონსტრაციამ გამოაჩინა გურიის მოძრაობაში შეიარაღების ნაკლებობის პრობლემა.

 
გენერალი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი

ზაფხულისთვის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციის მუშაობა, ფაქტობრივად, ჩავარდნილი იყო. მაზრას ფაქტობრივად გურიის კომიტეტი მართავდა. ნოემბერში, გაწვევის დროს, მოეწყო გაწვევის საწინააღმდეგო მიტინგები და დემონსტრაციები, რომელბშიც 300-დან 4000 ადამიანამდე მონაწილეობდა. გლეხები უარს აცხადებდნენ წვევამდელების ჩაბარებაზე, ხდებოდა შეტაკებები კაზაკებთან და პოლიციასთან. 1904 წლის ბოლოს რსდმპ-ის ცენტრალური კომიტეტის დავალებით ბათუმში ჩავიდა რუსი რევოლუციონერი ვიქტორ ტარატუტა, რომელიც გაოცებული აღწერდა ბათუმსა და გურიაში არსებულ სიტუაციას, სადაც ფაქტობრივად ხელისუფლება რევოლუციურ კომიტეტს ჰქონდა აღებული.[49]

გურიის მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა 1905 წლის დამდეგს, სანქტ-პეტერბურგში მომხდარი სისხლიანი კვირის შემდეგ. სოფლებიდან აძევებდნენ თანამდებობის პირებს, წვავდნენ სასოფლო კანცელარიების დოკუმენტებს და ზოგჯერ შენობებსაც.[50] მოძრაობაში ჩაბმული ადამიანები სწავლობდნენ სამხედრო საქმეს, ემზადებოდნენ შეიარაღებული აჯანყებისთვის, იარაღის მოსაპოვებლად თავს ესხმოდნენ ჩაფრებს.[51] 3 თებერვალს ოზურგეთში უნდა შესდგომოდა საქმეების განხილვას ქუთაისის ოლქის სასამართლოს სესია. მაგრამ მაზრის ადმინისტრაციამ აცნობა სასამართლოს, რომ ქალაქში შესვლა საშიში იყო. მაზრის პოლიციის 8 ოფიცრიდან 1 რევოლუციონერებმა მოკლეს, ერთი დაჭრეს, 2 გაიქცა და 4 გადადგა რევოლუციონერების შიშით. სამსახურიდან წავიდა სუფსის ბოქაული ქავთარაძე. 3 თებერვალს თავს დაესხნენ სხვა ბოქაულის სახლს და 35 ტყვია ესროლეს. ქალაქ ოზურგეთში ორი დარაჯი მოკლეს და ბერდანა თოფები წაიღეს. ბათუმის კომიტეტის გადაწყვეტილებით გურიის კომიტეტის დაქვემდებარებაში გადავიდა ქვემო გურიაც, რომელიც ადმინისტრაციულად კინტრიშის უბნის სახით შედიოდა ბათუმის ოლქში[52].

გურიაში სადამსჯელო მიზნით გაიგზავნა „რიონის რაზმი“. მის შემადგენლობაში შედიოდა ქვეითთა ერთი პოლკი, ქვეით კაზაკთა ერთი ბატალიონი, ცხენოსანი კაზაკების ერთი პოლკი და არტილერიის ორი ბატარეა; ჯამში 4 000 ადამიანზე მეტი. რაზმის ხელმძღვანელი იყო გენერალი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი. 16 თებერვალს თბილისში მთავარმმართველის მოვალეობის შემსრულებელ გენერალ იაკობ მალამას ქართული საზოგადოების დეპუტაციამ (თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი დავით მელიქიშვილი, ქუთაისის გუბერნიის მარშლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ნიჟარაძე, ბათუმის ქალაქისთავი ივანე ანდრონიკაშვილი, ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილე გრიგოლ გველესიანი, ჟურნალისტები ალექსანდრე ჯაბადარი და კ. ჯაფარიძე, ოზურგეთიდან ნიკოლოზ თავდგირიძე და მიხეილ თუმანიშვილი) და გურიაში ჯარის შეჩერება მოსთხოვა.[53] შეხვედრის შემდეგ ჯარი სადგურ ნატანებში შეჩერდა და მთავრობამ გადაწყვიტა გლეხებთან მოლაპარაკებაზე წასულიყო.[54]

მოლაპარაკებები

რედაქტირება

გლეხობასთან მოსალაპარაკებლად 18 თებერვალს გურიაში ჩავიდა მთავარმმართველის საბჭოს წევრი, სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი სულთან კრიმ-გირეი. იმავე დღეს ოზურგეთის მაზრასა და კინტრიშის უბანში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ხელისუფლებამ ნება დართო ოზურგეთის მაზრის მცხოვრებლებს, შეკრებილიყვნენ კრიმ-გირეისთან შეხვედრის მიზნით, არჩიათ დეპუტატები, რომელთა ხელშეუხებლობა იქნებოდა გარანტირებული, ასევე პრესას ამ მოვლენების გაშუქების ნება დართო.[55]

გურიის კომიტეტის გდაწყვეტილებით კრიმ-გირეის თან დაჰყვებოდა ადგილობრივი სიტუაციის მცდონე აპოლონ წულაძე.[56] კრიმ-გირეის თან ახლდნენ „ივერიის“, „ნოვოე ობოზრენიეს“, „კვალის“, „მოგზაურის“ კორესპონდენტები. გაზეთებში იბეჭდებოდა დაწვრილებითი ანგარიშები კრიმ-გირეის და გლეხთა შეხვედრების შესახებ. კრიმ-გირეიმ შეხვედრები დაიწყო 22 თებერვლიდან და შეხვდა იმ დროს არსებული 25 სასოფლო საზოგადოებიდან 12 საზოგადოების გლეხებს.[57]. კრიმ-გირეის დამცველად კაზაკების გარდა კომიტეტის მიერ დანიშნული წითელრაზმელებიც დაჰყვებოდნენ.

23 თებერვალს ჩატარდა შეხვედრა ბახვში, რომელსაც 500 ადამიანი ესწრებოდა. 25 თებერვალს – ასკანაში, შემდეგ ჯვარცხმაში, 28 თებერვალს – ჩოხატაურში. 1 მარტს გაიმართა ერკეთის შეხვედრა, რომელსაც 4000 კაცი და ქალი დაესწრო, 3 მარტს – სურებში, 5 მარტს ნანეიშვილისეულში, სადაც 2000 ადამიანი მონაწილეობდა. 7 მარტს ჩატარდა შეხვედრა ნიგოითში, ბოლო შეხვედრა ჩატარდა 8 მარტს ლანჩხუთში, სადაც შეხვედრას 4-5 ათასი ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრები აგრეთვე ჩატარდა შემოქმედსა და ხიდისთავში.

კრებებს არ ესწრებოდნენ მემამულეები, მღვდლები და ჩინოვნიკები.[58] ყველა კრებაზე გურიის კომიტეტს ხალხის დელეგატად დანიშნული ჰყავდა საკუთარი წევრები, მაგალითად შემოქმედში ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ხოლო ბახვში რაფიელ ჩიხლაძე.[59] ისინი კრიმ-გირეის ზეპირად გადასცემდნენ გლეხობის მოთხოვნებს. ევროპაში გამომავალმა ლენინის გაზეთმა „Вперёд“ ამ მოთხოვნებს ბახვის მანიფესტი უწოდა. გლეხობის მოთხოვნები ყველგან ერთი და იგივე იყო:[60]

  1. საეკლესიო და სამონასტრო მიწების კონფისკაცია და მათი გადაცემა მშრომელი ხალხის უსასყიდლო სარგებლობაში.
  2. მემამულეების და სახაზინო სანადელო მიწების გადაცემა გლეხობის სრულ განკარგულებაში უსასყიდლოდ, გლეხებისგან აკრეფილი გამოსასყიდების უკან დაბრუნება
  3. გლეხთა არჩევითი კომიტეტების შემოღება მიწის რეფორმის გასატარებლად. კომიტეტების არჩევნები უნდა იყოს საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული.
  4. ირიბი გადასახადების გაუქმება და პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღება, 500 რუბლზე ნაკლები შემოსავლის გათავისუფლება დაბეგვრისგან
  5. წოდებების გაუქმება და კანონის წინაშე სრული თანასწორობის შემოღება. გადაადგილების თავისუფლება და საპასპორტო სისტემის გაუქმება.
  6. თვითმმართველობის ორგანიზებაში მოსახლეობის სრული დამოუკიდებლობა სოფლებში, საზოგადოებებსა და ოკრუგებში
  7. სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლება, შეკრების, გაფიცვების და კავშირების თავისუფლება, სინდისის თავისუფლება
  8. პიროვნების და საცხოვრებლის ხელშეუხებლობა
  9. მოსამართლეების არჩევითობა და ჩინოვნიკების ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე
  10. მუდმივი არმიის გაუქმება და საყოველთაო შეიარაღების შემოღება
  11. ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევება, სამღვდელოების შენახვა მხოლოდ იმ პირების, კავშირების და საზოგადოებების მიერ, რომლებსაც სურთ სამღვდელოების მომსახურებით სარგებლობა
  12. საერო სკოლები. სამღვდელოების ჩამოცილება განათლების და ახალგაზრდობის აღზრდისგან
  13. 16 წლის ასაკამდე ორივე სქესის ბავშვებისთვის სავალდებულო, საყოველთაო და უფასო განათლება.
  14. დამფუძნებელი კრების მოწვევას საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე, სქესის, ეროვნების და სარწმუნოების განურჩევლად
  15. პოლიტკურ საქმეებზე დაპატიმრებულების და გადასახლებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება

კრიმ-გირეიმ შეადგინა შუამდგომლობა ახალდანიშნულ მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვისადმი, სადაც ასახა მხოლოდ ოთხი საკითხი: 1) მამასახლისების ხალხის მიერ არჩევითობა 2) მათავრობის გადაწყვეტილებით დახურული 12 ბიბლიოთეკის გახსნა 3) ადმინისტრაციული წესით გადასახლებულების დაბრუნება 4) გურიიდან ჯარის გაყვანა. ვორონცოვ-დაშკოვი დაეთანხმა მხოლოდ ორ პუნქტს: ეს იყო ბიბლიოთეკების გახსნა და ხელისუფლების მიერ დანიშნული მამასახლისების გადაყენება.[61] ეს ორი მოთხოვნა კი გურიის მოძრაობას უკვე დე-ფაქტო დამოუკიდებლად ჰქონდა დაკმაყოფილებული[62] ხელისუფლება მალე დარწმუნდა, რომ მცირე დათმობებით გლეხებს ვერ დააკმაყოფილებდა. მას აგრეთვე აწუხებდა კრიმ-გირეისთან გლეხების შეხვედრების პრესით გაშუქება, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მოძრაობას.[63] ხელისუფლებამ 8 მარტს კრიმ-გირეი უკან გაიწვია.

1905 წლის მარტი - ივლისი

რედაქტირება

10 მარტს ალიხანოვ-ავარსკის კორპუსი შევიდა ოზურგეთში.[64] არსებობდა გადაჭარბებული ჭორები გურიის შეიარაღებული ძალების შესახებ.[65] „ვპერიოდის“ 1905 წლის 23 მარტის ნომერში ეწერა, რომ ოზურგეთის მაზრა მზადაა რევოლუციისთვის და მას შეუძლია 15 000 შეიარაღებული პირის გამოყვანა. ამიტომ ხელისუფლება ერიდებოდა შეიარაღებულ კონფრონტაციას და ალიხანოვ-ავარსკის მიეცა მითითება, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიეღო რეპრესიული ზომები.[66] მარტში დააპატიმრეს ექვსი ადამიანი, მათ შორის თედორე კიკვაძე და ალექსანდრე წუწუნავა. მათ მისაჯათ გადასახლება, მაგრამ გათავისუფლებულ იქნენ მეფისნაცვლის ამნისტიით.[67] ხელისუფლების ორგანოებს ფუნქციონირება ფაქტიურად მაინც შეწყვეტილი ჰქონდათ და რეალურად ძალაუფლებას ფლობდა გურიის კომიტეტი, რომელიც მშვიდობიანად და თვითმმართველობის პრიციპით ახორციელებდა ხელისუფლების ფუნქციებს.

მარტში გაიმართა გურიის პარტიული მუშაკების III ყრილობა, რომელზეც საბოლოოდ ჩამოყალიბდა მოძრაობის სტრუქტურა. რსდმპ III ყრილობაზე, რომელიც აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში გაიმართა, მიხა ცხაკაიამ წარადგინა გურიის ამბები და ლენინმა მაღალი შეფასება მისცა მას. 1 მაისს სოფლებში ჩატარდა მასობრივი დემონსტრაციები, რომლებშიც 82 000 ადამიანი მონაწილეობდა.[68] 10-12 მაისს გაიმართა გურიის პარტიული მუშაკების IV ყრილობა.

პროკლამაციებმა და რევოლუციურმა განწყობებმა ჯარში დაიწყო შეღწევა. გურიის ფარგლებში რკინიგზის ყველა სადგურზე მოეწყო ჯარისკაცთა წრეები, რომლებსაც თვეში რამდენჯერმე მოინახულებდა პროპაგანდისტი-აგიტატორი, საუბრობდა და ავრცელებდა ლიტერატურას.[69] 1 აგვისტოს ქუთაისის გუბერნატორად დაინიშნა ლიბერალი აგრონომი ვლადიმირ სტაროსელსკი, ხოლო მის მოადგილედ ალექსანდრე ყიფშიძე. სტაროსელსკის დაევალა მიწის რეფორმის გატარება გუბერნიაში. სტაროსელსკის დანიშვნა ნიშნავდა მთავრობის მიერ რბილი ხაზის გატარებას და დათმობებს, მაგრამ ამან გლეხთა მოძრაობა ვერ შეაჩერა.[70] სტაროსელსკი ითხოვდა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას და ოზურგეთის მაზრიდან ჯარის გაყვანას. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე რევოლუციური აგიტაციის და პროტესტის ზრდის გამო მეფის მთავრობა იძულებული გახდა გაეყვანა „რიონის რაზმი“. მის ნაცვლად ოზურგეთში ჩაყენებულ იქნა პლასტუნების მცირე გარნიზონი.

მიტინგები და პოლიტიკური დებატები

რედაქტირება
 
ადგილი შუა ფარცხმაში სადაც ცაცხვის ხის ქვეშ იმართებოდა პოლიტიკური შეკრებები

6 აგვისტოს ნიკოლოზ II-მ გამოსცა შინაგან საქმეთა მინისტრის ა. ბულიგინის მიერ მომზადებული აგვისტოს მანიფესტი, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო სათათბიროს მოწვევას სათათბირო უფლებით. 15 აგვისტოდან გურიის კომიტეტმა დაიწყო მანიფესტის საწინააღმდეგო მასობრივი კამპანია მიტინგების სახით.[71] მიტინგებზე, რომლებსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა, კომიტეტი ხალხს აცნობდა მანიფესტს, მის ნაკლოვანებებს და დამფუძნებელი კრების მოწვევის მოთხოვნას.

კრებებზე ხალხის მხარდაჭერის მიღებას ასევე ცდილობდნენ ესერების და სოციალისტ-ფედერალისტების პარტიებიც, მაგრამ ძალისხმევის მიუხედავად მათ არ გამოსდიოდათ გურულების ნდობის მოპოვება. მათ ეძახდნენ „კლერიკალებს“, „ავტონომისტებს“ და საკმაოდ უკმაყოფილოდ ხვდებონენ.[72] „ფედერალისტი“ სალანძღავი სიტყვა იყო.

ამ მიტინგებზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა პაექრობა და კამათი მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის. ძირითადი სადავო საკითხი იყო დამოკიდებულება შეიარაღებული აჯანყებისადმი და 5 აგვისტოს მანიფესტისადმი. ორ ფრაქციას შორის ბრძოლაში გურიაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ მენშევიკებს. დავას არ იწვევდა ეროვნული საკითხი, რომლის შესახებ ორივე ფრაქციას ერთი ჰქონდა[73]

მიტინგები გაიმართა შუა ფარცხმაში, სადაც 3000 ადამიანი შეიკრიბა. კრებაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მენშევიკებს.[74] შემდეგ დღეს გაიმართა იანეულში, სკოლის ეზოში.[74] იანეულის კრებას, რომელსაც 1000 ადამიანი ესწრებოდა, ასევე ესწრებოდა ნიკო მარი. ნიკო მარს უარყოფითი შეხედულება ჰქონდა სოციალ-დემოკრატიაზე, მაგრამ მოიხიბლა რევოლუციონერთა ორგანიზებულობით.[75]

უმცირესობაში მყოფმა ბოლშევიკებმა ცალკე კრება გამართეს ხიდისთავში.[76] 5 აგვისტოს შედგა დიდი კრება ვაკიჯვარში, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრო. აგრეთვე დიდი მიტინგი გაიმართა ჩოხატაურში, რომელზეც 7-8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 15 აგვისტოს გაიმართა მიტინგები დვაბზუსა და ბახვში. 21 აგვისტოს გაიმართა 7-ათასიანი მიტინგი საყვავისტყეში, რომელიც ჩოხატაურში დემონსტრაციაში გადაიზარდა.[77] 26 აგვისტოს მიტინგი გაიმართა მაკვანეთში, 27 აგვისტოს – ნიგოითსა და ლანჩხუთში. ყველაზე დიდი მიტინგი გაიმართა წიფნარში, სადაც 7000 ადამიანი შეიკრიბა. კრება გადაიზარდა დემონსტრაციაში, რომელმაც 7 ვერსი გაიარა თოფის სროლითა და მარსელიეზას სიმღერით.[78] ასეთივე კრება გაიმართა შემოქმედში.[79] მიტინგები გაგრძელდა სექტემბრის ბოლომდე.

„რიონის რაზმს“ 25 აგვისტოს დაევალა ისევ შესვლა ოზურგეთის მაზრაში, მაგრამ რკინიგზაზე კონტროლი უკვე რევოლუციონერებს ჰქონდათ დამყარებული.

აჯანყება

რედაქტირება

აჯანყებისთვის საჭირო იყო დიდძალი იარაღი. სამხედრო-შეიარაღებული აჯანყების მომხარეებმა მოაწყვეს დემონსტრაციები რევოლუციური ძალების დათვალიერების მიზნით ლანჩხუთში, ნიგოითში, ჩიბათში, სუფსაში.[80] მასობრივი ხასიათი მიიღო სტრაჟნიკებსა და კაზაკებზე თავდასხმებმა და მათთვის იარაღის წართმევამ.[81] 1905 წლის 29 აგვისტოს არქივის შენობიდან მოიპარეს რვა ბერდანა.[82] 9 სექტემბერს ლანჩხუთში თავს დაესხნენ ჩაფრებს.[83] 19 სექტემბერს ნიგოითის რკინიგზის სადგურის დარაჯს წაართვეს რევოლვერი და პატრონები.

11 ოქტომბერს, დილით, ასამდე რევოლუციონერი თავს დაესხა ბათუმიდან მიმავალ მატარებელ სუფსისა და ჯუმათის სადგურებს შორის და გაიტაცეს 5 ყუთი რევოლვერი.[84] 12 ოქტომბერს მათ სადგურ ნატანებსა და სუფსას შორის აყარეს ლიანდაგი და მოაწყვეს შეიარაღებული თავდასხმა, რომლის შედეგად მოიპოვეს 8 შაშხანა. ათი წითელრაზმელი, გრიგოლ დუმბაძის მეთაურობით, ოზურგეთში თავს დაესხა მძინარე სტრაჟნიკებს და გაიტაცა 26 ბერდანა, ხანჯლები და ვაზნები.

ნასაკირალის ბრძოლა

რედაქტირება
 
ობელისკი ნასაკირალის ბრძოლის ადგილას

14 ოქტომბერს მთელი იმპერიის მასშტაბით დაიწყო საყოველთაო გაფიცვა. გურიაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო 16 ოქტომბერს. 18 ოქტომბერს სუფსასთან ახლოს გურულებმა სროლა აუტეხეს ჯარის ნაწილს, მოკლეს ორი და დაჭრეს ერთი კაზაკი. შემდეგ დღეს განაიარაღეს სუფსის სადარაჯო სადგური, სხვა უბნიდან გაიტაცეს ექვსი შაშხანა. 22 ოქტომბერს აჯანყებულები შეიჭრნენ ლანჩხუთის პოლიციაში და გაიტაცეს იარაღი.[85]

16 ოქტომბერს, ჩოხატაურში აჯანყებულები თავს დაესხნენ პოლიციელთა საგუშაგოს და ფოსტის განყოფილებას. მოკლეს ორი, დაჭრეს ერთი და დაატყვევეს რამდენიმე კაცი, მათ შორის პოლიციის ბოქაული გაგუა. აგრეთვე წაიღეს იარაღი – 10 ბერდანა, 12 შაშხანა, 2 რევოლვერი, ტყვია-წამალი და სხვა.[81] ამ თავდასხმამ ძლიერ შეაშფოთა მაზრის ადმინისტრაცია. მაზრის უფროსმა ივან ლაზარენკომ ბათუმიდან დახმარების სახით მოითხოვა 100 ცხენოსანი კაზაკი და სამთო ქვემეხები. თავად კი 18 ოქტომბერს 113 კაზაკისა და 16 ცხენოსანი პოლიციელის თანხლებით გაემართა ოზურგეთიდან ჩოხატაურში წესრიგის დასამყარებლად.[86] ლაზარენკოს ჩოხატაური დაცლილი დახვდა, უკაცრიელ ჩოხატაურში მან 2 დღე გაატარა. ბოქაული აჯანყებულებს სურებში ჰყავდათ დამალული, სურებში წასვლისა კი ლაზარენკოს შეეშინდა.[87] ხალხში გავრცელდა ხმა, რომ ლაზარენკო გურიის განადგურებას აპირებდა. დაიწყო გლეხთა რაზმების შეკრება.[88]ლაზარენკოსთვის ჩასაფრების წინააღმდეგი იყო ჩხიკვიშვილი, მაგრამ კომიტეტმა ხმების უმრავლესობით გადაწყვიტა ბრძოლის გამართვა.

ჩოხატაურიდან უკან დაბრუნებულ ლაზარენკოს რაზმს აჯანყებულებმა გზა ნასაკირალის უღელტეხილზე გადაუღობეს. ბრძოლა გაიმართა 20 ოქტომბერს გვიან საღამოს. ბრძოლაში ძირითადად დვაბზუსა და ბახვის სასოფლო საზოგადოებები მონაწილეობდნენ. აჯანყებულებიდან მხოლოდ 30-მდე კაცი იყო კარგად შეიარაღებული.[89] ბრძოლას ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ნესტორ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ბრძოლაში გლეხებმა მოკლეს 10, დაჭრეს 14 და ტყვედ აიყვანეს 6 კაზაკი, ასევე ხელში ჩაიგდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ცხენები. აჯანყებულებს მოუკლეს ერთი კაცი და ორი დაჭრეს.[90]

დვაბზუს გადაწვა

რედაქტირება

21 ოქტომბერს ნოე რამიშვილმა ბენია ჩხიკვიშვილს შეატყობინა 17 ოქტომბრის მანიფესტის შესახებ. აჯანყებულებმა უარყოფითად მიიღეს მანიფესტი, თუმცა შეწყვიტეს ბრძოლა და ლაზარენკოს რაზმს გავლის საშუალება მისცეს. 22 ოქტომბერს ოზურგეთის გარნიზონი, 150-მდე პლასტუნი ნასაკირალისკენ გაეშურა, შეუერთდა ლაზარენკოს რაზმს და შეერთებული ძალით ოზურგეთისაკენ დაბრუნდნენ. უკან დაბრუნებულებმა დვაბზუდან ოზურგეთამდე გადაწვეს 46 ოჯახი და 90-მდე შენობა, მათ შორის დვაბზუს სოფლის კანცელარია, სკოლა და ამხანაგობა „შუამავალი“. მოსახლეობას 100 ათას მანეთზე მეტის ზიანი მიადგა.[91] 23 ოქტომბერს აჯანყებულებმა ხელისუფლებას ჩააბარეს 8 ტყვე და 2 მოკლულის გვამი.[92]

გურიისთვის მიყენებულმა ზარალმა 100000 მანეთს გადააჭარბა.[2] 12 ნოემბერს შეიქმნა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ილია ნაკაშიძე, ნინო ნაკაშიძე, ერმილე ნაკაშიძე, გიორგი ჭოღოშვილი და სხვები[93] 16 ნოემბერს შეიქმნა დახმარების ფონდი თბილისში, რომლის აღმასრულებელ კომიტეტში შედიოდნენ იაკობ გოგებაშვილი, ვასილ რცხილაძე, ივანე დურგლიშვილი და ვასილ ყიფიანი.[2] მსგავსი დამხმარე კომიტეტები იქმნებოდა მაზრებშიც. ხელისუფლებას ეშინოდა ასეთი კომიტეტებისა. 1905 წლის 20 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ სახაზინო თეატრში დადგა სევილიელი დალაქი“, შემოსავალი კი გურულების დახმარების ფონდში გადარიცხა.[2] დაზარალებულთა დასახმარებლად თანხას აგროვებდნენ გაზეთების რედაქციები, საზოგადოებრივი დაწესებულებები, მოქალაქეები, სასტუმროების და სასადილოების თანამშრომლები, გარემოვაჭრეები, ქარხნების მუშები, რკინიგზის მუშები, სასულიერო პირები, ტფილისის და ბათუმის საქალაქო საბჭოები.[2]

რესპუბლიკის კულმინაცია

რედაქტირება

აჯანყებულებმა აყარეს რკინიგზის ხაზები და შეწყდა მატარებლების მოძრაობა, ჩაჭრეს სატელეფონო და სატელეგრაფო კავშირები, ააფეთქეს 7 ხიდი.[94] სადგურ ნატანებში მოხდა შეტაკება კაზაკების რაზმთან. წითელრაზმელებმა მოკლეს 8 კაზაკი და ხელთ იგდეს მათი თოფები. დანარჩენი კაზაკები ამის შემდეგ აღარ აქტიურობდნენ.[95] გურიაში შესვლა შესაძლებელი იყო კომიტეტის ბეჭდიანი საშვით.

28 ოქტომბერს გურიაში ჩავიდა ქუთაისის გუბერნატორი სტაროსელსკი. მას ასევე მოუწია, რომ კომიტეტის საშვით და კომიტეტის მიერ დანიშნული დაცვით გადაადგილებულიყო.[96] სტაროსელსკი ხალხმა კარგად მიიღო.[97] ის გურიაში დარჩა ოთხი დღის განმავლობაში, დაესწრო კრებებს ჩოხატაურში, ხიდისთავსა და ოზურგეთში. მან მოუწოდა მოსახლეობას უარი ეთქვათ იარაღით ბრძოლაზე და ემოქმედათ „ოქტომბრის მანიფესტის“ მიხედვით.[98]

მეფისნაცვალი ისევ აპირებდა ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი გურიაში გაგზავნას. ფიოდორ გრიაზნოვმა მისცა ინსტრუქცია ალიხანოვ-ავარსკის, რომ სადგურ ნატანებიდან ოზურგეთამდე 7 ვერსის რადიუსში სოფლები გადაეწვა და ხალხი დაეპატიმრებინა.[99] მეფისნაცვლის წინაშე წარსდგა არაერთი დელეგაცია, რომელიც ითხოვდა დამსჯელი რაზმის უკან გამოწვევას.[100] მათ შორის ერთ-ერთი იყო ივრის ხეობის გლეხების დელეგაცია იოსებ იმედაშვილის მეთაურობით. ნაძალადევში გაიმართა გურულების მხარდამჭერი 3000-კაციანი მიტინგი. ალიხანოვ-ავარსკი უკვე დაძრული იყო გურიისკენ, მაგრამ მან მხოლოდ სამტრედიის სადგურამდე მიაღწია, რადგან შემდეგ გზა გაფუჭებული იყო. 2 ნოემბერს ხელისუფლებამ შეაჩერა დამსჯელი რაზმის წინსვლა, რადგან სტაროსელსკიმ ვორონცოვ-დაშკოვს აცნობა, რომ მაზრაში სიმშვიდე იყო და ინციდენტი გამოწვეული იყო მაზრის უფროსის უტაქტობით. ხელისუფლებამ ოზურგეთიდან გაიყვანა პლასტუნების ის შენაერთიც, რომელიც იქ აგვისტოდან იდგა.[101]

15-17 ნოემბერს ბახვში გაიმართა გურიის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციათა კონგრესი. კონგრესში მონაწილეობდა 102 დელეგატი ხმის და 50 სათათბირო ხმის უფლებით.კონგრესმა იმსჯელა ოქტომბრის მანიფესტის და ბოიკოტის მოხსნის შესახებ.[102] 16 ნოემბერს ოზურგეთში ჩავიდა ვიცე-გუბერნატორი ყიფშიძე. ისიც მოუწოდებდა ადგილობრივებს ოქტომბრის მანიფესტისთვის დამორჩილებისკენ. გურულები არ დამორჩილდნენ არც სტაროსელსკის, არც ყიფშიძის მოწოდებებს, რამდენადაც მათ პრაქტიკულად უფრო მეტი ჰქონდათ მოპოვებული, ვიდრე ეს ოქტომბრის მანიფესტში იყო მოცემული.[103]

ნოემბრის ბოლოს ქალაქ ოზურგეთში ორგანიზებულ იქნა დიდი ყრილობა. მისი გადაწყვეტილებით დაშლილ იქნა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და ჩატარდა გურიის დროებითი პარლამენტის არჩევნები. ოზურგეთის ქალაქისთავად ვასილ ხუნდაძის ნაცვლად არჩეულ იქნა მიხაკო ახალაძე.[104], გურიის პარლამენტის პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი იქნა არჩეული.[105]

დეკემბერში დაიწყო საერთო აჯანყება. სარკინიგზო გაფიცვამ გააჩერა ყველანაირი მოძრაობა კავკასიის გზებზე. მატარებლები დაიშვებოდნენ მხოლოდ საგაფიცვო კომიტეტების ნებართვით.[106] 20 დეკემბერს გურიის წითელი რაზმი მატარებლით დაიძრა თბილისისკენ აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად. სამტრედიაში მატარებელი შეივსო მეგრელი და იმერელი აჯანყებულებით. 1 იანვარს წითელი რაზმი თავს დაესხა ყვირილას გარნიზონს და განაიარაღა ის.[106] რიკოთის უღელტეხილის დაკავების შემდეგ წითელი რაზმი დასავლეთ საქართველოში მატარებელი გადაადგილდებოდა მხოლოდ რევოლუციონერების ნებართვით. სადგურ მარელისში მატარებელმა მიიღო ცნობა თბილისში აჯანყების დამარცხების შესახებ. მატარებელი დაბრუნდა უკან, გურიაში გასამაგრებლად.[107]

დამარცხება

რედაქტირება

1906 წლის 5 იანვარს ვორონცოვ-დაშკოვმა გადააყენა გუბერნატორი სტაროსელსკი და მის ნაცვლად დანიშნა ალიხანოვ-ავარსკი. ქუთაისის გუბერნიაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ბათუმიდან გამოძახებულ იქნა პოლკოვნიკი კონსტანტინე კრილოვი. კრილოვის განკარგულებაში იყო პლასტუნების ერთი ბატალიონი, ხერსონის 130-ე ქვეითი პოლკის ორი ბატალიონი და სწრაფმსროლელი ქვემეხები.[108] გურიის კომიტეტმა დაბლაციხეში დიმიტრი შარაშიძის სკოლაში გამართა სხდომა იმის შესახებ, გაეწიათ თუ არა წინააღმდეგობა კრილოვისთვის. სხდომამ მხარი დაუჭირა ბრძოლის გაგრძელებას[109] ასეთივე სხდომები ჩატარდა ოზურგეთსა და შუხუთშ, სადაც საბოლოოდ გადაწყდა წინააღმდეგობის არ გაწევა.[110]

9 იანვარს სისხლიანი კვირის წლისთავზე ოზურგეთში გაიმართა დიდი დემონსტრაცია, რომელშიც 10 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შეკრებილებმა მოიარეს ქალაქის ცენტრი დროშებით და „მარსელიეზას“ სიმღერით. სიტყვით გამოვიდა ბენია ჩხიკვიშვილი.[111]

10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ჯარი უკვე სადგურ ნატანებში იყო. 11 იანვარს კრილოვმა დაარბია და გადაწვა ნატანები და დაიძრა ოზურგეთისკენ.[112] კრილოვთან გაემგზავრა დეპუტაცია, რომელმაც ითხოვა პატიება გურულებისთვის. კრილოვი მათ პატიებას დაპირდა და დეპუტაციას აღუთქვა, რომ მშვიდობიანი გზებით იმოქმედებდა. კრილოვმა დეპუტაციას გააცნო მოთხოვნები: 1) აგიტატორების გაცემა, 2) დამალული დეზერტირი ჯარისკაცების გაცემა, 3) გასული და მიმდინარე წლების გადასახადების გადახდა, 4) იარაღის (3 ათასი შაშხანა და რევოლვერი პატრონებით) ჩაბარება და 5) ჯარისკაცთა გაწვევა.[113]

მიუხედავად დაპირებისა, გზად კრილოვის ჯარი წვავდა სოფლებს, აპატიმრებდა გლეხებს, იტაცებდა ნივთებს, აუპატიურებდა ქალებს.[114] 12 იანვარს კრილოვი ოზურგეთში შევიდა და დაპირების მიუხედავად ქალაქი გადაწვა. მოსახლეობის ნაწილი მთებში გაიხიზნა. ამის შემდეგ სასოფლო საზოგადოებების წარმომადგენლები შეხვდნენ კრილოვს. კრილოვის მოთხოვნები იგივე იყო. მაზრის დატოვება მხოლოდ სპეციალური საბუთით გახდა შესაძლებელი.[115] დაპატიმრების შიშის კომიტეტის გადაწყვეტილებით გამო გურიას გაერიდნენ რევოლუციის შედარებით ცნობილი ლიდერები, ყველაზე ბოლოს გურია დატოვეს გრიგოლ ურატაძემ და გერასიმე მახარაძემ.[116] ადგილზე დარჩა მხოლოდ ჩხიკვიშვილი[117]

17 იანვარს ლანჩხუთში კრილოვს მისცეს მოთხოვნების შესრულების პირობა. 31 იანვარს კრილოვმა გადაწვა ჩოხატაური.[118] იანვრის ბოლოს მთავრობის ერთგულებაზე ფიცი დადებული ჰქონდა 25-დან 6 საზოგადოებას.[119] თებერვალში გურიაში მთავრობას მობილიზებული ჰყავდა 20 ბატალიონი, კაზაკების ესკადრონი და 26 ქვემეხი. კრილოვმა გადაწვა ნაგომარი, ლანჩხუთი, აკეთი, აცანა, დაბლაციხე და ფარცხმა. მან დაიბარა სოფლების მამასახლისები და მწერლები და აიძულა ხელი მოეწერათ განცხადებაზე, თითქოს სახლებსა და შენობებს ადგილობრივი მოსახლეობა წვავდა და არა სადამსჯელო რაზმი.[120]

18 თებერვალს აკეთში კაზაკთა პატრულმა დააპატიმრა ბენიამინ ჩხიკვიშვილი.[121] 11 მარტს კრილოვმა მეორედ, ამჯერად კიდევ უფრო საფუძვლიანად, დაარბია და გადაწვა ხიდისთავი.[122] 23 მარტს მან 300 ჯარისკაცით და ქვემეხებით დაარბია და გადაწვა სურები.[123] მარტის შუა რიცხვებისთვის გურიის მოძრაობა სრულიად განადგურებული იყო. გადაწვეს ასობით შენობა, გადაასახლეს დაახლოებით 300 ადამიანი. ადგილზე მოკლულების რიცხვი უცნობია.

კრილოვის შემდეგ ოზურგეთის მაზრის უფროსად დაინიშნა პოლკოვნიკი ივანე ტოლმაჩოვი. გურიაში რევოლუციური განწყობები ხელისუფლებამ მარტივად ვერ ჩააცხრო. 1906 წლის აპრილში რსდმპ-ს გურიაში მხოლოდ 800 წევრი ითვლებოდა, სექტემბერში უკვე 1800, ხოლო 1907 წლის თებერვალში – 7000.[124] 1906 წლის განმავლობაში მაზრაში გამოწერილ იქნა 80 000 რუბლის ჯარიმა, დაიწვა 381 სახლი და 400 მაღაზია. 1906 წლის აგვისტოში შეიქმნა სამხედრო სასამართლოები; რომლებმაც გამოიტანეს განაჩენები 73 სიკვდილით დასჯა, 62 კატორღა და 4 გადასახლება. 1907 წლის ბოლოს მთავრობას მოუწია გურიის სპეციალურ საგენერალ-გუბერნატოროდ გამოყოფა და რეპრესიების გაძლიერება, რათა საბოლოოდ დაემხო გურიის მოძრაობა.[125]

რესპუბლიკა

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც გურიის კომიტეტმა დე-ფაქტო საკუთარ თავზე აიღო ხელისუფლების ფუნქციების განხორციელება, მან გაატარა მშვიდობიანი გარდაქმნები და რეფორმები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თვითმმართველობის და თვითორგანიზების მეშვეობით. კომიტეტმა დააწესა სიტყვის და სარწმუნოების თავისუფლება[126] კომიტეტის თანხმობით შეწყდა ჯარში გაწვევა.[127] გაუქმდა წოდებრივი პრივილეგიები და თავადაზნაურობას დაევალა გლეხობასთან ერთად მიეღო მონაწილეობა საერობო ბეგარაში.[128] აღარ იყენებდნენ სიტყვას „გლეხი“, რომლის ნაცვლად დაამკვიდრეს სიტყვა „მოქალაქე“. კრებებზე ხმის უფლებით აქტიურად მონაწილოებდნენ ქალები.[129]

ორგანიზაციული სტრუქტურა

რედაქტირება

გურიის კომიტეტმა სოფლებში შეიქმნა წრეების, ათისთავების და ასისთავების სისტემა.[130] პირველადი უჯრედი იყო წრე, რომელიც შედგებოდა 10 ან მეტი ადამიანისგან. ყველა წრე ირჩევდა ათისთავს. ათისთავები ირჩევდნენ ასისთავს, ხოლო ერთი სოფლის ასისთავები ირჩევნდნენ სოფლის წარმომადგენელს. ასისთავები და სოფლის წარმომადგენლები ირჩევდნენ სასოფლო საზოგადოების წარმომადგენელს. ეს უკანასკნელნი სოფლის წარმომადგენლებთან ერთად ირჩევდნენ რაიონის წარმომადგენელს.[131] მაზრა დაყოფილი იყო 5 რაიონად, 1905 წლის მარტიდან კი რაიონების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.[132] ეს რაიონები იყო ოზურგეთის, ბახვის, ხიდისთავის, ჩოხატაურის, ნიგოითის, ლანჩხუთისა და სუფსის.[133] რაიონული წარმომადგენლები ერთიანდებოდნენ კომიტეტში, რომელიც მოძრაობის უმაღლესი ინსტანცია იყო.[134] კომიტეტი აგროვებდა საწევროს — აბაზს და „თოფის ფულს“ — 2 მანეთს. კონსპირაციის მიზნითვე კომიტეტი არ იკრიბებოდა მაზრის ცენტრში, ოზურგეთში. ყველაზე ხშირად კრებები ტარდებოდა დაბლაციხეში, შარაშიძის სკოლის ეზოში და ხიდისთავში, ბერეჟიანების სახლში.[135].

სამხედრო რაზმი

რედაქტირება

კომიტეტს ოზურგეთში, ნოე ჩიგოგიძის ბინაში შექმნილი ჰქონდა სამხედრო შტაბი. შტაბი დაკავებული იყო იარაღის მოპოვებით, მებრძოლების სამხედრო მომზადებით, მათი ორგანიზებით და ა.შ.[134] არსებობდა შეიარაღებული რაზმი, რომელსაც ჯერ ეწოდებოდა მოწინავე რაზმი, ხოლო შემდეგ წითელი რაზმი.[136] წითელი რაზმის წევრები იყვნენ მოხალისეები, დეზერტირები და ფირალები: სიმონა დოლიძე, კიკია მამულაიშვილი, მელქისედეკ გუნთაიშვილი და სხვები.[137] 1905 წლის ზაფხულში გურიის წითელ რაზმებში სამლულიანი შაშხანით შეიარაღებული 200-მდე დეზერტირი იყო.[138]

ჯუნჯუათის ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში ერასტი ჯორბენაძე ამზადებდა კუსტარულ იარაღს.[139] ტობახჩაში ასევე მოქმედებდა იარაღის უკანონო საამქრო.[140] იარაღი მზადდებოდა ოზურგეთში ზვანის უბანშიც. იარაღით უზრუნველყოფის საკითხში გურიას ეხმარებოდა ნესტორ კალანდარიშვილი. 1904 წლის ბოლოდან შემოღებულ იქნა გადასახადი – 2 რუბლი – შეიარაღების შესაძენად. მიუხედავად ამისა, შეიარაღების საქმე ზოგადად ცუდად იყო მოწყობილი გურიაში. დადიოდა გადაჭარბებული ჭორები გურულების შეიარაღების შესახებ. სინამდვილეში გურიაში შეიკრიბებოდა მხოლოდ ორი ათასამდე ომისთვის გამოსადეგი თოფი, მაგრამ პატრონების უკმარისობის გამო ყველათი სარგებლობა შეუძლებელი იყო.[141]

სოციალისტ-ფედერალისტების პარტიამ შავი ზღვით რამდენიმე ათეული ათასი რუბლის ღირებულების იარაღის კონტრაბანდა შეძლო და მისი ხალხში დარიგების სურვილი ჰქონდა. მაგრამ პარტიებს შორის დაპირისპირების გამო იარაღის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების ხელში ჩავარდა.[142]

მიწის საკითხი

რედაქტირება

სოფლებში ჩამოყალიბდა სპეციალური არჩევითი კომისიები, რომელიც სოფლის მცხოვრებლებს შორის ანაწილებდა მიწებს. მემამულეები, სრულად იყვნენ გათანაბრებული გლეხებთან. კომისია ნაკვეთების მოსავლიანობის მიხედვით აწესებდა მათზე საიჯარო ფასს – მაქსიმუმ 2 რუბლამდე ქცევაზე ან 5 რუბლამდე დესეტინაზე. ზოგ საზოგადოებაში იჯარა განისაზღვრა ნატურის ფორმით, მაქსიმუმ მეშვიდედი ნაწილი მოსავლისა.[143]

საძოვრებით სარგებლობის რეფორმა დაიწყო ბახვის საზოგადოებამ და სხვა საზოგადოებები მის მაგალითს მიჰყვნენ. დადგინდა საძოვრებით სარგებლობის ზღვრული ფასები. საძოვრების საკითხის გასაკონტროლებლად არჩეული იქნა სპეციალური კომისია. დაწესდა რეგულაციები ყველით ვაჭრობაზე.[144]

შემოღებულ იქნა არჩევითი სატყეო კომისია, რომელსაც დაეკისრა ტყით სარგებლობის ზედამხედველობა.

სასამართლო

რედაქტირება
 
სახალხო სასამართლო გურიის რესპუბლიკაში

სასამართლოს ფუნქციას ასრულებდა სოფლის კრება, რომელიც დემოკრატიული პრინციპით იყო მოწყობილი და მას ხალხი ირჩევდა.[145] კრებაზე განიხილებოდა როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეები. მხარეებს შეეძლოთ აპელაციით მიემართათ სასოფლო საზოგადოების კრებისთვის; შემდეგი ინსტანცია იყო რაიონული ორგანიზაცია. მხარეთა შეთანხმებით, საქმე შეიძლება გადაწყვეტილიყო არბიტრაჟით. სამართალწარმოება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. დაშვებული იყო სიკვდილით დასჯა, მაგრამ ის არ გამოყენებულა. ყველაზე მკაცრ სასჯელად მიიჩნეოდა ბოიკოტი და გასახლება.

ზოგ შემთხვევაში საქმეს განიხილავდა რამდენიმე სოფლის კრება ერთობლივად. ნატანები-ოზურგეთის გზაზე ეტლების და დილიჟანსების ძარცვის საქმე განიხილეს ოზურგეთის, შემოქმედის, ლიხაურის, ახალსოფლის, ხვარბეთის და მოიდინახის კრებებმა ერთობლივად.[146] მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები იყო წარიმართა ჯუმათის და ხიდისთავის საზოგადოებებში. ჯუმათის საზოგადოების კრებამ, რომელსაც 6000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, განიხილა ჯუმათის მონასტრიდან ძვირფასეულობების მოპარვის საქმე. კრება დამნაშავეების სიკვდილით დასჯას ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ მათ მიუსაჯეს ორი წლის მონასტერში გატარება.[147]

სასამართლო ფუნქციების ხალხის მიერ განხორციელების შედეგად დანაშაულის რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა, ძარცვა და ავაზაკობა ამოიძირვკვა. აღარავინ მიმართავდა ოფიციალურ სასამართლოს, რადგან სახალხო სასამართლოები უფრო სწრაფად და სამართლიანად არჩევდნენ საქმეებს.[148] რესპუბლიკის სასამართლოს ეფექტიანობას აღიარებდა ვორონცოვ-დაშკოვიც.[149]

1905 წლის იანვარში რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ დაკეტა რუსეთის უმაღლესი განათლების დაწესებულებები. ოზურგეთის მაზრის ყველა სკოლაში სწავლა მარტის ბოლოსთვის შეწყდა.[150] მაგრამ გურიის კომიტეტმა სკოლები მალევე აღადგინა. არჩეულ იქნა სპეციალური სასკოლო კომიტეტები, რომელსაც დაევალა სკოლების შენობებისთვის ზრუნვა, სკოლების შენახვა და მასწავლებლების ხელფასების გადახდა.

მასწავლებლები მოიწვეოდნენ „ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა კავშირის“ რეკომენდაციით. სწავლების პროგრამა შემუშავებული იყო თბილისის პეადაგოგთა კონფერენციის მიერ.[151] ყველა სასწავლებელში ჩამოხსნენს და დახიეს ნიკოლოზ II-ის სურათები. ბავშვები ამბობდნენ მეფის და მთავრობის საწინააღმდეგო ლექსებს და სიმღერებს. სკოლის უფროს კლასებში ასწავლიდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამას და რევოლუციური მოძრაობის ისტორიას.[152] ახალ პრინციპებზე ორგანიზებულმა სკოლებმა იარსებეს 1906 წლის იანვრამდე.

რელიგია და ტრადიციები

რედაქტირება

კომიტეტმა გააუქმა დრამის საეკლესიო გადასახადი. აგიტატორები ხალხში ეწეოდნენ „დრამის ფულის“ და სამღვდელოების საწინააღმდეგო პროპაგანდას, მაგრამ არ ეხებოდნენ უშუალოდ სარწმუნოებას.[153]. მღვდლებს ეკრძალებოდათ იმპერატორისთვის ლოცვა. სამღვდელოების ნაწილი სოციალ-დემოკრატების მხარეს იყო გადასული, ზოგმა საკუთარი ნებით თქვა უარი საეკლესიო გადასახადის აკრეფაზე, ზოგმა გაიახადა ანაფორა და ა.შ.[154]

რევოლუციონერები ბრძოლას უცხადებდნენ ძველ ტრადიციებს, როგორიც იყო „წაბურვა“ (მიცვალებულის ოჯახის ფინანსური დახმარება), ხარჯიანი ქორწილი, „ზარი“, აღაპი. მიცვალებულისთვის სანთლის მიტანის ნაცვლად პრაქტიკაში დაამკვიდრეს გვირგვინის მიტანა.[155]

ნოე რამიშვილის მოთხოვნით კომიტეტმა უარი ჰქონდა ნათქვამი ტერორზე, როგორც ბრძოლის ფორმაზე. მიუხედავად ამისა, მასზე ხელის აღება არ ხერხდებოდა.[156] რევოლუციონერები თავს ესხმოდნენ პოლიციის ჯაშუშებს, პოლიციელებს, სახელმწიფო მოხლეებს ან მათ, ვინც თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან. კომიტეტი ცდილობდა გაეკონტროლებინა და შეეზღუდა იარაღის გამოყენება და ამ მიზნით გამოსცემდა შესაბამის ბრძანებებს, მაგრამ ბევრი ტერაქტი მაინც ხდებოდა მის დაუკითხავად.[157]

ჩოხატაურში მოკლეს ბლაღოჩინი ნიკო რამიშვილი, რომელმაც ხელისუფლებას უკარნახა გლეხების დაფიცება ლომისკარელის ხატზე.[158] 1903 წელს ხიდისთავში ტერორისტმა მიხეილ ლომაძემ აზნაურ სიო ბერიძის ნაცვლად შემთხვევით მოკლა აზნაური ქარცივაძე. კომიტეტის მიერ ტერორი ჰქონდა დანიშნული დათიკო შევარდნაძეს. 1904 წელს მას ორჯერ დაესხნენ თავს, მაგრამ მოკლა ვერ მოახერხეს, ის მხოლოდ ერთხელ დაიჭრა ხელში. მოგვიანებით, შევარდნაძე შეურიგდა კომიტეტს და ნასაკირალის ბრძოლაში ერთ-ერთ რაზმს ხელმძღვანელობდა.[47] ქუთაისის ციხეში მოკლეს ლანჩხუთის ბოქაული მიქიაშვილი [159]

ბათუმში, მანთაშევის ქარხანასთან მოკლეს ურიადნიკი ლევან გურიელი. გურიელის დაკრძალვისთვის ძლივს იშოვეს კუბო და ეტლი, რადგან ხელოსნები და მეეტლეები გაიფიცნენ გურიელის საწინააღმდეგოდ. მოკლეს მომრიგებელი-შუამავალი თავადი ტიფო ნაკაშიძე. საჭამისერში მოკლეს ბოქაული კოსტავა, რომელიც ქუთაისის გუბერნატორთან მიდიოდა გურიაში ეგზეკუციის მოთხოვნის მიზნით.[160]

სასამართლო

რედაქტირება

გურიის რესპუბლიკის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიება მინდობილი ჰქონდა განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ს. სიონკევიჩს.[161] რესპუბლიკის მოთავეებს ბრალად ედებოდათ სპეციალური ორგანიზაციის შექმნა თვითმპყრობელობის დასამხობად შეიარაღებული საშუალებით. მოსე ტუღუშის სახლში გამოძიებამ იპოვა რევოლუციურ საქმიანობაში ჩართული პირების სია. დააპატიმრებულ იქნა შემდეგი პირები:[162]

სახელი და გვარი ასაკი გამოძიების დახასიათება სიითი ნომერი
ბენიამინ ჩხიკვიშვილი 26 წლის
გიორგი მამულაიშვილი 28 წლის კომიტეტის წევრი, განაგებდა კლუბს, იცავდა წესრიგს, აირჩიეს ხმოსნად 413 ხმით 5
სერგო სურგულაძე 27 წლის ზემო ხეთის საზოგადოების წარმომადგენელი, კრებდა გადასახადებს და არჩევდა ახალგარზდებს მებრძოლი რაზმისთვის 7
ნესტორ ერქომაიშვილი 46 წლის კომიტეტის წევრი, წითელი რაზმის ერთ-ერთი უფროსი, ჩხიკვიშვილის ერთ-ერთი მცველი 34
სიმონ ღლონტი 31 წლის ნოქრების წარმომადგენელი, მართავდა ვაჭრობის საქმეს ოზურგეთში 94
ანტონ ლომჯარია 33 წლის ასისთავი, ვაჭრების წარმომადგენელი, მართავდა ვაჭრობის საქმეს ოზურგეთში
მოსე ტუღუში 36 წლის ათისთავი, მებრძოლი რაზმის უფროსი, აირჩიეს ხმოსნად 303 ხმით
პარმენ თოთიბაძე 20 წლის ოზურგეთის ასისთავი, თავმჯდომარეობდა მიტინგებს
ალექსანდრე იმედაშვილი 23 წლის ათისთავი, მონაწილეობდა იარაღის გატაცებაში
რაჟდენ ხომერიკი 26 წლის მონაწილეობდა იარაღის შეკრებასა და გატაცებაში
სიმონ ტოტოჩავა ზოგჯერ უფროსობდა წითელ რაზმს, ჩხიკვიშვილის მცველი
კირილე ლომაძე ჩიბათის ასისთავი
 
გურიის რეპუბლიკის საქმეზე დაპატიმრებული ბენიამინ ჩხიკვიშვილი ციხეში

მიიმალნენ და ვერ გაასამართლეს გიორგი ჭოღოშვილი. გიორგი შილაკაძე, მიხეილ თუმანიშვილი, მიხეილ ახალაძე, ისაკ საბაშვილი, ივანე გოგიტიძე, ვლადიმერ დუმბაძე და გრიგოლ დუმბაძე[163] ბრალდებულები წინასწარი პატიმრობის სახით ორ წელიწადზე მეტ ხანს ისხდნენ ციხეში.

სასამართლო პროცესი დაიწყო 1908 წლის 21 იანვარს თბილისში.[121] ბრალდებულებს იცავდა ადვოკატთა ჯგუფი, რომელთა შორის იყვნენ კონსტანტინე ჯაფარიძე და ნიკოლოზ ელიავა.[164] სასამართლოზე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ბენიამინ ჩხიკვიშვილი, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე და პროცესი დემონსტრაციად გადაიქცა.[165] მოსამართლეებს და მოწმეებს ეშინოდათ რევოლუციონერების თავდასხმებისა. შიშის გამო 30 მოწმეზე მეტი პროცესზე არ გამოცხადდა.[166] ამიტომ გადაწყდა სასამართლო პროცესის გადატანა ოდესაში, სადაც ქალაქისთავად იმყოფებოდა უკვე გენერლის ჩინის მქონე ივანე ტოლმაჩოვი. გამოძახებული 58 მოწმიდან პროცესზე გამოცხადდა მხოლოდ 13.[167] პროცესის მიმართ მაღალი ინტერესის მიუხედავად, ის დახურულად წარიმართა. ყველა ბრალდებული, გარდა ორისა, დამნაშავედ სცნეს. ნესტორ ერქომაიშვილს მიესაჯა კატორღა 6 წლით, ბენიამინ ჩხიკვიშვილს — 4 წლით, მამულაიშვილს, ტუღუშს, სურგულაძეს, ლომჯარიას და ტოტოჩავას მიესაჯათ სამუდამო გადასახლება, თოთიბაძე და ლომაძე გათავისუფლდა.[168] მოგვიანებით, ქუთაისში გაასამართლეს დიომიდე შილაკაძე, რომელსაც მიუსაჯეს ციმბირში სამუდამო გადასახლება, და ძმები ივანე და დიმიტრი გოგოტიძეები, რომლებსაც მიესაჯათ კატორღა 6 და 4 წლით.[169]

გავლენა და მეხსიერება

რედაქტირება

გურიის რესპუბლიკამ დიდი ზეგავლენა იქონია რევოლუციურ მოძრაობაზე არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელს იმპერიაში. სიტყვები „გურია“ და „გურული გლეხები“ მთელი რევოლუციური რუსეთისთვის დიდი ხნის განმავლობაში სახალხო ბრძოლის სიმბოლოდ რჩებოდა. რსდმპ-ის IV და V ყრილობებზე გურიას ერგო 6 და 10 მანდატი, რომელიც მენშევიკებმა მიიღეს.[1]

 
ობელისკი ხიდისთავში

გურიის მოძრაობას პოლიტიკურად ქართველი სოციალ-დემოკრატები მართავდნენ.[170] გურიის მოძრაობამ ქართველი მენშევიკები იატაკქვეშა ორგანიზაციიდან ჭეშმარიტად სახალხო პარტიად გადააქცია. ხალხის ფართო მხარდაჭერის წყალობით ქართველმა მენშევიკებმა 1906 და 1907 წლებში იოლად მოიგეს I და II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩენები კავკასიაში.[1]სათათბიროს წევრები გახდნენ გურიის მოძრაობის მონაწილეები ისიდორე რამიშვილი (I მოწვევა), გერასიმე მახარაძე და ჭოლა ლომთათიძე (II მოწვევა). მხოლოდ საარჩევნო უფლების შეზღუდვამ შეუშალა ხელი მათ შემდგომი მოწვევების სათათბიროს არჩევნებში.

ქართველი სოციალ-დემოკრატების ეს ინსტიტუციური გამოცდილება ასევე ძალიან ღირებული აღმოჩნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, 1918-1921 წლებში. პირველ რესპუბლიკაში მრავალი სამთავრობო თანამდებობა ეკავა გურიის რესპუბლიკის წარმომადგენლებს, მაგალითად ბენიამინ ჩხიკვიშვილს, გრიგოლ ურატაძეს, ნოე ხომერიკს, ნოე რამიშვილს, ისიდორე რამიშვილს, გიორგი ცინცაძეს, გერასიმე მახარაძეს, თედორე კიკვაძეს, გიორგი მურვანიძეს, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძეს და სხვებს.

უკვე 1920-იანი წლებიდანვე ბოლშევიკები ცდილობდნენ გურიის გლეხთა მოძრაობაში გამოერიცხათ მენშევიკების მცირე გავლენაც კი.[1]საბჭოთა პროპაგანდა გურიის გლეხთა მოძრაობის ხელმძღვანელობას ბოლშევიკებს მიაწერდა,[171], ასევე ცდილობდა გურიის მოძრაობაში სტალინი როლის გადაჭარბებით წარმოჩენას. 1920-იან და 1950-იან წლებში დაწერილი ბოლშევიკების ავტობიოგრაფიები წინააღმდეგობრივია და მათში ქართველი სოციალ-დემოკრატების როლი განზრახაა დაკნინებული.[172] ხიდისთავში, ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული მიტინგის ადგილზე საბჭოთა პერიოდში დაიდგა ობელისკი ამ კრებაზე სტალინის გამოსვლის აღსანიშნავად.

1960 წლის 12 ნოემბერს ნასაკირალის შეტაკების ადგილას გაიხსნა ობელისკი, ხოლო 1965 წლის 2 ნოემბერს ცხავათის მთაზე გაიხსნა მემორიალური მუზეუმი. 1981 წელს ზედა ბახვის ცენტრში გაიხსნა ბახვის მანიფესტის მემორიალი. მემორიალი წარმოადგენდა გურული გლეხის კარ-მიდამოს, რომელშიც გურიის რევოლუციური მოძრაობის ისტორიის მუზეუმი მოეწყო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

უცხოენოვანი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Teodor Shanin; Revolution as a Moment of Truth: 1905-1907 →1917-1922” Yale University Press, 1986
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ირემაძე ი., „სოლიდარობა პოლიტიკური და სამხედრო კრიზისების დროს და დამოუკიდებლობის დაცვისათვის“ // „ინიციატივა ცვლილებებისთვის“, ტ. III, თბ., 2021. — გვ. 146-153, ISBN 978-9941-8-3108-9.
  3. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 6
  4. ლი ე., ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია, „პოეზია“, 2018. — გვ. 39.
  5. 5.0 5.1 5.2 ჯავახიშვილი ივ., პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში, თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2016 [1906]. — გვ. 60-64, ISBN 978-9941-13-503-3.
  6. მახარაძე, 2016, გვ. 20
  7. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 7
  8. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 20
  9. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 12
  10. მახარაძე, 2016, გვ. 28
  11. ჟღენტი, 1927, გვ. 35
  12. ჟღენტი, 1927, გვ. 36
  13. ჟღენტი, 1927, გვ. 8
  14. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 46
  15. მახარაძე, 2016, გვ. 35
  16. ურატაძე, 1968, გვ. 36
  17. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 13
  18. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 14
  19. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 18
  20. მახარაძე, 2016, გვ. 46
  21. ურატაძე, 1968, გვ. 41
  22. ურატაძე, 1968, გვ. 42
  23. ურატაძე, 1968, გვ. 50
  24. ჟღენტი, 1927, გვ. 17
  25. 25.0 25.1 ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 48
  26. Мороховец, 1926, გვ. 188
  27. ჟღენტი, 1927, გვ. 11
  28. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 47
  29. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 24
  30. Мороховец, 1926, გვ. 189
  31. ჟღენტი, 1927, გვ. 20
  32. ურატაძე, 1968, გვ. 87
  33. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 20
  34. ურატაძე, 1968, გვ. 72
  35. მახარაძე, 2016, გვ. 58
  36. ჟღენტი, 1927, გვ. 44
  37. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 21
  38. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 23
  39. მახარაძე, 2016, გვ. 55
  40. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 28
  41. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 31
  42. Мороховец, 1926, გვ. 190
  43. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 30
  44. მახარაძე, 2016, გვ. 97
  45. ურატაძე, 1968, გვ. 81
  46. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 58
  47. 47.0 47.1 ჟღენტი, 1927, გვ. 48
  48. მახარაძე, 2016, გვ. 98
  49. მახარაძე, 2016, გვ. 77
  50. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 75
  51. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 77
  52. ჟღენტი, 1927, გვ. 75
  53. „ივერია“, №2 - 18 თებერვალი, 1905.
  54. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ N2739 გვ. 2 — 1905 წ.
  55. მახარაძე, 2016, გვ. 138
  56. ჟღენტი, 1927, გვ. 60
  57. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 82
  58. მახარაძე, 2016, გვ. 140
  59. ჟღენტი, 1927, გვ. 63
  60. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 56-57
  61. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 58
  62. მახარაძე, 2016, გვ. 146
  63. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 84
  64. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 85
  65. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 59
  66. ურატაძე, 1968, გვ. 109
  67. სხვა და სხვა ამბები // მოგზაური : ჟურნალი, 1905, № 6, გვ. 216.
  68. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 93
  69. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 60
  70. ჟღენტი, 1927, გვ. 71
  71. ურატაძე, 1968, გვ. 110
  72. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 63
  73. ჟღენტი, 1927, გვ. 55
  74. 74.0 74.1 ჟღენტი, 1927, გვ. 53
  75. ჟღენტი, 1927, გვ. 58
  76. ჟღენტი, 1927, გვ. 54
  77. Мороховец, 1926, გვ. 202
  78. ჟღენტი, 1927, გვ. 56
  79. მახარაძე, 2016, გვ. 128
  80. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 106
  81. 81.0 81.1 მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 16
  82. „ცნობის ფურცელი“, N2899 გვ 3. 1905
  83. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 112
  84. ახალი ამბავი // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 11 ოქტომბერი, 1905, № 2532.
  85. მახარაძე, 2016, გვ. 186
  86. ივერია, 3 ნოემბერი, N 196
  87. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 72
  88. ცნობის ფურცელი, N2946, 10 ნოემბერი, 1905
  89. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 73
  90. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 17
  91. მახარაძე, 2016, გვ. 181
  92. გურიის ამბები // ივერია : გაზეთი, 3 ნოემბერი, 1905, № 196, გვ. 2-3.
  93. ახალი ამბავი // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 1905, № 2948, გვ. 3.
  94. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 159
  95. ჟღენტი, 1927, გვ. 90
  96. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 78
  97. მახარაძე, 2016, გვ. 184
  98. ურატაძე, 1968, გვ. 117
  99. მახარაძე, 2016, გვ. 187
  100. ჟღენტი, 1927, გვ. 89
  101. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 77
  102. ურატაძე, 1968, გვ. 120
  103. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 80
  104. ჟღენტი, 1927, გვ. 28
  105. ჯონსი, 2005, გვ. 184
  106. 106.0 106.1 Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 84
  107. ჟღენტი, 1927, გვ. 92
  108. ჟღენტი, 1927, გვ. 96
  109. ჟღენტი, 1927, გვ. 94
  110. მახარაძე, 2016, გვ. 198
  111. მახარაძე, 2016, გვ. 194
  112. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 87
  113. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 88
  114. მახარაძე, 2016, გვ. 200
  115. დასავლეთ საქართველოში // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 24 იანვარი, 1906, № 2986, გვ. 1-2.
  116. ურატაძე, 1968, გვ. 163
  117. მახარაძე, 2016, გვ. 207
  118. დასავლეთ საქართველოში // ცნობის ფურცელი, 1906, № 2994, გვ. 2.
  119. მახარაძე, 2016, გვ. 215
  120. მახარაძე, 2016, გვ. 147
  121. 121.0 121.1 მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 20
  122. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 92
  123. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 93
  124. Мороховец, 1926, გვ. 208
  125. Мороховец, 1926, გვ. 209
  126. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 100
  127. ჟღენტი, 1927, გვ. 19
  128. ჟღენტი, 1927, გვ. 25
  129. მ. მაკვანეთელი, გურია (შთაბეჭდილებანი) // „ივერია“ : გაზეთი, 1905, № 145, გვ. 3-4.
  130. ხაჭაპურიძე, 1955, გვ. 52
  131. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 61
  132. Мороховец, 1926, გვ. 193
  133. Мороховец, 1926, გვ. 196
  134. 134.0 134.1 Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 25
  135. ჟღენტი, 1927, გვ. 23
  136. ჟღენტი, 1927, გვ. 18
  137. ჟღენტი, 1927, გვ. 46
  138. Мороховец, 1926, გვ. 194
  139. მახარაძე, 2016, გვ. 83
  140. ჟღენტი, 1927, გვ. 84
  141. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 82
  142. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 83
  143. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 64
  144. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 65
  145. სიტყვა, ხალხური სასამართლო გურიაში // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 1905, № 2767, გვ. 3.
  146. ლია, გურია (ქურდების გასამართლება) // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 21 სექტემბერი, 1905, № 2913, გვ. 3-4.
  147. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 67
  148. მახარაძე, 2016, გვ. 119
  149. მახარაძე, 2016, გვ. 120
  150. ჭინკაი, კორესპონდენცია // „ივერია“ : გაზეთი, 1905, № 34, გვ. 4.
  151. Каландадзе, Мхеидзе, 1906, გვ. 68
  152. მახარაძე, 2016, გვ. 69
  153. ჟღენტი, 1927, გვ. 9
  154. ჟღენტი, 1927, გვ. 26
  155. ჟღენტი, 1927, გვ. 24
  156. ჟღენტი, 1927, გვ. 45
  157. მახარაძე, 2016, გვ. 68
  158. ჟღენტი, 1927, გვ. 10
  159. ჟღენტი, 1927, გვ. 49
  160. ჟღენტი, 1927, გვ. 47
  161. ჟღენტი, 1927, გვ. 114
  162. სასამართლო გურიის აჯანყების შესახებ // ისარი : გაზეთი, 1908, № 20, გვ. 3-4.
  163. მახარაძე, 2016, გვ. 221
  164. მახარაძე, 2016, გვ. 224
  165. რამიშვილი ი., მოგონებები, თბილისი, არტანუჯი, 2012, ISBN 9789941421624 გვ. 465
  166. სასამართლო საქმე გურიის აჯანყების შესახებ // ისარი : გაზეთი, 1908, № 18, გვ. 4.
  167. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 22
  168. ჟღენტი, 1927, გვ. 118
  169. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 23
  170. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 18
  171. Церцвадзе М. В., Крестьянское революционное движение в Гурии в 1905 г. // «Вопросы истории», 1955, № 12, გვ. 87-95.
  172. მახარაძე, 2016, გვ. 170
  გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.