აბაზგია
აბაზგია (ბერძ. Αβαζγια), აგრეთვე ცნობილი როგორც აბაზგეთი — აბაზგებით დასახლებული ისტორიული მხარე, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. ახ. წ. დასაწყისში ეკავა დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
აბაზგიის სამთავრო Αβαζγια | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
აბაზგიის სამთავრო ბიზანტიის უშუალო მართველობის ქვეშ, VII-VIII საუკუნეები | ||||
დედაქალაქი | ანაკოფია | |||
ენა | ქართული, აფხაზური | |||
რელიგია | ქრისტიანობა | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
- შეუერთდა აფხაზთა სამეფოს | 786 | |||
ისტორია
რედაქტირებაI-II საუკუნეებში აქ წარმოიქმნა აბაზგების სამთავრო, რომელმაც VI-VII საუკუნეებში ჩრდილოეთით გადაინაცვლა მდ. გუმისთასა და ბზიფს შუა. აბაზგიაში ზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ცენტრები იყო: ჩრდილოეთით ბიჭვინთა, სამხრეთით ანაკოფია.
აბაზგია თავდაპირველად ეგრისის სამეფოში შედიოდა. VI საუკუნეში ეგრისის ტერიტორიაზე ირანსა და ბიზანტიას ომის შედეგად ეგრისის სამეფო თანდათან დასუსტდა. ეგრისის შემდეგი დასუსტება არაბთა თავდასხმებმაც განაპირობეს. საუკუნის დასასრულისათვის მას გამოეყო აბაზგეთი, რომელიც უშუალოდ ბიზანტიის იმპერიის ხელისუფლებას დაემორჩილა. ამ დროისთვის აბაზგიაში უკვე მიმდინარეობდა ფეოდალიზაციის პროცესი. აბაზგიის ერისთავები, არქონტები („ერისთავი ბერძენთა“, როგორც მათ ქართული წყარო უწოდებს) იმპერატორის ვასალები იყვნენ. მათ მხარს უჭერდა ბიზანტიის საიმპერატორო კარი, რადგან მის ინტერესებში არ იყო ერთიანი და ძლიერი დასავლურქართული სახელმწიფოს არსებობა, რომელსაც ის ადვილად ვერ უმორჩილებდა თავის ხელისუფლებას.
550 წელს აბაზგები აუჯანყდა ბიზანტიას, რომლის უშუალო მიზეზი ბიზანტიელების მიერ ახალი მმართველობის წესის შემოღება და მათი აბაზგიის სრული დაქვემდებარების მცდელობა გახდა. აჯანყებულებმა კვლავ აირჩიეს საკუთარი მთავრები (დასავლეთ აბაზგიაში — სკეპარნა, აღმოსავლეთ აბაზგიაში — ოფსიტე) და ირანის შაჰს სთხოვეს დახმარება. ხოსრო ანუშირვანმა აჯანყებულებს ლაშქარი მიაშველა, მაგრამ ამ დახმარებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ბიზანტიის დამსჯელმა ლაშქარმა ალყა შემოართყა აბაზგებს, რომლებიც ტრაქეის მიუვალ ციხეში იყვნენ გამაგრებულები. თავგანწირული ბრძოლის შემდეგ აბაზგები იძულებული გახდნენ ციხე დაეთმოთ. მტერმა მოაოხრა დაპყრობილი მიწა-წყალი. აბაზგია უშუალოდ ბიზანტიას დაემორჩილა.
VII-VIII საუკუნეებში, ეგრისის დასუსტების პერიოდში, გაძლიერდა აბაზგიის სამთავრო, რომელშიც გაერთიანდნენ აბაზგები, აფშილები, სანიგები, მისიმიელები. ამ ტომთა ერთობლიობას ქართული წყაროები აფხაზეებს უწოდებენ, ხოლო აბაზგიის მთავარს - აფხაზთა მთავარს ან აფხაზთა ერისთავს. VIII საუკუნეში აფხაზი მთავრები გახდნენ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორები დასავლეთ საქართველოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანჩაბაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 11.
- ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 11.