აკეთი — სოფლების ზემო აკეთისა და ქვემო აკეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად აკეთი არის თემი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს სოფლებს ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი და გაგური. 2014 წლის მონაცემებით აკეთის თემში ცხოვრობს 1534 ადამიანი. ზემო და ქვემო აკეთში ფუნქციონირებს საჯარო სკოლები.

 
მაცხოვრის სახელობის ეკლესია ქვემო აკეთში

აკეთის სახელწოდება გადმოცემის მიხედვით სიტყვა „აკეთედან!“ მოდის. სოფელი ეკუთვნოდა ართმელაძეების სათავადოში. 1713 წელს გიორგი IV გურიელმა ჩამოართვა აკეთი მამუკა ართმელაძეს და ის ბიჭვინთის საეპისკოპოსოს შესწირა. 1772-76 წლებში მამია IV გურიელმა აკეთი უბოძა ქვემო გურიიდან დევნილ მამუკა თავდგირიძეს. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლის ხატი. თავდგირიძეების ციხის ნანგრევები XIX საუკუნეში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო.

თავდგირიძეთა სათავადო მოიცავდა აკეთს, ჭანჭათს, ვანსა და ზომლეთს. ამავე სოფლებს მოიცავდა აკეთის სასოფლო საზოგადოება XX საუკუნის 30-იან წლებამდე. აკეთელი გლეხები იყვნენ მოთავეები 1841 წლის აჯანყებისა გურიაში. სოფელში ბლომად მოიპოვება თიხა, რის გამოც განვითარებული იყო კერამიკის წარმოება, კონკრეტულად მზადდებოდა კრამიტი და თიხის ჭურჭელი, ასევე ქვევრები.[1] 1876 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. 1893 წლის 22 აგვისტოს გაიხსნა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა.[2]

1902 წლისთვის აკეთის მოსახლეობა იყო 4100 ადამიანი. 1909 წელს აკეთში სამი სკოლა მოქმედებდა.[3]1906 წლის იანვარში გურიის რესპუბლიკის ჩახშობის შემდეგ კონსტანტინე კრილოვმა დაარბია აკეთი, გადაწვა 40 სახლი და ნალია.[4] 1906 წელს სასოფლო საზოგადოების მამასახლისი იყო პავლე თოხაძე.[5] 1911 წელს აკეთი გაიყო ზემო და ქვემო აკეთად.[6]

აკეთის ეკლესიები

რედაქტირება
 
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნაგრევები ზემო აკეთში

1772-76 წლებში ქვემო გურიიდან დევნილმა თავდგირიძეებმა მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს აქ მანამდე არსებული მაცხოვრის ტაძარი, რომელიც ადრე ბიჭვინთის საპატრიარქოს ეკუთვნეოდა. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ასევე - გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი. ამ ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ. 1784 წელს აკეთში ილაშქრა აჭარის ბეგმა აბდულ ხიმშიაშვილმა. ამ ლაშქრობის დროს დაზიანდა ეკლესიის კედლები და გუმბათი, თუმცა გადარჩა განძეულობა, რადგან ის დამალული იყო. აკეთის ეკლესია XIX საუკუნეში განაახლა გიორგი თავდგირიძემ. ეკლესია მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნეში რუს მღვდლებს კირით შეუთეთრებიათ. ეკლესია გაძარცვეს 1853, 1859 და 1873 წლებში. XX საუკუნის 50-იან წლებში გუმბათს საყრდენები გამოეცალა და ჩამოინგრა. ეკლესიის რეკონსტრუქცია მოხდა 2010-იან წლებში.

ზემო აკეთში 1899 წელს აშენებულ იქნა ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე. დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად დამუშავებული ქვებით. ამჟამად ჩამონგრეულია ჭერი და აბსიდც. შემორჩენილია მხოლოდ გარე კედლები შესასვლელებითა და სარკმელებით. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის თავზე შემორჩენილია ჩუქურთმა.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ზემო აკეთი ქვემო აკეთი ჭანჭათი გაგური
1883[7] 1198
1893[8]   1815
1902[9]   4100 2095 2005
1908[10]   4265 2138 2127 1307 1206 310
2002   2203 408 843 669 283
2014   1534 267 587 499 181

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 248.
  • მურვანიძე-ვადაჭკორია ლ., „მასალები აკეთის თემის კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების ისტორიის შესახებ“ — თბილისი, 2008
  1. მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, გვ 369. — თბილისი, „მეცნიერება“ 1980 წ.
  2. ხვადაგიანი, ი., გურიის სახალხო ბიბლიოთეკა // ინიციატივა ცვლილებებისთვის, თბილისი, 2015. — გვ. 60-71, ISBN 978-9941-0-8204-7.
  3. „სახალხო გაზეთი“ N6 1909
  4. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 210, ISBN 978-9941-9458-6-1.
  5. ურატაძე გ., Воспоминания грузинского социал-демократа, კალიფორნია: The Hoover institution on war, revolution and peace სტენფორდის უნივერსიტეტი, 1968. — გვ. 144.
  6. Кавказский календарь на 1912 год
  7. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  8. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  9. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  10. Кавказский календарь на 1910 год