ეგრისის სამეფო

(გადამისამართდა გვერდიდან ლაზიკის სამეფო)

ეგრისის სამეფო, ლაზიკის სამეფო (ბერძ. Λαζική) — ძველი ქართული სამეფო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. უცხოურ წყაროებში ლაზიკის სამეფოდ მოხსენიებული. კოლხეთის სამეფოს დაშლის და მასში შემავალ ტომობრივ-ტერიტორიულ ერთეულების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად შექმნილი 131 წელს.

ლაზიკის სამეფო
ეგრისის სამეფო


ახ. წ. 131697

ეგრისის რუკა IV-V საუკუნეებში
დედაქალაქი არქეოპოლისი
უდიდესი ქალაქები ქუთათისი, უქიმერიონი, როდოპოლისი, შხეფი, კოტიანეთი, ონოგურისი, მუხურისი, დიმნა, შორაპანი, გაგრა, პიტიუნტი (ბიჭვინთა), სებასტოპოლისი, ფაზისი, პეტრა (ციხისძირი), (აფსაროსი სკანდა).
ენა ზანური და სხვა ქართველური ენები
რელიგია წარმართობა, ქრისტიანობა
ფართობი 20 000 კმ²
მოსახლეობა ეგრები, ლაზები, სკვიმნები, აფშილები, აბაზგები, სანიგები, მისიმიელები, ჯიქები, ჰენიოხები, სვანები.
მმართველობის ფორმა მონარქია

ეგრისი II - V საუკუნეებში

რედაქტირება

თავდაპირველად მცირე სამეფო იყო, ეკავა მდინარე რიონის ორივე ნაპირი და ვრცელდებოდა დღევანდელი ქობულეთიდან მდინარე ხობისწყალმდე. აღმოსავლეთით მისი საზღვარი არ აღწევდა ლიხის ქედამდე, რადგან არგვეთი წარმოადგენდა იბერიის სამეფოს ნაწილს. მათ შორის საზღვარი სკანდა-შორაპანის ხაზზე გადიოდა.

რომის იმპერია ეგრისზე სიუზერენობას ინარჩუნებდა. II საუკუნის 30-იან წლებში ლაზიკის მეფე მალასა რომის იმპერატორის მიერ იყო დანიშნული, ხოლო მის ზღვისპირა ციხე-ქალაქ ფასისში რომაული გარნიზონი იდგა. III საუკუნის 50-იან და 70-იან წლებში ეგრისის სამეფოს შემოესივნენ გუთები. 29 წელს კი ბოთორსი ბოსფორის მეფე დაესხა თავს ეგრისს.

II--III საუკუნეებში აშკარად ჩანს დასავლეთ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობის, კერძოდ საგარეო ვაჭრობის აღორძინება. ამ დროს დასავლეთ საქართველო უმათვრესად მცირე აზიასთან, კერძოდ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროების ცენტრებთან იყო დაკავშირებული. II საუკუნის ბოლოს და III საუკუნის დასაწყისში ეგრისში მრავლდება რომის საიმპერიო მონეტები, რომელთა შემოსვლა იწყება იმპერატორ კომოდუსის დროიდან. III საუკუნიდან დაიწყო საქალაქო ცხოვრების აღმავლობა, მსხვილ სავაჭრო-სახელოსნო ხენტრებად იქცა ზღვისპირა ქალაქები (ფასისი, სებასტოპოლისი, ბიჭვინთა), წარმოიქმნა ახალი ქალაქები (შორაპანი, ვარდციხე, მოხირისი და სხვა), აღორძინდა ძველი ქალაქები (ქუთაისი), როდოპოლისი უკვე III საუკუნეში იყო შემოვლებული ციხე-გალავნით, ვრცელი და ძლიერი იყო სამეფოს დედაქალაქი არქეოპოლისი.

IV საუკუნეში ეგრისის სამეფო გაძლიერდა და გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. სამხრეთით მისმა ტერიტორიამ მიაღწია მდინარე ჭოროხის ქვემო დინების რაიონს.ჩრდილოეთით ეგრისს დამორჩილდნენ აფშილები და აბაზგები ხოლო 389-395 წლებში – სვანები. IV საუკუნის I ნახევარში ეგრისის სამეფოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და ეგრისი ეკლესიურად კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაექვემდებარა. ეკლესიურად ეგრისის გავლენის ქვეშ მოექცა უფრო სამხრეთით მდებარე ჭანეთი, ხოლო ჩრდილოეთის ქალაქები სებასტოპოლისი და პიტიუნტი ინარჩუენებნ ეკლესიურად ეგრისისგან დამოუკიდებლობას.

IV საუკუნის ბოლოს ეგრისის სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა. IV საუკუნეში დასუსტებული რომის იმპერია იძულებული გახდა შეგუებულიყო საკუთარი ვასალის გაძლიერებას. ეგრისის მეფის დამოკიდებულება რომის იმპერატორზე უფრო ფორმალური გახდა: ეგრისის მეფეს ბიზანტიის იმპერატორი უგზავნიდა სამეფო ნიშნებს. ეგრისელების მოვალეობა მხოლოდ თავისი ქვეყნის ჩრდილო საზღვრების დაცვა იყო, რომ ახალი საშიში ძალა – მომთაბარე ჰუნები – ამ გზით არ შეჭრილიყვნენ იმპერიის მიწა-წყალზე. ეგრისის ზღვისპირა პუნქტებში აღარ იდგნენ ბიზანტიის გარნიზონები, ეგრისი აღარ იხდიდა ხარკს. ეგრსის მეფის ვასალები იყვნენ აბაზგების და სვანების მთავრები. ძლიერდებოდა ქვეყნის ფეოდალიზაციის პროცესი. ეგრისის სამეფოს გაძლიერებას, გარდა რომის დასუსტებისა, ასევე ხელი შეუწყო ეკონომიკის განვითარებამ. სამეფოში სამეურნეო თავლსაზრისით დაწინაურებული ოლქი იყო მუხურისი. ეგრისის სამეფოში განვითარებული იყო მიწათმოქმედება და მეცხოველეობა, ამუშავებდნენ სელს, ცვილს, გემთსაშენებელ ხე-ტყეს. ეგრისის სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ბიზანტიის მცირეაზიულ და სხვა პროვინციებთან, პონტოსპირა ქალაქებთან, სომხეთთან და მისი მეშვეობით ირანთან და მცირე აზიასთან. შემოდიოდა დიდძალი იმპირტული საქონელი (ძვირფასი კერამიკა, მინის ნაწარმი, ფუფუნების საგნები და სამკაულები), მიმოქცევაში იყო ბიზანტიური და აღმოსავლური მონეტები. ამ დროს სებასტოპოლისი, ბიჭვინთა და ფაზისი კვლავ მსხვილ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებად და ძლიერ ქალაქებად·ჩანან.

V საუკუნის შუა წლებში მეფე გუბაზ I-მა სცადა განთავისუფლებულიყო ბიზანტიაზე ყოველგვარი დამოკიდებულებისაგან, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ბიზანტიასთან კონფლიქტით ისარგებლეს სვანებმა და სანიგებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, რაც 457 წლიდან 474 წლამდე გაგრძელდა. ეგრისი შემდგომში კიდევ უფრო დასუსტდა და ბიზანტიის ბატონობამ აქ უფრო მეტად რეალური სახე მიიღო.,

ეგრისის დიდი ომი

რედაქტირება

VI საუკუნის დასაწყისში ეგრისის სამეფო დროებით ირანის ქვეშევრდომი გახდა. ამ დროს ეგრისის დაქვემდებარებაში ჩანან თანამედროვე წებელდის მიდამოებში მოსახლე მისიმიელები და სკუმიის (ახლანდელი ლეჩხუმი) მოსახლეობაც. აფშილეთში ეგრისის მეფეს თავისი მოხელე (მაგისტროსი) ჰყავდა და ციხეებში კი ეგრისის გარნიზონები იდგა. VI—IX საუკუნეებში ეგრისის სამეფოს ჰყავდა თავისი მიტროპოლიტი (სამიტროპოლიტოს ცენტრი — ფასისი), რომელსაც ოთხი ეპისკოპოსი ექვემდებარებოდა — პეტრას (ციხისძირის), ზიგანევის (გუდავა), ცაიშის და როდოპოლისის (ვარდციხე). ეგრისის სამეფოს კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა (III—IV სს.).

523 კი ეგრისის მეფემ წათე II-მ გვირგვინი ბიზანტიის იმპერატორისაგან მიიღო. VI საუკუნეში ეგრისის სამეფო ბიზანტიასა და ირანს შორის გამუდმებული ომების ასპარეზი გახდა. მას შემდეგ, რაც ირანმა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (იბერია, ალბანეთი, სომხეთის ნაწილი) მტკიცედ მოიკიდა ფეხი, ეგრისის სამეფოს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. 528 ირანის ჯარმა დასავლეთ საქართველოში დაიკავა ციხე-ქალაქები შორაპანი და სკანდე. ეგრისის მეფეს ბიზანტიის დამხმარე ჯარი მოუვიდა, ირანელები დამარცხდნენ და 532 დაიდო „საუკუნო ზავი“, რომლითაც უნდა აღდგენილიყო ომამდელი ვითარება. იმპერატორმა იუსტინიანე I-მა გააძლიერა თავისი ხელისუფლება ეგრისში (დააარსა ციხე-ქალაქი პეტრა, დააწესა სავაჭრო მონოპოლია და ეგრისის ციხე-ქალაქებში თავისი ჯარი ჩააყენა). ამან გამოიწვია 541 წლის აჯანყება გუბაზ II-ის მეთაურობით (ეგრისის აჯანყებები).

542 წელს ირანის ჯარი შევიდა ეგრისში და დაიწყო 20-წლიანი ომი ბიზანტიასა და ირანს შორის. 562 წელს დაიდო ზავი. ირანმა დათმო ეგრისი, რომელიც ბიზანტიის ვასალურ სამეფოდ დარჩა. VII საუკუნის 20-იან წლებში ეგრისელები აბაზგებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ იმპერატორ ჰერაკლეს ლაშქრობებში ირანის წინააღმდეგ.

ეგრისის სამეფოს დაცემა

რედაქტირება

VII საუკუნის 60-იან წლებში ეგრისის სამეფო გაუქმდა და ბიზანტიის პროვინციად იქცა, მისი მმართველი პატრიკიოსის ტიტულით იხსენიება. აბაზგია ეგრისისგან დამოუკიდებლად უშუალოდ ბიზანტიის იმპერის ემორჩილება. ამ დროს აბაზგია და ეგრისი განცალკევებულია როგორც პოლიტიკურად, ასევე რელიგიურად. ამ დროს აფშილეთი, მისიმიანეთი, სვანეთი და ლეჩხუმი კვლავ ეგრისის შემადგენლობაშია. გარდა ამ სამთავროებისა, ეგრისის შემადგენლობაში იყო რაჭა, არგვეთი და აჭარაც. ეგრისის პატრიკიოსის ერთ-ერთი რეზიდენცია აფშილეთში, მოქვის მახლობლადაა ნავარაუდები.

697 ეგრისის მმართველმა პატრიკიოსმა სერგიმ სცადა ბიზანტიისაგან განთავისუფლება არაბების დახმარებით, მაგრამ უშედეგოდ. 736—738 ეგრისში შეიჭრა არაბთა სარდალი მურვან ყრუ, ააოხრა ქვეყანა, დაანგრია დედაქალაქი ციხეგოჯი და სხვა ქალაქები. ამან კიდევ უფრო დააუძლურა დასუსტებული ქვეყანა, რასაც ფეოდალური დაქუცმაცებაც დაერთო. VIII საუკუნის ბოლოს ეგრისის უკანასკნელი მთავრების იოანესა და ჯუანშერის ხელისუფლება მთლიანად შეირყა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების ინიციატივა აფხაზთა სამთავროს ხელში გადავიდა.

ეგრისის სამეფოს კულტურამ, ერთი მხრით, გააგრძელა მდიდარი ადგილობრივი ტრადიციები, რომლებიც ძველი კოლხური სამყაროდან მომდინარეობდა, მეორე მხრით კი შეითვისა ელინისტურ-რომაული კულტურის ელემენტები. უცხო კულტურის გავლენა ეტყობა ამ ხანის დასავლეთ საქართველოს სააღმშენებლო საქმეს, ჩაცმა-მორთულობას. მაგრამ ეს გავლენა ზედაპირული იყო, მას არ განუსაზღვრავს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის კულტურის განვითარება.

 
კირილ თუმანოვის მცდელობა ლაზიკის მეფეების[კ 1] გენეალოგიური ხის რეკონსტრუქციისა.
სახელი ტიტული მეფობის წლები შენიშვნა
1. მალასა მეფე II საუკუნის I ნახევარი რომის იმპერატორ ადრიანეს ვასალი, მოხსენიებული 131 წელს ადრიანეს მიერ.
2. ბაკური მეფე II საუკუნის შუა ნახევარი რომის იმპერატორ ანტონინუს პიუსის თანამედროვე. მისი სახელი გვხვდება მის მიერ გამოშვებულ მონეტაზე.
3. გუბაზ I მეფე 456–466 ისტორიულად დამოუკიდებელი ლაზიკის სამეფოს პირველი დოკუმენტირებული მეფე.
466 წელს ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიელები ლაზიკადან განდევნა და იგი იბერიის სამეფოს დაუმორჩილა, შესაბამისად, ლაზიკა იბერიის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა და მის მთავრად დამნაზე დაინიშნა.
4. დამნაზე მეფე 466–522
522 წელს ლაზიკის სამეფომ დამოუკიდებლობა კვლავ აღიდგინა.
5. წათე I მეფე 522–540
564
ოფსიტე
სკეპარნა[1]
აღმ. აბაზგიის მთავარი
დას. აბაზგიის მთავარი
541–550
550
6. გუბაზ II მეფე 540–555 წათე I-ის ძე. მოკლული ბიზანტიელი სტრატეგების მიერ.
7. წათე II მეფე 555–561 გუბაზ II-ის ძმა. ძმის მკვლელობის შემდეგ იუსტინიანე I-მა ეგრისის სახალხო კრების მოთხოვნა გაითვალისწინა მისი მეფედ კურთხევის შესახებ.
562 წლის ბიზანტიასა და სპარსეთის შორის 50 წლიანი ზავის დადების თანახმად, ეგრისი ბიზანტიის ვასალურ სამეფოდ გამოცხადდა. სამეფოში ინიშნებოდნენ მთავრები, ტიტულით – „პატრიკიოსი“.
570 წლიდან660 წლამდე სამეფო ხელისუფლება ხელთ იგდო ბიზანტიამ.
8. ბარნუკ I მეფე 660–670
9. გრიგოლ მეფე 670–675
10. ბარნუკ II მეფე 675–691
11. სერგი ბარნუკის ძე მეფე 691–697

კომენტარები

რედაქტირება
  1. ეგრის-ლაზიკის ცნობილი მეფეები:
    • აგროსი – I–II საუკუნეების მიჯნა
    • მალასა – II ს. I ნახევარი
    • პაკორი – II ს. შუა ხანები
    • გუბაზ I – 440–465 წ.წ.
    • წათე I – 465–490 წ.წ.
    • დამნაზე – 490–520 წ.წ. ბიზანტიური წყაროების „ძამანარძე“
    • წათე II – 520–529 წ.წ.
    • გუბაზ II – 541–554 წ.წ.
    • წათე III – 554–565 წ.წ.
    ეგრისის ცნობილი პატრიკიოზები, ანუ ერისმთავრები, სატახტო ციხე-ქალაქი ჯიხახორა (აფშილეთის ტერიტორიაზე). პატრიკიოზთა სახელებს უკვე ბიზანტიური გავლენაც ეტყობა.
    • ბარნუკ I – 640–663, 664–665 წ.წ.
    • გრიგორი – 663–664, 665–691 წ.წ.
    • ბარნუკ II გრიგორის ძე – 675–691 წ.წ.
    • სერგი ბარნუკის ძე – 691–711 წ.წ.
    სერგიმ ქვეყანა 697 წ. არაბებს დაუმორჩილა. 711–762 წ.წ. ქართლის საერისმთავროსთან შეერთება. იოანე არჩილის ძე ქართლის ერისმთავრის ვაჟი, 762–778 წ.წ. აფხაზეთის ერისთავმა ლეონ II-მ აფხაზეთი და ეგრისი გააერთიანა. კ.ზ. გამსახურდია დაასკვნის: ამრიგად დაიდო გაერთიანებული საქართველოს ფუძე-ქვა, არტანუჯელი ბაგრატიონების და აფხაზი ლეონიდების ერთობლივი ძალისხმევით უკვე მერვე-მეათე საუკუნეებში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სკეპარნა. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.