ჰუნები
ჰუნები (ბერძ. Οὔννοι, ლათ. Hunni) — აზიიდან ევროპაში შეჭრილი ძველი ხალხი. პირველად იხსენიებიან იმ წყაროებში, რომლებიც მათ მიერ დაახლ. 375 წელს ოსტროგუთების გაერთიანების განადგურებას ეხება (ოსტროგუთების მეთაური იყო ერმანარიხი). მანამდე, აღმოსავლეთიდან დაძრულმა ჰუნებმა დაიმორჩილეს ჩრდილოეთ კავკასიაში და დონზე მცხოვრები ალანები. ევროპის ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების მოვლენების აღწერისას ანტიკურ ავტორებთან მოხსენიებული უნები და ჰუნები დღეს როგორც თანაჟღერადი სიტყვები ისე განიხილება და მათი ერთმანეთთან გაიგივება არ არის ასახული ჰუნების დროინდელ წყაროებში. ჰუნების ხუნუსთან კავშირის ჰიპოთეზას მრავალი მეცნიერი იზიარებს, თუმცა უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობს. უთუოა მხოლოდ მათი კუთვნილება მონღოლოიდური რასისადმი, ცხოვრების მომთაბარე წესი და ცენტრალური აზიის ოლქებთან კავშირი. ჰუნების ენა ცნობილი არ არის, შეფასებების ნაწილის თანახმად, ის მიეკუთვნებოდა თურქული ენების ძველ ფენას. არსებობს ჰიპოთეზები ჰუნების უგრებისადმი კუთვნილების შესახებ.[1]
ალანებისა და გუთების აღმოსავლეთ ჯგუფის დამარცხების შემდეგ, ჰუნებმა დაიმორჩილეს აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთი ნაწილის რიგი ძველი ხალხები და IV საუკუნის ბოლოსკენ აქ წამყვანი სამხედრო და პოლიტიკური ძალა გახდნენ, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ხალხთა დიდი გადასახლების საწყის ეტაპზე. 370-იან წლებში ჰუნების ყველაზე მსხვილ გაერთიანებას ხელმძღვანელობდა ბალამბერი. გუთებთან და ალანებთან ერთად, ჰუნების გარკვეული ჯგუფი შევიდა ალათეუსისა და საფრაქსის გაერთიანებაში. 379 წელს ერთ-ერთი ამ ან სხვა გაერთიანების ჰუნები დაამარცხა იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა, რომელმაც ისინი 388 და 394 წელს უზურპატორებთან ბროლაში გამოიყენა. 394/395–398 წლებში ჰუნები შეიჭრნენ ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიაში და სირიამდე მიაღწიეს. V საუკუნის დასაწყისში ქვემო დუნაისპირეთში ყველაზე ძლიერი იყო ჰუნების გაერთიანება ულდინის მეთაურობით (მათ ემორჩილებოდნენ სკირები და დუნაისპირეთის სხვა ძველი ხალხები). რომაელი მხედართმთავარი სტილიქონი ჰუნების რაზმებს იყენებდა რადაგაისის სამხედრო გაერთიანების, ასევე ვესტგუთების წინააღმდეგ საბრძოლველად. დაახლ. 405–408 წლებში ჰუნებთან მძევლის სახით ცხოვრობდა აეციუსი. 408–409 წლებში ჰუნები შეიჭრნენ აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, თუმცა აქ მათი თავდასხმები მოიგერიეს. იმპერატორ ჰონორიუსის კარზე მსახურობდა ჰუნების რაზმი (ამოხოცეს 409 წელს). არსებობს ცნობები ასევე ჰუნების მმართველ დონატუსის, რომელიც დაახლ. 412 წელს რომაელთა მონაწილეობით მოკლეს, და „ბელადებს შორის პირველის“ ქარატონის შესახებ. დაახლ. 415–420 ან 421 წელს ილაშქრეს ირანში.[1]
420-იან წლებში დაიწყო ჰუნების კონსოლიდაცია. 430 წელს ბურგუნდების წინააღმდეგ ლაშქრობის დროს ოქტარის გარდაცვალებისა და სხვა მოვლენების შემდეგ ერთპიროვნული მმართველი გახდა რუგა (რუა). 434 წელს ის ჩაანაცვლეს მემკვიდრეებმა ატილამ და ბლედამ (445 წელს ატილამ ძმა მოკლა და თვითონ გახდა ერთპიროვნული მმართველი). 427 ან 433 წელს, დასავლეთ რომის იმპერიასთან ხელშეკრულების მიხედვით, კონტროლი დაამყარეს პანონიის მიწებზე. 435–438 წლებში ჰუნთა რაზმები დასავლეთ რომის სარდალ ლიტორიუსის მეთაურობით იბრძოდნენ ბაგაუდებისა და ვესტგუთების წინააღმდეგ, თუმცა 439 წელს დამარცხდნენ. 436 წელს ატილას ჰუნებმა გაანადგურეს ბურგუნდები (რამაც ასახვა ჰპოვა ეპოსში „სიმღერა ნიბელუნგებზე“). ჩაახშეს დამორჩილებული ხალხების დამოუკიდებლობის მოპოვების რიგი მცდელობები, კერძოდ აკაცირების (შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ) მცდელობა, დაელაგებინათ ურთიერთობები კონსტანტინოპოლთან. 435 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან გააფორმეს ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იმპერიას ეკისრებოდა გადასახდელი ხარკის გაზრდა და „გაქცეულების“ (ვინც ჰუნების მმართველობას გაექცა) გადაცემა. 443 წელს, ბალკანეთზე ჰუნების 441–442 წლების გამანადგურებელი ლაშქრობების შემდეგ, ხელშეკრულების პირობები კიდევ უფრო გამკაცრდა. 446 წელს აეციუსთან ხელშეკრულებით, მიწები მიიღეს მდინარე სავაზე. 447 წელს შეტევა განაახლეს აღმოსავლეთ რომის იმპერიის წინააღმდეგ, რაც 448 წელს დასრულდა ზავით, რომლის მიხედვითაც, კონტროლი დაამყარეს მთელ ქვემო დუნაისპირეთზე (ზავის პირობები არ დაამტკიცა 450 წელს ტახტზე ასულმა იმპერატორმა მარკიანემ). დაახლოებით 450 წელს ჩაერივნენ ფრანკების შინაომში.[1]
V საუკუნის შუა ხანებისთვის ჩამოყალიბდა ჰუნების სახელმწიფო, რომელიც გადაჭიმული იყო დუნაისპირეთიდან ვოლგისპირეთამდე და ჩრდილოეთ კავკასიამდე. ის ჰუნების გარდა მოიცავდა ალანებს, გეპიდებს, დაჯგუფებებს, რომლებმაც შემდგომში ოსტგუთები ჩამოაყალიბეს, და მრავალ სხვა ხალხს. ჰუნებისადმი სხვადასხვა ხარისხის დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ ევროპის ტყის ზონის რიგი სხვა ხალხებიც. ატილას ბანაკი (ხის სასახლითა და ახლო პირთა მამულებით) მდებარეობდა მდინარე ტისის პირეთში. ჰუნების საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრობლემა ისტორიკოსთა შორის კამათს იწვევს. რიგი მკვლევრები თვლიან, რომ ისინი ცხოვრობდნენ გასამხედროებული სისხლით ნათესაობის ურთიერთკავშირების პირობებში, რაც ტომების სათავეში მდგომებს დამორჩილებული ხალხების ხარჯზე პარაზიტობის საშუალებას აძლევდა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი, ჩინეთისა და ირანის გავლენების შედეგად ჰუნებს საკმაოდ განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტები ჰქონდათ. შესაბამისად, განსხვავებულადაა შეფასებული ჰუნების როლი ევროპის ხალხთა განვითარების საქმეში.[1]
მიუხედავად იმისა, რომ ჰუნები მომთაბარეებად რჩებოდნენ, მათი და მათი დამორჩილებულების „ბაზები“, სადაც ხელოსნები და სხვა მოსამსახურეები ცხოვრობდნენ, გამოვლენილია მდინარე დონზე (ზამიატინო-ჩერტოვიცკოე, ტანაისი); ამგვარი „ბაზები“, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო დუნაიზე მდებარე რამდენიმე ნახევრად დანგრეული ქალაქი, პანტიკაპეონი ყირიმში და სხვ. საკუთრივ ჰუნების მატერიალური კულტურა ნაკლებადაა ცნობილი. მათთან აკავშირებენ აზიური პროტოტიპების მქონე ჩამოსხმულ ქვაბებს სოკოსებრი სახელურებით, დიადემებს, ზოგიერთ სხვა სამკაულს, მშვილდის, ხის სკულპტურებისა და თასების ოქროს შემონაფენებს, სამფრთიან რომბისებრყუნწიან ისრებს. იმ არქეოლოგიური მონაპოვრების უდიდეს ნაწილს, რომელიც ჰუნების დროის მომთაბარეებთანაა დაკავშირებული, ევროპული სათავეები აქვს.[1]
450-იან წლებში ჰუნების ძირითადი დარტყმა მიმართული იყო დასავლეთ რომის იმპერიის წინააღმდეგ. გალიაში მათი შეჭრა 451 წელს დასრულდა კატალაუნის ბრძოლაში ჰუნების მარცხით. 452 წელს შეიჭრნენ იტალიაში, გაძარცვეს აკვილეა, მილანი და სხვა ქალაქები, მაგრამ უკან გაბრუნდნენ. ატილას სიკვდილის (453) შემდეგ ჰუნების სახელმწიფოს დაშლა დაიწყო, აჯანყდნენ გეპიდები და სხვა დამორჩილებული ხალხები. ნედაოს ბრძოლაში ჰუნები და მათდამი ერთგულებაში დარჩენილი დაჯგუფებები განადგურდნენ, რა დროსაც გმირულად დაიღუპა ატილას მემკვიდრე — მისი უფროსი ვაჟი ელაკი. ჰუნების დარჩენილი ნაწილი ქვემო დუნაისპირეთისა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის სტეპებში გადავიდა. 456 წელს მათი თავდასხმა მოიგერიეს ოსტგუთებმა. 465–466 წლებში ჰორმიდაკის მეთაურობით ბალკანეთზე შეჭრილი ჰუნებიც უკუაგდეს; ატილას ვაჟების, დენგიზიხისა და ერნაკის მცდელობები (466), მოეგვარებინათ ურთიერთობები იმპერიასთან, უშედეგო აღმოჩნდა. 467–469 წლების ლაშქრობები დენგზიხისათვის უშედეგო და სასიკვდილო გამოდგა. 460-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში შეიჭრნენ აზიელი მომთაბარეების ახალი ჯგუფები — პროტობულგარები, რომლებმაც გაანადგურეს ან შთანთქეს ჰუნები.[1] აზიაში დარჩენილი ჰუნები კი ძირითადად ცენტრალურ აზიაში ცხოვრობდნენ IV-VI საუკუნეებში, მათი მცირე ნაწილი კავკასიაში VIII საუკუნემდე შემორჩა.[3]
ბიზანტიურ ისტორიოგრაფიაში ტერმინი „ჰუნები“, საკუთრივ ჰუნების გარდა, ევროპის რიგი სხვა მომთაბარე ხალხების აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა, მაგალითად, უნგრელების. კულტურული ფასეულობების მანადგურებელი შეუბრალებელი ველური ჰუნების სახე გავრცელდა შუა საუკუნეების ქრისტიანულ ლიტერატურაში, შეითვისეს ახალი დროის მწერლებმა, ასახვა ჰპოვა სახვით ხელოვნებასა და კინემატოგრაფიაში.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- (French) de Guignes, Joseph (1756-1758). Histoire générale des Huns, des Turcs, des Mongols et des autres Tartares.
- There is no evidence to show that the dominant element in the Hun state was historically connected with that of the Hsiung-nu (Sinor, 178)
- Omeljan Pritsak (1982). "Hunnic names of the Attila clan". Harvard Ukrainian Studies VI: 444
- Frucht, Richard C. 2005. Eastern Europe. ABC-CLIO.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Гавритухин И. О. Гунны // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 160.
- ↑ Hunnic age sacrificial cauldron has been found 2006, Hungary
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 696.