მთავარი მენიუს გახსნა

გრიგოლ (გრიშა) ურატაძე (დ. 10 თებერვალი, 1878, აცანა — გ. 12 თებერვალი, 1959, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი, დამფუძნებელი კრების წევრი, რუსეთში საქართველოს პირველი ელჩი.

გრიგოლ ურატაძე
Uratadze grigoli..jpg
დაბ. თარიღი 10 თებერვალი, 1878
დაბ. ადგილი აცანა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1959
გარდ. ადგილი 12 თებერვალი, [პარიზი]]
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
მამა ილარიონ ურატაძე

ბიოგრაფიარედაქტირება

სოფლის ოთხკლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო სამასწავლებლო სემინარიაში, რომლის დასრულებაც ვერ შეძლო. შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც გარიცხეს. 1900-იანი წლების დასაყისში ასწავლიდა ნიგოითის სკოლაში. 1902 წელს მონაწილეობდა ნიგოითის გლეხთა გამოსვლაში. დააპატიმრეს 1903 წელს და იჯდა ქუთაისის ციხეში, გადაასახლეს ორენბურგში, საიდანაც გაიქცა და საქართველოში დაბრუნდა. აქტიურად მონაწილეობდა გურიის რევოლუციურ გამოსვლებში 1905 წელს. რევოლუციის დამარცხების შემდეგ აგრძელებდა არალეგალურ საქმიანობას გურიაში, ქუთაისსა და თბილისში. 1906 წელს იყო რსდმპ სტოკჰოლმის ყრილობის დელეგატი თბილისის ორგანიზაციიდან, ხოლო 1907 წელს იყო ლონდონის ყრილობის დელეგატი ფოთის ორგანიზაციიდან. 1909 წლის 6 მაისს მეორედ დააპატიმრეს. 1911 წელს არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ჟენევაში. 1912 წელს ურატაძე ვლასა მგელაძესთან ერთად მონაწილეობდა ვენაში ქართული დელეგაციის მუშაობაში, სადაც ლევ ტროცკის ჰქონდა შექმნილი ლენინის პოლიტიკის საწინააღმდეგო სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია.[1]მეფის რუსეთის დროს კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული, ორჯერ გააძევეს კავკასიიდან, ბოლოს დააპატიმრეს 1912 წელს პეტერბურგში და გადაასახლეს პერმის გუბერნიის ჩერდინის მაზრაში. გადასახლებიდან დაბრუნდა 1915 წელს და გამოსცემდა ჟურნალს „ახალი კვალი“

აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების საქმეში, 1917 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წელს იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი. ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი., სამანდატო კომისიის თავმჯდომარე. 1920 წლის აპრილის ბოლოს ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას მოსკოვში. მანვე მოაწერა ხელი 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც მოხდა საქართველოს იურიდიული აღიარება. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 22 მაისს დააპატიმრა ჩეკამ. მოთავსებული იყო მეტეხის ციხეში. ივლისში გამოუშვეს ავადმყოფობის გამო. დაბრუნდა გურიაში, სადაც კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს ოზურგეთის ციხეში, რამდენიმე თვის შემდეგ კი გურიიდან გააძევეს. 1922 წლის დასაწყისისთვის წავიდა ემიგრაციაში. თავდაპირველად ცხოვრობდა პრაღაში, შემდეგ პარიზში, საფრანგეთში. იქ დაწერა რამდენიმე მონოგრაფია და წერილი საქართველოში რევოლუციური მოძრაობის და საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ. 1929-1936 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოს“. გარდაიცვალა ემიგრაციაში. დაკრძალეს 14 თებერვალს, ლევილის სასაფლაოზე.

ლიტერატურარედაქტირება

  • ხვადაგიანი, ირაკლი (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“. ISBN ISBN 978-9941-0-9318-0. 
  • „ჩვენი დროშა“ N30 — აპრილი, 1959 წ, პარიზი
  • „ბრძოლის ხმა“ N55 — ოქტომბერი, 1935 წ., პარიზი
  • „ქართველები უცხოეთში“ — შ.პ.ს. საქართველოს მაცნე, 2012 წ., თბილისი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Ronald Grigor Suny, „The Making of the Georgian Nation“, გვ. 176 — Indiana University Press, 1994, ISBN 0-253-20915-3