გურიის სახალხო ბიბლიოთეკა
გურიის სახალხო ბიბლიოთეკა — ბიბლიოთეკა 1893-1921 წლებში რუსეთის იმპერიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ სოფელ აკეთში.
ბიბლიოთეკა გაიხსნა 1893 წლის 22 აგვისტოს. მისი გახსნის ინიციატორები იყვნენ ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და ლავრენტი წულაძე. ბიბლიოთეკის გახსნისთვის ისინი განიხილავდნენ ნაგომრის, ბახვისა და ჩოხატაურის ვარიანტებსაც, თუმცა საბოლოოდ აკეთი აირჩიეს. გლეხმა ნიკო ქურიძემ ბიბლიოთეკას საკუთარი სახლი ნახევარ ფასად მიჰყიდა. რადგანაც ბიბლიოთეკის მთავარი მისია სოფლად გლეხობაში წიგნიერების გავრცელება იყო, ბიბლიოთეკის დამფუძნებლებმა შემოიღეს წიგნების ჩამოტარება სოფლებში. მათ სხვადასხვა გამოცემები სხვადასხვა დასახლებებში მიჰქონდათ და ადგილზე აცნობდნენ მოსახლეობას. 1895 წელს ორი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკით 21 სოფლიდან 315-მა ადამიანმა ისარგებლა. მომდევნო ორ თვეში 200-მა მკითხველმა 600 გამოცემა გაიტანა წასაკითხად. ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაცია ცდილობდა ხელი შეეშალა ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისთვის, რადგან იქ მთავრობისთვის მიუღებელი იდეები ვრცელდებოდა. არსენ წითლიძე მიქელგაბრიელის თემში გადაიყვანეს მასწავლებლად, ლავრენტი წულაძე ფოთის სამრევლო სკოლაში გადავიდა, ხოლო ახალი მასწავლებელი ვალერიან მებუკე ადმინისტრაციამ მიიმხრო. ჯამლეთ სიმონის ძე ბაჟუნაშვილმა, ვინც ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას წითლიძისა და წულაძის შემდგომ ის ახალ შენობაში, სოფლის კანცელარიასთან გადაიტანა, სადაც მოსახლეობის თავშეყრის ადგილი იყო. ბიბლიოთეკათა ქსელი განვითარდა სხვა სოფლებშიც. აკეთის ბიბლიოთეკა რამდენიმე წელიწადში უკვე მხოლოდ აკეთის საზოგადოებას ემსახურებოდა. მიუხედავად მასშტაბის შემცირებისა, ბიბლიოთეკა მაინც ფუნქციონირებდა. გურიაში რევოლუციური მოვლენების გამო 1903 წლის შემოდგომაზე ხელისუფლებამ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დახურა. 1906 წლისთვის აკეთის ბიბლიოთეკის შენობა და სახურავი დაზიანდა, წიგნადი ფონდი შემცირდა. მოსახლეობამ შეძლო შენობის განახლება, მაგრამ ბიბლიოთეკა ძველებურად ფეხზე ვეღარ დადგა და მან ასეთი სახით 1921 წლამდე იარსება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხვადაგიანი ი, „გურიის სახალხო ბიბლიოთეკა“ // „ინიციატივა ცვლილებებისთვის“, თბილისი, 2015. — გვ. 60-71, ISBN 978-9941-0-8204-7.