სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საბაშვილი.

ისააკ საბაშვილი (დ. 3 აგვისტო, 1876, შემოქმედი ― გ. უცნობია) — ქართველი რევოლუციონერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა შეძლებული გლეხის ოჯახში. პირველდწყებითი სწავლა-განათლება სასულიერო უწყების სასწავლებელში მიიღო. სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით რეგენტად მუშაობდა ოზურგეთის სობოროში, რასაც 1903 წელს თავი დაანება და რსდმპ-ის რიგებში გაწევრიანდა. 1905 წლის მარტში ოზურგეთში მდგარი დამსჯელი რაზმის უფროსმა გენერალმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ დააპატიმრა თედორე კიკვაძესთან, ალექსანდრე წუწუნავასთან და სხვა სამ პირთან ერთად. მისჯილი ჰქონდა არხანგელსკის გუბერნიაში გადასახლება, მაგრამ მეფისნაცვლის ამნისტიით ექვსივე გაათავისუფლეს.[1] აგვისტოში აირჩიეს ოზურგეთის სამაზრო ერობის წევრად.[2]იმავე წლის დეკემბერში ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის დათხოვნის და რევოლუციური თვითმმართველობის არჩევის შემდეგ საბაშვილი არჩეული იქნა ქალაქისთავ მიხაკო ახალაძის მოადგილედ. მისი მოთხოვნით სამხედრო საკრებულოს შემადგენლობიდან გაძევებული იქნა მომრიგებელი შუამავალი. 1906 წლის იანვარში სადგურ ნატანებში წითეული ასეულის აღლუმში მიიღო მონაწილეობა.

რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ საბაშვილი 1910 წლამდე გურიაში არალეგალურად მუშაობდა და ხვარბეთ-გურიანთის რაიონს ხელმძღვანელობდა. იყო ბრალდებული გურიის რესპუბლიკის საქმეზე, მაგრამ მიიმალა.[3] 1910 წელს სოფელ ხვარბეთში გადაურჩა დაპატიმრებას და რადგანაც გურიაში მისი დარჩენა აღარ შეიძლებოდა, იგი გადაიხვეწა და 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში იმალებოდა. რევოლუციამ ქალაქ მაიკოპში მოუსწრო, სადაც იგი არჩეული იქნა სამოქალაქო პრეზიდიუმის წევრად და მაიკოპის თვითმმართველობის ხმოსნად. იმავე წლის ივლისში, სრულიად რუსეთის ერთობათა კავშირის ტყავეულობის საექსპორტო ნივთიერებათა დამამზადებელი ქარხნის მუშებმა, თბილისში სრულიად რუსეთის ერთობათა კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის მმართველობის წევრად აირჩიეს, რომლის ლიკვიდაცია მოხდა 1918 წლის დასაწყისში.

1921 წელს გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სხვა და სხვა ამბები // მოგზაური : ჟურნალი, 1905, № 6, გვ. 216.
  2. ლია, ერობის შემოღება // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 8 სექტემბერი, 1905, № 2904, გვ. 3.
  3. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 221, ISBN 978-9941-9458-6-1.
  4. საქართველოს პროსოპოგრაფია პირის ID: 6912