არსენ წითლიძე
არსენ წითლიძე (დ. 1862, შუბანი — გ. 11 დეკემბერი, 1927) — ქართველი მასწავლებელი, რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1880-იან წლებში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. 1885 წელს იყო ჩოხატაურის სკოლის მასწავლებელი. 1892 წელს მონაწილეობდა ზესტაფონის კრებაში, სადაც დაფუძნდა მესამე დასი. იმავე წელს დაიწყო მუშაობა აკეთისა და ვანის სკოლებში. აკეთში მისი მოსწავლე იყო ვლასა მგელაძე. სოფელში კარდაკარ დადიოდა და გლეხებს შთააგონებდა, რომ ბავშვები სკოლაში ეტარებინათ.
1893 წელს მონაწილეობდა მიიღო გურიის სახალხო ბიბლიოთეკის დაფუძნებაში. 1896 წელს აირჩიეს სასოფლო საზოგადოების მამასახლისად. მესვეურობდა სახალხო წარმოდგენებს, მოაწყო საღამოს კურსები, საკვირაო სკოლა. ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაცია ცდილობდა ხელი შეეშალა ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისთვის, რადგან იქ მთავრობისთვის მიუღებელი იდეები ვრცელდებოდა, ამიტომ წითლიძე მიქელგაბრიელის თემში გადაიყვანეს მასწავლებლად.
1897 წელს წითლიძე მთავრობამ გურიას მოაშორა. ის გადაიყვანეს ძველ სენაკში. 1897-1902 წლებში წითლიძე მუშაობდა „ძველი სენაკის სამრეწველო ამხანაგობის“ საქმისმწარმოებლად. 1899 წელს მასწავლებლად მუშაობდა ძველი სენაკის, ხოლო 1900 წლიდან სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში. 1902 წელს იყო ლანჩხუთის სკოლის ხელმძღვანელი. მან დააწყებინა მასწავლებლად მუშაობა გრიგოლ ურატაძეს. მონწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობაში.
1903 წელს გახდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი. იმავე წლიდან ურატაძის ინიციატივით სათავეში ჩაუდგა რევოლუციურ მოძრაობას სენაკის მაზრაში. პარალელულრად ძველი სენაკის სკოლის IV განყოფილებაში რუსულ ენას ასწავლიდა. 1905 წელს გამოცხადებულ იქნა „სენაკის რესპუბლიკის“ პრეზიდენტად. რევოლუციის დამარცხების შემდეგ წითლიძე გაასამართლეს მის ორ თანამებრძოლთან ერთად და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. საქმეში ჩაერია იმ დროინდელი ქართული საზოგადოება და მეფისნაცვლის გადაწყვეტილებით სამივეს სიკვდილით დასჯა 10 წელი ციხეში სასჯელის მოხდით შეეცვალათ.
1916 წელს ქართული საქველმოქმედო საზოგადოების თანხით ხუცუბანში ორი დიდი შენობა ააშენა სკოლისა და მასწავლებელთათვის, ასევე სკოლები მოაწყო ალამბარსა და ორთაბათუმში. ქართველ მუსლიმთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|პირველი რესპუბლიკის]] პერიოდში ბათუმის ოლქის სასკოლო საქმის ხელმძღვანელი იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იგი დაპატიმრეს და ციხეში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ თურქესტანში 5 წლის ვადით გადაასახლეს. სასჯელის მოხდის შემდეგ კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. 1927 წელს, „ქართული წიგნის“ დავალებით, მთელ გურია-ქობულეთში ილია ჭავჭავაძისა და სხვა გამოჩენილ მწერალთა წიგნები მრავლად გაავრცელა, რის გამოც ციხეში ჩასვეს, როგორც მავნებელი. 1927 წლის 11 დეკემბერს ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- "ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი" : იოსებ იმედაშვილი. - თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა
- ურატაძე გ., Воспоминания грузинского социал-демократа, კალიფორნია: The Hoover institution on war, revolution and peace სტენფორდის უნივერსიტეტი, 1968.