ბიჭვინთის საეპისკოპოსო

ბიჭვინთის საეპისკოპოსო — დასავლეთ საქართველოს პირველი ეპარქია IV საუკუნის I მეოთხედიდან. IX ან XII-XIII საუკუნეებიდან აფხაზეთის საკათალიკოსო. 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას, რომელმაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა, ესწრებოდა პიტიუნტის (ბიჭვინთის) ეპისკოპოსი სტრატოფილე, რაც ამ საეპისკოპოსოს მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ბიჭვინთის საეპისკოპოსო იმის დადასტურებაა, რომ უკვე IV საუკუნის I მეოთხედში დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია იყო. ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბიჭვინთის საეპისკოპოსო ბერძნული ეპარქია იყო ბერძენი კოლონისტებისათვის (კ. კეკელიძე), მაგრამ ეს თვალსაზრისი დამაჯერებლადაა უარყოფილი და ნაჩვენებია, რომ ეპარქია ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა (ს. ყაუხჩიშვილი). ნიკეის საეკლესიო კრების მონაწილეთა სია შემორჩენილია ექვს ენაზე და ექვსივე სიაში მოხსენიებულია ბიჭვინთის საეპისკოპოსო, როგორც პოლემონის პონტოს ერთ-ერთი ეპარქია (მასში შემავალი სამი ეპარქიიდან). VII საუკუნეში ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია დასავლეთ საქართველოს სამი ეკლესია: აბაზგიის ეპარქია, რომლის კათედრალიც ჩანს სებასტოპოლისში (ცხუმი, ახლანდელი სოხუმი), მაგრამ როგორც ეტყობა ბიჭვინთის საეპისკოპოსო ამ პერიოდშიც აგრძელებდა არსებობას და IX საუკუნეში ბიჭვინთის ეპისკოპოსი აღარ იყო კონსტანტინოპოლზე დამოკიდებული. ბიჭვინთის ეპისკოპოსმა წაართვა პირველობა ფაზისის მიტროპოლიტს, რომელიც ლაზიკის ეკლესიის მეთაური იყო და იგი მთელი დასავლეთ საქართველოს მღვდელმთავარი გახდა.

შესაძლებელია აქედან მიიღო ბიჭვინთის ეპისკოპოსმა აფხაზთა კათალიკოსის პატივი. ბიჭვინთის საეპისკოპოსოს კათედრალი იყო IV საუკუნეში აგებული ბაზილიკა, რომლის იატაკი შემკობილი ყოფილა მოზაიკით. მის ნანგრევებზე V საუკუნეში აუგიათ ახალი კათედრალი - სამნავიანი ბაზილიკა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება