ცხოველთა მიგრაცია

ცხოველთა მიგრაცია (ლათ. migrantisვინც, რაც გადასახლდება) — ცხოველთა გადაადგილება, რომელიც გამოწვეულია საარსებო პირობების შეცვლით ან დაკავშირებულია მათი განვითარების ციკლთან. პირველი შეიძლება იყოს რეგულარული (სეზონური, დღეღამური) ან არარეგულარული (გვალვის, ხანძრის, წყალდიდობისა და სხვა შემთხვევაში). მეორე ხელს უწყობს სახეობის განსახლებას და შეიძლება დაემთხვეს ლარვულ სტადიას (ასციდიებში, მარჯნებში, ღრუბლებში) ან სქესობრივი მომწიფების პერიოდს (ცხოველთა უმრავლესობაში). რეგულარული მიგრაციები ხორციელდება მეტ-ნაკლებად განსაზღვრული გზით. არარეგულარული მიგრაცია და განსახლება კი ხშირად ქაოსურია, მიგრაცია შეიძლება მიმდინარეობდეს ჰორიზონტალურად (ხმელეთზე და წყალში) და ვერტიკალურად (მთებში, ნიადაგში, წყლის სიზრქეში, მცენარეულ საფარში, აქტიურად და პასიურად. მიგრაციას შეისწავლიან ცხოველთა ნიშანდების, ფრინველთა დარგოლვის და სხვა გზით. ასეთი შესწავლა აუცილებელია მრავალი სახეობის თევზისა და ნადირ-ფრინველის წარმატებით რეწვისათვის, აგრეთვე მავნებლებთან (მაგ: გადამფრენ კალიასთან, მღრღნელებთან) ბრძოლისათვის.

გნუები კვეთენ მდინარეს ყოველწლიური მიგრაციის დროს.

მიგრაციის სახეები

რედაქტირება

ძუძუმწოვრების მიგრაცია

რედაქტირება

ძუძუმწოვართა შორის ყველაზე შორეული მიგრაცია ახასიათებს ვეშაპს, სელაპს, მორჟს. ზოგიერთი ხელფრთიანისათვის ნიშანდობლივია სეზონური მიგრაცია (მიმოფრენა) 1500 კმ და უფრო შორ მანძილზეც. ვერტიკალური სეზონური და დღე-ღამური მიგრაცია ახასიათებს ზოგიერთ ჩლიქოსანს. ციყვების, ყარსაღების, ლემინგების სიმრავლისას შეინიშნება მათი მასობრივი მიგრაცია, როცა ათასობით ინდივიდი ფართო ფრონტით მოძრაობს და გადალახავს წყლის მნიშვნელოვან დაბრკოლებას.

ფრინველთა მიგრაცია

რედაქტირება

ყველაზე უკეთ არის შესწავლილი ფრინველთა სეზონური მიგრაცია — მეტ-ნაკლებად შორეული ადგილგადანაცვლება ბუდობის ადგილიდან ზამთრობის ადგილისაკენ, რომლის დროსაც ფრინველთა ნაწილი მაინც უკან ბრუნდება.[1]

ამფიბიების მიგრაცია

რედაქტირება

ამფიბიების მიგრაცია სუსტადაა გამოხატული. გამრავლების პერიოდში კუდიანი და უკუდო ამფიბიების მრავალი სახეობა თავს იყრის წყალსატევებში და გადაადგილდება ხმელეთზე 5 კმ-მდე მანძილით

ქვეწარმავლების მიგრაცია

რედაქტირება

ქვეწარმავალთაგან მიგრაცია ყველაზე მეტად სჩვევია ზღვის კუს. ოკეანის დინების მიმართულებასთან დაკავშირებული პასიური გადაადგილება ახასიათებს ზღვის გველებს.

თევზების მიგრაცია

რედაქტირება

თევზების აქტიური მიგრაცია (ტოფობის, საკვების მოპოვებასთან დაკავშირებული, დასაზამთრებელი) მათი სასიცოცხლო ციკლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა.

პასიური მიგრაციის მაგალითია ზღვის ან მდინარის დინების მიერ პელაგური ქვირითისა და ლარვების გადატანა. მდინარის გველთევზას ლარვა გოლფსტრიმის დინებას გადააქვს სარგასის ზღვიდან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებისაკენ.

მწერების მიგრაცია

რედაქტირება

მწერების მიგრაცია ჩვეულებრივ მათ განსახლებას ემთხვევა (მაგ., აზიური და უდაბნოს კალიების გადაფრენები). ბუგრის ზოგიერთი სახეობის სეზონური მიგრაცია საკვებ მცენარეთა შეცვლასთანაა დაკავშირებული და სხვ.

წყლის უხერხემლოების მიგრაცია

რედაქტირება

პლანქტონური ცხოველების უმრავლესობას ახასიათებს სეზონური და დღე-ღამური ვერტიკალური მიგრაცია, წყლის მრავალ უხერხემლო ცხოველს — ჰორიზონტალური მიგრაცია.

ნავიგაცია

რედაქტირება

მიგრაციისის აუცილებელი პირობაა ცხოველთა ნავიგაციის, ე. ი. მოძრაობის მიმართულების განსაზღვრის უნარი. ნავიგაციის მექანიზმი სხვადასხვაგვარია. განსახლებისას ზოგიერთი ცხოველი იყენებს ქარის მუდმივ მიმართულებას (კალიასებრთა გუნდები) ან დინებას (გველთევზას ლარვები), რაც მათ გამრავლებისათვის ხელსაყრელ ადგილებამდე მიღწევის საშუალებას აძლევს. ყარსაღები და სხვა ძუძუმწოვრები მომთაბარეობისას ქარის მიერ მოტანილი სუნით იღებენ ორიენტაციას. ცხოველებს აქტიური ნავიგაციის დროს შეუძლიათ გამოიყენონ განსაზღვრული ორიენტირი: მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მდებარეობა (ასტრონავიგაცია), დედამიწის ზედაპირის ოპტიკური ორიენტირები (სანაპიროების მოხაზულობა, ქედები, მდინარეების ხეობები და სხვ.). „მშობლიური ლანდშაფტის“ აღქმა, მისი თავისებურების დახსომება და აღბეჭდვა, განსაკუთრებით ცხოველის დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ პერიოდში, პირველად მომიგრირე ახალგაზრდა ფრინველებს დასაზამთრებელ ადგილებამდე მიღწევისა და სამშობლოში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ორიენტირი შეიძლება იყოს გარემოს მრავალი სხვა თავისებურება (მ. შ. გეოქიმიური, აკუსტიკური) და მაგნიტური ველი. ზღვის დინების ქიმიზმი ორიენტირია მომიგრირე ვეშაპებისათვის, ხოლო გამსვლელი ორაგულისებრი თევზები საქვირითეებისაკენ მიგრაციის დროს ორიენტირად მდინარეების წყლის სუნს იყენებენ.

მიგრაციის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველთა ჯოგური (გუნდური) ცხოვრების ნირს, რ-იც აადვილებს მტაცებელთაგან დაცვას, იგი იძლევა აგრეთვე ერთმანეთის ქცევის კორექტირებისა და ყველაზე მეტად გამოცდილი ინდივიდების წინამძღოლად გამოყენების შესაძლებლობას, ეს კი ზრდის ბიონავიგაციის საიმედოობას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანაშვილი ა., ზოოგეოგრაფია, თბ., 1974;
  • Лэк Д., Численость животных и её регуляция в природе, пер., с англ., М., 1957;
  • Миграции животных, Сб., ст., в. 1—3, М., 1959—62;
  • Наумов Н. П., Экология животных, 2 изд., М., 1963;
  • Marler P., Hamilton W., Mechanism of animal behavior, L.—N. Y., 1968;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 403-404.