ბიჭვინთის მოზაიკა

ბიჭვინთის მოზაიკა — V საუკუნის მოზაიკური მხატვრობა, რომლითაც შემკული იყო IV საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის იატაკი (ბაზილიკის ნანგრევები აღმოჩნდა ბიჭვინთის კონცხზე 1952 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების დროს). შედარებით უკეთ იყო შემონახული საკურთხევლის აფსიდსა და სტოაში (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). ბიჭვინთის მოზაიკა შესრულებულია ადგილობრივი ფერადი ქვის (თეთრი, შინდისფერი, ყვითელი და შავი) ოთხკუთხა ნატეხებით, სუფთად დაფქული აგურისა და კირის ხსნარზე. ფონი აგურისფერია. შესრულებულია ადგილობრივი ოსტატების მიერ. თავისი ხასიათით ბიჭვინთის მოზაიკა უახლოვდება მახლობელი აღმოსავლეთის ელინიზებული ქვეყნების სირიისა და პალესტინის მოზაიკურ მხატვრობას. საკურთხევლის აფსიდის ცენტრში დიდი მონოგრამია, ე. წ. "ქრიზმა", შემკული "ალფა" და "ომეგას" ნიშნით. მონოგრამის ორივე მხარეს აკანთის ხვეულების ფართო ზოლია, რომელიც ჩარჩოსავით ევლება მთელ კომპოზოციას. ქრიზმის მარცხნივ მცენარის აყვავილებული და ნაყოფმოსხმული შტოა ფრინველთა გამოსახულებებით. კომპოზოცოა გაფორმებულია გეომეტრიული ორნამენტით (რომბები, ნახევრად რომბები, წრეები). ნართექსის მოზაიკა დეკორატიული ხასიათისაა. გრეხილებისაგან შექმნილ სხვადასხვა ფორმის მცირე არეებში ჩასმულია ფრინველებისა და თევზების მოზაიკური ფიგურები. კარიბჭესთან გამოსახულია შადრევანი და აქეთ-იქიდან ფრინველები. ეკლესიის სხვადასხვა ნაწილში ფრაგმენტებად შემორჩენილია ირმებისა და შვლის ნუკრის გამოსახულებები.

ლიტერატურა

რედაქტირება