აფხაზეთის საკათალიკოსო

აფხაზეთის საკათალიკოსო — დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო. მის დაარსებას უნდა მომხდარიყო X საუკუნის II ნახევარში (თუმცა ზოგი მკვლევარი VIII- IX საუკუნეებს, ზოგი კი XIII საუკუნეს თვლიდა). აფხაზეთის საკათალიკოსო წარმოადგენდა ქართულ ეროვნულ და ცენტრალიზებულ ეკლესიას, რომლის პოლიტიკურ საფუძველს ქართული სახელმწიფო აფხაზთა სამეფო წარმოადგენდა. აფხაზეთის საკათალიკოსომ შეცვალა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ლაზიკის სამიტროპოლიტო და აბაზგიის საარქიეპისკოპოსო ეპარქიები. აფხაზეთის კათალიკოსის საკათედრო ტაძარი, რომელიც ანდრია მოციქულის საყდრად იწოდებოდა, ბიჭვინთაში იყო. აფხაზეთის კათალიკოსს „ბიჭვინთის კათალიკოსსაც“ უწოდებდნენ. XI საუკუნიდან იერარქიულად იგი საქართველოს კათოლიკოსის გავლენის ქვეშ იყო. XV საუკუნიდან, საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, აფხაზეთის საკათალიკოსო კვლავ სავსებით დამოუკიდებელი გახდა და მისი მეთაური „აფხაზეთის კათალიკოს-პატრიარქად“ იწოდებოდა. მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა იმერეთის სამეფოზე, გურიის, ოდიშის, აფხაზეთის სამთავროებზე, დასავლეთით და ჩრდილოეთით კი ბევრად სცილდებოდა ქართულ პოლიტიკის საზღვრებს. XVI საუკუნის II ნახევარში, კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის (1558—1578 წწ.) დროს, აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს, რაც გამოწვეული იყო ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის გართულებით (სამეფო-სამთავროებს შორის შინაომები და ოსმალეთის აგრესიის გაძლიერება აფხაზეთში), ბიჭვინთას ამის შემდეგაც არ დაუკარგავს საკათალიკოსო საყდრის სახელი დამნიშვნელობა. რუსეთის იმპერატორის 1814 წლის 14 ოქტომბრის ბრძანებულებით დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო უშუალოდ შეუერთდა რუსეთის ეკლესიას, ხოლო ადგილობრივ მმართველად დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსი, რომელსაც „საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი“ ეწოდა. 1917 წელის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოველში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის კრებაზე, ყოფილი აფხაზეთის საკათალიკოსოს ეპარქიები და მრევლი მათივე სურვილითა და გადაწყვეტილებით შევიდა საქართველოს კათოლიკოსის გამგებლობაში, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე დადგენილ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შემსრულებლად (ანუ მოსაყდრედ). ეს შეერთება ოფიციალურად გაფორმდა თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიაში მოწვეულ სრულიად საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრებაზე 1917 წლის სექტემბერში, როდესაც საეკლესიო კრების მიერ დამტკიცდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება