პლანქტონი
პლანქტონი (ბერძ. πλανκτον — მოხეტიალე) — იმ ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ზღვისა და კონტინენტური წყალსატევების წყლის სიზრქეში ცხოვრობენ და პასიურად გადაადგილდებიან დინების გავლენით. პლანქტონს შეადგენენ როგორც მცენარეები ისე ცხოველები. სწავლებას პლანქტონური ორგანიზმების შესახებ პლანქტოლოგია ეწოდება.
პლანქტონური ორგანიზმების ზომა რამდენიმე მკმ-იდან რამდენიმე მ-ს აღწევს, რის მიხედვითაც პლანქტონი იყოფა ჯგუფებად: ნანოპლანქტონი — ბაქტერიები, პატარ-პატარა ერთუჯრედიანი წყალმცენარეები, რომელთა ზომა ათეულ მკ-ს არ აღემატება; მიკროპლანქტონი — წყალმცენარეთა უმრავლესობა, უმარტივესები, ციბრუტელები, პატარ-პატარა კიბოსნაირები (ათეული და ასეული მმ); მეზოპლანქტონი — ნიჩაბფეხიანები, ულვაშტოტიანი კიბოები და სხვა ცხოველები, რომელთა ზომაც 1 სმ აღწევს; მიკროპლანქტონი — უმაღლესი კიბოები, მედუზა, გარნელი და სხვა, შედარებით დიდი ზომის ცხოველები, რომელთა სიდიდე რამდენიმე სმ-იდან 1 მ აღწევს; მეგალოპლანქტონი — ზღვის დიდტანიანი ცხოველები, რომელთა ზომა იცვლება რამდენიმე მ-იდან ათეულ მ-მდე.[1]
ტბების პლანქტონს უწოდებენ ლიმნოპლანქტონს, მდინარეებისას კი პოტამოპლანქტონს. პლანქტონს მიეკუთვნებიან მიკროსკოპული წყალმცენარეები, უმარტივესები, კიბოსნაირები, მოლუსკები და სხვა. თევზები მას საკვებად იყენებენ. ფიტოპლანქტონი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოყოფს ჟანგბადს.[2] ფიტოპლანქტონური ორგანიზმები სახლდებიან ზედაპირულად, ძირითადად 50-100 მ-მდე, ხოლო ბაქტერიები და ზოოპლანქტონი — წყლის მთელ სიზრქეში. ფიტოპლანქტონური ორგანიზმები წყალსატევებში ორგანული ნივთიერებების ძირითადი პროდუცენტებია. წყალსატევების სანაპირო ზოლში ორგანული ნივთიერება პროდუცირდება ფსკერზე მცხოვრები წყალმცენარეებით. ბევრ პლანქტონურ ორგანიზმს ბიოლუმინესცენციის უნარი აქვს, ზოგს იყენებენ წყალსატვების გაჭუჭყიანების ხარისხის დასადგენად. პლანქტონი მრავალი სარეწაო ცხოველის კვების წყაროა. სარეწაო პლანქტონური ორგანიზმები ხშირად ქმნიან უზარმაზარ გროვებს.
საქართველოს ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებს შორის პლანქტონით შედარებით მდიდარია ფარავნის, საღამოს, ჯანდარის, ინკითისა და სხვა ტბები. რაც შეეხება მდინარეებს, ჩქარი დინების გამო ისინი მეტად ღარიბია პლანქტონით.[1]
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მაჭარაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 99.
- ↑ პლანქტონი — ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები