სამხრეთი კავკასია

რეგიონი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვისა და კასპიის ზღვას შორის და მოიცავს საქართველოს, სომხეთი
(გადამისამართდა გვერდიდან სამხრეთ კავკასია)

სამხრეთი კავკასიარეგიონი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვისა და კასპიის ზღვას შორის და მოიცავს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებს. სხვადასხვა წყაროში სამხრეთ კავკასიის სინონიმია ამიერკავკასია, რომელიც შემდეგნაირად არის განმარტებული: ამიერკავკასია არის კავკასიონის ქედის სამხრეთი რეგიონი. ამიერკავკასიას განეკუთვნება კავკასიონის სამხრეთ კალთის უმეტესი ნაწილი. კოლხეთისა და მტკვრის მთათაშორისი ბარი, ამიერკავკასიის მთიანეთი, თალაშის მთები და ლენქორანის დაბლობი. XX საუკუნის პოლიტიკური ტერმინოლოგიით „ამიერკავკასია“ (Закавка́зье) რუსულიდან მოდის და ნიშნავს კავკასიონის ქედს მიღმა არსებულს. დღეს ფართოდ გამოიყენება უფრო ნეიტრალური ტერმინი – სამხრეთი კავკასია. პოლიტიკურად იგი მოიცავს სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს – სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს.

ამიერკავკასიის ქვეყნები

ეტიმოლოგია რედაქტირება

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კავკასიის რეგიონი ანუ „კავკასია“, რომელიც მოიცავს ტერიტორიას კავკასიონის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ამ ქედის ბერძნულ სახელს „კაუკასოს“ უკავშირდება. თავად ბერძნული „კაუკასოს“ კი ძველი ირანული „კაპკაჰ“ სახელწოდებისაგან უნდა მომდინარეობდეს, რაც „დიდმთას“ ნიშნავს. სამხრეთ კავკასია არ არის ერთადერთი ტერმინი, როლითაც აღინიშნება კავკასიონის ქედის სამხრეთ ნაწილი. წარსულში, აქტიურად გამოიყენებოდა და დამკვიდრებული იყო ტერმინი „ტრანსკავკასია“. ქართველი ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე ამ საკითხთან დაკავშირებით წერს:

 
„ამიერკავკასიას“ დასავლურ ენებზე ჩვეულებრივ „ტრანსკავკასიას“ უწოდებენ, რაც რუსულ „Закавказье“-ს თარგმანს წარმოადგენს, ლათინური „ტრანს-“ თავსართის გამოყენებით რუსული „за-“ პრეფიქსის შესაბამისად. „ტრანსკავკასია“ – „Закавказье“, მაშასადამე, ნიშნავს „კავკასიის ქედის, კავკასიონის მიღმა ტერიტორიას“, რაც ქართულად როგორც „იმიერკავკასია“ გადმოითარგმნება. კავკასიონის ქედის სამხრეთით მდებარე ტერიტორიის „ტრანსკავკასია“ – „Закавказье“ (ე.ი. „იმიერკავკასია“) ტერმინით აღნიშვნა გულისხმობს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მომცველი ამ ტერიტორიის დანახვას და სახელდებას ჩრდილოეთიდან, „კავკასიის“ სამხრეთი ნაწილის შეფასებას „ჩრდილოელი დამკვირვებლის თვალით“, რის გამოც ეს ტერმინი გარკვეულ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, „კოლონიურ“ შეფერილობას იძენს. კავკასიის რეგიონი ანუ „კავკასია“, რომელიც მოიცავს ტერიტორიას კავკასიონის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ამ ქედის ბერძნულ „კაუკასოს“ სახელს უკავშირდება. თავად ბერძნული „კაუკასოს“ ტერმინი ძველი ირანული „კაპკაჰ“ სახელწოდებისაგან უნდა მომდინარეობდეს, რაც „დიდ მთას“ ნიშნავს. ამგვარად, „კავკასია“ გეოგრაფიულად წარმოადგენს გარკვეულ ტერიტორიას შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის, რომელსაც კავკასიონის ქედი ორ ნაწილად ჰყოფს – ჩრდილოეთ კავკასიად და სამხრეთ კავკასიად. „კავკასიის“ სამხრეთ ნაწილს ჩვენ ქართულად სავსებით ბუნებრივად „ამიერკავკასიას“, ანუ კავკასიის ქედის „აქეთ“, „ამიერ“ მდებარე რეგიონს ვუწოდებთ. ამისგან განსხვავებით, რუსულ და დასავლურ სიტყვახმარებაში ჩრდილოეთ კავკასიას „Северный Кавказ“-ს უწოდებენ, ხოლო კავკასიის სამხრეთ ნაწილს ლოგიკურად მოსალოდნელი და გეოგრაფიულად გამართლებული „Южный Кавказ“-ის ნაცვლად გარკვეული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე „Закавказье“ – „ტრანსკავკასია“ (ე.ი. „იმიერკავკასია“) ტერმინით აღნიშნავენ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ტერმინი „ტრანსკავკასია“ – „Закавказье“ მიზანშეწონილია ამ ენებში შეიცვალოს პოლიტიკურად ნეიტრალური და გეოგრაფიულად ზუსტი ტერმინებით „ჩრდილო კავკასია“ – „Северный Кавказ“, „North Caucasus“ და „სამხრეთ კავკასია“ – „Южный Кавказ“, „South Caucasus“; ქართულში „სამხრეთ კავკასია“ ტერმინის პარალელურად შესაძლებელია ტრადიციული „ამიერკავკასიაც“ ვიხმაროთ (საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მომცველი ტერიტორიის აღსანიშნავად). ეს საკითხი არაერთხელ დასმულა ჩვენს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო-პოლიტიკურ კონფერენციებზე კავკასიის შესახებ და დადებითად იქნა აღქმული აღნიშნული ფორუმების მონაწილეთა მიერ. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ტრადიციული ტერმინები „ტრანსკავკასია“ – „Закавказье“ იმდენად ფეხმოკიდებულია საერთაშორისო სიტყვახმარებაში, რომ მათ ნაცვლად ტერმინ „სამხრეთ კავკასიის“ დამკვიდრებას, ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდება. დროდადრო უნდა შეიცვალოს უცხოურ ორგანიზაციათა ამიერკავკასიასთან დაკავშირებული პროექტების ტერმინოლოგია: „ტრანსკავკასია“ – „Закавказье“ ტერმინის ნაცვლად უნდა იხმარებოდეს ტერმინი „სამხრეთ კავკასია“, „Южный Кавказ“, „South Caucasus“. ტერმინი „ტრანსკავკასიური“ (მაგალითად, „ტრანსკავკასიური მაგისტრალი“) დარჩება მხოლოდ მთელს „სამხრეთ კავკასიაში“ გამავალი გამჭოლი გზის, დერეფნის აღსანიშნავად აღმოსავლეთ– დასავლეთის (ან დასავლეთ–აღმოსავლეთის) მიმართულებით (ლათინური წინდებული „ტრანს“ - გარდა „იმიერ“ მნიშვნელობისა, რუს. „за-“, გამოხატავს აგრეთვე მნიშვნელობებს: „-ში“, „გასწვრივ“, რუს. „через“, „сквозь“, შდრ. ტერმინები „ტრანსატლანტიკური“, „ტრანსციმბირული“ და სხვ.). ამგვარი ტერმინოლოგიური დაზუსტება „კავკასიის“ მიმართ მით უფრო საგულისხმოა დღეს, როდესაც კონცეფცია „მშვიდობიანი კავკასიისა“ და კავკასიაში „კულტურათა დიალოგის“ შესახებ უკვე საერთაშორისო ჟღერადობას იძენს და მსოფლიო პოლიტოლოგიურ კონცეფციებში თვალსაჩინო ადგილს იმკვიდრებს როგორც ანტითეზა დასავლეთში გავრცელებული თეორიისა კავკასიის რეგიონში „ცივილიზაციათა შეტაკების“ თაობაზე.

ტერმინი „ტრანსკავკასია“ და „ტრანსკავკასი“ დასავლურ ენებში არის რუსული სიტყვის „ზაკავკაზიეს“ თარგმანი, რომელიც აღნიშნავს „კავკასიის მიღმა ტერიტორიებს“

გეოგრაფია რედაქტირება

სამხრეთ კავკასია პატარა, მაგრამ მჭიდროდ დასახლებული რეგიონია, კავკასიონის სამხრეთ ნაწილში. კავკასიონის მაღალმთიანი რეგიონი ძირითადად საქართველოს შემადგენლობაში შედის, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, ხოლო სომხეთი საქართველოდან სამხრეთით მდებარეობს, რომლიც ასევე მაღალმთიან პლატოზეა განლაგებული. მთების ჯამური ფართობი 186100 კვადრატული კილომეტრია. ჩრდილოეთიდან სამხრეთ კავკასია შემოსაზღვრულია რუსეთით, აღმოსავლეთით კასპიის ზღვით, სამხრეთით ირანითა და თურქეთით, ხოლო დასავლეთით შავი ზღვით.

ისტორია რედაქტირება

 
ამიერკავკასიის სფსრ დროშა, 1922

პრეისტორია რედაქტირება

სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ცნობები ძვ. წ. V საუკუნეში ჰეროდოტესთან გვხვდება, რომელმაც აღწერა კოლხები და მათ მუქკანიანი ეგვიპტელები უწოდა. ასევე, ძველი ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი, უკვე მოგვიანებით სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს აღწერს და აღნიშნავს, რომ ისინი კავკასიას უწოდებდნენ „კასპიას“. XIX საუკუნემდე სამხრეთი კავკასია პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული ქიშპის არენა იყო. ისტორიის მანძილზე რეგიონი სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მათ შორის იყვნენ აქემენიანები, ნეო-ასურული იმპერია, პართია, რომი, სასანიანები, ბიზანტია, მონღოლეთი, ოსმალები, ირანი (სეფიანები, აფშარიდები, ყაჯარები) და რუსეთის იმპერია. თითოულმა მათგანმა საკუთარი აღმსარებლობითა და კულტურით საკუთარი კვალი დატოვეს.

ისტორიის უმეტესობა სამხრეთ კავკასიამ ირანის ტერიტორიებზე დაფუძნებული იმპერიების მმართველობის ქვეშ გაატარა, შესაბამისად ის დიდი ხნის განმავლობაში „ირანული სამყაროს“ ნაწილად მიიჩნეოდა.

თანამედროვე კავკასიის ისტორიული სათავეები XVII საუკუნის შუა ხანებში უნდა ვეძებოთ. ამ დროისათვის უკვე გამოიკვეთა ის სამი რეგიონს გარეთა გეოპოლიტიკური ძალა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად: თურქეთი, ირანი და რუსეთი. 1555 წელს ამასიის ზავით ოსმალეთმა და ირანმა სამხრეთ კავკასია შუაზე გაიყვეს, 1557 წელს კი რუსეთმა, ყაზანისა და ასტრახანის სახანოების დაპყრობის (1552 და 1556 წლები) შემდეგ თერგზე ციხე ჩადგა. რაც შეეხება კავკასიის ქვეყნებს, აქ მეტ-ნაკლებ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ქართული სამეფო-სამთავროები ინარჩუნებდნენ. თანამედროვე აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიაზე მუსლიმური სახანოები არსებობდა, რომლებიც ირანს ემორჩილებოდნენ, ოსმალეთის გაძლიერების პერიოდებში კი მის დაქვემდებარებაში გადადიოდნენ.

რუსეთის მმართველობა რედაქტირება

XIX საუკუნის დასაწყისში ორი დიდი ომის შემდეგ, რომელსაც რუსეთ-სპარსეთის ომი ეწოდა (1804-1813 და 1826-1828), რუსეთის იმპერიამ დაიპყრო სამხრეთ კავკასიის უმეტესი ნაწილი. გულისტანის საზავო ხელშეკრულებით, რომელიც 1804-1813 წლის ომს მოჰყვა, ირანმა დაკარგა დაღესტანი და საქართველოს აღმოსავლეთი, ასევე ამჟამინდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმეტესი ნაწილი. თურქმენჩაის ზავის შემდეგ კი, რომელიც 1826-1828 წლების ომს მოჰყვა, ირანმა დაკარგა ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორია. 1828-1829 წლის ომის შემდეგ, ოსმალთა იმპერიამ რუსეთს დათმო დასავლეთ საქართველო (ბათუმის გარდა).

1844 წელს ამჟამინდელი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ერთად მოექცა რუსეთის იმპერიაში.

მოგვიანებით 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის შემგომ პერიოდში რუსეთმა სამხრეთ კავკასიის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორიაც მოიპოვა და ყარსის ოლქში გააერთიანა.

პარალელურად რუსეთი სრულად გაბატონდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც 1859 წელს მან საბოლოოდ გატეხა აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგობა, რომელიც შამილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, ხოლო 1864 წელს — დასავლეთ კავკასიის მთიელთა საბოლოო დამარცხებაც შესძლო. ჩერქეზთა დიდი ნაწილი თავის სამშობლოდან ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. თუმცა გადასახლებულთა დიდი ნაწილი გზაში დაიღუპა. მთელი კავკასია რუსეთის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობას მოსდევდა ეთნიკური სურათის შეცვლა.

თანამედროვე ეპოქა რედაქტირება

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ 1918 წელს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ორჯერ ერთ პოლიტიკურ ერთობად ჩამოყალიბდა. ერთხელ 1918 წლის 9 აპრილს - 1918 წლის 26 მაისამდე, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის სახით, და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის სახით 1922 წლის 12 მარტიდან 1936 წლის 5 დეკემბრამდე.

ამ პერიოდში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე დიდხანს დამოუკიდებლობა საქართველომ შეინარჩუნა და დასავლეთის ქვეყნებისაგან იურიდიულ აღიარებასაც მიაღწია. საქართველომ თავისი კონსტიტუციის შემუშავება და მიღებაც მოასწრო. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის შედეგად კი საქართველოს ოკუპაცია და გასაბჭოებაც მოხდა. ეს იყო უმძიმესი დრო საქართველოსთვის. მისი სახელმწიფოებრივი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოს ხელში გადავიდა.

გორბაჩოვის „გარდაქმნის“ პერიოდს და საბჭოთა რეჟიმის ლიბერალიზაციას მოჰყვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა. 1991 წლის 17 მარტს გორბაჩოვის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმს საბჭოთა კავშირის შესანარჩუნებლად, საქართველომ იმავე წლის 31 მარტს დამოუკიდებლობის რეფერენდუმით უპასუხა და 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. სომხეთმა საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ 1991 წლის 23 სექტემბერს განაცხადა, აზერბაიჯანმა კი დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 18 ოქტომბერს გამოაცხადა.

2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი გაიმართა, რომელმაც რეგიონში არასტაბილურობას დაუდო საფუძველი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამივე სახელმწიფომ განვითარების განსხვავებული გზა აირჩია, 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად ნატოსა და ევროკავშირში შესვლა დაისახა მიზნად. სომხეთმა განაგრძო რუსეთთან ურთიერთობების განვითარება, როდესაც აზერბაიჯანმა რუსეთის ნაცვლად სტრატეგიულ პარტნიორად თურქეთი და სხვა ნატოს წევრი ქვეყნები აირჩია.

ამჟამინდელი კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში რედაქტირება

საუკუნეების განმავლობაში, ევრაზიაში ხალხთა მასობრივმა მიგრაციამ, რეგიონის სიჭრელე გამოიწვია. არ არის გასაკვირი, რომ კავკასიაში გაცილებით უფრო მეტი სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ენობრივი ჯგუფები ცხოვრობენ ვიდრე მოცემული ფართობის მქონე სხვა არეალზე. ეთნიკური და კულტურული თვითმყოფადობა სამხრეთ კავკასიაში ასევე განპირობებული იყო გეოგრაფიული იზოლაციით, რომლებიც მთებით იყვნენ ერთმანეთისგან იზოლირებულები და მცირე დასახლებებად ცხოვრობდნენ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოუცდელი სახელმწიფოებებად ჩამოყალიბდნენ, რომელთა შიდა არეულობით გარეშე დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა ისარგებლეს და რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე რამდენიმე თითქოს ეთნიკურ ნიადაგზე გამოწვეული კონფლიქტი წაახალისეს.

საქართველო რედაქტირება

საქართველოს ტერიტორიაზე 90-იანი წლებიდან მოყოლებული რამდენიმე შეიარაღებული კონფლიქტი იყო. აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში გაიმართა, რომელშიც დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი აფხაზეთი რეგიონიდან. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. ასევე დაძაბულობა იყო ცხინვალის რეგიონში, სადაც ეთნო–პოლიტიკური კონფლიქტი საქართველოსა და მის ავტონომიურ ოლქს შორის, რომელიც 1980–იან წლებში გაღვივდა 1991–1992 წლებში კი ომში გადაიზარდა. 2008 წელს კონფლიქტის ზონაში დაძაბულობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია, დაიწყო სამხედრო კონფრონტაცია, რამაც საბოლოოდ რუსეთ–საქართველოს ომის სახე მიიღო.

მნიშვნელოვანი იყო ასევე პოლიტიკური კრიზისი აჭარაში 2003-2004 წლებში, რომელიც წარმოიშვა ალსან აბაშიძის მეთაურობის ქვეშ მყოფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არსებული კონფრონტაციის ნიადაგზე. 2004 წლის 6 მაისს საქართველოს მთავრობამ აღადგინა კონტროლი აჭარის რეგიონზე.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა რედაქტირება

სომხეთსა და აზრბაიჯანს შორის დაძაბულობა გამოიწვია მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა. 1992 წლის 6 იანვარს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პარლამენტის პირველმა მოწვევამ მიიღო დეკლარაცია „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ“. ამ განცხადებას, შედეგად, სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა აზერბაიჯანის სამთავრობო ჯარებსა და რეგიონის მოსახლეობის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, რომელთაც მხარს უჭერდა სომხეთის რესპუბლიკა. ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ერთად მესამე არაღიარებული რესპუბლიკაა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა იყო ასევე აზერბაიჯანული ტერიტორიული ექსკლავის, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა გარშემო. ყარაბაღის ომის დროს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ნახჩჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე რაიონსაც.

დღეს, ნახიჩევანი ინარჩუნებს ავტონომიას, როგორც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა და არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილი, რომელიც რეგულირდება თავისი საკუთარი არჩეული საკანონმდებლო ორგანოთი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • გამყრელიძე თ., „ტრანსკავკასია“ თუ „სამხრეთკავკასია?“, გეოპოლიტიკური ნომენკლატურის დაზუსტებისათვის, თბ., 1998, ISBN 99928-51-36-8
  • German, Tracey (2012). Regional Cooperation in the South Caucasus: Good Neighbours Or Distant Relatives?. Ashgate Publishing Ltd. p. 44. ISBN 978-1409407218.
  • Allen F. Chew. An Atlas of Russian History: Eleven Centuries of Changing Borders. Yale University Press, 1967. pp 74
  • Richard Plunkett and Tom Masters. Lonely Planet: Georgia, Armenia, and Azerbaijan, p. 243. ISBN 1-74059-138-0

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება