მესამე დასი — პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ამადროულად, ის იყო მესამე პოლიტიკური მოძრაობა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში მანამდე არსებული ნაციონალისტური მიმართულების თერგდალეულებისგან წარმოქმნილი პირველი დასისა და მეორე დასის შემდეგ. მესამე დასის პროგრამა აერთიანებდა სოციალიზმის იდეას, ეროვნულ ზრდასა და კონსოლიდაციას.[1] მესამე დასი 1898 წლიდან შეერწყა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, ხოლო მისი ლიდერები XX საუკუნეში იქცნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ მამებად.

შეიქმნა 1892 წლის დეკემბრის დამლევს ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიციატივით გამართულ ზესტაფონის კრებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ეგნატე ნინოშვილი, მიხა ცხაკაია, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, ისიდორე რამიშვილი, ილია კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, ე. ვაწაძე, რ. კალაძე, არსენ წითლიძე, ისიდორე კვიცარიძე.

კრებამ უარყო ნოე ჟორდანიას მიერ შედგენილი ეროვნულ-დემოკრატიული ხასიათის პროგრამის პროექტი და მიიღო ამ დროს ვარშავაში მყოფი ფილიპე მახარაძის წერილობითი წიდადადება სოციალ-დემოკრატიული პროგრამის შემუშავების შესახებ. საბოლოოდ ნოე ჟორდანიამ მოამზადა მესამე დასის პროგრამა „ეკონომიკური წარმატება და ეროვნება“, რომელიც პირველად საჯაროდ წაიკითხა სილიბისტრო ჯიბლაძემ 1894 წლის მაისში, ეგნატე ნინოშვილის დაკძრალვაზე, სოფელ ჩანჩეთში.[2] ორგანიზაციას „მესამე დასი“ უწოდა გიორგი წერეთელმა. ეს დასახლება გამოიყენებოდა 1898 წლამდე, საქართველოში რსდმპ-ის ორგანიზაციების ჩამოყალიბებამდე.

იდეოლოგია

რედაქტირება

დასში არსებობდა კონსენსუსი სოციალური საკითხების მიმართ. შიდა დისკუსიების და დაპირისპირების საგანი იყო ეროვნული საკითხი. ამ საკითხზე მესამე დასში ოთხი პოლიტიკური მიმართულება არსებობდა.

  1. ინტერნაციონალისტური მიმართულება სრულიად უარყოფდა ეროვნულ საკითხს და ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ყოველგვარ დანაწილებას და ავტონომიებს. ამ მიმართულების ლიდერი იყო ირაკლი წერეთელი.
  2. ზომიერი მემარცხენეობა — ეს პოზიცია ეჭირა ნოე ჟორდანიას, რომელიც აღიარებდა ეროვნული საკითხის მნიშვნელობას.
  3. ზომიერი ნაციონალიზმი — ამ მიმართულების ლიდერი იყო აკაკი ჩხენკელი, რომელიც უფრო აქტიურად აყენებდა ეროვნულ საკითხს. მისი მიდგომა ემყარებოდა ევროპული, განსაკუთრებით, ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიების პლატფორმებს.
  4. ავტონომისტური მიმართულება ეჭირა ვლადიმერ დარჩიაშვილს, რომლის ხედვები მოიცავდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ავტონომიას. მისი ხედვები დასის ძირითადი ხაზის იდეებისგან ძალზე დაშორებული აღმოჩნდა, რის გამოც დარჩიაშვილი ფაქტობრივად პარტიის სხვა ლიდერებისგან გარიყული აღმოჩნდა.

მესამე დასში აგრეთვე გაერთიანებული იყვნენ რადიკალი მარქსისტებიც (ალექსანდრე წულუკიძე). 1903 წლის შემდეგ ამ მიმართულების მიმდევრები ლენინიზმის მხარდამჭერებს შეუერთდნენ.

იხილეთ აგრეთე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჯონსი ს., დემოკრატიის ფორმირება საქართველოში 1918-1921 // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 33, ISBN 978-9941-13-771-6.
  2. გაზეთი „კვალი“ N22 გვ 14-16 — 1894 წ.