მიგრაცია (ლათ. Migratio — გადასახლება) — ადამიანის გადაადგილება ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ; ან გადასახლება სხვადასხვა ვადით (რამდენიმე საათიდან სიცოცხლის ბოლომდე), რომელიც სტატისტიკურად აღრიცხვადი საზღვრების (ძირითადად ქალაქის, ქვეყნის და სხვა ადმინისტრაციული საზღვრების) გადაკვეთაში გამოიხატება. განასხვავებენ:

  • მუდმივ მიგრაციას, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის სამუდამოდ შეცვლასთან.
  • დროებით მიგრაციას, როდესაც გადასახლება ხდება საკმაოდ ხანგრძლივი დროით.
  • სეზონურ, ქანქარისებურ, შიდა, გარე, იძულებით და სხვა სახის მიგრაციებს.
მიგრაციის სალდო (2008). დადებითი-ლურჯი, უარყოფითი-ყავისფერი, სტაბილური-მწვანე, მონაცემები არაა-ნაცრისფერი.

მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება სახელმწიფოებს შორის საგრძნობლად ცვლის განსახლების საერთო სურათს და ცალკეული ქვეყნების მოსახლეობის დემოგრაფიულ, სოციალურ და რასობრივ-ეთნიკურ სტრუქტურას. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური (მათ შორის, ეთნიკური წმენდა ან გენოციდი), ისე ეკონომიკური (მატერიალური პირობების გაუმჯობესება), რელიგიური, სოციალ-კულტურული, ბუნებრივ-ეკოლოგიური და სხვა.

მიგრაცია ასევე ეწოდება ცხოველთა გადაადგილებას ცხოვრების პირობების შეცვლის ან განვითარების ციკლის გავლის გამო.

კაპიტალის მიგრაცია ეწოდება კაპიტალის გადასვლას ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ეკონომიკის ერთი დარგიდან მეორეში, უფრო დიდი მოგების მიზნით.

მიგრაციის სალდო

რედაქტირება

მიგრაციის სალდო ეწოდება სახელმწიფოდან გასული და შემოსული ადამიანების შეფარდებას. სალდო ნიშნავს ნაშთის მაჩვენებელს. თუ ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი აღემატება ქვეყანაში შემოსულთა რიცხვს, მიგრაციის სალდო უარყოფითია, ხოლო თუ შემოსული ადამიანების რიცხვი აჭარბებს გასულების რაოდენობას, სალდო დადებითია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება